კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა...

გამოწერა
„ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც ბავშვებს ვასწავლე, ჭეშმარიტების სიყვარულია“ - ეს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის მოსაზრებაა, რასაც თავადაც რეალურად იცავს და ახორციელებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტაბატაძემ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მუშაობა 1989 წელს დაიწყო. მას შემდეგ ქართული წერა-კითხვა საქართველოში მცხოვრებ არაერთ არაქართულენოვან ბავშვს შეასწავლა. მოგვიანებით იმავე სკოლაში მისი ინიციატივით გაიხსნა ქართული სექტორი, სადაც დღემდე წარმატებით ასწავლის. იმ წლებმა დიდი გამოცდილება შესძინა, ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვებთან ურთიერთობის დროს ფსიქოლოგის ფუნქციაც კი შედეგიანად შეუთავსებია.

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმარინე ტაბატაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მარინე ტაბატაძე

- ქალბატონო მარინა, სამ ათეულ წელზე მეტია სკოლაში ხართ, პიროვნულად თქვენ რა მოგცათ იმ წლებმა?

- ჩვენი სკოლა თავიდან რუსული იყო და ორმაგად მომიწია მუშაობა. ჯერ საკუთარ თავზე ვმუშაობდი, რომ რუსულ ენაზე თარგმანი აბსოლუტურად სწორად მცოდნოდა და მერე ბავშვებისთვის მესწავლებინა. მოგვიანებით ქართული სექტორი გავხსენი. "ძალა ერთობაშიაო" - ხომ გაგიგიათ? ჩემი კოლექტივის წევრების დახმარებით პირველი ქართული კლასი შევქმენი, იმის მერე მაღალ კლასებს მოვყევი. ცხადია, ამ წლებმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. პირველ რიგში, ურთიერთობა მასწავლა სხვადასხვა კატეგორიისა და ქცევის ადამიანებთან. მასწავლა ის, თუ როგორ მოვქცეულიყავი კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ მემართა საკუთარი ემოცია, რომ მოსწავლეების კეთილგანწყობა და ნდობა მომეპოვებინა.

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- ძირითადი საგნის გარდა რა არის ყველაზე მთავარი, რაც ბავშვებს ასწავლეთ?

- ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც ბავშვებს ვასწავლე, ჭეშმარიტების სიყვარულია, ის, რომ სიმართლე - თვალის სინათლეა და სამართლიანობა - ცხოვრების აუცილებელი პირობა. მიყვარს მათთან ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი, ისინი საუკეთესო მსმენელები არიან. მსიამოვნებს, როცა გულისყურით გისმენენ და, იმედია, სწავლობენ კიდეც შენგან ბევრ რამეს...

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმსახიობ მურმან ჯინორიასან შეხვედრის დროს
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მსახიობ მურმან ჯინორიასან შეხვედრის დროს

- პირველი გაკვეთილი გაიხსენეთ, რისი შიში გქონდათ?

- მართალი გითხრათ, გაკვეთილის ჩატარების შიში არ მქონია, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ძალიან სწრაფად ვლაპარაკობდი და შეიძლებოდა ბავშვებს ჩემი საუბარი ვერ გაეგოთ. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, საკლასო ოთახში ნაბიჯ-ნაბიჯ დავდიოდი და ვცდილობდი მეორე თვლაზე შემდეგი სიტყვა მეთქვა. სხვათა შორის, მოვახერხე და ეს პრობლემა ამ გზით მოვაგვარე კიდეც. რუსულ სექტორზე ანბანის სწავლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. ასოებს ფურცლებზე ვწერდი, ისინი ამ ფურცლებს, რა თქმა უნდა, კარგავდნენ. მე ყოველდღე ისევ დაუღალავად ვწერდი და ვტოვებდი მათ გაკვეთილების მერე. სასწავლო წლის ბოლოს მაინც მოვახერხე და ქართული წერა-კითხვა ყველას ვასწავლე.

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმარინე ტაბატაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მარინე ტაბატაძე

- თანამედროვე მწერლებიდან და პოეტებიდან ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში რომელ ნაწარმოებს შეიტანდით?

- თანამედროვე მწერლების შემოქმედებიდან რას შევიტანდი? ალბათ, იმ მასალას, რაც უფრო მეტად დააინტერესებს ჩვენს მოზარდებს. მე პირადად ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელი. ხშირად მიყვარს გაკვეთილებზე ამ მწერლის ტექსტების კითხვა. კითხვის დასრულების მერე მათ თვალებზე მომდგარი ცრემლებიც მახსოვს - ეს გულწრფელი ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია. პირდად ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ მათში სიკეთე ცოცხლობს და ისინი ცუდ საქციელს არ ჩაიდენენ...

© photo: courtesy of Marine Tabatadzeკოლეგასთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
კოლეგასთან ერთად

- ამბობენ, თანამედროვე ტექნოლოგიების მოჭარბების გამო სკოლამ რამდენადმე დაკარგა სულიერებაო...

- ისეთი ცხოვრება დადგა, რომ ადამიანისთვის სულ სხვა ღირებულებები გახდა მისაბაძი. დღეს სხვა თვალით უყურებენ ყველაფერს და რა უნდა ქნა? როგორ გინდა, რომ ისინი იმაში დაარწმუნო, რისი გაგება და მოსმენაც არ სურთ? გარშემო ისეთი სიტუაციაა, რომ ხშირად მიფიქრია, ასეთ რეალობაში კიდევ კარგები არიან ეს ბავშვები-მეთქი. სკოლამ სულიერება დაკარგაო - ეს ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია. უფრო ასე ვიტყოდი - საზოგადოება მიისწრაფვის იქითკენ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მეტად გააიოლოს, მარტივად გადაწყვიტოს. ამიტომ ნებისმიერ საკითხში საფუძვლიანი და ღრმად ჩაწვდომა ბევრისთვის მიუღებელია. საკითხს ცალმხრივად უდგებიან, ყველაფერში სხვისი დადანაშაულება კი მარტივი გამოსავალია. სხვის თვალში ბეწვის დანახვა ადვილია და, შესაბამისად, გარკვეული ზღვარი გაჩნდა. სკოლის მიმართ გარკვეულმა უნდობლობამ ურთიერთობებშიც შეიტანა სიცივე...

© photo: courtesy of Marine Tabatadzeგაკვეთილზე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
გაკვეთილზე

- როგორ ფიქრობთ, არსებობენ თუ არა ე.წ. ძნელად აღსაზრდელი ბავშვები?

- გარდატეხის ასაკში გოგოსაც და ბიჭსაც ექმნება გარკვეული პრობლემები სწავლაში, ქცევასა და ურთიერთობებში. თვითდამკვიდრების პროცესში მათ უნდათ სამყაროს დაუმტკიცონ, რომ არსებობენ. ძნელია ყველას გაუგო და გააგებინო მთავარი, თუმცა, თუ გენდობიან, თუ შენში საიმედო დასაყრდენს ხედავენ, მათი სწორ გზაზე დაყენება არ არის ძნელი. ისიც გასათვალისწინებელია "მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?" მე ასეთ ბავშვებს უფრო რთული ბუნების ბავშვებს ვუწოდებდი. ასეთი კი ბევრი მყოლია და მომიხერხებია, რომ მტრისგან მოყვარე მექცია. არც მე მაქვს მარტივი ხასიათი, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ, ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას, ეს ბავშვებმაც კარგად იციან. თუმცა ამასთანავე იუმორსაც ხშირად ვიშველიებ და ხუმრობა-ხუმრობით რთული სიტუაციაც კი გამინეიტრალებია.

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

- შეცდომების გასწორება რამდენად შესაძლებელია სკოლის ურთიერთობებში?

- პირადად მე ბავშვებთან არც ბოდიშის მოხდა მიჭირს და არც შეცდომის აღიარება მიმაჩნია დანაშაულად. მათ იციან, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შეიძლება შევცდე ხოლმე. ვფიქრობ, შეცდომების გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, თუმცა შეცდომასაც გააჩნია და სიტუაციასაც. ცალსახად ამ საკითხზე მსჯელობა გაუმართლებლად მიმაჩნია. როცა შეცდომებს დაინახავ, გააცნობიერებ და იზრუნებ მის გამოსწორებაზე, გარკვეულწილად ლოდი გეხსნება გულიდან. გვიან არასდროს არის, შეცდომებზე ვსწავლობთ. შეცდომას არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

© photo: courtesy of Marine Tabatadzeმარინე ტაბატაძე
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლისთვის: სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭი ადგა და ჩემკენ გამოემართა... - Sputnik საქართველო
მარინე ტაბატაძე

- მასწავლებლობასთან ერთად გარკვეულად ფსიქოლოგის ფუნქციაც თუ შეგითავსებიათ?

- თავისთავად ცხადია, შეუძლებელია იყო მასწავლებელი და არ იყო კარგი ფსიქოლოგი. სხვაგვარად ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა შეუძლებელია ამ უნარის გარეშე. არ იფიქროთ, რომ ამაში მაინცდამაინც ფსიქოლოგიური ტერმინებითა და მეთოდებით ხელმძღვანელობას ვგულისხმობდე. ეს ადამიანთა ბუნების შეცნობის უნარია. ეს გაძლევს საშუალებას, რომ სწორი კუთხით მიუდგე ადამიანს, ამოიცნო მისი ქცევის მოტივი, ურთიერთობა მოაგვარო, მართო სიტუაცია და ზუსტი მეთოდი შეარჩიო, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგიყვანს.

მზია ედიშერაშვილი - Sputnik საქართველო
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლის ბუფეტში საჭმელს არ ჭამდა, რომ ჩემთვის...“

- გაიხსენეთ შემთხვევა, როცა მოსწავლეს გაუოცებიხართ?

- ერთხელ მოსწავლემ ძალიან გამაბრაზა და გაღიზიანებულმა ვუთხარი, შენი მშობლების ადგილზე რომ ვიყო არაფერს გაღირსებდი-მეთქი. კლასში სიჩუმე ჩამოვარდა. ის ბიჭი მოულოდნელად ადგა და ჩემკენ გამოემართა. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავფრთხი, ვიფიქრე, ცუდად არის ჩემი საქმე-მეთქი. ის კი მოულოდნელად მომიახლოვდა, ყელზე ჩამომეკიდა და კოცნა დამიწყო. იმ დღის მერე ძალიან დავმეგობრდით. თუმცა ისიცაა, რომ მანამდე ჩემს გულწრფელ, დედა-შვილურ დამოკიდებულებასაც გრძნობდა. შეუძლებელია ბავშვების სიყვარული არ გქონდეს და სკოლაში იმუშაო.

ქეთი ბოკერია კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის – „ბავშვების უმეტესობას უკვე ენატრება გაკვეთილები“

- რას ურჩევდით მათ, ვისაც მომავალში უნდა, რომ მასწავლებელი გახდეს?

- მასწავლებლობის მსურველებს რას ვურჩევდი? უყვარდეთ ბავშვები უსაზღვროდ, მოთმინებით  აღიჭურვონ, იმეგობრონ მათთან, ცხოვრება ასწავლონ და თავადაც ისწავლონ მათი გაგება. რადგან ძალიან ბევრი ბავშვი მძიმე სიტუაციაში იზრდება. ბოლოს, ახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ბავშვების მეშვეობით ფაქტობრივად ქვეყნის მომავალთან გვაქვს საქმე...  

ყველა ახალი ამბავი
0