„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა"

გამოწერა
როცა „დედამიწის ნახევარი შეშლილია, ნახევარიც, ალბათ, მალე შეიშლება“, ის „საკუთარი მერნებიდან“ გამოდის იმიტომ, რომ „სამყაროს საიდუმლო აღასრულოს“...

ეს ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი ნიკა ჭიკაიძეა თავისი ამბიციური სათქმელით. პოეზიის მოყვარულები მას უკვე კარგად იცნობენ. საკუთარი ლექსების კრებული, სახელწოდებით „21-ე განთიადი“ 2018 წელს გამოსცა. 25 წლის ასაკში მწერალთა კავშირის წევრი გახდა. დაახლოებით ორ კვირაში თავისი საუკეთესო ლექსების კრებულის „ქრისტეთი“ გამოშვებას გეგმავს. წერს რომანს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, „პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე გრძნობს“...

© photo: courtesy of Nika Tchikaidzeნიკა ჭიკაიძე
„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა - Sputnik საქართველო
ნიკა ჭიკაიძე

- ნიკა, როგორ ფიქრობთ, მცხეთაში - ამ ქართულ წმინდა ქალაქში დაბადებამ და ცხოვრებამ თქვენს ბედსა და ნიჭზე გავლენა მოახდინა?

- ვფიქრობ, რაც ადამიანში დევს, საბოლოო ჯამში მაინც ის გამოვლინდება, თუნდაც ამგვარი მოსაზრება ამ შემთხვევაში ლიტერატურულ საქმიანობას მივაკუთვნოთ. რა თქმა უნდა, მცხეთაში დაბადებამ და აქაურმა გარემო-პირობებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა გადამწყვეტ მნიშვნელობას, ვფიქრობ, გარემო მაინც არ წარმოადგენს. პოეზია ღმერთისგან ნაბოძები ნიჭია, რომელიც ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას და ხშირად თავგანწირვასაც მოითხოვს. ქართველებს გვყავს სწორედ ერთი ასეთი თავგანწირული პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი ქართული პოეზია და ურომლისოდაც კაცმა არ იცის, ვინ იქნებოდა გალაქტიონი და დღეს როგორი პოეზია გვექნებოდა. საერთოდ წმინდა ქალაქში ცხოვრება და მოღვაწეობა უფლისგან დიდი ჯილდოა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მცხეთა ის ქალაქია, მსოფლიოს ვერც ერთ ქალაქს რომ ვერ შევადარებ და ვერც ვამჯობინებ.

© photo: courtesy of Nika Tchikaidzeნიკა ჭიკაიძე
„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა - Sputnik საქართველო
ნიკა ჭიკაიძე

- მოზარდობის დროს დაწერილი პირველი თქვენი ლექსი თუ გახსოვთ?

- ზუსტად არ მახსოვს - ცამეტი, თუ თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე, რომელიც არა სიყვარულზე, არამედ პატრიოტულ მოტივზე შეიქმნა. მახსოვს, სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როდესაც ამ ლექსზე მუზა მეწვია.

- ძირითადად პატრიოტულ თემაზეა თქვენი ლექსები...

- როდესაც ლექსს ვწერ, რა თემაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გულწრფელად და დამაჯერებლად გადმოვცე სათქმელი. ლიტერატურა დამაჯერებლობაა... რაც შეეხება თემატიკას, პოეზიაში მრავალფეროვნება მიყვარს ყველაზე მეტად. მრავალფეროვნება როგორც თემატიკის, ასევე ვერსიფიკაციის თვალსაზრისით. ჩემი მკითხველი გარკვეულწილად იცნობს ჩემ შემოქმედებას, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ბოლომდე. რადგან, ჯერ კიდევ მრავალი ლექსი მაქვს მათთვის გასაცნობი.

© photo: courtesy of Nika Tchikaidzeნიკა ჭიკაიძე
„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა - Sputnik საქართველო
ნიკა ჭიკაიძე

- ძალიან ბევრს მოსწონს თქვენი ლექსი „გიორგი სააკაძე“:

„ვიძახი, როდესაც იმ დღეებს ვაჯამებ:

დიდება მარტყოფს და სირცხვილი ბაზალეთს!

ვიდრემდი განგვკითხავს სიკვდილის სამკვიდრო,

მტერს გადავურჩებით - სამშობლო არ გვინდობს...

არ ვიცი, რა უცნობ წლებს გადმოენარცხე,

დრო უცხო მიწაზეც დღემდე არ გაცხოვნებს

და თუკი წარსულში გმირად არ შეგრაცხეთ,

მაშ, ნუღარც მომავლის ღალატით გაცხოვრებთ...

ეს სტროფებია ამ ლექსიდან, რთულია, მაგრამ თქვენ მოახერხეთ და დღემდე საკამათო ისტორიულ პიროვნებაზე ასეთი მართალი და ემოციური ლექსი დაწერეთ...

-  ეს ლექსი გიორგი სააკაძეზე 2018 წელს დავწერე. სააკაძის პიროვნება ბევრისთვის მართლაც საკამათო ამბავს წარმოადგენს - ერთნი გმირს ხედავენ მის პიროვნებაში, მეორენი კი სამშობლოს მოღალატეს. არის საზოგადოების გარკვეული (მაგრამ მცირე ნაწილი), ვინც მის საქმიანობას ობიექტურად აფასებს. პირადად ჩემთვის გიორგი სააკაძე დიდი ქართველი მამულიშვილია. რა თქმა უნდა, არსებობს ისტორიაში ის შავი ლაქები, რაზეც მისი პიროვნების მოწინააღმდეგენი ხშირად ხაზს უსვამენ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი მაგალითები მის დიდ ქართველობას მაინც ვერაფრით დააკნინებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი შვილი შესწირა სამშობლოს მსხვერპლად! განა შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს მოღალატე ვუწოდოთ?! ამიტომ ვცდილობდი, რომ ეს ლექსი ობიექტური გამომსვლოდა და არა რადიკალური. ვფიქრობ, მკითხველიც შესანიშნავად მიმიხვდა ამას და ლექსიც არაჩვეულებრივად შეაფასა...

© photo: courtesy of Nika Tchikaidzeნიკა ჭიკაიძე
„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა - Sputnik საქართველო
ნიკა ჭიკაიძე

- რაზეა რომანი, რომელსაც ახლა წერთ და მისი ფინალი თუ იცით უკვე?

- რაც შეეხება რომანს, გეტყვით, რომ შექმნის პროცესში ვარ და ფინალამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. თუმცა შესანიშნავად ვგრძნობ იმას, თუ როგორ განვითარდება რომანში შემდგომი მოვლენები. ჯერ კიდევ დაწყებულიც არ მქონდა წერა, როდესაც პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე ვგრძნობდი ამ რომანს. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო იმაზე, თუ რა თემაზე ვწერ და როგორი პერსონაჟები მყავს. რამდენიმე ამონარიდი მაქვს საჯაროდ შეთავაზებული მკითხველისთვის (ძირითადად მონოლოგების სახით), თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემეულ ენასა და შეხედულებაზე გარკვეულწილად წარმოდგენა შევუქმნა. ამ ყოველივეს გამხელით, შესაძლოა, რომანს გარკვეულწილად მკითხველის თვალში ინტერესი დავუკარგო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ნაწარმოებს შემოგთავაზებთ.

© photo: courtesy of Nika Tchikaidzeთენგო ხუციშვილთან ერთად
„წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა - Sputnik საქართველო
თენგო ხუციშვილთან ერთად

- გალაკტიონი რომ შეგხვედროდათ სიცოცხლეში, რას ჰკითხავდით?

- გალაკტიონი ჩემი უსაყვარლესი პოეტია ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად. მასთან რომ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მომცემოდა, პირველ რიგში ვკითხავდი – როგორ შექმენით ასეთი ღვთაებრივი პოეზია?!

- სიმშვიდე თუ ფორიაქი და რატომ?

- რა თქმა უნდა, სიმშვიდე! რადგან უფალიც ამას გვეუბნება: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ადამიანის დანიშნულებაც ხომ სწორედ ღმერთთან მსგავსებაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, ცხოვრება გარკვეულწილად ფორიაქსაც ითვალისწინებს, რადგან სამყაროში არაფერია აბსოლუტური, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ საკუთარ შინაგანში, რადგან ყოველგვარი ემოცია გულიდან მომდინარეობს...

- ემოციური ადამიანები სიზმრებსაც ემოციურს ხედავენ, სიზმარში თუ დაგიწერიათ ლექსი?

- ლექსი სიზმარში ბევრჯერ შემიქმნია, თუმცა ის ცხადში ვერც ერთხელ ვერაფრით ვერ გავიხსენე.

- მეცნიერებამ სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად აღიარა, თქვენ რას ფიქრობთ?

- ჩემთვის სიყვარული ღვთაებრივი გრძნობაა, რომელიც შეუძლებელია ფსიქიკურ აშლილობად წარმოვიდგინო. ვფიქრობ, შეყვარებულ პოეტს აუცილებლად ეწვევა მუზა, რომელიც თავისას ათქმევინებს. მქონდა ასეთი პერიოდიც და დღევანდელი გადმოსახედიდან ვგრძნობ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებას და არა ტკივილს. წლების წინ ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა...

- როგორი უნდა იყოს „ის“, რომელსაც შეიყვარებთ?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის შეუცდომლად გაცემა, რადგან შესაძლოა გითხრათ, გოგო ასეთი და ასეთი უნდა იყოს, რომ შემიყვარდეს–მეთქი, მაგრამ ვიცი, ამ შემთხვევაში არ ვიქნები მართალი. რადგან უნაკლო და ჩემი შეხედულებით იდეალური ქალი, ალბათ, სამყაროში არც არსებობს. მაგრამ შემიძლია სამი სიტყვით ზოგადად აგიწეროთ ამგვარი ადამიანის სურათი: პატიოსანი, ნიჭიერი და ლამაზი. სწორედ ასეთი გოგო დგას ახლოს ჩემ სულიერებასთან.

- რაზე ოცნებობს 25 წლის პოეტი?

- ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობ - როგორც პირადზე, ასევე საზოგადოზე. ვოცნებობ: გაერთიანებულ, ეკონომიკურად ძლიერ და სამართლიან საქართველოში ცხოვრებაზე. ვოცნებობ, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ ერთიმეორის პიროვნებას და ვაფასებდეთ ერთურთის ნიჭიერებას... რაც შეეხება პირად ოცნებებს, ვოცნებობ იმაზე, რომ ღირებული ლიტერატურა შევქმნა. ასევე იმაზე, რომ ვიპოვო ცხოვრებაში გოგო, რომელსაც ვეყვარები და რომელსაც შევიყვარებ...

 

ყველა ახალი ამბავი
0