ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშია თავის ბაღში
ცისანა ჯანაშია თავის ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გარშემო არიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანები, ვისთვისაც დრო და ასაკი პირობითი ცნებებია, მათთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესო და სასურველია...

ქალბატონი ცისანა ჯანაშია ერთი მათგანია. პროფესიით ფიზიკოსმა მაშინდელ „გეპეიში“ 30 წელი იმუშავა. პარალელურად ირგვლივ მყოფთა გემოვნებიან გარდერობზეც ზრუნავდა და ეს მაშინ, როცა საბჭოურ გარემოში თითქმის ყველა ერთნაირად მოსაწყენად გამოიყურებოდა.

ფერად, ექსკლუზიურ სამოსში გამოწყობილი, მდიდრული გარეგნობის ქალბატონი საერთო ფონზე ჩამონტაჟებული კადრივით ჩანდა. ურთიერთობაც გამორჩეული ახსოვს იმ ადამიანებთან, რომლებიც მაშინდელ ქალაქს ამშვენებდნენ.

მარტო წარსულით არასოდეს უცხოვრია. ბოლო დროს სოფელში დასახლდა, ყვავილების ბაღი საკუთარი ხელი მოაშენა და მასში პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული თუთიყუშები და ფარშევანგები დაასახლა. პერიოდულად კი ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები ამერიკაში თავად ჩააქვს...

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშია
ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშია

- ქალბატონო ცისანა, თუ შეიძლება, აგვიხსენით ამდენი თაობის თბილისელმა, ძველმა ვერელმა ერთ დღეს რატომ გადაწყვიტეთ ყველაფრის მიტოვება და სოფელში გადასახლება?

- რა გითხრათ? აქ ისეთი სილამაზეა, ისეთი სიმშვიდე, ძალიან კარგი სიტუაციაა... მთელი ცხოვრება თბილისში ვცხოვრობდი, ახლა პატარა სახლი შევიძინე არაგვისპირში, დუშეთის გადასახვევთან ახლოს. სახლის წინ მაქვს ლამაზი ეზო, სადაც ყვავილები და ადესა ხარობს, ახლა რთველის დროა და ირგვლივ ისეთი სურნელია... აქ რას ვეძებ? სიმშვიდეს, გულწრფელ ურთიერთობებს. აქაურები ისეთი კარგი, ალალი ხალხია – რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ და აკეთებენ, რაც დღეს იშვიათობაა. დღემდე თბილისელი მეგობრების კარგი წრე მყავს, როცა აქ ამოდიან, ისინიც სულიერად ისვენებენ...

- ძირითადი პროფესიის გარდა სხვა საქმესაც წარმატებით ართმევდით თავს...

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატება შვილებია. საუბედუროდ, ვაჟი 48 წლის ასაკში გარდამეცვალა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა. იმის მერე უფრო შემომიტყუა სოფელმა. პროფესიით ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ხელოვნებისკენ მიდრეკილება სულ მქონდა. ადრე ტანსაცმლის მოდელებს ვქმნიდი და ვკერავდი. ერთხელ, 90-იან წლებში მოსკოვში, რესტორანში ყოფნის დროს შემთხვევით სლავა ზაიცევს შევხვდი. ჩემი ხელით შეკერილი, ტყავით გაწყობილი ბლუზონი მეცვა. მოვიდა და მკითხა, ვისი ნახელავიაო. როცა გაიგო, რომ ჩემი შეკერილი იყო, ძალიან შემაქო და მასთან მუშაობა შემომთავაზა. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფოტო სად მაქვს? ძალიან კარგ ტანისამოსს, მათ შორის საქორწილო კაბებსაც ვკერავდი. როცა ინსტიტუტში ვმუშაობდი, საკუთარი სამკერვალო საამქრო გავხსენი. ეს კი იმ დროს აკრძალული იყო. როცა ვინმე შემხვდებოდა სუფრაზე და ჩემი შეკერილი ეცვა, ძალიან მიხაროდა. სხვათა შორის, ე.წ. „დუტი“ პალტოები თბილისში პირველი მე შემოვიტანე.

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშია
ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშია

- ვიცი, რომ ძველი თაობის ბევრ გამორჩეულ ქართველს იცნობდით...

- მე ძველი თაობის ვერელი ვარ, იმ დროს ქუჩაში გალაქტიონ ტაბიძესა და გურამ რჩეულიშვილს ვხვდებოდით. ახლანდელ ვერის ბაღს მაშინ კიროვის ბაღი ერქვა. ის იყო ჩვენი მაშინდელი „ფეისბუქი“, რადგან საღამოს ყველა აუცილებლად იქ მიდიოდა. კიროვის ბაღში ჩემი მეუღლეც დადიოდა, იქიდან ყველანი პირდაპირ ჩვენთან ამოდიოდნენ. ყაზბეგის ქუჩის N4-ში ვცხოვრობდით. ჩვენთან ლადო გუდიაშვილი დადიოდა სტუმრად, სახლში ბუხარი გვქონდა და მის გარშემო გამორჩეული ხალხი იკრიბებოდა: შოთა ნიშნიანიძე, სპორტსმენი გურამ საღარაძე, გიზო ნიშნიანიძე... ჩემი ქართულის მასწავლებელი სიმონიკა სხირტლაძე იყო, ლექსის წერა მან დამაწყებინა. პირველად მას ვუკითხავდი. ჩვენ სახლში ლიტერატურული საღამოები იმართებოდა, იყო ლექსების კითხვა, ფეხბურთისა და კინოს გარჩევა, მარია კალასს დაბადების დღეებს უხდიდნენ, ლუი არმსტრონგის ჩანაწერებს უსმენდნენ.

- ამბობენ, თბილისში ერთ-ერთი პირველი ჯინსები თქვენს სახლში იკერებოდაო, ასეა?

- ჩემი მეუღლის ბებია ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. თბილისში მაშინ ახალი შემოსული იყო ჯინსები და ამ ქსოვილის ყიდვა ჭირდა. ერთხელ, როცა სადღაც ჯინსის ქსოვილი ვიშოვე, მისგან ჩემს მეუღლეს ბებიამ შეუკერა შარვალი. მერე სხვებმაც მოინდომეს და მთელი უბნის ბიჭები ჩვენთან მოდიოდნენ. ასეთი რამ იშვიათობა იყო. ბევრი რამ მინახავს, ცხოვრებაში არაფერი მაკვირვებს, დღემდე ადამიანური ურთიერთობა მიყვარს და ეს მაცოცხლებს. გული მწყდება, რომ ბევრი რამ იკარგება და უკვალოდ ქრება...

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშიას ნახელავი
ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშიას ნახელავი

- დღეს თქვენი ხელნაკეთი ნივთები ამერიკაში იყიდება...

- ბოლო დროს თექაზე სურათების გაკეთება დავიწყე. ამერიკაში ფიროსმანი მაქვს გაკეთებული, რომელიც თვალით და მეხსიერებით გადავიტანე. ეს ხელსაქმე არსად მისწავლია, თვითნასწავლი რომ ვარ, ორიგინალური ნაკეთობები ალბათ ამიტომ გამომდის. ამერიკაში ჩემი ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. „გრინ-ქარდი“ მაქვს მოგებული და იქ ქალიშვილთან ხშირად დავდივარ, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ. ერთხელ ადვილი ტექნოლოგიით გავაკეთე „წელიწადის ოთხი დრო“. ვიყიდე ჩარჩო და მასზე თექა დავაფინე. მერე ტანსაცმლის არტ-სალონში მივიტანე გასაყიდად. მეორე თუ მესამე დღეს იქიდან მირეკავენ, მობრძანდითო. არტ-სალონში ორი ქალი და მამაკაცი ყიჟინით შემხვდა – თქვენ ხართ ავტორიო? დამიწყეს გამოკითხვა – საიდან ვარ, რას წარმოვადგენ, სადაა ჯორჯია... მერე იყიდეს ჩემი ნამუშევარი და მთხოვეს, ავტოგრაფი დაგვიწერეთო. მოკლედ, ასე უცებ გაკეთებული „წელიწადის ოთხი დრო“ 500 დოლარად გაიყიდა.

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშიას ნახელავი
ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშიას ნახელავი

- ანუ, წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა...

- კი, მართლა ასე იყო. მახსენდება, რომ გახარებული მოვდიოდი და თან ვფიქრობდი – ფიროსმანს და მოდილიანს არ გაუყიდიათ თავისი ნახატი, ეს ჩემი „ჯღანობა“ როგორ იყიდეს–მეთქი. გახარებულმა ეს ამბავი გზაშივე ხუმრობით გავლექსე:

„ავიღე ფერადი მატყლი, მივფინ-მოვფინე მინაზე,

რაღაც სურათი შევქმენი, სულ ყველა მხატვრის ჯინაზე,

მოიწონეს და იყიდეს ფეხთ ვარსკვლავები მეყარა -

მართლაც რომ ამერიკაა საოცრებათა ქვეყანა.

არ ღირსებია ფიროსმანს, არც მოდილიანს ამგვარი,

ქედს ვიხრი მე მათ წინაშე - ყველაფერსა აქვს საზღვარი“.

© photo: courtesy of Tsisana Janashiaცისანა ჯანაშიას ნახელავი
ჯინსები და „ფეისბუქი“ საბჭოთა თბილისში და პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ფრინველები ბაღში - Sputnik საქართველო
ცისანა ჯანაშიას ნახელავი

- ეს ამბავი ალბათ სტიმულივით მიიღეთ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ამბის მერე იმ ამერიკელებმა შემომითვალეს, ახლა თქვენს ნამუშევარს ფლორიდაში წავიღებთ, იქ ასეთი რამ ჯერ არ უნახავთო. მოკლედ, ფრთები შემესხა და მას მერე ასეთი ტექნოლოგიით ვაკეთებდი ყველაფერს – თან ადვილია, თან ლამაზი. კიდევ ჩემი ბაღისთვის პლასტმასის ბოთლებისგან ფრინველებს ვაკეთებ. ძალიან ლამაზი გამოდის, ყველას მოსწონს. სულ ახლახან წეროს შვილიც გავუკეთე. როცა ვთქვი, ჩემმა წერომ შვილი გამოჩეკა–მეთქი, ჩემი მეგობრები, ვითომ ბარტყის სანახავად თბილისიდან სპეციალურად ამოვიდნენ და ეს ამბავი აღვნიშნეთ. ასე ვილამაზებ ცხოვრების დღეებს ჩემი შრომით და მეგობრებთან ერთად ყოფნით...

 

ყველა ახალი ამბავი
0