ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ფიქრია რობაქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს ბარსელონაში მყოფი ჟურნალისტის ფიქრია რობაქიძის სამშობლოში გამოგზავნილ წერილს გაგაცნობთ. ფიქრია 31 წლისაა და ემიგრაციამდე ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირთან არსებულ ახალგაზრდა ჟურნალისტთა პრეს-კლუბ „მულტიმედიაში“ მუშაობდა.

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

ესპანეთში ჩასული ყველაფერს ღირსეულად გაუმკლავდა: საყვარელი ადამიანების მონატრებას, ემიგრაციის სირთულეებს და თავს დატეხილ COVID-19-საც.

განაჩენი - უვადო პატიმრობა! დანაშაული - გაურკვეველი... ერთ დღეს ალაგებ შენს ნივთებს და მზად ხარ განაჩენის აღსრულება დაიწყო. ყველაზე მძიმე მაინც ცრემლებია დედის, რომელიც გულში გიკრავს და არ გიშვებს. ბოლო წუთამდე ცდილობს გადაწყვეტილება შეგაცვლევინოს, მაგრამ ამაოდ...           

საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს და ჟურნალისტის პროფესიაც ალბათ ამიტომ ავიჩიე. ბატონ ნოდარ ტაბიძის სტუდენტი ვიყავი. მან ბატონ ჰამლეტ გეგიას მიმაბარა და მუშაობა ახალგაზრდა ჟურნალისტთა პრეს-კლუბ „მულტიმედიაში“ დავიწყე. მისი თავმჯდომარე ბატონი ჰამლეტი გახლდათ, ბევრი საინტერესო შეხვედრა მახსენდება, მაგრამ ეს ყველაფერი „წინა“ ცხოვრებაში იყო...

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

დღეს უკვე სამი წელი გავიდა, რაც ემიგრაციის გზას დავადექი, ყოველდღე მახსენდება როგორ გამომაცალეს ხელიდან ჩემი ერთი წლის და ხუთი თვის შვილი, მთელი ძალით რომ მიჭერდა თავის პაწაწინა ხელებს მაისურზე. მე ხელი ძლიერად ჩავჭიდე მეორე შვილს და გზას გავუყევი. მახსოვს დედაჩემის და ჩემი შვილის ტირილის ხმა ერთმანეთში როგორ ირეოდა, მე კი უკან მიხედვის მეშინოდა, შემობრუნების ძალაც არ მქონდა. ჩემი ძმა - ჩემი სულის ნაწილი, არც კი დამემშვიდობა: წადი და უკან არ მოიხედოო...

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

დედა არ იტირო! - ასე მითხრა ჩემმა უფროსმა შვილმა, ოთხი წლის ლუკამ და ცრემლები მომწმინდა, მაკოცა და მხრებში გამართულმა გააგრძელა ჩემთან ერთად გზა, რომელიც არც კი იცოდა სად მიდიოდა. მას შემდეგ ბევრი ტკივილით, ცრემლით და მონატრებით სავსე დღე მქონდა. შვილის პროტესტის გაძლება, რომ არ მოსწონდა უცხო ქვეყანაში და სახლში დაბრუნება უნდოდა, არც ერთი დედისთვის არ არის მარტივი. მერე კი ლუკა ნამდვილი ვაჟკაცივით დამიდგა გვერდით და ხელს არ მიშვებდა, არ ნებდებოდა და დანებების უფლებას არც მე მაძლევდა. 

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

ესპანეთში ყველაფერი არაფრისგან დავიწყე. ერთი გამოუცდელი, 27 წლის გოგო ვიყავი, რომელსაც მხოლოდ საბრძოლო განწყობა ჰქონდა. მარტივი არ იყო უცხო მიწაზე მცირეწლოვანი შვილით ხელში მარტო დარჩენა, როცა არ იცი იმ ქვეყნის ტრადიცია და ენა, სადაც ყველაფერი უცხოა. შენ კი ერთი პატარა ქვეყნის შვილი ხარ, რომელიც განთქმულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, კულტურითა და ტრადიციებით, მაგრამ იქ ეს არავის აინტერესებს, იქ ყველას ერთ სტატუსს ანიჭებენ, შენ გაპროტესტებაც არ შეგიძლია...

უცხო ქვეყანა დედინაცვალს ჰგავს, შენი გრძნობებით თამაშობს და მწარე რეალობას გაპირისპირებს. ხან წამოგაყენებს და თავზე ხელს გადაგისვამს, შენ კი გულაჩუყებული შესცქერი თვალებში და ელოდები გულში როდის ჩაგიკრავს. ამ ლოდინში დღეები დღეებს, წლები წლებს მისდევს. ის კი არა და არ ფიქრობს გულში ჩაგიკრას, შვილად მაინც არ მიგიღებს. შენ კი, უცხო მიწის შვილს, მხოლოდ ორი მეგობარი გყავს: ღამე და ბალიში.

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე

ემიგრანტობა ჭაობს ჰგავს. რაც უფრო ცდილობ თავი დააღწიო მას, მით უფრო გითრევს. ამ ჭაობს ერთ წელიწადში ჩემი პატარა შვილიც შემოუერთდა. მასაც ემიგრანტი ბავშვი დაერქვა და ცხოვრების გზა ახლა უკვე უფრო დიდი პასუხისმგებლობით გავაგრძელეთ ჩვენ სამმა... აქ ერთ ოჯახში ვმუშაობ, ბავშვები სკოლაში დადიან. როდესაც მარტო ხარ ორ შვილთან ერთად და მწარე რეალობასთან იწყებ ბრძოლას, ბუნებრივია, სულ საყრდენს ეძებ. მეც გზადაგზა, დიდი სიფრთხილით, მძივებივით ვაგროვე მეგობრები...

© photo: courtesy of Pikria Robakidzeფიქრია რობაქიძე შვილთან ერთად
ემიგრანტი ქალის წერილები: „დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება“ - Sputnik საქართველო
ფიქრია რობაქიძე შვილთან ერთად

ამ განსაცდელში ჩემ გვერდით აღმოჩნდა სრულიად უცხო ქალბატონი, სოფია ბიჭიაშვილი, რომელმაც დედასავით ჩამკიდა ხელი, გულში ჩამიკრა და, აი, უკვე ორი წელია ჩემთვის ხელი აღარ გაუშვია. მან ჩემი ყველა დარდი გაიზიარა, ჩემს ოჯახად იქცა. ყოველთვის მახსენებს, რომ დედა ვარ და არ მაქვს დანებების უფლება. მან ბევრი ქართველის ხელი ჩაიკრა გულში და ყოფა ბევრს შეუმსუბუქა. ის რომ არა, მე არ ვიქნებოდი დღეს ის, ვინც ვარ, მის გარეშე ვერ შევძლებდი ამ გზის გავლას. დღეები ისეთი სისწრაფით გადის, რომ გამოფხიზლებასაც ვერ ვასწრებ. ის ჩემოდანი კი, იმედებით და ოცნებებით რომ იყო სავსე, უკვე შემსუბუქდა. ის ოცნებები უცხო ქვეყნის ზეცაში აიჭრა, მათ დროსა და მწარე რეალობას ვერ გაუძლეს... მაგრამ ყველაფრის გაძლებას მიადვილებს ჩემი ორი შვილი და ზუსტად ვიცი, რომ მათ გამო ყველაფერს შევძლებ...

რა მენატრება? - ჩემი ჭაღარა, ბრძოლისგან დაღლილი საქართველო მენატრება, მის მიწაზე გათენებული ყველა დღე მენატრება. ჩემი ქვეყნის სუნი მენატრება, ჩემს ქვეყანაში ამოსული მზე, რომელიც სხვანაირად გათბობს...

ყველა ახალი ამბავი
0