ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძე "UKTS"-ის ერთ-ერთი ავტორი რემონტისა და კონტროლის ბრიგადის ხელმძღვანელობის დროს
თეიმურაზ ლოლომაძე UKTS-ის ერთ-ერთი ავტორი რემონტისა და კონტროლის ბრიგადის ხელმძღვანელობის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის სფეროში ამ რანგის პროფესიონალი დღეს რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, ის ალბათ ბევრი სიახლის დანერგვას შეძლებდა და საინტერესო პროექტებსაც განახორციელებდა.

საუბარია ინჟინერ-ენერგეტიკოსზე, უფროს მეცნიერ-მუშაკზე თეიმურაზ ლოლომაძეზე. ბატონი თეიმურაზი დიპლომირებული რადიოინჟინერია. პოლიტიკური იდეოლოგიისგან თავისუფალ დროს მის გამოცდილებას ალბათ ქვეყნის სასიკეთოდ სხვა მიმართულებით გამოიყენებდნენ.  

საბჭოთა კავშირის დროს კი ის საკმაოდ მნიშვნელოვანი, გასაიდუმლოებული პროექტების თანააავტორი გახლდათ. 70-იან წლებში მონაწილეობდა პირველი პარამეტრონული კლავიშებიანი გამოთვლითი მანქანის „გელათის“ შექმნაში, რაც იმ დროს ახალი სიტყვა იყო. 80-იან წლებში ატომური ელექტროსადგურების პროექტების თანაავტორი იყო და პრაქტიკულადაც იღებდა მონაწილეობას მათ გაშვებაში, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთშიც.

ზოგადად მრავალმხრივად საინტერესო პიროვნებაა და მისი შესაძლებლობები არა მხოლოდ ტექნიკურ სფეროში გამოვლინდა. ის არაერთი საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია, გატაცებულია ფლორით და პოეზიით. ბატონი თეიმურაზი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე, რისთვისაც მადლიერი ვართ.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძე
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ლოლომაძე

- ბატონო თეიმურაზ, საბჭოთა კავშირის დროს თქვენ ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ობიექტზე მუშაობდით, რისი გახსენება შეგიძლიათ იმ პერიოდიდან?

- ჩვენი ბრიგადა, რომელსაც ლაბორატორიასაც ეძახდნენ, წელიწადში ორჯერ ატომურ სადგურზე მთელი სისტემის გადამოწმებას ახდენდა, დანარჩენ პერიოდში კი კონტროლს და რემონტს ახორციელებდა. ჩვენ გავუშვით ორი მილიონკილოვატიანი სიმძლავრის ენერგობლოკი. სულ იმ სადგურზე, სადაც ვმუშობდი, იყო ჩერნობილის ტიპის ორი ძველი სადგური, ორიც შედარებით ახალი. ძველების საერთო სიმძლავრე ნაკლები იყო, ვიდრე ორი ახალი ბლოკისა, რომლებსაც ჩვენი მოწყობილობა მართავდა.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeქართველი სპეციალისტები ჩეხეთის ატომურ სადგურზე: ნ.მემამიშვილი, ნ. ჩამჩევი, თ. ლოლომაძე და ნათელა შათაშვილი
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
ქართველი სპეციალისტები ჩეხეთის ატომურ სადგურზე: ნ.მემამიშვილი, ნ. ჩამჩევი, თ. ლოლომაძე და ნათელა შათაშვილი

- ანალოგიური სამუშაოების შესრულება სხვა სოციალისტურ ქვეყნებშიც მოგიწიათ?

- პირველი ქვეყანა, სადაც მომიწია გამგზავრება, იყო ჩეხოსლოვაკია, სადაც ვმონაწილეობდი სლოვაკეთის და ჩეხეთის ენერგობლოკების რეგულირებასა და გაშვებაში. ვიყავი ასევე ბულგარეთში. ბულგარელები სლოვაკებთან და ჩეხებთან შედარებით ნაკლებად ევროპულები, მაგრამ ბევრად უფრო პრაქტიკულები არიან. ნათესაური კავშირები, მეზობლობა მათში ჩვენსავით არა, მაგრამ უფრო არის გამოხატული, ვიდრე ჩეხოსლოვაკიაში. საერთოდ, მე რომ ოთხთვიანი წინასადიპლომო პრაქტიკა ლატვიაში, რიგაში არ გამევლო და შეხება არ მქონოდა ევროპულ აზროვნებასთან, ალბათ გამიჭირდებოდა. ბულგარეთში ჩვენთან ძირითადად მუშაობდა სოფლის მოსახლეობა და ამიტომ ამ სტუმართმოყვარე ხალხს, თითქოს ზარმაცს და მაინც შრომისმოყვარეს, კარგად გავეცანი. ბევრი უცნაური ადათ-წესები ჰქონდათ, თავისებური ქორწილები, რომელთა ვიდეოებიც მაქვს გადაღებული.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeბრიგადის წევრები აღნიშნავენ თეიმურაზ ლოლომაძის და ბულგარელი სნეჟინკა კონჩოვსკას (პირველ რიგში მარცხნიდან მეოთხე) დაბადების დღეს
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
ბრიგადის წევრები აღნიშნავენ თეიმურაზ ლოლომაძის და ბულგარელი სნეჟინკა კონჩოვსკას (პირველ რიგში მარცხნიდან მეოთხე) დაბადების დღეს

- მათთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ამბავი გახსენდებათ?

- ბულგარელებს ჩვენი მსგავსი ლეგენდა აქვთ: თუ როგორ აჩუქა ღმერთმა სამოთხე ბულგარელებს, როცა მიწებს არიგებდა და რომლებმაც, თურმე, ჩვენსავით დაიგვიანეს. ეს არის ხალხი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. დღე არ გავიდოდა, რომ ტელევიზორში რომელიმე ჟურნალისტს ან რესპონდენტს არ ეთქვა ფრაზა: „როგორც ცნობილია, ღმერთი ბულგარელი იყო". ბულგარეთში ყოფნა – ეს იყო თავისუფლების ათი წელი, ყოველგვარი კგბ-სგან, მაგადანში გადასახლების შიშისგან თავისუფალი, არ გეშინოდა, რომ შენი კოლეგა, რომელთან ერთად დღე და ღამე შრომობ თუ ისვენებ, ჩანერგილია და შენზე ინფორმაციას აგროვებს.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeქართველი სპეციალისტები სლოვაკეთის ატომურ სადგურზე, წინა პლანზე ა. ხურციძე. უკან ა.მიქაბერიძე, ნ.მემანიშვილი, თ. ლოლომაძე
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
ქართველი სპეციალისტები სლოვაკეთის ატომურ სადგურზე, წინა პლანზე ა. ხურციძე. უკან ა.მიქაბერიძე, ნ.მემანიშვილი, თ. ლოლომაძე

- ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული პერსონა იყავით, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ უცხოეთში და აქაც „კგბ“-ს მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყავით...

- საზღვარგარეთ მივლინებული სპეციალისტები ინსტრუქტაჟს ე.წ. „სოიუზ-24“-ში გადიოდნენ. იქ დაგვირიგეს ბროშურები და იქვე გაგვაცნეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით უცხოეთში, როგორ უნდა გვექო ჩვენი სისტემა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო. შემდეგ შეგვიყვანეს სპეცგანყოფილების უფროსთან. გესტაპოელის ასლი იყო კინოფილმებში რომ მენახა – გაყინული მზერა ჰქონდა. ჩეხოსლოვაკიაში ქუჩაში მარტო სიარული აკრძალული გვქონდა. ოჯახებით ვინც იყვნენ, ბინებში ცხოვრობდნენ. სასტუმროში ერთი რუსი შემომიჩნდა და ყოველ საღამოს ჭადრაკს მეთამაშებოდა წითელ კუთხეში. ძალიან სუსტად თამაშობდა. შემდეგ ვითომ შემთხვევით საბჭოთა ცხოვრებაზე დაიწყო წუწუნი, მე შევეკამათე და როცა ასეთ ლაპარაკს დაიწყებდა, ვეჩხუბებოდი და ვუმტკიცებდი, რომ ჩვენსავით მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო არ არსებობდა. ერთხელ თამაშის დროს ისეთი ძლიერი სვლები გააკეთა, ძლივს მოვუგე და მივხვდი, რომ თავს იკატუნებდა. შემდეგ სერიოზულად ვეჩხუბე და მოვიშორე. ეს იყო ჩემი შეხება „კგბ“-სთან.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძე
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ლოლომაძე

- კავშირის დაშლის შემდეგ ამ დარგის და პირადად თქვენი ბედი როგორ გაგრძელდა?

- როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, ატომურ სადგურზე შეიქმნა შპს „ინტერპრიბორსერვისი“, სადაც დავრჩი კონტრაქტით როგორც „უკტსის" ერთ-ერთი ავტორი, დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ინტერნაციონალური ბრიგადის ხელმძღვანელი. მაშინ ევროპაში ენერგეტიკის სფეროში ჰეგემონია ფრანგებს ჰქონდათ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზე გავლენის მოხდენა გადაწყვიტეს. ბევრჯერ ჩამოვიდნენ სპეციალისტები, შეცვალეს სიგნალიზაციის რუსული სისტემა. ჩვენი მოწყობილობის შეცვლაც ჰქონდათ გადაწყვეტილი, თითქოს შეთანხმდნენ კიდეც 2000 წელს, მაგრამ დღემდე ვერ შეცვალეს. ჩვენი მოწყობილობების დამამზადებელი ქარხანა აღარ არსებობს, მოწყობილობები ჯართად გაიყიდა 90-იან წლებში.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძე საკუთარ დაბადების დღეზე
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ლოლომაძე საკუთარ დაბადების დღეზე

- საკმაოდ დაძაბული სამუშაო რეჟიმი გქონდათ და, მიუხედავად ამისა, საჭადრაკო ტურნირებშიც იღებდით მონაწილეობას, ჭადრაკს როდიდან თამაშობთ?

- ჭადრაკს ბავშვობიდან ვთამაშობ. სკოლის პერიოდში ვიყავი სამტრედიის ჩემპიონი მოსწავლეთა შორის და დიდებშიც. 1962 წლის სეზონზე ვიყავი კურორტ ბახმაროს გამარჯვებული, სტუდენტთა ჩემპიონატის ფინალისტი, თბილისის პირველობის ერთ-ერთი მეოთხედფინალის გამარჯვებული და ნახევარფინალის მონაწილე. სკოლის პერიოდში გავიმარჯვე საჭადრაკო ამოცანების ამოხსნის საკავშირო და რესპუბლიკურ კონკურსებში. საჭადრაკო ამოცანების შედგენის კონკურსებშიც მქონდა წარმატებები, მრავალსვლიანი ამოცანების პირველ რესპუბლიკურ კონკურსში ჩემი ამოცანა ხუთეულში მოხვდა. სკოლის პერიოდში სამტრედიის პიონერთა სახლის ნორჩ ტექნიკოსთა წრეში დამზადებული ნამუშევრით ორჯერ მივიღეთ საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeსამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეებთან ერთად
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
სამტრედიის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეებთან ერთად

- უცხოეთშიც იღებდით მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში?

- რა თქმა უნდა, ჩეხოსლოვაკიაში გავხდი საბჭოთა სპეციალისტებს შორის გამარჯვებული, გუნდურ პირველობაშიც გამარჯვებული და იმ ქალაქის მეორე პრიზიორი, სადაც ვმუშაობდი. ეს ყველაფერი ძირითადი დაძაბული საქმიანობის პარალელურად მოვახერხე. ბულგარეთში, გერმანელების მიერ აშენებულ კურორტ ელლენიტში ატომური სადგურის სახელით ვმონაწილეობდი საერთაშორისო საჭადრაკო ღია ტურნიში, სადაც პარალელურად რვა დიდოსტატი, მათ შორის ზურაბ აზმაიფარაშვილი თამაშობდა. ბულგარეთში საბჭოთა სპეციალისტებს შორის პირველი გუნდური ადგილი ავიღე და საქართველოს მეორე ჩემპიონატის მიწერ-მოწერით ჭადრაკში გამარჯვებული ვიყავი. სულ ორჯერ ჩატარდა ასეთი ჩემპიონატი, მე წერილებით ვთამაშობდი. ტურნირი თითქმის ორი წელი (1981-82 წწ) გრძელდებოდა. აი, ესაა რის გახსენებაც შეიძლება. გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს, წიგნები დაიწერება ჩემს ცხოვრებაზე...

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძის მიერ ერთ ძირზე გახარებული ორი სხვადასხვა ჩინური ვარდი
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ლოლომაძის მიერ ერთ ძირზე გახარებული ორი სხვადასხვა ჩინური ვარდი

- თქვენი აზრით, დღეს რის გაკეთებას შეძლებდით ამ დარგისთვის?

- არ მიყვარს საკუთარი თავის ზედმეტი შექება. გულწრფელად გეტყვით, დღეს ვერაფერს განვახორციელებდი, რადგან ასეთი მასშტაბები ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ჩვენთვის ღმერთს სოფლის მეურნეობა მოუცია, მაგრამ ჩვენი ხალხი ამას ვერ ხვდება და სოფლიდან ყველა გარბის. მთავრობა, მგონი, ამას ნელ-ნელა აანალიზებს. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პირობები შექმნას საიმისოდ, რომ ქართველი კაცი მიწას დაუბრუნდეს. ადრე გლეხი იტანდა გაჭირვებას, მაგრამ ახლა გაიხედ-გამოიხედა, კარგი ცხოვრება დაინახა და აღარ უნდა თოხი და ბარი.

© photo: courtesy of Teimuraz Lolomadzeთეიმურაზ ლოლომაძის მიერ გახარებული ჰოია
ქართველი ინჟინერი ატომურ სადგურზე, კგბ-სთან მოგებული საჭადრაკო პარტია და ჩინური ვარდი - Sputnik საქართველო
თეიმურაზ ლოლომაძის მიერ გახარებული ჰოია

- თქვენს ცხოვრებაში განსხვავებული ინტერესებიც იყო და დღემდეა – ყვავილებით გატაცება და პოეზია...

- ყველაფერი დაიწყო ბულგარეთიდან ჩამოტანილი ორი სხვადასხვა ჩინური ვარდის ტოტით, რომელიც დავაფესვიანე. შემდეგ ეს საქმე მომეწონა და გავაგრძელე. რაც შეეხება ლექსებს, დღემდე ვწერ, პანდემიის პერიოდშიც ვწერდი... ბოლოს მინდა გაგაცნოთ ჩემი ერთი ლექსი, რომელიც ნაცნობებს ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, შეყვარებულ ადამიანებს:

მოგონებათა ზღაპრულ მხარეში

დაეხეტება ჩემი გონება,

ყველგან, ყოველთვის შენი ხმა ესმის,

სხვა ხმის არა სურს მას გაგონება. 

წუთები რბიან და დროს ითვლიან,

ქარი ჩაკეტილ სარკმელს აწყდება,

დღეს მონატრება ისე დიდია,

ცას გადაფარავს, მთა-ბარს გაწვდება. 

ხატის წინ ობლად სანთელი იწვის,

ჩემი ხატია შენი სახება,

ფიქრი ფიქრს მისდევს და შენკენ ილტვის,

გულში კი რჩება ეს მონატრება.  

ფიქრები რბიან, შენკენ ილტვიან,

მონატრებაა როგორც ვედრება,

ეს მონატრება ისე დიდია,

ალბათ ცუნამიც ვერ შეედრება..

უკიდეგანო ეს მონატრება

მხოლოდ ჩემს გულში თუ ჩაეტევა...

 

ყველა ახალი ამბავი
0