იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი

გამოწერა
როდესაც ადამიანი ნიჭიერია და შრომაც არ ეზარება, მარტო ერთ პროფესიას და საქმეს არ ან, სულაც, ვერ სჯერდება...

ჩვენი რესპონდენტის შეთხვევაშიც ასეა. ის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, პროფესიით იურისტი ავთო ვაშაძე გახლავთ. თავისი ბლოგის საშუალებით მკითხველს ჩვენი ისტორიის, გამორჩეული პიროვნებების ცხოვრების საინტერესო ფურცლებს საინტერესოდ ახსენებს და აცნობს. დიზაინ-გრაფიკოსობით გატაცება მან მეორე პროფესიად აქცია და ისტორიულ-საარქივო ფოტოებს პროფესიონალურ დონეზე აახლებს და აფერადებს. საკუთარ ბლოგსაც ასე დაარქვა – „ისტორია ფერებით“, რომლის საშუალებით მისმა 15 ათასმა ხელმომწერმა უკვე 100-ზე მეტი ასეთი ფოტო-ამბავი გაიცნო...

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

ერთ-ერთი ასეთი ამბავი სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ახლა რომ დაწერილიყო:

- ჩიგოგიძე!

- ონლაინ ვარ, მასწავლებელო!

- კალანდაძე!

- აგერ ვანათებ მასწავლებელო!

- სიხარულიძე!

- ვინდოუსი აქვს გადასაყენებელი, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა თიმ ვიუერი ჩაურთეს.

- მთელი კლასი ვერ ჩაერთეთ? – იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.

- სერვერზე თიმ მემბერისთვის ფრი სფეისი აღარ დარჩა, თორემ ჩავერთვებოდით.

– ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! – ყვირის მასწავლებელი და მაუსს ხაოზე ურტყამს.

– აქ ვანთივარ, პატივცემულო მასწავლებელო!

– მასეთი ნათება და ოფლაინ ყოფნა ერთი და იგივეა!

– ონლაინ-ოფლაინ, საკითხავი, აი, ეს არის!“

ნოდარ დუმბაძის რომანის ერთი ეპიზოდის მოდერნიზებულ ვერსიას ავტორმა ბოლოს, ყოველი (პრევენციული) შემთხვევისთვის, ასე მიაწერა: „ვინცხამ უწყაროოდ მომპაროს, ვინდოუსი ვერ გადააყენოს ცხრა თაობაში“.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძე
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძე

- ბატონო ავთო, თქვენი ხუმრობა „ონლაინ გაკვეთილზე“ რაღაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...

- ასე გამოვიდა, დღეს სკოლები „ონლაინ გაკვეთილებზე“ გადავიდა, ასე რომ, თუ ამ ეპიზოდზე ადრე ეცინებოდათ, ახლა სიცილთან ერთად ხალხი დაფიქრდა, რადგან უკვე რეალურად ხდება ასე. როცა ეს ტექსტი დავდე და დილის თათბირის მერე, ერთ საათში შევედი ინტერნეტში, აღმოჩნდა, რომ ის უფრო მეტს მოეწონა, ვიდრე მოველოდი. ჩემს ბლოგზე ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებული სტატუსი და ხუმრობაც დავურთე მწერლის ფოტოს, რომელიც მანამდე რამდენჯერმე მქონდა დადებული, ოღონდ შედარებით სერიოზული ტექსტით. მერე უცებ, რატომღაც გადავწყვიტე, რომ რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ეს ეპიზოპდი ამ ფორმით დამეწერა. ეს ტექსტი დაიწერა ჩემი ბლოგისთვის „ისტორია ფერებით“. შეიძლება ითქვას, რომ მოყვარული გრაფიკული დიზაინერი ვარ. ჯერ მხოლოდ გაფერადებულ ფოტოებს ვაქვეყნებ, ანუ როგორი იყო მანამდე და გაფერადებით როგორი გახდა. შემდეგ კი იმავე ფოტოებს, მეტი ინტერესისთვის, თემატური ტექსტებით ვაფორმებ. ამ საქმეს თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძე
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძე

- რა სახის ფოტოებს აფერადებთ და როგორ?

- ძველი, ისტორიული, შავ-თეთრი ფოტოების რესტავრაციას და მის გაფერადებას ვახდენ. როცა ხალხმა გაიგო ჩემი გატაცების შესახებ, ბევრი დამიკავშირდა და თავისი წინაპრების ფოტოების რესტავრაცია–გაფერადება მთხოვა. პატრიოტული სულისკვეთების ხალხიც მირეკავს ხოლმე და ისტორიული ფოტოების გაფერადებას მიკვეთავს. აი, მათთვის უფასოდ ვაკეთებ, აბა, ილიას და აკაკის ფოტოების დამუშავებაში ვინმეს ფულს როგორ გამოვართმევ?! როცა აღფრთოვანების პირველი ტალღა ჩაცხრა, გადავწყვიტე, რომ ამ ფოტოებისთვის სხვა მნიშვნელობაც მიმეცა და ილუსტრაციისთვის ტექსტიც დამერთო. თავიდან ეს წმინდა ბიოგრაფიული ხასიათის იყო, ან რომელიმე ცნობილ პიროვნებაზე საინტერესო მოსაზრება ან ამბავი. ზოგჯერ ასეთი ამბავი სახალისო, ვიღაცის ცხოვრებაში მომხდარი კურიოზი იყო. მოკლედ, ასე სინქრონულად ვუშვებდი ტექსტს და ფოტოს. სიმართლე გითხრათ, როცა მეგონა, რომ ესა თუ ის ამბავი ყველამ იცის, ირკვეოდა, რომ ხშირად ხალხს მასზე წარმოდგენაც არ ჰქონია.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

- გრაფი სენ ჟერმენი რატომ დაირქვით?
- გრაფი სენ ჟერმენი უფრო მეტად იდეაა, ვიდრე ადამიანი. მომწონს მის შესახებ არსებული ისტორიები. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს გრაფი სენ ჟერმენი, შეიძლება, სულაც პირადად ვიცნობთ, ან ჩვენი წინაპარი იყო, ან ჩვენ ვიქნებით მისი წინაპარი.
მისი სახელი არ მიეკუთვნება ცალსახად რომელიმე ეპოქას და საზოგადოებას, ზუსტად არავინ იცის ვინ იყო, საიდან მოვიდა, საერთოდ არსებობდა თუ არა. ლიტერატურის ნაყოფია თუ რამდენიმე რეალური ადამიანის გაერთიანებული სახე, საიდუმლოებით მოცული პერსონაჟია, ერთდროულად მრავალ ეპოქაში, დროსა და სოციუმში რომ ცხოვრობდა და ყოველთვის იცხოვრებს ჩვენ შორის, სანამ ლეგენდები იარსებებს...

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

- ისევ ფოტოებს რომ დავუბრუნდეთ, სად ეძებთ ასეთ გასაფერადებელ ფოტოებს?

- ეს ფოტომასალა ძირითადად საარქივოა, მაგრამ მერე ინტერნეტშია ატვირთული, ამიტომ მათი ხარისხი უკვე გაფუჭებულია. უკვე
შავ-თეთრი ფოტოების დიდი მარაგი მაქვს და თავისუფალ დროს მათ ნელ-ნელა ვამუშავებ. პირველი, ვისი ფოტოთიც ჩემი გვერდი დავიწყე, გალაკტიონი იყო, მაგრამ მაშინ გრაფიკული დიზაინი კარგად არ ვიცოდი და არ გამომივიდა. როცა ავითვისე, აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი საქმე ყოფილა. რაღაც პერიოდი შევეშვი, მერე ბევრი წვალების მერე ისევ მივუბრუნდი. ძალიან შრომატევიადია. ჩათვალეთ, რომ თითოეული ფოტო თავიდან იხატება. საშუალო სირთულის ფოტოს, რომელზეც ერთი ადამიანია გამოსახული, შეიძლება 3-4 საათიც დასჭირდეს.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

- ანუ დღეს იურისტობის გარდა მეორე პროფესიაც გაქვთ რეზერვში...

- კიდევ სხვა ბევრი მაქვს. ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ვცდილობ ბევრი რამ ავითვისო. ზოგი გამომდის, ზოგი არა.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

- საკუთარი ბებია-ბაბუის ფოტო თუ გაქვთ გაფერადებული?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ბაბუას ფოტო ძალიან გვიან გავაკეთე. იმიტომ რომ როცა თავიდან დავიწყე ეს საქმე, საკმარისად კარგად არ ვიცოდი. თუმცა ხალხს მაშინაც მოსწონდა, რადგან ახალი ხილი იყო და, როგორც ირკვევა, ქართულ რეალობაში არ არის ისეთი გრაფიკოსი-დიზაინერი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, თან ამ საქმეს კარგად და ხარისხიანად აკეთებს.

© photo: courtesy of Colorized Historyავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო
იურისტი, გრაფიკოს-დიზაინერი და ბლოგერი, ანუ უბრალოდ გრაფი სენ ჟერმენი - Sputnik საქართველო
ავთო ვაშაძის გაფერადებული ფოტო

- ახლანდელი „დავირუსებული აწმყოს“ ფონზე, მგონი, ახლანდელ დროსაც სჭირდება ერთგვარი გაფერადება...

- ცხოვრების გაფერადება შესაძლებელია კი არა, აუცილებელიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელ გარემოში საკმაოდ ბევრი ხელოვნური ფერია, ყველაფერს მაინც გასდევს შავ-თეთრი ფონი. ამიტომ საჭიროა, რომ ერთმანეთს არ გავუხეთქოთ გული ცუდი ამბებით. ის ფაქტი, რომ თქვენც ჩემი სახალისო ტექსტის გამო დამიკავშირდით, იმის მაუწყებელია, რომ მე მკითხველს არ ვაშინებ და არ ვამძიმებ.

ჩვენი საუბარი ნოდარ დუმბაძით დავიწყეთ და მისით დავამთავრებ: ადამიანებმა არ უნდა დავივიწყოთ მის მიერ აღმოჩენილი მარადისობის კანონი და ერთმანეთს ცხოვრება გავუადვილოთ, რადგან „ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე მისი სხეული და ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია“...

 

ყველა ახალი ამბავი
0