საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს

© photo: Integrated Theater "Azdak's Garden" / FBინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"
ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რით შეიძლება დაკავდეს კარანტინის დროს სახლში დარჩენილი რეჟისორი? ფილმის გადაღებას, ბუნებრივია, ვერ შეძლებს. თუმცა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს მომავალი ფილმის შექმნის იდეას...

არც ისე დიდი ხნის წინ კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა საქართველოს კინოაკადემიის წევრმა, საპატიო პროფესორმა, კინორეჟისორმა თენგიზ მალანიამ, რომელმაც საკონკურსო თემად შეარჩია საქართველოში მოქმედი ინტეგრირებული თეატრი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. კონკრეტულად რაზეა საუბარი და რა აქვს ჩაფიქრებული რეჟისორს, ამის თაობაზე თავად მოგვითხრობს.

© photo: Tengiz Malania / FBთენგიზ მალანია
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს - Sputnik საქართველო
თენგიზ მალანია

- ბატონო თენგიზ, ჯერ იმას გკითხავთ, თქვენთვის რა მოიტანა ახალმა რეალობამ და რა შეცვალა?

- შეცვალა, საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა და მოიტანა... ახლა უკვე სხვანარად ვუყურებ სამყაროს, ალბათ ასეთ დროს ყველა მოაზროვნე ადამიანს შეიძლება მსოფლმხედველობაც შეეცვალოს. ყველა, ვინც აზროვნებს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანმა, თურმე, ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა განვლოს. ყველას უნდა მილიონერი გახდეს, მაგრამ ფული, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, მორალისგან არ გათავისუფლებს. ასეთ დროს ხვდები, რომ ყველაფერი, ჩვენი ყოველდღიური ფაფხური ფუჭი და ამაოა. ცხოვრების დევიზი უნდა გახდეს მინიმალიზაცია. მთავარი ჯანმრთელობა და ახლობელი ადამიანების კეთილდღეობაა, ნაკლები დარდი, ნაკლები შუღლი და ნაკლები ლტოლვა ლიდერობისკენ. რადგან ერთი წამიც საკმარისია და ჰაერისგან ნაგები ეს კოშკი გაცამტვერდება და გაქრება. ხვდები, რომ ყველაფერი არარაობაა. ჩემთვის ამის გაცნობიერება მოიტანა ახალმა რეალობამ, მინიმუმი უნდა გქონდეს ადამიანს და ბედნიერი იქნები...

© photo: Integrated Theater "Azdak's Garden" / FBინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- სახლში დარჩენის სიკეთეს როგორ შეაფასებთ?

- კარანტინის დროს არ გავჩერებულვარ - არქივში გაფანტული ჩემი ფილმები დავალაგე და დავახარისხე, მარტო საკუთარი არა, მეგობრების, თანაკურსელების ფილმებიც. სხვათა შორის, ამ დროს ბევრმა დაკარგულმა ახლობელმა მიპოვა. სოციალურ ქსელებში მოულოდნელად 40 წლის წინ საქართველოდან წასული ადამიანი შემეხმიანა. ეს გახლავთ ვოვა ზარიძე, რომელიც კინემატორგაფიის კომიტეტში მუშაობდა. ასეთ დროს მისმა გამოჩენამ ძალიან გამახარა. ასევე კიდევ ერთხელ მივუბრუნდი იმ პროექტს, რომლის განაცხადიც სამინისტროში უკვე შეტანილია. იმედი მაქვს, ყველაფერი როცა დალაგდება, ის თავის სიტყვას იტყვის.

© photo: Integrated Theater "Azdak's Garden" / FBინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- კონკრეტულად მოგვიყევით, რა პროექტზეა საუბარი?

- „ახდენილი ოცნება“ - ასე ეწოდება კინოპროექტს, რომლის სინოფსისი, ანუ მოკლე სასცენარო განაცხადი საქართველოს კულტურის სამინისტროში შევიტანეთ. ეს პროექტი მონაწილეობას იღებს კონკურსში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სამინისტრომ გამოაცხადა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა უმცროსმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიამ ლომთათიძემ, რომელიც გახლავთ ავტორი და ხელმძღვანელი გრანდიოზული პროექტისა „საერთაშორისო კულტურის სივრცე“, გამიზიარა იდეა, რომ შეგვექმნა კინოსიუჟეტი ახალგაზრდა მხატვარზე, რომელიც შშმ პირია და ამ პროექტის ემბლემაზე მუშაობს. შემდგომში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა მოვლენები, რამაც ჩვენი შემოქმედებითი გეგმები ძირეულად შეცვალა. საქმე ის გახლავთ, რომ იანვრის თვეში თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე სრულიად უჩვეულო სპექტაკლი გაიმართა...

© photo: Integrated Theater "Azdak's Garden" / FBინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს - Sputnik საქართველო
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- რაში მდგომარეობს ამ სპექტაკლის უჩვეულობა?                                                                                 

- შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს მსოფლიოში ლამის ერთადერთი ინკლუზიური (ინტეგრირებული) თეატრი, რომლის სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შშმ პირებიც გამოდიან. თეატრის სახელწოდება გახლავთ „აზდაკის ბაღი“, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელია ქალბატონი ქეთი ქიმოსტელი. მათ რეპერტუარში რამდენიმე სპექტაკლია, ესენია: ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ და სხვ. სხვათა შორის, ლუარსაბ თათქარიძისა და დარეჯანის როლებს არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ, თანაც იმდენად ოსტატურად, რომ სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე მაყურებელი ვერც ხვდება, რომ მათ წინაშე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან. აქვე გეტყვით, რომ ქეთი ქიმოსტელი პროფესიით ფსიქოლოგია და ამ საქმეს მეცნიერულ-შემოქმედებითად მიუდგა. ასეთი შთამბეჭდავი შედეგი ალბათ ვერ მიიღწეოდა, რომ არა მისი მეუღლე და თანამოაზრე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე გაბრუაშვილი, რომელიც ბრწყინვალე რეჟისორი და მსახიობია. ეს თეატრი შეიფარა, უფრო მეტიც, “იშვილა“ საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, კერძოდ, მისმა თავმჯდომარემ, ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა, რომელიც ლეგენდარული მსახიობის გოგი გეგეჭკორის ვაჟი გახლავთ.

© photo: courtesy of Tengiz Malaniaთენგიზ მალანია
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს - Sputnik საქართველო
თენგიზ მალანია

- კინოვერსიისთვის სცენარის შექმნა რომელი სპექტაკლის მიხედვით და ვისთან ერთად გადაწყდა?

- ორიგინალური კინოვერსიისთვის სცენარის შექმნა ხსენებული ინტეგრირებული თეატრის სპექტაკლის „სამგროშიანი ოპერის“ მიხედვით ქალბატონ მარიამ ლომთათიძესთან ერთად გადაწყდა. ფილმი მსოფლიოს დაარწმუნებს იმაში, რომ არა მარტო ქართულ პროფესიულ თეატრებს შეუძლიათ განაცვიფრონ მაყურებელი, არამედ ეს საქართველოში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოყვარულ მსახიობებსაც ძალუძთ. იმედს ვიტოვებთ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი საკონკურსო ჟიური ჩვენ მიერ წარდგენილი კინოპროექტის მნიშვნელობას სწორად შეაფასებს. მჯერა, მომავალი ფილმი კიდევ ერთხელ მიიპყრობს მსოფლიოს ყურადღებას ე.წ. „განსხვავებული“ ადამიანებისადმი, რომლებსაც დღეს ალბათ ჩვენზე მეტად უჭირთ პრობლემებთან გამკლავება და თანადგომაც სხვებზე მეტად სჭირდებათ...

ყველა ახალი ამბავი
0