პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
გარი საფარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოცრად ნიჭიერი ადამიანი მინდა გაგაცნოთ – გარი საფარიანი. საკუთარი ნიჭისა და მონდომების წყალობით მან შეძლო და ყველა დასახულ მიზანს მიაღწია. ბედმა ამისთვის გამორჩეული ცხოვრებით დააჯილდოვა.

ის გახლავთ საოპერო მომღერალი, რომელიც ფრანგულ პუბლიკას ევროპულთან ერთად ქართულ კლასიკურ მუსიკას აცნობდა. პროფესიონალები წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა სულ სხვა გზით წასულიყო... დღეს არის საფრანგეთის ეროვნული გიდი, ორსეს მუზეუმის მუდმივი თანამრომელი და „შანელის სახლის” ოფიციალური გიდი. უაქცენტოდ მეტყველებს შვიდ ენაზე. მეორე წელია, რაც საფრანგეთის რუსულენოვანი გიდების ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. კონსერვატორი ბუნების ფრანგები სწორედ მას ანდობენ ყველაზე საპატიო სტუმრების მეგზურობას. მათ შორის, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა, ქვეყნის პირველი პირები და ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ.

პარიზში ჩასულ თანამემამულეებს ქალაქის ისტორიასა და კულტურას ქართულ ენაზე აცნობს და ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ექსკლუზიური ნიშა უკავია.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი

– ბატონო გარი, შეიძლება ითქვას, რომ სიმღერა სპონტანურად და უცნაურად დაიწყეთ და ამის შემდეგ საოპერო ხელოვნებით სერიოზულად „მოიწამლეთ“, თანაც ეს იმ ბნელ და ძნელ 90-იან წლებში მოხდა, ასეა?

– ნამდვილად ასე იყო. მეათე კლასს ვასრულებდი, როცა ტელევიზორში შემთხვევით ერთი ოპერიდან არია მოვისმინე. მაშინ ჯერ არც ვიცოდი, რომ ეს ოპერა „დაისიდან“ მაროს არია იყო. გაოცებული ვუსმენდი და როცა დამთავრდა, ეგრევე ამეკვიატა მოსმენილი მელოდია. ასე დავიწყე სიმღერა. მერე ოპერაში სიარული ავიჩემე. 1995 წლიდან 2005 წლამდე გასული არც ერთი საოპერო თუ საბალეტო სპექტაკლი არ გამომიტოვებია. ოპერა ოჯახივითაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. დასის ყველა წევრმა, დირიჟორებისა და ორკესტრის მუსიკოსების ჩათვლით, თბილად მიმიღო. ყველა სპექტაკლს ვისრუტავდი და თავს ჯადოსნურ სამყაროში ვგრძნობდი. ეს მართლაც ის საშინელი პერიოდია, როდესაც საქართველოში სახლებში არც შუქი გვქონდა, არც გათბობა, როცა ნახევრადმშიერი ვიჯექი გაყინულ დარბაზში და მძიმე რეალობა მავიწყდებოდა. სახლში დაბრუნებულს მუსიკა „მახრჩობდა“ და ოპერაში მოსმენილს ვმღეროდი. ერთხელ მეზობელთან მისი ნათესავი, ქუთაისის ოპერის სოლისტი იყო ჩამოსული და დედამ სთხოვა მოვესმინე. პასუხი ცალსახა იყო – უნდა მივსულიყავი პედაგოგთან, თანაც, საუკეთესოთა შორის საუკეთესოსთან.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი

– ვინ გახდა თქვენი პირველი მაესტრო?

– მაშინ ჩემთვის ბევრისთვის საოცნებო სახლის კარი გაიღო და 17 წელი სიმღერის ჯადოქრის, მაესტრო ნოდარ ანდღულაძის კლასში ვეუფლებოდი ვოკალს. ჩემი მაღალი ტესიტურის ხმამ ჯერ მაესტრო, ხოლო შემდეგ თბილისის მთელი მუსიკალური საზოგადოება დააინტერესა. შემდეგ იყო მუსიკალური ათწლედი ხმის დაცვის კლასში და კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელება. ბოლოს – მაგისტრის დიპლომის წარჩინებით აღება. ამავე პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად რომის სანტა ჩეჩილიას აკადემიასთან არსებულ კონსერვატორიაში გავდიოდი სტაჟირებას.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი

– საინტერესოა, ასეთი წარმატების შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, რომ საფრანგეთში საოპერო მომღერლის კარიერა გიდის პროფესიით ჩაგენაცვლებინათ?

– საფრანგეთში ჩამოსვლა მიზნად არც მქონია, გეზი ყოველთვის იტალიისკენ მქონდა აღებული. საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშე იმ დროისთვის მუსიე ლორანი გახლდათ და მან დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის კედლებში სიმებიანი ორკესტრი ჩამოაყალიბა. სოლისტად მე ამირჩიეს და ასე იწყებოდა პირველი ნაბიჯები ბაროკოს მუსიკის სამყაროში. ბატონი ფრანსუა ლორანის წყალობით ჩვენი ანსამბლი პირველი იყო საქართველოში, ვინც ჩვენთან ბაროკოს მუსიკის პროპაგანდას ეწეოდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ტანდემი კლავესინის მაგდა უბილავასთან ერთად, რომელიც შემდგომ საფრანგეთში გაგრძელდა და მეგობრობაში გადაიზარდა. დღეს მაგდა კლავესინის პედაგოგია ლიონის კონსერვატორიაში და სახელმწიფო ოპერაში. გიდობის პროფესიაც ნაწილობრივ მუსიკის წყალობით მოვიდა ჩემამდე. ხელოვნებაში გამიჯნული სფეროები არ არსებობს – მხატვრობა, არქიტექტურა, მუსიკა ხელოვნების განუყრელი კომპონენტებია და, აქედან გამომდინარე, ხელოვნების ისტორიით დავინტერესდი და გამიტაცა. ხშირ შემთხვევში რასაც სპონტანურად ვიწყებ, ის შემდგომში პროფესიად მექცევა ხოლმე. ყოველი ვიზიტი სპექტაკლივითაა, მინი-სპექტაკლივით.

© photo: courtesy of Gari Gariანიტა რაჭველიშვილთან ერთად
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილთან ერთად

– დღეს რამდენად იცნობენ ქართულენოვან გიდს პარიზში?

– ვიწრო პროფესიულ წრეში თითქმის ყველა მიცნობს. ნელ-ნელა ქართველი ტურისტებიც იგებენ ჩემ შესახებ „ფეისბუქის“ და სხვა მრავალი საკომუნიკაციო საშუალებების წყალობით. ძირითადად, რა თქმა უნდა, გადმოცემით, და მე ეს მახარებს, რადგან პარიზში თანამემამულეებს ვმპასპინძლობ და მათ პარიზის ისტორიას და მისი მუზეუმების შედევრებზე ქართულად მოვუთხრობ. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ექსკლუზიური ნიშა მიკავია. ცნობადობა აგრეთვე იმ ფაქტმაც გაზარდა, რომ მეორე წელია, რაც საფრანგეთის რუსულენოვანი გიდების ასოციაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ყოველდღიურად და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. თუმცა, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მსგავსი ტიტული გარკვეულ პოპულარობას მაინც განიჭებს. რასაც ვაკეთებ ძალიან მომწონს და სანამ მსიამოვნებს, მსურს, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი

– საფრანგეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროების აკრედიტაციის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული გიდი გახდით, რას ნიშნავს ეს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ აღიქმები და ამისთვის არაერთი ღამე მითენებია. დღეს რომ მითხრან თავიდან დაიწყეო, ალბათ, ვერ გავბედავდი. მაშინ არც კი მიფიქრია, ეგრევე შევიტანე საბუთები პარიზის ნანტერის მეათე უნივერსიტეტში. ჩემ დროს ოთხი მისაღები და რვა გამოსაშვები გამოცდის საფუძველზე საფრანგეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებმა მანდეს საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის გაზიარების საქმე. განა ამაზე მეტი ნდობა და პატივი არსებობს?! ეს ურთულესი იყო, მაგრამ დავძლიე და წუთითაც არ ვნანობ. დღეს ამ პროფესიაში სრულიად შემდგარი პროფესიონალი ვარ და ყოველდღიურად ვიხვეწები, რათა გავამართლო სახელმწიფოს მიერ ჩემთვის დაკისრებული საპასუხისმგებლო მოვალეობა. მე კულტურის ელჩი ვარ და თანაც საფრანგეთის კულტურის ელჩი. ლიცენზია კი ჩემ პროფესიულ მომზადებას ამტკიცებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გიდის პროფესიაში.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა

– ორსეს მუზეუმში მუდმივი თანამშრომელი ხართ, ამ მუზეუმში როგორ მოხვდით?

– ჩემი აქ მოსვლაც მუსიკამ ისურვა. პარიზის კაპელაში ერთ-ერთი კონცერტის ანტრაქტის დროს კაპელის მომღერალმა მკითხა, ამდენი ენა იცი და სადმე დაბანდება არ გინდაო, ორსეს მუზეუმში, გავიგე, ახალ შტატს ეძებენ, თანაც პოლიგლოტი უნდა იყოსო. ორსეს მუზეუმში მაშინ ჯერ ნამყოფიც არ ვიყავი. ყოველთვის მიყვარდა საკუთარი თავის გამოცდა, ამიტომ მივედი და საკუთარი კანდიდატურა შევთავაზე. სამ დღეში დამირეკეს და მას მერე ათი წელი გავიდა უკვე, რაც ორსეს მუზეუმის მუდმივი თანამრომელი ვარ.

© photo: courtesy of Gari Gariგარი საფარიანი
პოლიგლოტი საოპერო მომღერალი საქართველოდან – საფრანგეთის ქართულენოვანი ეროვნული გიდი - Sputnik საქართველო
გარი საფარიანი

– თქვენი საქმიანობის მანძილზე ალბათ ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიხართ…

– უჩვეულო შეხვედრებიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პერსონალურ გიდობას გამოვარჩევდი. დიდი პატივი მხვდა წილად და მეამაყება, რადგანაც ორსეს მუზეუმში გიდობას ვუწევდი ბატონ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს, ქალბატონ მაკა ჩიჩუას. მთელი დირექცია მილოცავდა და მამხნევებდა. თან მეუბნებოდნენ მუზეუმისთვისაც როგორი საამყოა, რომ ქართველი თანამშრომელი თავისი მშობლიური ქვეყნის პრეზიდენტს უმასპინლებს ქართულადო. სხვა ცნობილი სახეებიდან საფრანგეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიდი გახლდით, აგრეთვე მქონდა ბედნიერება ელჩებთან თანამშრომლობის. მახსენდება ჰოლივუდის და არა მხოლოდ ჰოლივუდის ძალიან ცნობილ კინოვარსკვლავებთან შეხვედრები, ისეთებთან, როგორებიც არიან კევინ კოსტნერი, ჯულიანა მური, პირს ბროსნანი. ჩემ ერთ-ერთ დიდ წარმატებად მივიჩნევ „შანელის სახლში“ ოფიციალურ გიდად მუშაობას.

– თბილისის გიდი რომ ყოფილიყავით, რამდენიმე წინადადებით როგორ გააცნობდით ქალაქს სრულიად უცხო ადამიანს?

– რამდენიმე წინადადებით? – ასე ვიტყოდი: „ეს ჩემი ქალაქია და ტურის დასრულების შემდეგ ის თქვენიც გახდება”. არ დაგიმალავთ და, თბილისი ჩემი მუდმივი ნოსტალგიაა. ფიქრებში ყოველდღე მასთან ვარ და იქ ყოფნისასაც კი, შვებულების დროს, მენატრება. თბილისი უკიდეგანოდ მიყვარს და მან იცის ეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0