ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა

გამოწერა
ფროიდის აზრით, „ბედნიერება მხოლოდ ბავშვობის ოცნების ასრულებას მოაქვს“. ადამიანის სული ბავშვობაში იძერწება, ყველაზე დიდ კვალს მასზე იმდროინდელი ამბები ტოვებს.

წიგნისა და ლიტერატურის სიყვარულიც ბავშვობიდან მოსდევს. ახლა ცდილობს, რომ კითხვა პატარებს შეაყვაროს.

ქალთამზე სურმანიძე – პროფესიით ფიზიკოსი, მოწოდებით ლირიკოსია. ბათუმის საერო სკოლა „გორდას“ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მკითხველთა კლუბის დამაარსებელი.

ალბათ მისი საოცარი ოჯახის და წიგნების დამსახურებაა, რომ ჩვენი საუბარი ასეთი გულწრფელი, ღრმა და ემოციური გამოვიდა...

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე

- თავიდან გკითხავთ: ცოტა პრეტენზიული სახელი გაქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად იხდენთ...

- ქალთამზე გახლავართ, ანა ნათლობის სახელია. ვისაც ქალთამზეს წარმოთქმა ეძნელება, ანა დამიძახოს, ორივე ჩემია. ისე, ჩემი ნამდვილი სახელის დარქმევას მცირე ისტორია ახლავს. მამას რატომღაც უნდოდა ჩემთვის ხატია დაერქმია. 80-იანი წლების უკუღმართობის ფონზე სახელი ხატია შესაბამის ორგანოს არ გაუტარებია. მაშინ მამას ფიქრის შემდეგ მოუძებნია ანთროპონიმთა წიგნი, თვალდახუჭულს ალალბედზე გადაუშლია და თითი დაუდია. ასე დამარქვეს სუფთა ქართული სახელი ქალთამზე. სხვათა შორის, მოზარდობის დროს არ მომწონდა ჩემი სახელი და მამას ხშირად ვსაყვედურობდი, რაღა მაინცდამაინც ქალთამზეს დაადე–მეთქი თითი, რა იქნებოდა, რომ მეც სხვებივით ნინო, ეკა, ან თამარი ვყოფილიყავი? ახლა ჩემი სახელი ძალიან მომწონს. ადამიანი თავად ქმნის საკუთარ პერსონას და, შესაბამისად, სახელსაც ან იხდენს, ან ვერა. მე და ჩემი სახელი ერთმანეთს ვუხდებით და მე ვეცდები, რომ ეს ჰარმონია დიდხანს შევინარჩუნო...

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე

- ბავშვობის დროინდელი ამბები გაიხსენეთ, წიგნისადმი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება საიდან მოდის?

- მახსოვს, რომ დედას უამრავი საქმე ჰქონდა, ჩვენი გადამკიდე უასკეცდებოდა შრომა. მამა საღამოობით ბავშვებს ლექციებს გვიტარებდა ზნეობაზე, პატრიოტიზმზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა წიგნთან. ფურცელს არ ჩაგვაკეცინებდა, სანიშნე ჩადეთო; წიგნი სამყაროსავითაა, ყველა, ვინც მის შეცნობას შეეცდება, საკუთარი კვალი დამღასავით არ უნდა დაასვას, მისი გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და მოუაროსო. ჩვენც ასე გავიზარდეთ, ჩემი ოჯახის ნათელი კვალი ისევ მეტყობა. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ სწორედ მათი შვილობა მარგუნა უფალმა. როცა დავაცემინებდით, ასე გვეტყოდა: „სიცოცხლე და სიხარული – საქართველოს სიყვარული“. პატარაობის დროს კარგა ხანი მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მეგონა „მამიკო“ ერქვა და ვიღაცის კითხვაზე, ვისო გოგო ხარო, მამიკო სურმანიძის–მეთქი, ვპასუხობდი. ოჯახში, სადაც მშობელი შვილთან ერთად კითხულობს წიგნს, ეს პრობლემა არ იქნება. გაატარეთ დღეში ერთი საათი მაინც თქვენს შვილებთან ერთად, მათთან ერთად იკითხეთ კარგი წიგნები, ერთმანეთს გაუზიარეთ მიღებული შთაბეჭდილებები და მერწმუნეთ, მეორე დღეს ბავშვი თავად მოგთხოვთ წიგნის კითხვას...

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე მურმან ჯინორიასთან ერთად
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე მურმან ჯინორიასთან ერთად

- იგივე ითქმის პოეზიაზეც... „გამოდი, იმ ერთ გზას აუყევი, აზიდე აღმართზე ტკივილები, საფრენად გაშლილი ხელებიდან მამლების მესამე ყივილამდე იტირე“ – ეს თქვენი ლექსია...

- იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში, სიცივის, სიბნელისა და შიმშილის პერიოდში გავიზარდე. მახსოვს, სანთელიც რომ გამოგველეოდა, ჩვენი დენის წყარო მთვარე იყო. ერთმანეთთან ახლოს დავსხდებოდით და მთვარის შუქზე გვიანობამდე ვკითხულობდით გალაკტიონს... დედა ფილოლოგია და საოცრად ლამაზად კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას. სხვებს რომ არ დაენახა ლექსით გამოწვეული ემოცია, ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს. ჩემი პოეზიისადმი ინტერესიც აქედან და გალაკტიონით იწყება. პოეზიაში ჩემ სტიმულად იქცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული სალონის მაშინდელი ხელმძღვანელი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი ბელა ქებურია. ის იყო ჩემი პირველი მსმენელი და შემფასებელი. მისი დამსახურებითა და ძალისხმევით ვარ დღემდე ამ სივრცეში. ამ ეტაპზე ქართული ენა-ლიტერატურით ვარ დაინტერესებული, მაგრამ ფიზიკისადმი ჩემი ინტერესიც არ განელებულა. მომენატრა ეს მეცნიერება და, ერთხელაც იქნება, მას დავუბრუნდები. ახლა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი. ისე მოხდა, რომ დღეს მე და ფიზიკას დროებით მოგვიწია სსვადასხვა ბაქანზე ყოფნა, ერთხელაც რომელიმე სადგურში ერთმანეთს ისევ შევხვდებით...

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე

- რაზეა თქვენი ლექსები?

- ჩემი ლექსების ორბიტა ადამიანია. ადამიანის არსის კვლევა–შეცნობა და ანალიზი, და ამას საკუთარი თავის გამოცნობით ვიწყებ:

„რა მინდა, რად მოველ, რად ვეკვრი სამყაროს,

რატომ არ მერგება ჩემივე ულუფა,

რად უნდა ამ ზეცას ცრემლებად დამყაროს

მიწა რომ არ მიშრობს, რამ გააზულუქა?

ან, როცა ვიღიმი, ზეცა რად იხსნება,

რად მცვივა სურვილი ფიფქად და წვეთებად,

ბინდის ვარსკვლავები რად იქცნენ მისნებად,

ჩემი და იმის გზა რად არ იკვეთება?“

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე მკითხველთა კლუბში
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე მკითხველთა კლუბში

- თქვენ დააარსეთ მკითხველთა კლუბი „ანარეკლი“, სადაც გურამ დოჩანაშვილის ერთი პერსონაჟის „კარცერ ლუქსის“ იდეას თქვენებურად ახორციელებთ...

- მკითხველთა კლუბი „ანარეკლი“ საერო ელიტურ სკოლა „გორდას“ ეკუთვნის, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც მე გახლავართ. სამწუხაროდ, საქართველომ წიგნიერების დონით ძალიან დაბალი ნიშნული აჩვენა. „ანარეკლის“ შექმნის წინაპირობაც ეს გახდა. კლუბის შექმნის მიზანიც სწორედ წიგნისადმი სიყვარული და წიგნიერების დონის ამაღლებაა. ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა ლიტერატურული გმირების გაცოცხლებაა თამაშით. მოსწავლე ირგებს რომელიმე გმირის როლს, განასახიერებს მას და ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეპიზოდებად ვაცოცხლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ფილმი, ვერც თეატრი, ვერც სხვა ე.წ. ალტერნატიული ვარიაცია ვერ იძლევა იმდენ ემოციას, რასაც წიგნი. წიგნთან დაბრუნების გზა კი ოჯახზე გადის...

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე

- ვიცი, რომ მშობლიური სოფლიდან ბევრი ლამაზი მოგონება მოგყვებათ...

- ულამაზესია ჩემი სოფელი ურეხი. ჩვენს სახლს ირგვლივ მთები აქვს გალავნად, წინა ხედით კი ბათუმს გადაჰყურებს. ოთხი და-ძმა ვართ, საბავშვო ბაღში არ გვივლია. მთელი უბნის ბავშვები ათასი თამაშით ვირთობდით თავს. ხან ნალიაში გვქონდა სახლი, ხან სარდაფში, ხან ლეღვის ხეზე და ხან სად... ქვიშის ტორტებს ვაცხობდით, ბალახების საუზმეს ვაკეთებდით, წყლის ლიმონათს ვსვამდით, თივისგან ლოგინს ვიგებდით და ფოთლების საბანს ვიფარებდით. ეს იყო ჩვენი საგანძური და ამითაც უბედნიერესები ვიყავით…

- ყველაზე დიდ წარმატებად ან გამართლებად რას თვლით?

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატება თუ გამართლება ისაა, რომ საერთოდ გავჩნდი. ამბავი ასეთია: გინეკოლოგიურ პალატაში შესულ ფეხმძიმე დედაჩემს, რომელსაც უნდა მოვეშორებინე ექოსკოპიის შემდეგ არასასურველი პროგნოზის გამო, მამაჩემმა წუთებში მიუსწრო და აბორტი არ გააკეთებინა. ამაზე მამა სულ მეხუმრებოდა, ჩემი გადარჩენილი ხარო.

© photo: courtesy of Khaltamze Surmanidze / FBქალთამზე სურმანიძე
ბამბის ქულასავით ქათქათა ნენე და ბავშვობის ამბები, ანუ სად გადის წიგნთან დაბრუნების გზა - Sputnik საქართველო
ქალთამზე სურმანიძე

- საოცარი ბებია გყოლიათ, მოგვიყევით მასზე, როგორი იყო თქვენი ნენე?..

- დიახ, მამაჩემის დედას ნენეს ვეძახდით, ის მუსლიმი იყო. ბამბის ქულასავით ქათქათა მზექალი მაღლა რომ აიხედავდა, მის თვალებში ზეცა იწურებოდა. მახსოვს, როცა პირველად ვნახე თმას რომ ივარცხნიდა, მაშინ შევადარე მოხუც ქალღმერთს. ლეჩაქის ქვეშ შემალულ მზისუნახავ, უგრძეს თმებს გადმოიფენდა გვერდით და ნელა, სათუთად ივარცხნიდა. მიყვარდა ამ დროს მისი ცქერა, ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი. ამ დავარცხნილ თოვლიან ბილიკს წრიულ რგოლებად დაიხვევდა და ისევ გულმოდგინედ ინახავდა ლეჩაქის ქვეშ. ასე გვეტყოდა ხოლმე – უცხო ყისმმა ჩემი თმა არდა დეინახოს, ნენიო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ბავშვი ვაწიოკებდით გარემოს, არასოდეს მინახავს გაბრაზებული და აგრესიული. სულ ლოცულობდა... ცხვრის ტყავზე მუხლმოყრილი იდგა და დღეში სამჯერ, რამდენჯერაც სუფრა გაიშლებოდა, იმდენჯერ ლოცულობდა. ლოცვას საქართველოს შევედრებით იწყებდა, ოჯახის წევრებით აგრძელებდა და ყველაზე ბოლოს საკუთარ თავს ავედრებდა უფალს. ბავშვებს გვეუბნებოდა – ღმერთი ერთია ნენი, რაფერიც გინდა იყო, უნდა გიყვარდესდა...

 

ყველა ახალი ამბავი
0