რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილის ნაქარგები
ნათელა მდივნიშვილის ნაქარგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ მშვენიერ დღეს ქარგვა დაიწყო, თუმცა ხატვა არ იცის და არც სპეციალური განათლება აქვს მიღებული.

გაგაცნობთ პროფესიით ისტორიკოს ნათელა მდივნიშვილს, რომელიც წლების მანძილზე სკოლაში მუშაობდა. დღეს ქარგვითაა გატაცებული და ძირითადად რელიგიური ხასიათის ნამუშევრებს ქმნის. თუმცა ბოლო დროს მის ნაქარგებში სხვა თემებიც გაჩნდა.

ბუნებრივია, მასთან საუბრის დროს ისტორიული ხასიათის კითხვებსაც ვერ ავცდით.

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილი
რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
ნათელა მდივნიშვილი

– ქალბატონო ნათელა, მოდით, საუბარი ზოგადი თემით დავიწყოთ, გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში ომებისა და სხვადასხვა კრიზისების პარალელურად ყოველთვის ვითარდებოდა კულტურა და ხელოვნება…

– დიახ, საქართველოს ისტორია გამუდმებული ბძოლებისა და კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ქართული კულტურა მაინც ვითარდებოდა და ყველა დროში იქმნებოდა ხელოვნების შედევრები. ჩვენში, განსაკუთრებით ასეთ დროს, კულტურულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს ეკლესია-მონასტრები ითავსებდნენ. სწორედ ქრისტიანობამ შემოგვინახა ეროვნული კულტურა, რაც ჩვენი წინაპრების უდიდესი დამსახურებაა. ქართველობა ყოველთვის მასთან ასოცირდებოდა, ქრისტიანობის დათმობა ეროვნული იდენტობის დაკარგვას ნიშნავდა. ის ერები, რომელთაც თავიანთი ისტორიული მისია და პოტენციალი ამოწურეს, ისტორიის ასპარეზზე აღარ არიან, მაგალითად, შუმერები, აქადები, ეგვიპტელები და სხვ. ჩვენ დღეს რთული პერიოდი გვიდგას, ასე მარტივი არ არის ტრანფორმაცია ერთი პოლიტიკური იდეოლოგიიდან მეორეზე. სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ჩვენ ქვეყანას დაღი დაასვა. დემოკრატიის დამკვიდებას დრო და გამოცდილება სჭირდება, მაგრამ ამასაც გადავიტანთ.

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილი ქალიშვილთან, ლალი კაპანაძესთან ერთად
რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
ნათელა მდივნიშვილი ქალიშვილთან, ლალი კაპანაძესთან ერთად

– თქვენ ნამუშევრებზე გადავიდეთ, როდის შექმენით პირველი ნაქარგი?

– ჩემი პირველი ნაქარგი თამარ მეფის ჯვარი იყო, ალბათ იმიტომ, რომ ჩემში ისტორიკოსმა გაიღიძა. შემდეგ იყო გარდამოხსნა, აღდგომა ახლოვდებოდა და ეს ნამუშევარი თემატურად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს მივუძღვენი. ამას მოჰყვა მირქმა, ლაზარეს აღდგინება და სულთმოფენობა. წმინდა გიორგის ხატი ორჯერ მოვქარგე და ჩემ შვილებს ვაჩუქე. ამის მერე ქარგვის გარეშე ვეღარ წარმომედგინა ცხოვრება, ვქარგავდი ყველგან – სამსახურში, სახლში, სტუმრადაც კი. ქარგვის დაწყების ინსპირაცია სტრესი იყო... როცა დედა გარდამეცვალა, მეგონა, რომ მთელ სამყაროში მარტო დავრჩი, მართალია, პატარა არ ვიყავი, მაგრამ დედა ყველა ასაკში გვჭირდება, ამას ასაკი არ აქვს... როცა ხატების ქარგვის სურვილი გამიჩნდა, ვქარგავდი თავაუღებლად და ეს შვებას მანიჭებდა.

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილის ნამუშევრები
რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
ნათელა მდივნიშვილის ნამუშევრები

– დღეს ძირითადად რელიგიურ თემებზე მუშაობთ, რაც გარკვეულ ცოდნასა და განწყობას მოითხოვს...

– მინდა გითხრათ, რომ ხატების ქარგვა მეტად საპასუხიმგებლო პროცესია. ამისთვის შესაბამისი განწყობა, გარემო და პირობებია საჭირო. მე არც ხატვა ვიცი და არ შესაბამისი განათლება მაქვს, ამიტომ დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა იმისთვის, რომ რელიგიურ თემაზე შესრულებული ნაქარგი ორიგინალთან მიახლოებული ყოფილიყო. სულ ახლახან მოვქარგე ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები. ქარგვაც და ქსოვაც ყოველთვის მიტაცებდა, მაგრამ ადრე ამდენი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი და გამუდმებით ვეძებდი შესაფერის ძაფებს და ნახატებს. საბედნიეროდ, დღეს იმხელა არჩევანია, რომ თავისუფლად შემიძლია ჩემი განწყობის შესაბამისი ნაქარგი შევქმნა.

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილის შემოქმედება
რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
ნათელა მდივნიშვილის შემოქმედება

– ვიცი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მიერ შექმნილ წმინდა ნიკოლოზის ხატთან...

– დიახ, წმინდა ნიკოლოზის ხატი განსაკუთრებულად მიყვარს, მასთან ერთი ამბავია დაკავშირებული: როგორც მოგახსენეთ, ამ სფეროში შესაბამისი განათლება არ მაქვს, ამიტომ ძალიან გამიჭირდა თვალების ამოქარგვა. რამდენჯერმე დავშალე, ბოლოს კარგად ვეღარ ვხედავდი და გადავწყვიტე, რომ ექიმთან წავსულიყავი სათვალის გამოსაწერად. მხედველობის დაკარგვის მიზეზი დიაბეტი აღმოჩნდა. ისე გამოვიდა, რომ რომ არა ეს ამბავი, ალბათ ჩემი ავადმყოფობის შესახებ კარგა ხანს ვერ გავიგებდი. ეს ფაქტი ერთგვარ მინიშნებადაც ჩავთვალე. ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის ხატი მაინც დავასრულე. ახლა პეიზაჟებმა გამიტაცა, რაც განსაკუთრეულ გარემოსა და განწყობს არ მოითხოვს. ხელოვნებას დღეს ბევრმა მიმართა, ბევრისთვის გახდა ის თავისებური სულიერი თავშესაფარი...

© photo: courtesy of Natela Mdivnishviliნათელა მდივნიშვილის ნამუშევრები
რატომ სძულთ ქართველებს ყველაფერი მშობლიური?! ისტორიკოსი საშიშ ტენდენციაზე საუბრობს - Sputnik საქართველო
ნათელა მდივნიშვილის ნამუშევრები

– ქალბატონო ნათელა, შეგიძლიათ მოკლე ანალიზი გაუკეთოთ იმ ფაქტს, რატომ გაჩნდა დღეს გარკვეული სკეპტიკური განწყობა ხალხში?

– არ ღირს გატაცება ოიკოფობიით, რაც ყველაფერი მშობლიურის მიმართ ანტიპათიურ განწყობას ნიშნავს. ცუდი და კარგი ყველა ერშია, ამის გამო გამუდმებით წუხილი იმაზე, რომ „ცუდები ვართ“, დაუშვებელია. მე ისტორიკოსი ვარ და კარგად ვიცი საქართველოს ისტორიის ე.წ. შავი ლაქები. სამწუხაროდ, დიდი ხანია მოკლებული ვართ სახელმწიფოებრივ ხედვასა და სახელმწიფოებრივად აზროვნებას. ილიას სიტყვები მინდა გავიმეორო: „ჩვენთან თვითეული ყველასათვის არ ფიქრობს და ყველა თითეულისათვის, აქ „მე” ხშირია და „ჩვენ“ იშვიათი!“ თუ რამდენიმე უღირსი გამოგვერია, ამის გამო მთელ ერს და ისტორიულ წარსულს ნუ დავაკნინებთ. რაც შეეხება ჩვენ ფუნქციას, ნუ ვიქნებით ისეთი ამპარტავნები და ნუ ვიფიქრებთ, რომ სამყარო ჩვენ ირგვლივ ბრუნავს. უბრალოდ, რეალურად შევხედოთ ისტორიულ პროცესებს. სკეპტიკოსებს შევახსენებ, რომ ისტორიულად მსოფლიოს წამყვანი იმპერიებისთვის მუდამ ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით და დღესაც აქტუალური გეოსტრატეგიული  მნიშვნელობა გვაქვს. განა ეს ცოტაა ერთი პატარა, უძველესი სახელმწიფოსთვის?! მთავარია, ეროვნული სული და ეროვნული იდეა არ დავკარგოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0