02:55 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
ახალგაზრდა ფერმერი ლელა ქობალია სოფელი დარჩელიდან

ფერმერი ქალი დარჩელიდან: უცხოეთში წასვლას ჩემს მიწაზე შრომა ვარჩიე

photo: courtesy of Nika Lataria
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
30143220

რუბრიკაში „მე ეს გამომივიდა: წარმატების ისტორია საქართველოში“ სოფელ დარჩელის მკვიდრს, ახალგაზრდა ფერმერს ლელა ქობალიას წარმოგიდგენთ.

სახელი - ლელა ქობალია

ასაკი - 38 წლის

განათლება - ექიმი-ფარმაცევტი

პროფესია - ფერმერი

საცხოვრებელი ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დარჩელი

დასაწყისი: ბავშვობა და ყმაწვილქალობა კორპუსის ბინაში გავატარე. 21 წლის ვიყავი, როცა სოფელ დარჩელში გავთხოვდი და პირველად სწორედ მაშინ მქონდა შეხება მიწასთან და სოფლის მეურნეობასთან. საკმაოდ ცუდი წლები გამოვიარეთ. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობდა და იყო დრო, როცა მეზობლებთან ლიმონს ვკრეფდი და ბაზარში დამქონდა, რომ პატარები გამომეკვება. შრომა არასოდეს მეზარებოდა, მაგრამ ამ გზით რვასულიანი ოჯახის გამოკვება ძალიან რთული იყო. არც იმის ფული გვქონდა, რომ მიწის დასამუშავებლად ტრაქტორისთვის საწვავი გვეყიდა...

პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ხელისუფლებამ სოფლად ხვნა-თესვის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ამან გარკვეული თანხა გამომითავისუფლა იმისათვის, რომ სათესლე მასალა მეყიდა და ჩითილების გამოყვანა დავიწყე.

შემდეგ გავიგე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სოფლად სტარტაპების განხორციელებას აფინანსებდნენ და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა ამ პროგრამაში. ჩემს იდეას ოჯახში თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა მეუღლე მხარში ამომიდგა და ასე გაშენდა პირველი მარწყვის ბაღჩა – წვეთოვანი ირიგაციის გამოყენებით.

ახალგაზრდა ფერმერი ლელა ქობალია სოფელი დარჩელიდან
photo: courtesy of Nika Lataria
ახალგაზრდა ფერმერი ლელა ქობალია სოფელი დარჩელიდან

წარმატების გზა და ფორმულა – შრომის გარეშე არაფერი გამოვა, ნორმალური გარჯა შედეგს ყოველთვის მოიტანს. გამოცდილებამ ცოდნა მომიტანა, თან ბევრს ვკითხულობდი. ფაქტიურად შიშველი ხელებით დავიწყე, ინტერნეტ-სივრცემ ამ სფეროში დიდი განათლება მომცა. თანდათან ყველაფერი ვისწავლე და ეს საქმიანობა ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ ვაქციე. მარწყვს მოჰყვა კიტრი, პომიდორი, კარტოფილი. ამჟამად 8 ჰექტრამდე მიწას ვამუშავებ. ფაქტიურად არც ერთ სეზონზე არ ვაცდენ ნიადაგს - ზამთარში ჭარხალი მომყავს საქონლისთვის და, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტებიც მაქვს.

უკვე ხუთი წელია ამ სფეროში ვარ და ვთვლი, რომ წარმატებასაც მივაღწიე, უღარიბესი ოჯახი ფეხზე დავაყენე ისე, რომ საკუთარ თავს მეურნეობისთვის პატარა სატვირთო მანქანის ყიდვის უფლებაც მივეცით. რთულია სამი შვილის დედისთვის ამხელა მეურნეობის გაძღოლა. ბავშვებისთვის ფაქტიურად დრო არ მრჩებოდა, მაგრამ აქაც ვიპოვე გამოსავალი – ერთგვარად დავძლიე თანამედროვე ბავშვების კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭულობის პრობლემა. დღეს ჩემი შვილები სკოლის შემდეგ ჩემ გვერდით მეურნეობაში შრომობენ და ისევე იღებენ ხელფასს, როგორც სხვა დაქირავებული მუშები. ასე მათ თავისი ჯიბის ფულიც აქვთ და შრომაში დაღვრილი თითოეული წვეთი ოფლის ფასიც იციან...

შედეგი – წელს ჯამში მინიმუმ 20 ტონა კიტრს ველოდები. გარდა კიტრისა, ორ ტონამდე კარტოფილს, 5-დან 8 ტონამდე მარწყვს, ხუთ ტონამდე ვარდისფერ პომიდორს, ასევე 15 ტონამდე საადრეო სიმინდს.

პრობლემები – თავიდანაც იყო ეს პრობლემა და დღესაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ: ტექნიკის, კერძოდ, ტრაქტორისა და კულტივატორის არარსებობა. ჩვენ მას ვქირაობთ კერძო პირისგან. ამხელა სოფელში მხოლოდ ორს აქვს და მასზეც რიგია. არადა, დროზე რომ არ დავამუშაოთ, აგროვადებში ვერ ჩავეტევით.  

© Sputnik / STRINGER
ფერმერი დარჩელიდან, რომელმაც უცხოეთში გაქცევას საკუთარ მიწაზე შრომა არჩია

რჩევა დამწყებთათვის – დაბრკოლებებმა არ უნდა შეგაშინოთ და შრომა არ დაიზაროთ, მაშინ შედეგი ყოველთვის გაამართლებს. არ მჯერა, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანს ქვეყნიდან გაქცევის იქით გზა არ აქვს. თუ შრომა არ გეზარება, ყველაფერი გამოვა, მით უმეტეს, რომ ფერმერთა ხელშეწყობისთვის სახელმწიფოც მუშაობს და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. დასაწყისისთვის თეორიული ცოდნა უნდა აითვისოთ, პრაქტიკულ გამოცდილებას თავისით შეიძენთ. თუ ხარისხიან პროდუქციას შექმნით, მოსავალის რეალიზაციის პრობლემა არ შეგექმნებათ.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები