06:24 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
ლევან ჩხეიძე

კულინარიული გემო-ვნება, ფინანსისტი შეფ-მზარეული და ქართული სამზარეულო მსოფლიო გამოფენაზე

© photo: courtesy of Chef-Levan Chkheidze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
37920

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გურმანებმა კარგად იციან, რომ ლიონი საფრანგეთის კულინარიის დედაქალაქად მიიჩნევა. ამ ქალაქში 30 წლის წინ ჩასახული ტრადიცია დღემდე გრძელდება.

აქ წელიწადში ორჯერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან კულინარიის ჯადოქრები ჩადიან, რათა იქ თავისი ქვეყნის გემოსა და სურნელის დემონსტრირება მოახდინონ. თებერვლის თვეში საფრანგეთში გამართულ მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე პირველად წარდგა საქართველოც. ეს პატივი ხვდა 11 ქართველ მზარეულს, რომელთა შორის გახლდათ ლევან ჩხეიძე, რომელიც უფრო ახლოს გვსურს გაგაცნოთ.

ქართველი შეფ-მზარეული პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ კულინარიისადმი მისი ინტერესი დიდი ხანია საკუთარი სამზარეულოს ფარგლებს გასცდა. ყველაფერი 22 წლის ასაკში დაიწყო. ამ საქმეში, სადაც 2007 წლიდანაა, უკვე საკმაოდ წარმატებულია. სპეციალური განათლება, საკუთარი ნიჭის წყალობით, სხვადასხვა რესტორნებსა და შეფებთან მუშაობით მიიღო.

ლევან ჩხეიძე
ლევან ჩხეიძე

– ბატონო ლევან, ამბობენ, საუკეთესო კულინარები მამაკაცები არიანო, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ეს ოდნავ სადავო თემაა, რადგან ბევრი წარმატებული ქალი შეფია, რომელთაც არანაკლებად „გემრიელი ხელი“ აქვთ. ამიტომ ასე მარტივად ვერ გამოვყოფ ვერც კერძს და ვერც სქესის მიხედვით ვიმსჯელებ ვინმეს პროფესიონალიზმზე. არ არსებობს კერძი, რომელსაც შეფი ვერ გააკეთებს. 

კერძის დემონსტრირების დროს
კერძის დემონსტრირების დროს

– ქართველი შეფი, ანუ, ამ შემთხვევაში თქვენ როგორ მოხვდით მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე?

– საქართველოს კულინარიის ფედერაციის და გასტრონავტების ორგანიზატორობით საქართველო პირველად წარდგა ლიონში მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე Sirha. ჩვენ ვიყავით 25-ე ქვეყანა, რომელიც მიწვეული იყო ამ გამოფენაზე. ის მიმდინარეობდა ხუთი დღის განმალობაში, სადაც ორგანიზატორების მიერ შერჩეულმა შეფების გუნდმა წარვადგინეთ ქართული სამზარეულო თავისი ავთენტური კერძებით, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება მოიპოვა. ქართულმა კერძებმა და განსხვავებულმა გემომ გამოფენაზე მისული პროფესიონალები და სტუმრები ერთნაირად აღაფრთოვანა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თვალყურს ვადევნებდით მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც გავიცანით საინტერესო შეფები, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდათ მინიჭებული. 

ლევან ჩხეიძე
ლევან ჩხეიძე

– ქართული სამზარეულოდან კერძების სამეულში რომელს შეიყვანდით?

– ოოო, ქართული სამზარეულო იმდენად გემრიელია, რომ მიჭირს სამი კერძის გამოყოფა, მაგრამ შევეცდები. ეს არის: აჭარული ხაჭაპური, რა თქმა უნდა, ხინკალი და ჩაქაფული. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ნაციონალური სამზარეულო სანელებლების გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ერთ-ერთია, რის ხარჯზეც კერძები განსაკუთრებულ გემოს იძენს. სწორედ ეს განასხვავებს ქართულ კულინარიას მსოფლიო კულინარიისგან.

ლევან ჩხეიძე კოლეგებთან ერთად
ლევან ჩხეიძე კოლეგებთან ერთად

– თქვენი ოჯახის სამზარეულოში ვინ არის შეფი?

– ოჯახში სამზარეულოს თავიდან ბოლომდე ვანდობ ჩემს მეუღლეს, რომელსაც უგემრიელესი ხელი აქვს. გემოზე სადავო არასდროს გვაქვს. ძირითადად ქართული სამზარეულოს გარშემო ვტრიალებთ. ის, რაც ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, ხინკალია. 

ლევან ჩხეიძე ოჯახთან ერთად
ლევან ჩხეიძე ოჯახთან ერთად

– მართალია, როცა ამბობენ, ხინკალი დიეტური საკვებია, რადგან მასში მოხარშული ხორცი და ცომიაო, თუ ეს მითი ხინკლის მოყვარულმა ქალბატონებმა შექმნეს?

– რა გითხრათ? ალბათ სასურველი იქნებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ გემრიელი ხინკალი დიეტური ნამდვილად არ არის. ასე რომ, სავარაუდოდ, ქალბატონების მიერ გამოგონილი ეს მითი უნდა დავამსხვრიო.

ლევან ჩხეიძე
ლევან ჩხეიძე

– ისე, რამდენად შესაძლებელია, რომ გემრიელი კერძი სასარგებლოც იყოს და დიეტურიც?

– სწორედ ეს არის დღეს „ტრენდული“, რომ კერძი, პირველ რიგში, სასარგებლო, გემრიელი და ჯანსაღი იყოს. ჩემი ყველა კერძი საკუთარი ფანტაზიის შედეგია. ზუსტად ეს არის შეფებისთვის სახასიათო – რომ შექმნა საკუთარი და, თანაც, საუკეთესო კერძი. 

ლევან ჩხეიძე მეგობრებთან ერთად
ლევან ჩხეიძე მეგობრებთან ერთად

– იმის მიხედვით, ვის როგორი კერძი უყვარს, თუ შეგიძლიათ ადამიანის ხასიათის ამოცნობა?

– ამა თუ იმ ადამიანის საყვარელი კერძის მიხედვით მისი ხასიათის ამოცნობა არ შემიძლია, მაგრამ ამა თუ იმ კერძით ნამდვილად  შესაძლებელია, რომ ვინმეს ხასიათი და კარგი განწყობა შევუქმნათ. 

ლევან ჩხეიძე კოლეგასთან ერთად
ლევან ჩხეიძე კოლეგასთან ერთად

– პროფესიით ფინანსისტს თუ შეგიძლიათ ეკონომიურად შეძენილი პროდუქტებით მაქსიმალურად გემრიელი კერძის მომზადება?

– გემრიელი კერძის მომზადება მინიმალური დანახარჯით? – რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გააჩნია ადამიანის ფანტაზიას.

– რას ურჩევდით ან უსურვებდით გურმანებს?

– მხოლოდ ერთს – Bon appetit!..

 

მთავარი თემები