ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ" ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის

© photo: courtesy of Maia Janashia Smithპრეზენტაციის დროს
პრეზენტაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაიცნობთ მაია ჯანაშია-სმიტს, რომელმაც ამერიკაში ბედნიერებისა და წარმატების მაძიებელი ქალბატონებისთვის წიგნი გამოსცა...

მან გაიარა გზა, რომელსაც თითქმის ყველა ქართველი ემიგრანტი გადის უცხოეთში, მაგრამ მიზნამდე გააზრებული ნაბიჯებით მივიდა. ამბობენ, ბედნიერება დირექტივებს არ ემორჩილებაო, მაგრამ ფაქტია, რომ მისი წიგნი გარკვეულწილად ქალების იღბლიანი ცხოვრების სახელმძღვანელოდ იქცა. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელმა ქალებმა მისი ირწმუნეს და ავტორისეულ ინსტრუქციებსაც მიჰყვნენ – გამომდინარე იქიდან, რომ წიგნმა გამოსვლისთანავე გაყიდვის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა. ვინ იცის, იქნებ მისი რჩევები ქართველებსაც გამოადგეთ... წიგნის სახელწოდება კი საკმაოდ აქტუალური და დამაინტრიგებელია: „ინტერნეტ-პატარძლიდან ბიზნეს-ლედიმდე“.

მაია ჯანაშია-სმიტს ამერიკაში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი

- ქალბატონო მაია, სანამ ბიზნეს-ლედი გახდებოდით, რა იყო თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე დაიწყებოდა თქვენეული ამბავი „ერთხელ ამერიკაში“?

- ზუსტად 16 წლის წინ სასწაული მოხდა და, უფლის მადლით, ამერიკაში ჩამოვედი. ამ ამბავს სასწაულად იმიტომ მივიჩნევ, რომ მე ჩემი გეგმები მქონდა – გათხოვება მინდოდა. იმ დროს 32 წლის ვიყავი, უკვე განათხოვარი და ქართული სტანდარტებით ჩემი შანსები ძალიან დაბალი იყო. ჰოდა, ვევედრებოდი უფალს, გზა გამომიჩინე, მშვიდი და ბედნიერი ოჯახი რომ შევქმნა–მეთქი. ერთ დღეს, დიდი დიღმის ეკლესიაში როცა ვლოცულობდი, მაცხოვრის ხატის წინ სანთელი დავანთე. ღმერთს შევევედრე – როგორც ჩემი სულისა და ხორცისთვისაა საჭირო, ისე შემეშველე ამერიკაში გამგზავრების საქმეში–მეთქი. როცა ჩემს მოძღვარს კურთხევა ვთხოვე, მან იმ ხატზე მიმითითა, რომლის წინაშეც ვლოცულობდი და მითხრა, ამ ხატის წაბრძანებაა საჭირო ნიუ-იორკში და კურთხევას გაძლევ რომ წააბრძანოო. ასე ჩამიყვანა მაცხოვრის ნებამ და მამა დავითის ლოცვა-კურთხევამ ამერიკაში.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithდედასთან, ცისანა ჯანაშიასთან ერთად
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
დედასთან, ცისანა ჯანაშიასთან ერთად

- და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, როდესაც ამერიკაში ჩახვედით?

- ამერიკაში ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საინტერესოა, აქ ძალიან სწრაფი ტემპია მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქში ვცხოვრობ და არა ნიუ-ორკში. აქ ცხოვრებას ყველა საკუთარი გრაფიკითა და გეგმით მიჰყვება. თავიდან ძალიან დავიბენი – არა მეგობარი, არა ნაცნობი და ნათესავი... ვიფიქრე, ქრისტიანი ქალის პრიორიტეტი ოჯახი, სიყვარული და სიმშვიდეა და “ისიც“ თავისით მოვა და გამოჩნდება–მეთქი. ჰოდა, გამოჩნდა... როდესაც ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, პირველი ეს ვკითხე – თუ დაქორწინებას გადავწყვეტთ, ახლავე უნდა ვიცოდე, მოინათლები თუ არა–მეთქი. ესეც უფლის ნებით მოხდა. მეუღლე მოინათლა და მისი ორი შვილიშვილიც მოვნათლე. ჩვენ კი ჯვარიც დავიწერეთ. მას შემდეგ 16 წელი გავიდა და, მადლობა უფალს, რომ ბედნიერი, მშვიდი და მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს. უფალმა ინება, რომ ჩემი ქალური მოვალეობის შესრულება საზღვარგარეთ მომიხდა.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი ქორწილის დღეს
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი ქორწილის დღეს

- ანუ თქვენი გეგმისა თუ ოცნების ერთი პუნქტი წარმატებით შეასრულეთ, რაც შეეხება მეორეს, ანუ საქმიანობას, ამერიკელი ქალების ჩაცმაზე დაიწყეთ ზრუნვა...

- დიახ, ამერიკაში ჩამოსვლის ერთი წლის შემდეგ, როცა საბუთები მივიღე, ქალის ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი. დიზაინისა და კერვის ნიჭი ბებიებისა და დედისგან გამომყვა. ვიფიქრე, ნიჭი თუ გაქვს და შრომა თუ არ გეზარება, ღმერთი ხელს აუცილებლად მოგიმართავს–მეთქი. ჰოდა 13 წელი ვიშრომე და კარგი გამოცდილებაც შევიძინე. მთელი ქალაქი მიცნობდა. ჩემი ქართული აქცენტისა და ექსტრავაგანტული სამოსის გამო უცნობი ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და მესალმებოდა. მერე შევნიშნე – როდესაც ქალებს ლამაზად ვაცმევდი და ვეხმარებოდი, ეს მაინც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მათთვის ბედნიერება და სიხარული მომეტანა. დავფიქრდი: იქნებ, რაღაც უფრო მეტი შემეძლო მათთვის შემეთავაზებინა. ამერიკაში 14 წლიდან დეპრესია აქვთ იმის გამო, რომ ჭარბი წონა და სხვა სამედიცინო პრობლემები აწუხებთ. მხოლოდ ქალებს კი არა, ბავშვებს და მოზარდებსაც კი ნერვული დაავადებები და დეპრესიები აქვთ.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმეგობრებთან ერთად
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- და რა გზით გადაწყვიტეთ მათთვის დახმარების აღმოჩენა?

- ამერიკაში ინსტიტუტი დავამთავრე და ჯანმრთელობისა და წარმატებული ცხოვრების კონსულტანტის სერტიფიკატი ავიღე. მერე იოგამ გამიტაცა. რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მის შესწავლას სიფრთხილით შევუდექი. სერტიფიკატი ავიღე და ახლა იოგას თავად ვასწავლი სხვებს. ეს ერთ-ერთი გზა და საშუალებაა, რომ ამ გადარეული ტემპისა და უცნაური სტანდარტების ქვეყანაში ხალხს სულიერებაზე ელაპარაკო. დავიწყე ქალებთან მუშაობა. ჩემთან ბევრი ქალბატონი წონაში დასაკლებად მოდის, მაგრამ მათ ამის გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ...

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი

- „ამერიკული დეპრესიის“ გამომწვევ მიზეზებსაც მიაგენით?

- ამის მიზეზი ბევრია: არასწორი კვება, ადრიანი 14 წლის ასაკიდან მიღებული ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივები, რომელიც სინთეტიკურ ჰორმონებს შეიცავს, რაც ორგანიზმს და მის ქიმიურ ბალანსს არღვევს. ამერიკელები ძალიან ბევრს მუშაობენ და ძირითადად ინდივიდუალური ცხოვრების სტილით ცხოვრობენ. ისინი არ იკრიბებიან ისე, როგორც ქართველებმა ვიცით და არ უზიარებენ ერთმანეთს ჭირსა თუ ლხინს. მეზობელმა ხელი თუ დაგიქნია მანქანიდან – დიდი მიღწევაა. სტუმრად მისვლა-მოსვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჰოდა, ისინი სულიერ დაკმაყოფილებას მატერიალურში ეძებენ, რაც, კარგად ვიცით, რომ ბედნიერების მომტანი არ არის. ამიტომ ბედნიერებას ზოგჯერ კვებაში ხედავენ, რასაც ჭარბი წონა მოსდევს.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი

- რადგან დეპრესიის მიზეზებზე საუბრობთ, ისიც მოგვიყევით, როგორ უგვარებთ მათ ამ პრობლემას?

- როდესაც ჩემთან კლიენტი მოდის, მას ექვსთვიან პროგრამას ვთავაზობ. პირველი სამი თვე ძირითადად საკვებსა და სასმელს ეხება. ამერიკელები ძალიან ბევრს მოიხმარენ „კოკა-კოლას“, „პეპსის“ და სხვა მსგავს სასმელებს, რომელიც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ისინი აგრეთვე იკვებებიან ე.წ. „ფასტ-ფუდით" და ხანდახან შვილებისა და მეუღლის გამოსაკვებად „მაკდონალდსში“ მხოლოდ ჰამბურგერებს ყიდულობენ. ერთხელ წარმოშობით ეგვიპტელ ჩემ ნაცნობ მზარეულ ქალბატონს მოველაპარაკე და წამოვიწყეთ ბიზნესი, რომლის ფარგლებშიც კლიენეტებს დამზადებულ სადილს ვთავაზობთ. როდესაც ქალები საკვების საკითხს მოიწესრიგებენ, მაშინვე წონაში კლებას იწყებენ. ამის მერე კი ემოციურ და ცხოვრებისეულ საკითხებზე გადავდივართ. როდესაც ბალანსი დარღვეულია ადამიანის სულიერ და ემოციურ ცხოვრებაში, ის აუცილებლად თავს იჩენს რაიმე დამოკიდებულების ან დაავადების სახით. ეს არის დამოკიდებულება საკვებზე, ალკოჰოლზე, ნივთების შეძენაზე. ყველაფერი კი ჯამში იწვევს დეპრესიას, ჩიყვის ფუნქციის დარღვევას, დიაბეტსა და მკერდის კიბოს, რაც ადგილობრივ ქალებს შორის ყველაზე გავრცელებულია. დაბინძურებული საკვები, ჰორმონალური პრეპარატები, ემოციური ვაკუუმი და მხოლოდ მატერიალური ფასეულობების გამოდევნება ხორციელ და სულიერ უძლურებას იწვევს. ჰოდა, მეც ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ, რომ ყოველივე ეს მოვუწესრიგო მათ და ქალებს საჭირო ცოდნა მივაწოდო.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი ამერიკელ მეგობრებთან ერთად
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი ამერიკელ მეგობრებთან ერთად

- გამოდის, რომ თქვენ სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერად ცხოვრებას ასწავლით და საამისოდ ქართულ სამზარეულოსაც კი იყენებთ...

- მოკლედ, ერთ დღესაც ამერიკელი დიასახლისები შემოვიკრიბე და მათ კომბოსტოს მწნილის დამზადება ვასწავლე. ძალიან მოეწონათ. სადილს ყოველდღე ვამზადებ, ჩემს მეუღლეს ხაჭაპური ძალიან უყვარს, მაგრამ მხოლოდ მაშინ აგემოვნებს, როცა სიდედრი ჩამოსდის სტუმრად. ის ჯანსაღი კვების მიმდევარი ადამიანია და ხაჭაპურს კი არა, პურსაც არ მიირთმევს. სხვათა შორის, თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვი, რომ ქართული ხალხური (გლეხური) სამზარეულო საოცრად სასარგებლოა: ფხალეული, ლობიო, ნიგვზის საკმაზები – ყველაფერი ეს აქ სუპერ-დიეტად ითვლება. ქართული ტრადიციები სტუმართმოყვარეობასა და ერთმანეთის თანადგომაში გამოიხატება და ეს უკვე აქაურებსაც ვასწავლე – ხშირად დავდივართ ერთმანეთთან სტუმრად და დღესასწაულებსაც ერთად აღვნიშნავთ.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტის წიგნი "ინტერნეტ პატარძლიდან ბიზნეს ლედიმდე"
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტის წიგნი "ინტერნეტ პატარძლიდან ბიზნეს ლედიმდე"

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ამერიკაში გამოეცით წიგნი, რომელიც მალე გახდა პოპულარული...

- დიახ, ეს წიგნი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და თან დიდი მოტივაციის გამომწვევი. მას ჩემ ქალაქში მთელი თვის მანძილზე მეორე ადგილი ეკავა გაყიდვების მიხედვით. ბევრჯერ მომისმენია საქართველოსა თუ ამერიკაში, როგორ წუწუნებენ ქალები, რომ უნდათ კარგი ბედი, უკეთესი სამუშაო ან უკეთესი გარეგნობა. მართლა მჯერა, თუ ნამდვილად გულით სურთ რაიმე, ყველაფერი გამოუვათ. მე ტანად პატარა გოგო ვიყავი და ბედნიერების მოსაპოვებლად რისკი გავწიე – ოკეანე გადავლახე და ვცადე ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა – შემექმნა ოჯახი. დღეს, უფლის წყალობით, პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ვარ და ბიზნესშიც წარმატებული. ქართველი ქალების უმრავლესობას ჰგონია, რადგან ამერიკელს გაყვები, ყველაფერი ქმარმა უნდა მოგართვას და თან შენ გართობასა და ემოციურ წონასწორობაზეც უნდა იზრუნოს. მე კი მიმაჩნია, რომ პარტნიორებს ერთმანეთისთვის თანაბრად ევალებათ ასეთი პირობების შექმნა.

© photo: courtesy of Maia Janashia Smithმაია ჯანაშია-სმიტი მის საავტორო წიგნებთან
ქართველი ქალი, რომელიც „სასოწარკვეთილ ამერიკელ დიასახლისებს ბედნიერ ცხოვრებას ასწავლის - Sputnik საქართველო
მაია ჯანაშია-სმიტი მის საავტორო წიგნებთან

- თქვენი წყალობით ამერიკელებს სწორი ინფორმაცია აქვთ ჩვენზე, ხშირად უყვებით საქართველოს ამბებს?

- ამერიკელებს ხშირად ვუყვები საბჭოთა კავშირის ამბებს, დღევანდელ ქართულ სინამდვილეზე და სარწმუნოებაზე, რომლის მიმდევარიც ვართ. ჩემი მეუღლე კი ამატებს ხოლმე, რომ როდესაც საქართველოს სტუმრობს, ქართველები ისეთი სიყვარულით ექცევიან, როგორსაც მისი ოჯახიც კი არ ავლენს ხოლმე მის მიმართ. ძალიან მინდა, რომ ჩვენს შტატში უფრო მეტი ქართველი ხელოვანი, ქართული ცეკვის ანსამბლი და მომღერლები ჩამოვიდნენ. ძალიან საჭიროა, რომ ქართულ კულტურას ბევრი ადგილობრივი ეზიაროს. აქედან პოზიტიურ მუხტს ჩემ ოჯახს და მეგობრებს ვუგზავნი ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის მისიაა, რომ სიყვარული გავამრავლოთ, სიყვარული, რომელსაც საზღვრები არ აქვს. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტმა უცხოეთში თავი სრულყოფილ პიროვნებად იგრძნოს. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვეგუები უცხოეთში ცხოვრებას, მადლობა უფალს, რომ ქართველობა და ქრისტიანობა ჩემ „დნმ”-შია და სადაც უნდა ვიყო, ყველგან თან მაქვს. ჩემმა ფესვებმა და სისხლმა ჩამოაყალიბა ის, რასაც დღეს წარმოვადგენ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ…

 

ყველა ახალი ამბავი
0