ბალანჩინის „ტამარაჩკა": სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა

გამოწერა
ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ჟურნალისტმა ნანა ღონღაძემ მწერალთა სახლში საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი წიგნი და დოკუმენტური ფილმი „ცხოვრება პუანტებზე“, რომელიც მეოცე საუკუნის ქართველ პრიმაბალერინას თამარა თუმანიშვილის საოცარ ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. ამერიკაში უკვე მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელსაც ჯორჯ ბალანჩინის ფონდის ხელმძღვანელი დაესწრო.

ქალბატონი ნანა წლებია ამერიკაში ცხოვრობს. 1994-2008 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიის, მათ შორის, რუსულ-ამერიკულ სატელევიზიო არხის WMNB-ის კორესპოდენტია. იყო თეთრ სახლსა და ამერიკის კონგრესში აკრედიტებული ჟურნალისტი და გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებს აშუქებდა. როგორც დამოუკიდებელმა პროდიუსერმა, 2008 წლიდან დღემდე მან არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მისი ფილმები ძირითადად ეძღვნება უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ და გამოჩენილ ქართველებს, რომელთა შესახებ საქართველოში ბევრი არაფერი იციან. ყოველი ასეთი ფილმის მომზადებას წინ ხანგრძლივი და რთული კვლევა უძღვის.

© photo: courtesy of Nana Gongadzeნანა ღონღაძის წიგნი
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძის წიგნი

საკმაოდ ვრცელი ფილმი „ცხოვრება პუანტებზე“ დრამატურგიით, კომპოზიციითა და ფაქტების სიმრავლით იმდენად საინტერესო და დინამიურ სანახაობას წარმოადგენს, რომ მაყურებელმა ის ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა. ამავე სახელწოდების წიგნს საინტერესო საარქივო დოკუმენტური და ფოტომასალა ახლავს. ჩვენი მკითხველი ადრე უკვე გაეცნო მასალას თამარ თუმანიშვილის საოცარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თუმცა ქალბატონი ნანას მიერ გაწეული შრომა იმ მხრივაა დასაფასებელი, რომ მასში ქართველ პრიმაბალერინაზე ბევრი ახალი ფაქტი შევიდა. იგი ამერიკაში შეხვდა და ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ამ თემასთან.

მწერალთა სახლში ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს ნანა ღონღაძეს გავესაუბრეთ.

© photo: courtesy of Nana Gongadzeნანა ღონღაძე
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
ნანა ღონღაძე

– ქალბატონო ნანა, პირველად როდის გაგიჩნდათ თამარ თუმანიშვილის მიმართ ინტერესი?

– ამ დიდი ხელოვანისადმი ინტერესი 1995 წლის შემოდგომაზე გამიჩნდა, როდესაც WMNB TV-ს კორესპონდენტი ვიყავი და ნიუ-იორკში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალს ვაშუქებდი. ჟიურის შემადგენლობაში სახელგანთქმული მოცეკვავე, ლონდონის საფესტივალო ბალეტის სოლისტი ოლეგ ბრიანსკი გახლდათ. მას ჩასაწერად ბინაზე ვეწვიე და როდესაც მან ჯორჯ ბალანჩინი ახსენა, საკუთარი არქივიდან თამარის ფოტოებიც გამომიტანა და დასძინა, რომ იგი მისი ყოფილი პარტნიორი იყო. ასევე მითხრა, რომ თამარის დედა, ევგენია წარმოშობით ქართველია. რასაკვირველია, დავინტერესდი, ტელეფონის ნომერი გამოვართვი და თამარს დაუკავშირდი, რომ მისგან თანხმობა ამეღო და ჩამეწერა. მასთან მისულს ზარზე მედდამ მიპასუხა – შეუძლოდ არისო და დასძინა, პრესას აღარ ეკონტაქტებაო. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი? თამარი გაზაფხულზე, მაისში გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავემშვიდობე აზრს, რომ მასზე რაიმე გამეკეთებინა.

© არქივის ფოტოთამარა თუმანიშვილი სცენაზე
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი სცენაზე

– როდის მიუბრუნდით ამ თემას და ფილმის გადაღების დროს ვის შეხვდით?

– როცა 2003 წელს „ამერიკის ხმის“ რუსულ ტელევიზიაში დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა, იქ სხვადასხვა თემებზე დავიწყე პატარა ჩანახატების  მომზადება. ერთ-ერთი თემა იყო მაიაკოვსკის ამერიკელი შვილი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა. როცა მასთან ჩავედი, გადაღების მერე მისი მეგობრის ოლეგ ბრიანსკის მეუღლეს ვთხოვე თამარზე რაიმე მოეყოლა. ჩვენი საუბარი ფირზე აღვბეჭდე და შევინახე. მაიაკოვსკის შვილზე ჩემი ფილმის ჩვენება ლოს-ანჯელესში მოხდა. ჩვენების ორგანიზატორმა მიხეილ ბარსკიმ ჩემთან საუბრისას ახსენა პიანისტი მარგარიტა ჩხეიძე და დასძინა, რომ ის თამარ თუმანოვას ახლო ნათესავია. აი, იმ დროიდან დაიწყო ჩემი ძიება, ზოგი წარმატებული და ზოგი უშედეგო. თამარის ბევრი კოლეგა უკვე გარდაცვლილი იყო ან მეხსიერება დაკარგული ჰქონდა, მაგრამ მე მაინც მოვახერხე ზოგიერთი მათგანის მოძებნა და ფილმისთვის საკმარისი მასალა დამიგროვდა. მომიწია უამრავი ლიტერატურული წყაროს, მისი კოლეგების მემუარების, თავად თამარის ინტერვიუს, სუბტიტრებისა და ძველი საგაზეთო სტატიების მოძიება. ასევე ვესტუმრე ნაციონალურ არქივს ვაშინგტონში და იქაც საინტერესო ფაქტები მოვიპოვე. ფილმზე მუშაობის დროს როდესაც ფაქტებს ვაგროვებდი, ბევრი უზუსტობა აღმოვაჩინე, ამიტომ ყველაფერს საგულდაგულოდ ვამოწმებდი.

© არქივის ფოტოთამარა თუმანიშვილი
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი

– მსოფლიო სცენაზე აღიარებული ბალერინა ცხოვრებაში თუ იყო ბედნიერი ქალი?

– თამარს ამერიკაში არავინ დარჩა, 11-წლიანი ოჯახური ცხოვრების მანძილზე მას ბავშვი არ გაუჩენია. ულამაზეს ქალბატონს კარიერა უფრო ხიბლავდა, ვიდრე ოჯახური ცხოვრება. ნიჭიერ ხელოვანს ხალხი ეთაყვანებოდა. მისი მეუღლე, ჰოლივუდის რეჟისორი კეისი რობინსონი თამარზე 16 წლით უფროსი იყო. როცა მეუღლეს გაშორდა, 35 წლის იყო. უთანხმოების მიზეზი მეუღლის ტანსაცმლის უჯრაში გადამალული შავი წიგნაკი აღმოჩნდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება მის მომვლელს დარჩა. პრიმაბალერინას საცხოვრებელი სახლი კი 1999 წელს მილიონ დოლარად გაიყიდა. სამწუხაროდ, არ მქონდა იმის საშუალება, რომ ავსტრალიაში ან საფრანგეთში მემოგზაურა, სადაც მასზე უფრო მეტი მასალა ინახება. ვფიქრობ, ამ თემას მომავალში კიდევ ბევრი მკვლევარი მიუბრუნდება და უფრო გაამდიდრებს.

© FL/ suehawkinsთამარა თუმანიშვილი გრეგორი პეკთან ერთად — კადრი ფილმიდან
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
თამარა თუმანიშვილი გრეგორი პეკთან ერთად — კადრი ფილმიდან

– ქალბატონო ნანა, თქვენი წიგნი და ფილმი ქართველი ხალხისთვის მართლაც ძვირფასი საჩუქარია...

– დიახ, ასეა. ჩემი ფილმი და წიგნი უკვე გადავეცი საქართველოს ემიგრაციის მუზეუმს, ქალბატონ რუსუდან კობახიძეს, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მომავალში ამ წიგნის ელექტრონული ვერსიაც გამოქვეყნდება. იმასაც გეტყვით, რომ ფილმის ჩვენება საქართველომდე ვაშინგტონში გაიმართა. ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ პრეზენტაციაზე ნიუ-იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდის კვლევების დირექტორი ნენსი რეინოლდსი, რომელიც ჩემი კონსულტანტი იყო, მრჩეველი გახლდათ. მან ფილმს უმაღლესი შეფასება მისცა და სწორედ მაშინ მითხრა, რომ აპრილში საქართველოში ჯორჯ ბალანჩინის ძმის ანდრია ბალანჩივაძის ოჯახში ჩამოსვლას აპირებს.

ნანა ღონღაძის ფილმისა და წიგნის პრეზენტაციას „მწერალთა სახლში“ ბევრი გამორჩეული ქართველი ხელოვანი და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება დაესწრო. მათ შორის იყო ფილმის ერთ-ერთი მონაწილეც, ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც თამარ თუმანიშვილს 1987 წელს ლოს-ანჯელესში გასტროლების დროს შეხვდა.

სანამ ჩვენი მკითხველი ნანა ღონღაძის წიგნს და ფილმს იხილავს, თამარ თუმანიშვილის საოცარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოკლედ შეგახსენებთ.

© photo: courtesy of Nana Gongadzeპრეზენტაციაზე
ბალანჩინის „ტამარაჩკა: სამშობლოსათვის უცნობი ბალერინა, რომელსაც ჰოლივუდი ეთაყვანებოდა - Sputnik საქართველო
პრეზენტაციაზე

„ჩემი ტამარაჩკა“ – ულამაზესი ქართველი ბროდვეიზე და ჰოლივუდში

სილამაზით განთქმულ ქართველ ბალერინას თამარ თუმანიშვილს საბალეტო წრეებში ტამარა ტუმანოვას სახელით იცნობდნენ. მან ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა პარიზის ოპერის სცენაზე დადგმულ ბალეტში L' Evantail de Jeanne, სადაც ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა შეამჩნია. ამ პერიოდიდან ისინი ერთობლივ შემოქმედებით საქმიანობას იწყებენ. მაესტრო ბალერინას სიყვარულით „ჩემ ტამარაჩკას“ ეძახდა. თამარ თუმანიშვილი ცეკვავდა მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე: პარიზის "გრანდ ოპერაში", მილანის "ლა სკალაში", ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ ოპერაში" და ა.შ. თამარ თუმანიშვილმა 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა. მისი პარტნიორები იყვნენ გრეგორი პეკი, ჯინ კელი, პოლ ნიუმენი, ჯული ენდრიუსი. იგი ფილმში ლეგენდარულმა ალფრედ ჰიჩკოკმა გადაიღო. ულამაზესი ქართველი ქალბატონი ცნობილი კომპოზიტორების, მხატვრებისა და პოეტების მუზა იყო. მეგობრობდა ალექსანდრ გლაზუნოვთან, სერგეი პროკოფიევთან, პაბლო პიკასოსთან, მარკ შაგალთან, ჟან კოქტოსა და ხელოვნების სხვა ცნობილ მოღვაწეებთან.

თამარს დედულეთი არასოდეს უნახავს... ჩავთვალოთ, რომ ამ მშვენიერი ფილმითა და წიგნით ასი წლის შემდეგ ქართველი პრიმაბალერინა სიმბოლურად დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მასზე ბევრი არაფერი იცოდნენ, რომ არაფერი ვთქვათ მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებზე, რომლებიც ქართველ მაყურებელს დღემდე არ უნახავს...

 

ყველა ახალი ამბავი
0