„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“- ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
თორნიკე ნოზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოგიდგენთ 22 წლის ნიჭიერ პოეტს, თორნიკე ნოზაძეს, რომლისთვისაც ეს ერთგვარი დებიუტია. ძალიან გვინდა, რომ ის წარმატებული იყოს, რადგან თორნიკე ამას აშკარად იმსახურებს..

ისეთ ლამაზ ადგილას დაიბადა და გაიზარდა, რომ ვფიქრობთ, ცხოვრებამ სხვა შანსი „არც დაუტოვა“ და ერთ მშვენიერ დღეს, ლექსების წერა აუცილებლად უნდა დაეწყო. მომავალში რას გადაწყვეტს ან რა პროფესიას აირჩევს, არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვართ, პოეზიის ადგილი მის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება...

ინტერვიუმდე, ასე ვთქვათ, „სადეგუსტაციოდ“, მის ერთ ლექსს გაგაცნობთ.

ბასრი ზვირთებისგან ითქორები,

ვიღაც შეგადარებს პლაგიატორს,

მაგრამ ამოტვიფრულ სტრიქონებით

გავხარ პოეზიის გლადიატორს;

      იწვი კოსმიური ფრაგმენტებით

      და ქმნი მიუწვდომელ ნარატივებს,

      სულსაც ჯვარზე აცვამ გამეტებით,

       სისხლი საიდუმლოს ამარტივებს...

მკერდით ასკდებოდი მეტეორიტს,

სხვას კი სიტყვა-სიტყვით უტაცია,

ამსხვრევ მარადიულ სტერეოტიპს

-ძერწავ ეპოქების მუტაციას...

        წრფელი გრძნობებისგან დაშრეტილი,

        შენთან სამყაროა უძლურივით,

  სულის გარეკანი, დაფლეთილი,

  მოჩანს უკაცრიელ კუნძულივით.

ბასრი ზვირთებისგან ითქორები,

 ვიღაც შეგადარებს პლაგიატორს,

  მაგრამ ამოტვიფრულ სტრიქონებით

  გავხარ მეამბოხე გლადიატორს...

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
თორნიკე ნოზაძე

- თორნიკე, როცა შენს ლექსებს გადავხედე, ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ 22 წლის ასაკთან შედარებით ისინი უფრო, ასე ვთქვათ,  „ასაკოვანია“...

- განსაკუთრებული ბიოგრაფია არ მაქვს. არც ის მგონია, რომ ვინმესთვის საინტერესო ვიქნები. თუმცა ვთვლი, რომ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად საინტერესოა. სკოლა აგარაში დავამთავრე, უმაღლესში არ ჩამიბარებია და არც სახელმწიფი სამსახურში მიმუშავია. ჩემი ლექსების სადმე მიტანა არც მიცდია. საერთოდ ლექსებს არაფრის გამო ვწერ, უბრალოდ მეწერება და ვწერ. თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩემი ლექსები ასაკთან შედარებით უფრო დიდს „ეკუთვნის“, ალბათ ეს ფაქტი ზოგადად ცხოვრებისგან არის განპირობებული. დღესდღეობით ისეთი რეალობაა, რომ ადამიანს მიმავალ გზაზე ბევრი სიძნელე ხვდება. გამონაკლისი არც მე ვარ, ვფიქრობ, სწორედ ასეთმა გზამ განაპირობა პოეზიაში ჩემი ასაკის „მომატება“.

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
თორნიკე ნოზაძე

- მრავალშვილიან ოჯახში დაიბადე, სადაც თითქმის ყველა ხელოვნების მოყვარული და მიმდევარია...

- ზუსტად არ ვიცი, ეს რამ განაპირობა. ძალიან კარგი მშობლები მყავს და ძალიან ვაფასებ მათ. ზოგადად არ ვფიქრობ, რომ მარტო აღზრდის მეშვეობით შეიძლება, რომ ადამიანს რაიმე, თუნდაც ხელოვნება შეაყვარო... ალბათ ასე უნდა მომხდარიყო და ყველას ხელოვნების სიყვარული უნდა დაგვყოლოდა. თორემ აკაკის არ იყოს: "მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს თუ ბუნებამც არ უშველა". ასეცაა-ვერანაირი აღზრდა ვერ შეცვლის ადამიანს თუ ბუნებით არაა ის, რაც არის.

© photo: courtesy of Tornike Nozadzeმეგობარ გოგონასთან ერთად
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
მეგობარ გოგონასთან ერთად

- „სივრცე სამყაროთა სკლეროზია, დრო კი რეალობის აღზევება“- თავად როგორ ახსნი ამ სიტყვებს?

- რატომღაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე სამყაროს უსასრულო და ამოუცნობ ფენომენზე. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ამას ლექსებში სულ ვახსენებ. შეიძლება წარმოიდგინო, რომ სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა და ქაოსურად მოიცვა დრო და სივრცე. ყოველთვის ზღაპრული და ამოუცნობი თემები მიზიდავს. რაც შეეხება დროს, რომელიც რეალობის აღზევებაა, ის ყოველთვის ამსხვრევს ნებისმიერ ნიღაბს და ყველა ადამიანს ზამთრის გაშიშვლებული ხეებივით გვიჩვენებს...

© photo: courtesy of Tornike Nozadzeმეგობრებთან ერთად
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

-  როგორი ადამიანები მოგწონს და შენ რას ელოდები სამყაროსგან?

- სათნო და თავმდაბალი ადამიანები მომწონს- ყოველგვარი ნიღბის გარეშე რომ ცხოვრობენ, დღეს ძნელია ასეთები ნახო. ვისურვებდი, რომ ყველა პიროვნებას ეცხოვროს ამ ნაცნობი პრინციპით: „არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რასაც არ ისურვებდი, რომ შენთვის გაეკეთებინათ“. ადამიანებისა და სამყაროსგანაც სწორედ ეს მინდა- ჰქონდეთ სიყვარულის შეგრძნება, იცოდნენ გრძნობების ფასი და ადამიანობა, რაც ყველაფრის საწყისი და სასრულია.

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
თორნიკე ნოზაძე

- მარტო ერთი სტროფით რომ გთხოვონ საკუთარი თავის, როგორც პოეტის წარდგენა, რომელს შეარჩევდი?

- ალბათ ამას შევარჩევდი:

 ზეციდან მოგტაცეს მტრედები,

ჰაერში ტრიალებს სიმლაშე.

უდაბნოს ფიქრებად მტვერდები

ადამის მოდგმათა წინაშე.

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
თორნიკე ნოზაძე

-ლექსში რომ ახსენებ: „წყვდიადის რაინდთან“ შერკინებას, ეს ყველა პოეტის ხვედრია თუ?

-წყვდიადის რაინდთან შებმა მხოლოდ ისეთი პოეტების ხვედრია, ვისაც კალამს ხელში მხოლოდ ნამდვილი გრძნობები და განცდები აღებინებს. თუ ადამიანი არაა ღირსეული სულის მატარებელია, არათუ წყვდიადის რაინდს, საკუთარ თავსაც ვერ  შეერკინება...

© photo: courtesy of Tornike Nozadzeთორნიკე ნოზაძე
„სამყაროს უბრალოდ დაავიწყდა კონკრეტულ საზღვრებში ჩატევა“-  ძამას ხეობაში გაჩენილი პოეტი   - Sputnik საქართველო
თორნიკე ნოზაძე

- ისეთ ლამაზ ადგილას გაატარე ბავშვობა, რომ ალბათ ადრე თუ გვიან ლექსებს მაინც დაწერდი...

- ცხრა წლიდან დღემდე აგარაში ვცხოვრობ, მაგრამ ძამას ხეობაში, სოფელ სუქანაანთუბანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. როცა მინდა ხოლმე, რომ ლამაზი დღეები გავიხსენო, სწორედ ეს ადგილი და მასთან დაკავშირებული ამბები მახსენდება. აქ გატარებული ყველა დღე თავისებურად ლამაზი და ჯადოსნური იყო. წარმოიდგინეთ, ულამაზესი ტყე, მინდვრები, მდინარე, ჩიტების ჭიკჭიკი. ამ ყველაფერმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ქვეცნობიერში. ეს ცხრა წელი ერთი ლამაზი დღესავით იყო, რომელსაც სულში თავისი ხელშეუხებელი ადგილი ყოველთვის ექნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0