მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავას ნამუშევარი
რუსუდან შანავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან შანავა ხელოვნებათმცოდნეა, რომელმაც საიუველირო საქმე დამოუკიდებლად შეისწავლა. მუშაობს ძვირფას მეტალზე, სამკაულების დამზადება თავიდან სპილენძის დაძველებით დაიწყო.

ხელოვნების სიყვარული და ნიჭი დედისგან გადმოეცა. ქარგვა, ქსოვა და კერვა ბავშვობიდან დაიწყო. მალე მიხვდა, რომ გატაცება შეეძლო ბიზნესად ექცია, საქმიანობა გააფართოვა და პატარა სახელოსნო მოაწყო. მეგობრების დახმარებით მოხვდა ერთ არაჩვეულებრივ იუველირთან, რომლის დახმარებით ეს საქმეც აითვისა. იმ დროისთვის საიუველირო დანადგარებისა და ხელსაწყოების გარკვეული ნაწილი უკვე შეძენილი ჰქონდა. მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ხელსაქმის ყველა სხვა მიმართულება გაეერთიანებინა ერთი მთავარის – საიუველირო საქმის ირგვლივ და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა დაიწყო. მუშაობს ძვირფას მეტალზე, ვერცხლზე, იყენებს ნაქარგს, თექას, ხეს და სხვა მასალებს…

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავა
მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსუდან შანავა

– რუსუდან, სანამ ამ საქმეს შეისწავლიდით, თუ გიყვარდათ სამკაულების ტარება?

– აქსესუარები ყოველთვის მომწონდა და მათ სიამოვნებით ვატარებდი, თანაც მომწონდა, როცა რაიმე განსაკუთრებული, მოსახერხებელი და არა სერიული სამკაული მქონდა. დღემდე ვცდილობ, რომ შევქმნა ისეთი ექსკლუზიური სამკაულები, რომლის ტარებისას ქალბატონები თავს კომფორტულად იგრძნობენ. არ დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ როგორ მიყვარს ჩემი საქმე და როგორი მოთმინება სჭირდება ერთი ნაკეთობის მომზადებას. საიუველირო საქმე ისეთია, რომ მოთმინებას ყოველდღე გაჩვევს და გასწავლის. სახელოსნოში გვაქვს აბრეშუმის ძაფებით დამზადებული მეტალისა და ტყავის სამკაულები. სამომავლოდ სახელოსნო ორი ახალი მიმართულებისთვის ემზადება, ესენია ცხელი ემალი და მოხატული მეტალი. ამ უკანასკნელზე საქართველოში არავინ მუშაობს. ძვირფას მეტალზე მუშაობა რთული და საინტერესო პროცესია და ბევრ გაუთვალისწინებელ მომენტს შეიცავს. ორ სახელოსნოს (გრეხილი და ეკო ხელნაკეთი) საშუალება გვქონდა, რომ გავერთიანებულიყავით და დაგვემზადებინა ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში გავრცელებული არ არის.

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავას ნამუშევარი
მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსუდან შანავას ნამუშევარი

– თქვენი ნამუშევრები ძველი სამკაულების ასოციაციას ბადებს მნახველში, რამდენად გიყვართ სიძველეებთან, ძველ ნივთებთან შეხება?

– ნაკეთობას სპეციალური ტექნიკით ვაძველებ. ვცდილობ, რომ ისინი საუკუნეგამოვლილს დავამსგავსო. ნივთები ადამიანებივითაა, ისინი გარკვეულ ინფორმაციასა და ემოციას ატარებენ. ძველი ნივთიც ასეა, ისტორიას ინახავს. ახალი და პრიალა ნივთები ჩემთვის ცარიელია, ცივი და არაფრისმთქმელი. საერთოდ, მიყვარს ყველანაირი სიძველე. საქართველოში როგორც საიუველირო საქმეს, ასევე თექის დამუშავების ტექნიკას უძველესი დროიდან ფლობენ და ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს. თუ მას ახალ, ჩვენეულ შტრიხს ვერ შევმატებთ, ის მაინც უნდა შევინარჩუნოთ, რაც წინაპრებმა გადმოგვცეს.

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავას ნამუშევარი
მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსუდან შანავას ნამუშევარი

– ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე ისტორია ხომ არ გახსენდებათ?

– ძალიან მიყვარს ძველი, ბებიაჩემის ნაქონი სამკაულების ან ქვების გამოყენება და მისგან გულის ქინძისთავების დამზადება. ერთხელ სოფელში უკვე ასაკში მყოფმა ერთმა ქალმა მისი წინაპრების ნაქონი გაწყვეტილი ქარვის მძივის ქვები მაჩუქა და მითხრა, შენ უკეთ იცი როგორ გამოიყენოო. თითქმის ექვსი თვე ვფიქრობდი როგორ გამომეყენებინა. ბოლოს მეგობრების ბებია მოგვიყვა, თუ როგორ აჩუქა მომავალმა მეუღლემ ქორწილის დღეს ქარვებით მორთული ოქროს გულსაბნევი. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ქვებით გულის ქინძისთავს დავამზადებდი. ასეთი სამკაული სულ რამდენიმე მაქვს. ისინი არ იყიდება და მხოლოდ საკოლექციოა. ამ ეტაპზეც ვმუშაობ ძველ გულსაკიდზე, რომელიც სიცოცხლეს ისე გააგრძელებს, როგორც თმის სარჭი. მუდმივად ვცდილობ, რომ სახელოსნოში რაიმე ახალი მიმართულება შემოვიტანო, გავაკეთო ის, რისი დამზადებაც სიამოვნებას მანიჭებს და ამავე დროს კლიენტების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. 

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავას ნამუშევარი
მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსუდან შანავას ნამუშევარი

– სამკაულების შექმნის დროს თუ იყენებთ ქართულ ორნამენტებს ან სიმბოლიკას?

– რა თქმა უნდა, ვიყენებთ. ქართული ორნამენტები უნიკალურია და მათი გამოყენებით დამზადებული სამკაულები ულამაზესია. მუშაობის დროს როგორც ორნამენტებს, ასევე მზა დეტალებსაც ვიყენებ, ეს ნებისმიერ ნამუშევარს უფრო განუმეორებელს და ღირებულს ხდის. მეტალზე მუშაობა ძალას, დროს და მოთმინებას მოითხოვს.

© photo: courtesy of Ruso Shanavaრუსუდან შანავას ნამუშევარი
მოხატული ვერცხლით შექმნილი რუსუდანის სამკაულები - Sputnik საქართველო
რუსუდან შანავას ნამუშევარი

– მუშაობის პროცესი ალბათ ბევრ გაუთვალისწინებელ მომენტს შეიცავს...

– როცა ხელით მუშაობ, ყოველგვარი ყალიბისა და ჩამოსხმის გარეშე, მუდმივად უნდა იყო მზად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და თუ დაგჭირდება, სწრაფად მოიფიქრო გამოსავალი. მქონია შემთხვევა, როცა „გაფუჭებული“ დეტალი ისე გამომიყენებია, რომ ბევრად დიდი მოწონება დაუმსახურებია, ვიდრე იდეალურად დამზადებულს. სახელოსნოში შემოსულ სტუმრებს ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე, როგორ შეიძლება უფორმო შავი მეტალი ესა თუ ის სამკაული გახდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი შექება, რაც შემდეგი სამკაულის შესაქმნელად სტიმულს მაძლევს. საერთოდ, ყველა საქმე საინტერესოა და შედეგის მომტანი, თუ მას სიყვარულით აკეთებ...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0