ემიგრანტი ქალის წერილები: „ვხედავ მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: "ბე, მიყვარხარ"

© photo: courtesy of Maia Takashviliმაია ტაკაშვილი
მაია ტაკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია... უკვე მერამდენე ემიგრანტის წერილს გაცნობთ, ყველა მათგანის ამბავი გამორჩეული და განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთო ტკივილი და იმედი აერთიანებთ.

დღეს ათენში მცხოვრები მაია ტაკაშვილის სამშობლოში გამოგზავნილ თბილ და ემოციურ ღია ბარათს გაგაცნობთ. მასში ყველაფერია - ტკივილი, მონატრება, ერთგულება, მადლიერება, დაკარგული წლების განცდა და, მიუხედავად ყველაფრისა, სულში გადარჩენილი ბავშვური ხალისი და სისუფთავე. ამ წერილით ყველა ქართველ ემიგრანტს ვულოცავთ აღდგომას, ღმერთი გფარავდეთ უცხო მიწაზე...

© photo: courtesy of Maia Takashviliმაია ტაკაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვხედავ მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: ბე, მიყვარხარ - Sputnik საქართველო
მაია ტაკაშვილი

ახლა ამას რომ ვწერ, ათენის ქუჩებში კორონავირუსის აჩრდილი დათარეშობს. ბებოს ეზოში კი შაშვები გალობენ, აუზში წყლის მშვიდი ლიკლიკი ისმის, მწვანედ ბიბინებს მოლი. სახლში მარტო ჩვენ ვართ: მე და ბებო, ვზივართ და ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით...

საქართველოში ბიბლიოთეკარი ვიყავი. სკოლა საგურამოში დავამთავრე 1982 წელს. სკოლის მერე საბიბლიოთეკო სასწავლებელში ვსწავლობდი. ოჯახი დუშეთში შევქმენი, სამი შვილი შემეძინა და მცირე ხანი ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. მერე ისეთი დრო დადგა, რომ აიკრიფა ფერები ქვეყნიდან, დაგვრჩა მხოლოდ შავი და ნაცრისფერი... ხალხს საკვები აღარ ჰყოფნიდა და ყველაფერთან ერთად იმედიც გაქრა. მერე რკინის ქალამნები ჩავიცვი, დავიკაპიწე მაჯები, გავიმშრალე ცრემლები და, როგორც სხვა ათასმა ჩემნაირმა, ეზოს კარს გადავაბიჯე... ვისაც სად მიგვიწვდა ხმა და საითაც ვინმე დავიგულეთ, იქითკენ გავიწიეთ...

© photo: courtesy of Maia Takashviliმაია ტაკაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვხედავ მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: ბე, მიყვარხარ - Sputnik საქართველო
მაია ტაკაშვილი

ასე გავიდა 16 წელი, რომლის ყოველი დღე უმზეო და ცივი იყო. ბავშვები ცუდად მალავდნენ ცრემლს და მე გამაგრება ვერ გამომდიოდა. ეს მარტო ახალი ცხოვრების დაწყება არ არის, ქვა უნდა გახდე, უნდა გაძლო და არ მოკვდე... ყველაფერს ვაკეთებდი: ვუვლიდი მოხუცებს, ვზრდიდი ბავშვებს, ვალაგებდი სახლებს. ხან მციოდა, ხან მშიოდა, ხან მატირებედნენ, ხანაც მაცინებდნენ. ახალი რა ვთქვა, ყველამ იცის ჩვენი ტვირთი.

დროთა განმავლობაში ცრემლი გაქრა, ტკივილით სიხარული ვისწავლე და ორ განზომილებაში ყოფნა - სხეულით აქ და სულით საქართველოში. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ჩემი შვილების ხმები, ნაკვთები, სურვილები, მდგომარეობა, მხოლოდ მონატრების და სიშორის ტკივილი რჩებოდა უცვლელი...

© photo: courtesy of Maia Takashviliმაია ტაკაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვხედავ მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: ბე, მიყვარხარ - Sputnik საქართველო
მაია ტაკაშვილი

ძალიან იყოჩაღეს ქართველმა ქალებმა ემიგრაციაში, მუშაობის გარდა ისინი ხატავენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ, ხელსაქმის ოსტატები არიან, სპექტაკლებსაც კი დგამენ. მაღაზიები გახსნეს, უცხო ენა და უცხო ქვეყანაში ცხოვრება ისწავლეს, საკუთარი თავის რეალიზება შეძლეს. სხვების მსგავსად მეც მივდევ რუტინას. ჩაიარა ჭირმა და ლხინმა, დიდმა და პატარა სიხარულებმა და განსაცდელებმა. ვიცი, ოჯახში დედა თუ არ არის, იმ ოჯახს გული გამოცლილი აქვს. ახლა პატარა შვილიშვილები შორიდან მეტიტინებიან და მადლობელი ვარ უფლის ყველაფრისთვის. თავი ხან გმირი მგონია, ხან დამნაშავე. ვერც მიწა შევიძინე და ვერც სახლი, არც სხვა რამე მაქვს ფასეული, არც ფული მიდევს ბანკში. უბრალოდ შვილებს ვეხმარებოდი იმაში, რომ კარგი ადამიანები დამდგარიყვნენ. დღეს კი მონატრებას სიტყვებში ვაქსოვ:

„პირქვე დამამხო ახლა ჩემს მიწას,

ხარბად მასუნთქა ახალი ხნული,

უხეში ხელი დაღლილ დედისა

ცოტა ხანს მქონდეს მუჭში მალული.

ვენახს შერჩენილ ობოლა მარცვლებს

მიპარულ ჩიტებს მივუგდო ყური.

ათას ნაწილად მიმოვიფანტო,

გავძღე, გავივსო ჩემი მამულით".

© photo: courtesy of Maia Takashviliმაია ტაკაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ვხედავ მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: ბე, მიყვარხარ - Sputnik საქართველო
მაია ტაკაშვილი

რა გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, რომელსაც ხან ჩვენ გამეტებაში ვდებ ბრალს, ხან თავს ვადანაშაულებ მის დატოვებაში. უკან ვიყურებით, სიკეთე კი არ ჩანს.

გუშინ ბებოს შვილმა მოგვაკითხა:

- ხრონია პოლა, კე ტუ.

- ხრონუ - წავიდა მოკითხვები, მოლოცვები, ბურუ-ბურუ და ბლა-ბლა...

თქვენ როგორ ულოცავთ აღდგომას ერთმანეთსო, ბევრ ენაზე ვიცი მილოცვა და ახლა ქართულადაც ვისწავლიო.

მასზე ცოტა განაწყენებული ვიყავი, ჰოდა გამოიფოფრნენ ჩემი ეშმაკები და ვეუბნები:

- "ჩემი წილი ჭირი მიჭერს ჭირვეულად ბრჭალებს ყრონტში" - ეგრე-მეთქი. სულ მინდოდა გაოგნებული სახით მენახა... თან ვფიქრობ: სამი-ოთხი საათით გარეთ რომ გაგეშვი, ვერააა? მრავალჟამიერი მეღიღინა, ილია ზაქაიძეზე გეტყოდი რამეს, ახლა კი არ გამოვა ქართული მილოცვის სწავლა-მეთქი.

ისე, მთლად უმადურის შთაბეჭდილება არ დავტოვო. ელადაში ბევრი კარგი ამბებიც მქონია, თბილი ურთიერთობები მაქვს ოჯახებთან, სადაც ვმუშაობდი. ბევრი სიკეთეც მახსოვს, მართლმორწმუნე, თბილი ხალხია. ზრუნვაც იციან და ჩვენი დარდიც ესმით.

ერთხელ სუპერმარკეტში ბოდიალისა და ფეთქებად-კონფლიქტური განწყობების მერე მე და ბებო უბრად ვიყავით და ფურნეს მივადექით. დაპაუზებულია ბებოს აქამდე სხარტი გონება, საჭესთან ის ზის, ხან სიჩქარე ერევა და ხან პედლები. დააყენა, როგორც იქნა, მანქანა და კოხტად გადაკეტა გასასვლელი. ატყდა ერთი ამბავი. აქ დამელოდეო, მომაძახა ფურნის კედელს აკრულს და „კრუგზე" წავიდა. ვხედავ, მაღაზიის კედელზე ქართულად მიწერილია: „ბე, მიყვარხარ" - ჩვენებურად, ხალხურად, ტკბილად. დავრჩი ასე, იმავე ადგილზე, სანამ ბებო არ მომადგა. ამიჩუყდა გული, თან მიხაროდა, თან უცხო ადგილზე ჩემი სისხლის განფესვებას ვჩიოდი...

„ბე, მიყვარხარ" - იქნებ ჩემს მიწა-წყალზე ასე სხვები წერენ?.. ღმერთო, ნუ აღგვი პირისაგან მიწისა ქართველს, ამრავლე მის მიწაზე, გულგონი და მხნეობა მიეცი... აღდგომას გილოცავთ, ჩემებო!..

 

ყველა ახალი ამბავი
0