ემიგრანტი ქალის წერილები: იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ

© photo: courtesy of Irma Tkhinvaleliირმა თხინვალელი
ირმა თხინვალელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

თბილისელი ირმა თხინვალელი, სხვების მსგავსად, ემიგრაციაში ეკონომიური პრობლემების გამო ჩავიდა. თავის დროზე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. იტალიაში ყოფნის დროს ცდილობს, რომ ემიგრაციის წლებში პოზიტიურიც დაინახოს. უფრო მეტიც, ფიქრობს, რომ თუკი მოინდომებს, ამ უცხო მიწაზე შანსი აქვს ისწავლოს საქმე, რომლის შესწავლაც სურს და ოცნება აისრულოს. ეს წერილი პატარაა ნოველაა მის ცხოვრებაზე...

© photo: courtesy of Irma Tkhinvaleliირმა თხინვალელი
ემიგრანტი ქალის წერილები: იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ - Sputnik საქართველო
ირმა თხინვალელი

სინათლეს უჭირს დარაბების ღრიჭოში შემოაღწიოს. მზეს ლიბრი გადაკვრია და ბუნება სევდისფერში გახვეულა. ტირენიის ზღვას ნისლი დასწოლია. ტალღების შრიალი ფაქიზად იღვრება სულში და ქალაქს,ზღვის ნაპირად გაშლილს, დილის სისხამზე ხელუხლებელს, ჩუმად ეჩურჩულება. სიმშვიდეს ვეძებ. თუმცა ეს ღამეც სავსე იყო ფიქრით, ოცნებებით, უამრავი კითხვით და პასუხით.

ჩემი გონება დილიდანვე დაძაბულია, ველოდები დაძახებას – Aiutami! („დამეხმარე!“). ეს სიტყვა ბოლო 36 თვეა ყოველ დილით, თითქმის ერთსა და იმავე დროს ჩამესმის ყურში. საათს დავყურებ, ჯერ ისევ ექვსია. ვფიქრობ: ნეტავ, ერთი საათიც კიდევ სძინებოდა. თუმცა უნდა ავდგე. უნდა დავეხმარო – მოხუცია, დახმარება სჭირდება. მე ხომ აქ საკუთარი ნებით მოვედი. ჰოდა, ახლა მისი ცხოვრებით, მისი სურვილებით და მოცემულობით უნდა ვიცხოვრო, ხელფასს ამისთვის მიხდიან. დიახ, ეს დილაც ერთი ჩვეულებრივი დილაა სამშობლოდან შორს, იტალიის ცის ქვეშ გათენებული... ჩემში ჩადებული სამუშაო პროგრამა ჩაირთო, მექანიკურად ვმოქმედებ, მაგრამ გონება მახსენებს, რომ მანქანა არ ვარ, რომ უნდა ვიბრძოლო საკუთარი მეობისთვის – მე აქ ამის შანსი მაქვს. რატომ აქ და რატომ საკუთარ ქვეყანაში არა? – ეს კითხვა სულ მაწუხებს. თუმცა ზოგიერთი საკუთარ ქვეყანაშიც ახერხებს რეალიზებას, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცოტა…

© photo: courtesy of Irma Tkhinvaleliირმა თხინვალელი
ემიგრანტი ქალის წერილები: იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ - Sputnik საქართველო
ირმა თხინვალელი

ვინ ვარ? – ერთ-ერთი რიგითი ქართველი ემიგრანტი ქალი, დედა, დიასახლისი. საკუთარ ქვეყანაში არ ხდება ჩემი რეალიზება როგორც დედის, როგორც ქალის, შვილის და არა მარტო ჩემი, ჩემთან ერთად დედების და დიასახლისების მთელი არმიაა. ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ – რატომ ვარ აქ, რა დავაშავე... 58 თვეა, რაც საკუთარი ნებით „პატიმარი" ვარ. კარგი, მე დავაშავე, სუსტი ვიყავი, სწორ არჩევანს ვერ ვაკეთებდი, სწორ ნაბიჯს არ ვდგამდი, მაგრამ დანარჩენმა ქართველმა ქალბატონებმა რა დააშავეს?.. ჰოო, მათაც დააშავეს, რომ დედები არიან, რომ ყველას ანგარიშს უწევენ, რომ თმობენ. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ქართველები... ვერ ვიტყვი, რომ მარტო ქართველი ქალები არიან ემიგრაციაში, თუმცა მე ჯერ ჩემი მტკივა და ჩემსას ვამბობ. არ გამიგოთ ისე, რომ შრომა დასჯა იყოს, ან ქალმა არ უნდა იშრომოს. არა, ზომიერი შრომა სასიამოვნოა და ამ შრომიდან მიღებული შესაბამისი ფინანსური თუ მორალური საზღაური გვახალისებს. ოღონდ ეს ყველაფერი კარგია საკუთარ ქვეყანაში და საყვარელი ადამიანების გვერდით. იქ ეს უკვე სასჯელი აღარ არის.

აი, აქ, უცხო მიწაზე ვიგრძენი, რომ თურმე როცა საკუთარ მიცვალებულს თავადვე დაიტირებ, მოეფერები და უკანასკნელად ჩაიხუტებ, ესეც ბედნიერება ყოფილა. კითხვაზე – ვინ დაგაძალა და რატომ წახვედი? ჩემი პასუხი ასეთია: იძულებული გავხდი და წამოვედი. აი, ასე, უბრალოდ...

© photo: courtesy of Irma Tkhinvaleliირმა თხინვალელი
ემიგრანტი ქალის წერილები: იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ - Sputnik საქართველო
ირმა თხინვალელი

დავოჯახდი, გაჩნდა შვილები. 1995 წელში მესამე შვილი დაიბადა. მუცელს ვმალავდი, გაკვირვებული მეკითხებოდნენ – მესამეს აჩენ? მიხარია, რომ დღეს ის მყავს. ჰო, ცუდი დრო იყო და ბევრი მეორესაც აღარ აჩენდა. შვილები უბეში გავზარდე, ლამპაზე ვუთბობდი ხელებს, ზამთარში რვა საათზე ჩაცმულს ვაწვენდი – ნავთს ვზოგავდი. ალბათ ყველასთვის ნაცნობია ეს დრო. პატარა შვილი სკოლას მივაბარე და გროშებზე მუშაობა დავიწყე – დილის რვა საათიდან საღამოს 11 საათამდე. პური-საპონი, პური-შაქარი, პური-ზეთი – აი, ასე გარბოდა თვეები. შვილებს მხოლოდ მძინარეს ვხედავდი, ვარსებობდით. ბოლო წლებში ჩემი შემოსავალი არ გასცდა 400-500 ლარს. უფროსი შვილი 100%-იანი გრანტით უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცა მესამე კურსიდან სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. მეორე შვილი ნაწილობრივი დაფინანსებით პოლიტექნიკურში ჩაირიცხა და ისიც ძმასავით მოიქცა. ჩემი ოჯახიც ერთ-ერთი რიგითი ქართული ოჯახია, ჩვეულებრივი ქართული პრობლემებით. ოჯახური ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა ყოველდღიურ პრობლემებს.

ფიქრია რობაქიძე - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“

ყველამ ვიცით ყოველდღიური ემიგრანტული ცხოვრება როგორია, მაგრამ მე კარგი თვალითაც ვუყურებ დღევანდელობას. აქ იმის იმედი გამიჩნდა, რომ 30 წლის წინანდელ ნაოცნებარ სურვილს ავისრულებ. ნახევარი საუკუნე გადავთვალე და აქ, იტალიის მიწაზე მაქვს იმის შანსი, რომ ვისწავლო ის საქმე, რომელიც მსურს. მით უმეტეს ახლა, როცა იტალიის მთავრობამ იზრუნა ემიგრანტებზე და ჩვენ სასარგებლოდ კანონი დაამტკიცა. მინდა ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა იტალიის მთავრობას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქალბატონ ბულანოვას. ქართველი ემიგრანტები მადლიერი არიან მისი. წარმატებას ვუსურვებ იტალიას. იტალიელებს უკვირთ და კითხულობენ ხოლმექ აქ რატომ ხართ, კომუნისტები ხომ წავიდნენ? – გვიჭირს ამის ახსნა, არ გვინდა ჩვენი სახელმწიფო დავაკნინოთ. არადა, ფაქტია, რომ იტალიაში უამრავი ქართველია შემოსული. ქალაქში ქართულს ყოველ ნაბიჯზე გაიგონებ.

თამილა რომაშვილის ხელნაკეთი თოჯინები - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: ამ რთული პერიოდის გადასალახად თოჯინების კერვა დავიწყე

საქართველოში დარჩენილ ქალბატონებს მინდა ვუსურვო ბედნიერება, მათი ცხოვრება იმდენად ლამაზი იყოს, რომ არასდროს ეფიქროთ საკუთარი ქვეყნის იქით წასვლა და სამსახურის ძებნა. ემიგრანტ ქალბატონებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მამაცები და ყოჩაღები ხართ. მარტო დგახართ პირისპირ უამრავი პრობლემის წინაშე და ტკივილს ჩუმად იტანთ. ეცადეთ ემიგრანტული ცხოვრება პოზიტიურად დაინახოთ – ეს არ არის დასასრული. ეცადეთ აკეთოთ საყვარელი საქმე. ვეცადოთ ეს დრო გამოვიყენოთ სიახლეებისთვის, გამოვიყენოთ მეტი განვითარებისთვის. თუნდაც ის რად ღირს, რომ ახალ ენას ვსწავლობთ და უცხო ქვეყნის ისტორიას და კულტურას ვეცნობით, მათ ეროვნულ სამზარეულოს ვსწავლობთ.

ჩვენი მხრივ მათ საქართველოს კულტურას და ისტორიას ვაცნობთ, უამრავმა იტალიელმა გაიცნო ჩვენი ქვეყანა. აქ ყველა ნაბიჯს ვზომავთ, რომ ის ღირსეულად წარმოვაჩინოთ. აი, ეს მისიაც გვაქვს. უფალი იყოს თქვენი მფარველი და მალე დაბრუნებულიყავით გაბრწყინებულ სამშობლოში. მიყვარხართ და მეიმედებით...

 

ყველა ახალი ამბავი
0