აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილი
თამი მოსულიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოელმა ხელოვნების მოყვარულებმა მის მიერ შექმნილი ბატიკით ძველი თბილისის უნიკალური ფრაგმენტები იხილეს. რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მცხოვრებ თამი მოსულიშვილს გაგაცნობთ.

ბოლო დროს მისი ნამუშევრები აშშ-ში საქართველოს საელჩოში და ვაშინგტონში მდებარე მსოფლიო ბანკში ქართული კულტურის საღამოს ფარგლებში იყო გამოფენილი. ახლახან მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის საელჩოში გამართულ ფრანკოფონიის ფესტივალში. ბატიკის გარდა მხატვარმა ხელით მოხატული სხვადასხვა დეკორატიული ნივთებიც წარადგინა. სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა. ბატიკას, აბრეშუმზე მოხატვის ტექნოლოგიას აკადემიის დამთავრების შემდეგ დაეუფლა. ბოლო სამი წელია, რაც საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილი
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილი

– თამი, უცხოეთში ჩასული ადამიანი, როგორც წესი, თავიდან იწყებს თავის ისტორიას, როგორია თქვენი ცხოვრების ამერიკული ამბავი?

– შეერთებულ შტატებში სამი წლის წინ ჩამოვედი. ჩემი ახლანდელი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. ფერწერული ტილოებისა და ბატიკის გარდა ვქმნი ხელით მოხატულ სხვადასხვა ნივთებს. ხშირად ვიღებ შეკვეთებს. ახლო მომავალში პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ. გარდა იმისა, რომ აქ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ვასწავლი ხატვას, ასევე მყავს კერძო მოსწავლეებიც. მინდა გავხსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ყველა ჩემი ნამუშევარი ერთად იქნება თავმოყრილი და სადაც საშუალება მექნება, რომ ბავშვებს ბატიკის მასტერ-კლასები ჩავუტარო.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილის შემოქმედება
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილის შემოქმედება

– როგორც ვიცი, უცხოეთში დიდი მოწონება ხვდა წილად ძველი თბილისის ხედებს, რომლებიც ბატიკით წარმოადგინეთ?

– მეუღლის დახმარებით გავიგე, რომ საქართველოს საელჩო და Georgian Center ბოლო რამდენიმე წელი მართავდნენ საღამოს, რომელიც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ჩემი ფერწერული ტილოები და ბატიკა პირველად სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში წარვადგინე. მართალს ბრძანებთ, ყველაზე დიდი ინტერესი და მოწონება როგორც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისგან, ასევე უცხოელებისგანაც აბრეშუმის შარფებმა დაიმსახურა ძველი თბილისის ხედებით. ამის შემდეგ „ქართული ცენტრისა“ და მსოფლიო ბანკისგან მივიღე შემოთავაზება, რომ მონაწილეობა მიმეღო მსოფლიო ბანკში გამართულ „ქართული კულტურის დღეებში“, რომელიც ასევე ქართველი ხელოვანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენას ემსახურება. ერთი თვის წინ საფრანგეთის საელჩოში გაიმართა „ფრანკოფონიის ფესტივალი“, სადაც 30-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და თითოეული მათგანი საკუთარ ხელოვნებას წარადგენდა. მათ შორის იყო საქართველოც და იქ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, რომ ქართული ხელოვნება ჩემ მიერ შექმნილი ბატიკით, ძველი თბილისის ხედებით და ხელით მოხატული სხვადასხვა დეკორატიული ნივთებით წარმედგინა, რასაც დამთვალიერებლის მხრიდან ისევ მოჰყვა დიდი აღფრთოვანება.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილის "ძველი თბილისი"
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილის "ძველი თბილისი"

– საინტერესოა, რა უფრო ადვილია – უცხოელს მოაწონო შენი შექმნილი თუ ქართველს?

– მართალია, საქართველოშიც აქტიურად ვიღებ გამოფენებში მონაწილეობას, მაგრამ ისეთი გამოხმაურება და აღიარება, როგორიც ამერიკაში მაქვს, ნამდვილად არ მქონია. აქ ხალხი უფრო ღიად გამოთქვამს თავის მოსაზრებას და გარდა ამისა გაცილებით მეტად აფასებს ხელით შექმნილ ნივთებს. სავსებით შესაძლებელია, რომ აქ სრულიად უცხო პიროვნებამ ქუჩაში გაგაჩეროს და გითხრას ქათინაური, მაგალითად, შენი ლამაზი ვარცხნილობის ან საერთოდ გარეგნობის გამო. ხოლო როცა საქმე ხელოვნებას ეხება, თავს არ ზოგავენ, რომ ბოლომდე და გულწრფელად გამოხატონ თავისი ემოცია და შთაბეჭდილება გაგიზიარონ.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილის შემოქმედება
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილის შემოქმედება

– ვიცი, რომ ბოლო ოთხი წელი ფერწერაშიც დაიწყეთ მუშაობა…

– ყველაზე ხშირად პეიზაჟებს ვხატავ, რადგან გაოცებული ვარ ბუნებით, რაც ამერიკაშია. განსაკუთრებით ლამაზია აქ გაზაფხული და შემოდგომა თავისი სასწაული ფერადოვნებით. რაც აქ ჩამოვედი, ძირითადად სწორედ ამ ფერებით სავსე პეიზაჟებს და ყვავილებს ვხატავ. თუმცა ამავდროულად ჩემი შემოქმედება ქართულ ხასიათს არ კარგავს. ხშირად ვეხები ჩემთვის უსაყვარლეს თემატიკას – ვხატავ ბროწეულებს და ყურძნებს, რაც სიკეთის, ბედნიერების, ხვავის და გამრავლების სიმბოლოა. ასევე ვხატავ ჩემთვის ასე საყვარელ ძველი თბილისის ხედებს არა მარტო აბრეშუმზე, არამედ ტილოზეც.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილის შემოქმედება
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილის შემოქმედება

– როგორც ჩანს, გარკვეულ სულიერ კავშირს გრძნობთ ძველ თბილისთან…

– ძველი თბილისი ყველა ეროვნების და კატეგორიის მნახველს ხიბლავს. მე რაც შემეხება, ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი, რაც რაღაც დოზით აზიურ კულტურას უკავშირდება. ეს იქნება აღმოსავლური ხალიჩები, არქიტექტურა თუ სხვა რამ. სწორედ ეს ყველაფერია ერთად თავმოყრილი ძველი თბილისის ქუჩებში. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს ხშირად დავდიოდი ქალაქის ძველ უბნებში, ბევრს ვათვალიერებდი და ჩანახატებს ვაკეთებდი. დღესაც კი, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე ვსტუმრობ ხოლმე ძველი თბილისის ქუჩებს, ისევ ვუღებ ფოტოებს ძველ აივნებს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბატიკაზე გადავიტანო. ამით ვცდილობ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ლამაზი და გამორჩეულია, ჩემი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველებს და გავაცნო უცხოელებს.

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამის მოსულიშვილის "ნატვრის ხე"
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამის მოსულიშვილის "ნატვრის ხე"

– რომელიმე გამორჩეულ შეხვედრას ხომ ვერ გაიხსენებთ?

– გამოვარჩევდი ერთ შემთხვევას, როდესაც ამერიკაში პირველად მივიღე მონაწილეობა გამოფენაში. მაშინ ჩემი ერთ-ერთი აბრეშუმის შარფი ამერიკელმა ქალბატონმა შეიძინა. მან მითხრა, რომ ხელოვნების დიდი მოყვარული იყო, ხშირად სტუმრობდა გამოფენებს და უამრავი ბატიკა უნახავს, თუმცა მსგავსი ჯერ არ შემხვედრიაო. როგორც გავიგე, ეს ქალბატონი ერთხელ უკვე ყოფილა საქართველოში და ძველი თბილისით აღფრთოვანებულა. თუმცა ქალაქის ის ადგილი, რაც მე გამოვხატე შარფზე, მას პირველად უნახავს და ისე მოიხიბლა, რომ სურვილი გაუჩნდა უშუალოდ ენახა. ამაზე მეტი სიხარული ხელოვანისთვის არაფერია, როცა საკუთარი ქვეყნის კულტურას ისეთი ფორმით გააცნობ უცხოელს, რომ მას სურვილი გაუჩნდება შენ ქვეყანაზე უფრო მეტი გაიგოს...

© photo: courtesy of Tami Mosulishviliთამი მოსულიშვილი
აბრეშუმზე მოხატული ძველი თბილისი და ქართული ხედებით აღფრთოვანებული უცხოელები - Sputnik საქართველო
თამი მოსულიშვილი

– მალე ქრისტიანული სამყარო აღდგომას აღნიშნავს. საინტერესოა, მხოლოდ ერთი რომელიმე ფრაგმენტით რომ გქონდეთ ქართული სულის გადმოცემის საშუალება, რას დახატავდით?

– აღდგომა, როგორც ყველა მართლმადიდებლისთვის, ჩემთვისაც უდიდესი დღესასწაულია. დღე, რომელიც ახლის საწყისთან, სინათლესთან, სიკეთესთან, იმედსა და მომავლის რწმენასთან ასოცირდება. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ვფიქრობ, რომ ასეთი ნახატი უკვე მაქვს აბრეშუმზე, ეს არის „ნატვრის ხე“. ვფიქრობ, სწორედ ამ ნახატით გამოვხატე ქართული სული. მასზე ასახულია ის იმედი, სიკეთე და რწმენა, რაც ქართველი ერისთვისაა დამახასიათებელი. კიდევ გამოსახულია ზღაპრული სიტყვები: „ალიხე, მალიხე, სალიხე“, რომელიც უნიკალური ქართული კალიგრაფიითაა დაწერილი. ბროწეულები, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო მარცვლები ერთ, უნივერსალურად შეკრულ მორწმუნეებს განასახიერებს. ქრისტიანულ ხელოვნებაში ის აღდგომის, იმედისა და უკვდავების სიმბოლოა. აქვე ასახულია ანგელოზები, გამომხატველი რწმენისა, რომ არც ერთი ნატვრა უფლის ხელშეწყობის გარეშე არ ახდება...

 

ყველა ახალი ამბავი
0