ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძე თავის ნამუშევრებთან
თეონა ზაქარიაძე თავის ნამუშევრებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ საინტერესოა, როგორ გამოიყურება ამა თუ იმ ცნობილი ნახატის დაქარგული ვარიანტი? ქუთაისელმა ეკონომისტმა თეონა ზაქარიაძემ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ამ ინტერესის და საერთოდ ხელოვნების სიყვარულის გამო დაიწყო ქარგვა, ანუ, როგორც თავად ეძახის, კანვა.

საამისოდ ძირითადად ძველ ნახატებს არჩევს, ცდილობს ისინი განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინოს და მიზანსაც აღწევს. ამის დასტურია ის გამოხმაურება, რაც მის გამოფენებს მოჰყვა.

ცნობისათვის: კანვა გახამებული მეჩხერი ბადისებრი სპეციალური ქსოვილია, რომელზეც ჯვარედინად ნემსის ამოგებით ქარგავენ. ასეთი ნამუშევრის შესაქმნელად ზოგჯერ თვეებია საჭირო...

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძე თავის ნამუშევრებთან
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძე თავის ნამუშევრებთან

- ქალბატონო თეონა, პროფესიით ეკონომისტი ძაფებით ხატვის ხელოვნებით პირველად როდის დაინტერესდით?

- დიახ, პროფესიით ეკონომისტი ვარ. ძაფებით ქარგვას დაახლოებით ოცი წლის წინ დავეუფლე. უფრო ადრე ქსოვა მიზიდავდა. როცა ჩემი მეგობრის ნაქარგი ვნახე, ისე მომეწონა, რომ დავინტერესდი მეც შევძლებდი თუ არა ასე ქარგვას. ჩემი პირველი ნაქარგი ისეთი რთული სქემის არ იყო. როცა მეგობრებს ვაჩვენე, მომიწონეს და ამან სითამამე შემმატა. მას შემდეგ სულ ვქარგავ.

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძის ნამუშევრები
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძის ნამუშევრები

- რამდენად შრომატევადია ეს საქმე?

- ქარგვა ხატვისგან განსხვავებით ბევრად შრომატევადია. საშუალო ზომისა და სირთულის ნაქარგის დასრულებას 3-4 თვე სჭირდება. მაქვს ნაქარგები, რომელთა დასრულებას თითქმის ყოველდღიური ქარგვის მიუხედავად 8-9 თვე მოვანდომე. 

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძის შემოქმედება
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძის შემოქმედება

- ნაქარგის შექმნა რომელიმე ნახატის საფუძველზე ხდება?

- დიახ, და ამიტომ თემატიკის განსაზღვრა და არჩევა ქარგვაში ცოტა ძნელია. რაიმე მიმართულება რომ აირჩიო, შესაბამისი ნაქარგის შესაქმნელად სქემა გჭირდება და თუ იმ სურათის სქემა არ გექნება, ვერც მოქარგავ. ამიტომ ვარჩევ ხოლმე რაიმე სურათს, რომელიც მომეწონება და მის ქარგვას ვიწყებ. ძირითადად უფრო ძველი ნახატების, ასე ვთქვათ, სხვა რაკურსით წარმოჩენას ვცდილობ. თუ ნახატი ბევრ ადამიანს მოსწონს, მინდა, რომ მათ ეს სურათი მოვუქარგო. ეს ძალიან საინტერესო პროცესია...

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძე
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძე

- ამასობაში ხატვის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ?

- ქარგვით ისე ვარ გატაცებული, რომ ხატვა არ მიცდია, თუმცა, ჩემი აზრით, გამომივა. მომავალში არ ვიცი რა იქნება...

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძის შემოქმედება
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძის შემოქმედება

- ქარგვისთვის ძირითადად წინა საუკუნეების თემატიკას ირჩევთ და იმ დროში ცხოვრებას თუ ისურვებდით?

- ძველ თემატიკას იმიტომ ვარჩევ, რომ ისინი ერთგვარ ხიბლს აძლევს ნაქარგს და უფრო მიმზიდველს ხდის. მაშინდელი ქალბატონების ჩაცმულობა და ზოგადი სტილი ნაქარგზე უფრო ლამაზად მოჩანს. ძველ დროში ცხოვრებას ალბათ არ ვისურვებდი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები ჩემი საქმის უკეთ გასაკეთებლად უფრო ბევრ შესაძლებლობას მაძლევს.

- დარწმუნებული ვარ, დარბაზში გამოფენილი დაქარგული ნახატები ბევრად ლამაზი სანახავია, სად გქონდათ გამოფენები?

- პირველი ჯგუფური გამოფენა 2015 წელს იყო. მაშინ შევიკრიბეთ ქარგვის მოყვარულები და ჩვენი ნამუშევრები საპატრიარქოს თანადგომით სამების ტაძრის საგამოფენო დარბაზში წარვადგინეთ. მორიგი გამოფენა 2019 წელს ელენე ახვლედიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. მესამე კი იმავე წლის 2 მაისს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიწვევით ქუთაისში გვირილობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მიხარია, რომ იმ გამოფენაზე ჩემმა ნაქარგებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 

© photo: courtesy of Teona Zakariadzeთეონა ზაქარიაძის შემოქმედება
ცნობილი ნახატების დაქარგული ვერსიები – ქუთაისელი ეკონომისტის გატაცება - Sputnik საქართველო
თეონა ზაქარიაძის შემოქმედება

- ქუთაისი ახსენეთ და თუ გაქვთ ძველი ქუთაისის ნოსტალგია?

- რა თქმა უნდა... მე ქუთაისში მწვანეყვავილას უბანში ვცხოვრობდი. ამ ადგილს ჩემ ბავშვობაში ებრაელების უბანს ეძახდნენ. აქ მდებარეობდა მაშინდელი შაუმიანის ქუჩა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ. დღემდე მახსოვს ისინი თავიანთი ყოფნით ამ უბანს და საერთოდ ქუთაისს როგორ ძალიან ალამაზებდნენ, ჩვენ ქალაქს სხვა დატვირთვას და შინაარსს აძლევდნენ. ბევრი მათგანი ქალაქის კოლორიტად იყო მიჩნეული, მათი სიტყვა-პასუხი, გამორჩეული ქცევა და კულტურა იმდროინდელ ქუთაისს განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა. იმ დროს და ადამიანებს ჩვენი თაობის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ მას მონატრებითა და სიყვარულით ვიხსენებთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0