სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე

© photo: courtesy of Nati Gigineishviliნათია გიგინეიშვილი
ნათია გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიფიქრიათ ყველაზე მეტად როდის ხვდებით სინამდვილეში ვინ ხართ და ქვეყანა, სადაც დაიბადეთ მარტო რეგისტრაციის ადგილი რომ არ არის?!..

ნათია გიგინეიშვილმა ეს ზუსტად იცის... ხუთი წელია, რაც თავის ოთხ მეგობართან ერთად საქართველოს ისეთ ადგილებში მოგზაურობს, სადაც სხვები იშვიათად ჩადიან. თუმცა მისი ინტერესი ტურისტული ცნობისმოყვარეობა არ არის, ის ნანახს საინტერესო ფოტო-ამბებად კინძავს. მისი წყალობით, სოციალურ ქსელებში ბევრმა მათთვის მანამდე უცნობი ქართული ისტორიების შესახებ შეიტყო და ბევრი საინტერესო ადამიანიც გაიცნო. რაც მთავარია, ამ ამბების დახმარებით ნათია ყველას ახსენებს იმ დიდ სიყვარულზე, რომელსაც დაფარვა და გაფრთხილება სჭირდება...

© photo: Nati Gigineishvili / FBშატილში
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
შატილში

- ნათია, თავიდან ყველაფერი მოგზაურობის სიყვარულით დაიწყეთ, შემდეგ თქვენი ამბები საჯარო გახდა და დღეს თქვენს მორიგ მონათხრობს და ფოტოებს ბევრი სიამოვნებით ელოდება...

-  სამოგზაუროდ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ. ერთ მათგანს მანქანა ჰყავს, სადაც ოთხი-ხუთი კაცი ვეტევით. ბენზინის ფულს ვინაწილებთ და თან მიგვაქვს საგზალი. იცით, როგორ ადგილებში დავდივართ? სადაც იშვიათად თუ ვინმე დადის და სადაც თავად არასოდეს ვყოფილვართ. ერთი და იგივე ადგილას არასოდეს მივდივართ. ხუთი წელია, რაც საქართველოს ყველა მხარეში ვმოგზაურობთ და ვერაფრით ამოვწურეთ. კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სანახავი. თავიდან ამ მოგზაურობის ფოტოებს და ისტორიას მარტო ჩემთვის ვაგროვებდი. მერე მივხვდი, რომ ეს საერთო საქმეა და ამით შეიძლება პოპულარიზაციაც გაუწიო შენივე ისტორიას და კულტურას. როცა ფეისბუკზე ვდებ ფოტოებს და ვახსენებ იმ ადგილის სახელებს, სადაც დავდივართ, ვრწმუნდები, თურმე რამდენი რამ არ გვცოდნია საკუთარი ქვეყანის შესახებ... მოგზაურობამდე ინტერნეტში ვეძებ ან წიგნებში ვეცნობი ადგილებს, რაც სანახავია, რასაც უნდა მიქციო ყურადღება, ამიტომ წინასწარ უკვე დეტალურად ვიცით, რისთვის და სად მივდივართ.

© photo: Nati Gigineishvili / FBგერგერტზე
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
გერგერტზე

- თქვენთვის ყველაზე საინტერესო „აღმოჩენა“ რომელი იყო?

- ყველას ჰგონია, რომ გარეჯი მხოლოდ ლავრა და ორი-სამი ლოკაციაა. არადა, აქ ძალიან დიდი ტერიტორიაა: ბევრი ტაძარი და კელია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წამებული ხარიტონის ქვაბის ხილვამ, მის შესახებ ბევრმა არ იცის. აქ ადრე ბერები ცხოვრობდნენ. ბერი ხარიტონის იმდროინდელი ნაკაწრი წარწერები კედლებზე დღემდეა შემორჩენილი. ეს კლდეში ნაშენი მღვიმე ისეთი ძნელად მისადგომია, რომ იქ მხოლოდ თოკებით თუ ახვალ. გამოქვაბულები იარუსებადაა, ანუ პირველი იარუსი, მეორე, მესამე... მესამე იარუსზე ბიჭებმა თოკით ამაფრინეს.

© photo: Nati Gigineishvili / FBნათია გიგინეიშვილი
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
ნათია გიგინეიშვილი

- ამ მოგზაურობების დროს ალბათ ყველაზე დაუვიწყარი ადგილობრივი ხალხის გაცნობაა. საქართველოში სამწუხაროდ ბევრი ერთსულიანი სოფელია...

- თრუსოს ხეობაში ბევრი სასაზღვრო სოფელია. იქ რომ გადახვიდე ამისთვის აუცილებელია გქონდეს სპეციალური საშვი, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში გავაკეთეთ. თრუსოს ხეობის ერთ სოფელში ერთადერთ მაცხოვრებელს, რუსლან გუჯარაიძეს შევხვდით. გარშემო სულ მიტოვებული სოფლებია, სადაც ძველი ნაშენი კოშკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. როგორც მესაზღვრეები იცავენ იქაურობას ისევე იცავს ეს კაციც, სამსახურეობრივად არ ევალება, უბრალოდ თავად თვლის თავს ვალდებულად... ბატონი რუსლან უკვე ასაკშია, მაგრამ კარგ ფორმაშია, ხეობას არასოდეს ტოვებს, ზამთარ-ზაფხულ იქ ცხოვრობს. საუბარში ჩანს, რომ ყველა კოშკი და ნანგრევი ტკივა... ოჯახი თბილისში ჰყავს, მეუღლე მასთან მხოლოდ ზაფხულობით ჩადის. ამ კაცმა დაგვპატიჟა ისე, რომ არც სახელი გვკითხა, არც გვარი, გვაჭამა, გვასვა და ყველაფერი დაგვათვალიერებინა. წამოსვლისას გვითხრა: ზემოთ კიდევ არის ორი სოფელი, იქამდეც აიღეთ საშვი და უნიკალურ ძეგლს გაჩვენებთო! წელს ვაპირებთ იქ წასვლას, მთავარია, მდინარე არ იყოს ადიდებული, რადგან მასზე გადასვლა მოგვიწევს.

© photo: Nati Gigineishvili / FBაბუდელაურის ტბაზე
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
აბუდელაურის ტბაზე

- დარწმუნებული ვარ, ძნელად მისადგომ ქართულ სოფლებში ბევრი საინტერესო შეხვედრის მოწმე გახდებოდით...

- ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, გავიხსენებ ერთს, რომელიც ზემო აჭარაში შედგა. კინტრიშის ხეობა უკვე დაცული ტერიტორიაა და იქიდან ხალხი გამოყვანილია. იქ მხოლოდ ერთადერთი ოჯახია დარჩენილი, ასაკოვანი ცოლ-ქმარი, არჩილ და ლიზა ათაბაგები, ძალიან მაგარი ხალხი. როცა სოფელ ხინოწმინდაში ავდიოდით მათ ხელი დაგვიქნიეს. უკანა გზაზე რომ ჩამოვედით ვესტუმრეთ და ტკბილეული შევუტანეთ. მათ დაგვპატიჟეს, გამოგვიტანეს ფელამუში, ქადები, ყავაც კი მოგვიდუღეს, მოკლედ ძალიან თბილად გაგვიმასპინძლდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთაში ძალიან სუფთა და კეთილშობილი ხალხია. ამის შემდეგ იქ აღარ ვყოფილვართ, თუმცა მომავალში ვაპირებთ, რომ ისევ ვესტუმროთ. თითქმის ყველგან, სადაც ჩავდივართ, დროს არ ვკარგავთ, რადგან ადგილობრივები ხშირად გვიწევენ მეგზურობას, თანაც, უსასყიდლოდ...

© photo: Nati Gigineishvili / FBთრუსოს ხეობაში
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
თრუსოს ხეობაში

- იმ ბებოზეც მოგვიყევით რა, ხალიჩით ხელში რომ დგას და იღიმება...

- ეს ხადას ხეობაში, ბოლო სოფელში მცხოვრები ანიკა ბებოა, რომელიც გუდამაყრიდან წკერეში ოთხი ჩემოდანი მზითვით გათხოვდა. თან თავის მოქსოვილი ხალიჩაც წაუღია. „ხოდა, წამოვიღე მზითვები და ჩემი მაიმუნი თავიო“ -ასე გვითხრა. ახალგაზრდობიდან ქსოვს. ხალიჩას ვერ მოგყიდით, მაგრამ წინდებს სიამოვნებითო. როგორც გავიგეთ თავის ხუთ ობოლ შვილიშვილს ფულს უგროვებს. ასე რომ, თუ მოხვდებით ხადაში, აუცილებლად შეუარეთ, გაუხარდება. მისამართსაც გეტყვით: დუშეთი, ხადა, სოფელი წკერე. იმ სოფელში მის გარდა კიდევ სამი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს.

© photo: Nati Gigineishvili / FBდუშეთის რაიონი, ხადას ხეობა, სოფელი წკერე, ადგილობრივ ანიკო ბექაურთან ერთად
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
დუშეთის რაიონი, ხადას ხეობა, სოფელი წკერე, ადგილობრივ ანიკო ბექაურთან ერთად

-თქვენ ყველა ფოტო-ამბავს ამთავრებთ ხოლმე სიტყვებით: „ეს საქართველოა“, ჰოდა, რა არის თქვენთვის საქართველო, შეგიძლიათ მომიყვეთ?

- ჩემთვის რა არის საქართველო? ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ეს 4000 წლიან (ან უფრო დიდ) დროში მოგზაურობაა... უფრო ვრცლად კი... აიკიდებ ზურგჩანთას და მიდიხარ, ხშირად მიუვალ ადგილებში. იქ, სადღაც, მაღალ მთის წვერზე ციხე-სიმაგრე გეგულება ან უძველესი, თითქოს ყველასგან მივიწყებული ეკლესია. მიდიხარ-მიდიხარ და არ მთავრდება აღმართი, მერე კლდეზე მიფოფხავ, მერე მიწა გეშლება ფეხქვეშ, მერე წვიმა მოგისწრებს და გაიფიქრებ: ფუჰ, შენი! რა მინდოდა, აქ რომ მოვდიოდი?! მერე, ისევ მორჩილად აგრძელებ გზას. ფიქრობ: ცოტაც და გამოჩნდება, თავს იმშვიდებ, არ გინდა დანებდე... ხან ეჭვი გეპარება, იქნებ, გზა აგერია?- მორჩა, დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია და ზუსტად მაშინ, მეტი რომ აღარ შეგიძლია ხან სიცხისგან გათანგულს, ხან ტალახში ამოგანგლულს, ხანაც წვიმისგან ბოლომდე დასველებულს, მაშინ გამოჩნდება ხოლმე ცად აზიდული, მარტოსული... უყურებ დაღლილი თვალებით, გესმის შენივე გულის ბაგა-ბუგი და იცი, რაზე ფიქრობ? აქ როგორ ააგეს? როგორ ამოიტანეს ამდენი და ამხელა ქვები? სწრაფი ნაბიჯით სიარულს იწყებ და თან თვალს ვერ აშორებ, გავიწყდება დაღლილობა და უკვე ინტერესი ფარავს ყველაფერს. რაც უფრო უახლოვდები სევდა გემატება. ეს წარსული დიდების სევდაა... ხვდები, რომ მას შველა სჭირდება, ჩამოენგრა ფერდები, ჩამოერეცხა ფრესკები, მაგრამ მაინც დგას! ესაა საქართველო... კიდევ, რომელიღაც სოფლის  მტვრიან გზაზე რომ გადაეყრები, ასე 14-15 წლის, სიფრიფანა გოგოს, ლამაზი, ქართული ნაკვთებით, ესაა საქართველო... კიდევ, სოფელ-სოფელ ხეტიალში, კითხვა -კითხვით ადგილების ძებნისას, უცნობი მოხუცი დაკოჟრილი ხელებით რომ გამოგიტანს ვაშლს, ყურძენს ან თავის დაწურულ ღვინოს... მერე შემობრუნებულს, დაგაწევს: თუ დაგიღამდათ, ჩემთან გაგათევინებთო... აი, ის მოხუცია საქართველო...

© photo: courtesy of Nati Gigineishviliმოგზაურობებს შორის
სამშობლოს ძიებაში ანუ მანძილი საქართველოდან საქართველომდე - Sputnik საქართველო
მოგზაურობებს შორის

- გამოდის, რომ ყველგან სამშობლოს ძიებაში ხართ... ისე, რა მანძილია საქართველოდან საქართველომდე?

- კი, სამშობლოს ყველგან ვეძებთ და ამ ძიებაში გამოდის, რომ საკუთარ თავს ვპოულობთ... რაც შეეხება იმას, თუ რა მანძილია საქართველოდან საქართველომდე?- არ ვიცი რამდენია, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს მანძილი სიყვარულით იზომება...

ყველა ახალი ამბავი
0