„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე გამარჯვების კვარცხლბეკზე
დავით შუბითიძე გამარჯვების კვარცხლბეკზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს გაგაცნობთ თინეიჯერ ქართველ მოკრივეს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

დავით შუბითიძე 2020 წელს, ესპანურ კლუბებს შორის კრივში ჩატარებული ჩემპიონატის (campeonato de España Clubes -2020) გამარჯვებული გახდა. ანდალუსიის ჩემპიონატზე შარშან მეორე ადგილი დაიკავა. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ესპანეთის რეგიონალურ ჩემპიონატზე კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.  

დავითი 11 წელია, რაც ესპანეთში, სევილიაში ცხოვრობს. ადგილობრივ სკოლაში სწავლობს. ის ფაქტი, რომ ქართული არ დაავიწყდა და საქართველოს ასე უყვარს, პირველ რიგში, მისი დედის, ვერონიკა გოგიჩაიშვილის დამსახურებაა. თანაც, ესპანეთის ამ კუთხეში არც ქართული სკოლაა და არც ქართული ეკლესია.

ესპანეთის ჩემპიონი იმაზე ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში ჩამოვა და ცხოვრებას აქ გააგრძელებს...

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე
„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი - Sputnik საქართველო
დავით შუბითიძე

- დავით, რა იყო შენთვის ეს გამარჯვება და საერთოდ, კრივში როდიდან დაიწყე ვარჯიში?

- ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება და ახდენილი ოცნება იყო. ადრე სპორტის ბევრ სახეობაზე დავდიოდი, ეს იყო:  ფეხბურთი, მოი-ტაი (MOI TAI), რაგბი, მაგრამ არცერთმა დამაკმაყოფილა. კრივით მესამე წელია რაც დავინტერესდი. სერიოზული ვარჯიში კი ერთი წელი დავიწყე. ახლა ყოველ დღე ვვარჯიშობ, მინიმუმ ორ-ორი საათი.

- სევილიაში სად სწავლობ?

-  მე ვსწავლობ „IES Bellavista“- ში. ეს სკოლა ძალიან მომწონს. საგნებიდან მიყვარს: ინგლისური, ტექნოლოგია და ფიზკულტურა. თავიდანვე ვუთხარი ყველას, რომ ქართველი ვარ. ესპანელები კარგი მეგობრები არიან, მაგრამ ახლო მეგობარი ცოტა მყავს. მათი ის მომწონს, რომ თუ დაგჭირდა დახმარებაზე უარს არასოდეს გეუბნებიან.

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე მწვრთნელთან და თანაგუნდელთან ერთად
„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი - Sputnik საქართველო
დავით შუბითიძე მწვრთნელთან და თანაგუნდელთან ერთად

- ესპანურად კარგად საუბრობ, მაგრამ საბედნიეროდ, ქართულიც არ დაგვიწყებია, ვისი დამსახურებაა ეს?

- ქართული რომ არ დამავიწყდა ეს დედის და ოჯახის დამსახურებაა. ამისთვის მათი მადლობელი ვარ. ქართული წერა-კითხვა დედამ მასწავლა. „დედაენა“ მქონდა და მის მიხედვით ვისწავლე. ქართულში კვირაში რამდენიმე დღე ვმეცადინეობდი. ჩემთვის ეს არ იყო ძნელი, პირიქით სახალისო იყო. თავიდან ესპანურს ალღო რომ ავუღე, ცოტა მიჭირდა ქართული ლაპარაკი, მაგრამ სახლში უფლება არ მქონდა ესპანურად მელაპარაკა. ახლაც ასეა: ოჯახში სულ ქართულად  ვლაპარაკობთ. როცა ადრე სწავლას მოვუკელი მშობლებმა იმით დამსაჯეს, რომ საქართველოში არ გამიშვეს. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელი...

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე ჩემპიონატზე
„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი - Sputnik საქართველო
დავით შუბითიძე ჩემპიონატზე

- როგორ ფიქრობ, რომელი ქართული თვისება გაქვს?

- მე მგონი, ქართველებისგან გადმომეცა კარგი მანერები და ვაჟკაცობა.

- ესპანეთის ჩემპიონი ხარ და ამ ქვეყანას ალბათ სამშობლოდ თვლი...

- არა, ესპანეთს ჩემ სამშობლოდ არ ვთვლი. მართალია, რომ აქ ვცხოვრობ, მაგრამ გულში ყოველთვის ქართველი ვიქნები. სულ ვამბობ და ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა...

- საქართველოში როდის იყავი ბოლოს?

- იქ ზედიზედ ექვსი წელი არ ვყოფილვარ. როცა ამის მერე პირველად ჩავედი ძალიან მომეწონა და მიხაროდა, რომ ოცნება ამისრულდა. ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ჩიტი თავის ბუდეში... ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი და ზაფხულშიც მივდივარ. ისე კარგად ვიყავი უკან წამოსვლა აღარ მინდოდა.

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე
„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი - Sputnik საქართველო
დავით შუბითიძე

- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?

- როცა სოფელ არბოში ვიყავი, ბაბუს საფლავის ნახვა განვიცადე, იქ რომ მივედი სანთლები დავანთე. კიდევ ჩემზე იმოქმედა ძველი სახლის და  ეკლესიის ნახვამ. იმ სოფელში ძალიან თბილი ხალხია, ყველა გვეპატიჟებოდა და გვიმასპინძლდებოდა. კიდევ დამამახსოვრდა მამის სოფელ ჭალოვანში ბებია-ბაბუასთან და ბიძაშვილებთან გატარებული დრო. იმ სოფელში ლამაზი ბუნებაა, მდინარეა, სადაც ბავშვები ვბანაობდით და ვთევზაობდით... სოფელში მეტი თავისუფლება მქონდა და იქ რაღაცნაირად ლაღად ვგრძნობდი თავს.

- როდესაც გამარჯვების კვარცხლბეკზე დგახარ და ესპანეთის ჰიმნს ისმენ, არასოდეს გიფიქრია, რომ შეიძლებოდა ქართული ჰიმნიც გაეშვათ შენი გამარჯვების ნიშნად?

- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა ამ დროს ქართული ჰიმნი გაეშვათ, მაგრამ ესპანეთის ოფიციალურ ჩემპიონატზე ამის უფლება არ მაქვს. თუ რომელიმე სხვა შეჯიბრზე გავიმარჯვებ ძალიან გამიხარდება ქართულ დროშას თუ ავწევ.

© photo: courtesy of Vera Gogichaishviliდავით შუბითიძე გუნდის წევრებთან ერთად
„ყველას ვეუბნები, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა“ - ესპანეთის 15 წლის ქართველი ჩემპიონი - Sputnik საქართველო
დავით შუბითიძე გუნდის წევრებთან ერთად

- რაზე ოცნებობს სევილიელი ქართველი?

-  ვოცნებობ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, კრივში მსოფლიო ჩემპიონი  საქართველოს სახელით გავხდე. კიდევ იმაზე ვოცნებობ, დიდი რომ გავიზრდები ოჯახი საქართველოში შევქმნა და შვილებიც აქ გავზარდო...

 

ყველა ახალი ამბავი
0