00:55 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
205840

პატარა ანიტა ფაცაციას სახელი საქართველოში ყველამ იცის. გოგონამ, რომელსაც გულის პრობლემები ჰქონდა, მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო და დიდი თუ პატარა გულისყურით ადევნებდა თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ანიტას გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა...

ჩვენ ვესაუბრეთ ანიტას დედას მარიკო სადრაძეს, რომელმაც „ანიტას ფონდი“ შექმნა და ახლა სხვის შვილებს ეხმარება.

- ყველა ამ ამბით ვიყავით შეპყრობილი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ, ძალიან ბევრი ვიფრინეთ, ვიტანჯეთ მათთან ერთად, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანიტა ჩვენგან წავიდა. თუმცა, არა, არსად წასულა... უბრალოდ, მან ჩიტივით გადაიფრინა ძალიან შორს და ამ გაზაფხულზე აღარ დაგვიბრუნდა... არ მინდა ვთქვა, რომ ვერ გაიმარჯვა, რადგან ბავშვი, რომელიც ძალიან გამახსოვრდება, ძალას და იმედს გვაძლევდა, იმედს, რომელიც სულ ბოლოს კი არა არასდროს კვდება.

ზღაპარს პატარა პრინცესაზე უჩვეულო დასასრული აქვს, მაგრამ ანიტას სახელით სიკეთის კეთება სწორედ ამ გზით გაგრძელდება.

- უკვე უცხო არავისთვის ხართ. აგრძელებთ იმას, რაც ანიტას ძალიან უნდა, რომ გააკეთოთ – დაეხმაროთ მისნაირ ბავშვებს. გარდა ამისა სხვა გადაწყვეტილებაც მიიღეთ...

- ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი. „არამიანცის საავადმყოფოში“ მივედი და სულ 10 წუთი დამჭირდა დასარეგისტრირებლად. საზოგადოების ნაწილი ვერ იგებს, რა არის დონორობა და მინდა კარგად განვმარტო.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავი უნდა მოიკლას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. არავინ ვართ დაზღვეული შემთხვევითი სიკვდილისგან და მაშინ არის შესაძლებელი შენი ორგანოების გამოყენება სხვების გადასარჩენად.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანხმობა, რომ მისი ორგანოები მოხმარდეს მას, ვისაც სჭირდება. სიკვდილის შემდეგ ის ორგანოები არაფერში მჭირდება და ამის გააზრება ცოტა რთულია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, მაგრამ თუ დაფიქრდები, ამით სხვებს გადავარჩენთ და თან არა ერთს და ორს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი თავი უნდა უჭირდეს ახლა, ადამიანები მაინც ისე ეხმარებიან ერთმანეთს... ასეთ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ეს ნამდვილად სასწაულია და ამის გაჩერება არასწორია. პირველივე დღიდან გვერდით მედგა არა მხოლოდ ჩემი დიდი ოჯახი და სამეგობრო, არამედ სრულიად საქართველო იყო ჩემ გვერდით. გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემმა ქართველმა ერმა დამაკისრა. ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ სიკეთე, რომელიც ანიტას სახელით დაიწყო, არასდროს არ გვინდა დასრულდეს. ამაში სრულიად საქართველოს თანადგომა გვჭირდება. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა დედამ განიცადოს ის, რასაც ახლა განვიცდი. ჩვენი ფონდი მაქსიმალურად ეცდება, რომ ვიბრძოლოთ და დავუდგეთ გვერდით ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- რა იქნება „ანიტას ფონდის” პრიორიტეტი და როგორ შეარჩევთ ბენეფიციარებს? 

- ფონდის ბენეფიციარები იქნებიან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, განურჩევლად ასაკისა. სუბიექტური მიზეზების გამო თავიდან იყო იდეა, რომ პრიორიტეტად დაგვესახა პატარები, მაგრამ შემდეგ გავიაზრეთ, რომ ოჯახის წევრის გასაჭირი ნებისმიერ ასაკში მტკივნეულია. მივხვდით, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვეჭიდოთ სირთულეებს, ამიტომ არ გავაკეთებთ ასაკობრივ შეზღუდვას. ვისაც სურს დახმარება, თავად ისინი, ან მათი ოჯახის წევრები მოგვმართავენ ანიტას გვერდზე, წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და ამის შემდეგ ყოველდღიურად იდება თითო ადამიანის ისტორია, ანუ ერთი 24 საათი ეთმობა ერთი ადამიანის ისტორიას და ამ ადამიანის, ან ოჯახის წევრის ანგარიშზე რიცხავს ხალხი თანხას.

- მარიკო, როგორ იპოვეთ ძალა საკუთარ თავში, გეზრუნათ სხვებზეც და გაგევრცელებინათ სიკეთე ანიტას სახელით?

- ვეძებ სიტყვათა წყობას, რომელიც აღწერს იმ მდგომარეობას, რაც მე გავიარე მაშინ, როცა შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, მაგრამ დღემდე ვერ ვიპოვე. ამ სიტყვების წყობა არ არსებობს. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, მაგრამ თუ არ გამოსცადე, ვერასოდეს გაიგებ რას გრძნობენ ის დედები... ამ დროს მოდის ემოცია, თითქოს სინდისი გაწუხებს – რატომ დარჩი ცოცხალი. ახლა რა მდგომარეობაშიც მე ვარ, ამ მდგომარეობაში მყოფ დედებს, სამწუხაროდ, ვეღარ დავეხმარები. ასეთ დედებს მინდა ვუთხრა, რომ ზუსტადაც! უნდა ვიყოთ ცოცხლები! უნდა ვიყოთ მხნედ! იმ დედებისთვის, რომლებიც ახლა დგანან იმ გზაზე, რაც მე გავიარე. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამას მინდა ემსახურებოდეს „ანიტას ფონდი“. ძალას მაძლევს ჩემი გოგო ანიტა და მის მიმართ ჩემი განუზომელი, უსასრულო სიყვარული.

ამ საუბრისას „მარადისობის კანონი“ გამახსენდა...

„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“...

 

მთავარი თემები