07:33 22 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ძველი თბილისი

კრიმინალური გარჩევები ქალაქის მერთან და 90-იანი წლების თბილისური შუქჩრდილები

© photo: National Library of Georgia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
32420

ნიკო ლეკიშვილი – ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც ქვეყანაში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელი პოსტები ეკავა.

ყველაზე რთულ პერიოდში თბილისის მერი გახლდათ და მისი წყალობით ქალაქმა თანდათან შეძლო კრიზისიდან გამოსვლა, თუმცა რის ხარჯზე და როგორ, ეს ცალკე თემაა. ფაქტია, რომ საქართველოს მთავარი ქალაქი თავისებურ კრიმინალურ ლაბირინთს ჰგავდა, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე ადვილი იყო. თავად ასე ამბობს: „ცოტა თავზეხელაღებული უნდა ყოფილიყავი, რომ ყველაფერს გამკლავებოდი“. 

ჩვენთან საუბარში იგი ალბათ ბევრისთვის უცნობ იმ ფაქტებს იხსენებს, რომლებიც 90-იანი წლების თბილისში ხდებოდა...

– ბატონო ნიკო, მოდით, პოზიტივით დავიწყოთ – ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაიხსენეთ, რაც თქვენ დროს გაკეთდა.

– საბჭოთა კავშირის დროს ვიყავი ქალაქის ხელმძღვანელი და გარკვეული პერიოდის მერე ქალაქის მერი. სწორედ საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა – მშენებლობები დაიწყო, ქალაქის გამწვანების უამრავი სამუშაო ჩატარდა... იმ დროს აშენდა ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, რუსთაველის თეატრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ლუბლიანას ქუჩა გაკეთდა, ძველი თბილისის უბნები მოეწყო, ყოფილი ლესელიძის ქუჩაც მაშინ გაკეთდა.

ედუარდ შევარდნაძე, ნიკო ლეკიშვილი, ზურაბ ჟვანია შერატონ მეტეხი პალაში ინვალიდთა ასოციაციის მიძღვნილ საღამოზე
ედუარდ შევარდნაძე, ნიკო ლეკიშვილი, ზურაბ ჟვანია შერატონ მეტეხი პალაში ინვალიდთა ასოციაციის მიძღვნილ საღამოზე

– ვიყოთ ობიექტური, თქვენი მერობის პერიოდი რთულ დროს დაემთხვა...

– როცა ქალაქის მერი გავხდი, ელემენტარული რაღაცეები არ იყო და მთელი რუსთაველის გამზირი დანგრეული იყო. არ იყო ელექტროენერგია, თბილისში სხვადასხვა ადგილზე 30 000-ზე მეტი ჯიხური იყო. არ მოძრაობდა ტრანსპორტი, მეტრო გაჩერებული იყო. ნაგვის მანქანები ფაქტობრივად არ გვქონდა. ყველაფერი დატაცებული იყო, სასწრაფო დახმარების არც ერთი მანქანა არ არსებობდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქალაქში პური არ იყო. პურის ქარხნის კარებს ტანკებით ამტვრევდნენ, შედიოდნენ და პურს იტაცებდნენ. აი, ასეთ ვითარებაში მოვედი ქალაქის მმართველად...

მარცხნიდან მესამე - ნიკო ლეკიშვილი, მეხუთე - ჯაბა იოსელიანი
მარცხნიდან მესამე - ნიკო ლეკიშვილი, მეხუთე - ჯაბა იოსელიანი

– ფაქტობრივად, სახიფათო გარჩევებში გიხდებოდათ მონაწილეობის მიღება, რადგან ქუჩა კრიმინალური იყო...

– ქალაქი ქალაქს არ ჰგავდა და ცოტა თავზეხელაღებული უნდა ყოფილიყავი, რომ ყველაფერს გამკლავებოდი. ცოტა ლაპარაკიც უნდა გცოდნოდა, ცოტა ავტორიტეტიც გქონოდა. როცა რამეს გეტყოდნენ, შენც უნდა გეთქვა საპასუხოდ, რათა დაენახათ, რომ ასე ადვილად ვერ შეგაშინებდნენ. იმ დროს რუსთაველის თეატრის, ოპერის წინ, ელბაქიძის დაღმართზე, პლეხანოვზე შეიარაღებული ხალხი იდგა და ბენზინს ჰყიდდა. მათ სამი ავტომატიანი პირი იცავდა. ამათი გაყრა როცა მოვინდომეთ, მერიასთან მოვარდნენ და სროლა ატეხეს. ჯერ გარეთ მოხდა ჩვენ შორის დაპირისპირება, მერე კაბინეტში ავიყვანე და დაველაპარაკე. ბიჭო, თბილისელები არ ხართ, მოგწონთ, როცა რუსთაველის თეატრის წინ დგახართ-მეთქი?! – ამაზე მივაწექი. მათ ხმა ვერ ამოიღეს. ვუთხარი, მოდი, სხვაგან გადაგიყვანთ-მეთქი, და ამაზე დამეთანხმნენ. მოგვიანებით ცენტრიდან გავიყვანეთ და სხვა ადგილები მივეცით. მერე ნელ-ნელა იქიდანაც გავიყვანეთ. რა თქმა უნდა, სროლებიც იყო. ერთხელ მე თვითონ მოვხვდი ასეთ სროლებში. ჩემ თვალწინ კაცმა თავი აიფეთქა. იყო მეორე შემთხვევა, როცა ერთმანეთს ესროდნენ, მე ხელებაწეული შევედი და შევაჩერე ისინი. მახსოვს, სამი კაცი იყო დაღუპული, ორი დაჭრილი. როცა დაჭრილები საავადმყოფოში გადავიყვანეთ და მათ ოპერაციას უკეთებდნენ, ყველანი იქ ვიყავით. უცებ შემოვარდნენ შეიარაღებული ადამიანები და ზედ საოპერაციო მაგიდაზე დააკლეს დაჭრილი...

Вооруженные люди на улицах города
© photo: Sputnik / Цагарели
თბილისის ომი, რუსთაველის გამზირი

– შიშის გრძნობა არ გეუფლებოდათ?

– მე მზად ვიყავი მებრძოლა, არც ისეთი მშიშარა ვარ, რომ ასე ადვილად დავმორჩილებოდი, ამ ქალაქში ჩემი გზა მაქვს გავლილი. მუქარით ხშირად მირეკავდნენ. მახსოვს, ერთხელ სახელმწიფო მეთაურის პირველმა მოადგილემაც დამირეკა. მე ვუთხარი, მოდი, შენ იყავი მერი, მე დავკეტავ კარებს და აქედან გავალ-მეთქი. ასეთი მიწოლა იყო, ზევიდანაც და შეიარაღებული ფორმირებების მხრიდანაც. დედაჩემსაც ურეკავდნენ მუქარით, ჩემი ოჯახის წევრებსაც.

ბადრი პატარკაციშვილი - ბიზნესმენი და მეცენატი, ჰოლდინგის სს იმედიას დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. ნიკო (ნიკოლოზ) ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი, სახელმწიფო მინისტრი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი
ბადრი პატარკაციშვილი - ბიზნესმენი და მეცენატი, ჰოლდინგის სს "იმედიას" დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. ნიკო (ნიკოლოზ) ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი, სახელმწიფო მინისტრი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

– ცნობილია, რომ დახმარებისთვის თბილისელ ბიზნესმენებს მიმართეთ...

– ბიუჯეტი საერთოდ არ არსებობდა, მაშინ კუპონები იყო. რა უნდა გამეკეთებინა? ბიზნესმენებს ვთხოვე დახმარება და მათ ნაღდი ფული დადეს. მათი დახმარებით ბევრი რამ გაკეთდა, ამიტომაა, რომ ბიზნესმენებს ცოტა მოფერება უნდა, თუ გინდა, რომ რაღაც გაგიკეთონ და მოგეხმარონ, მათ მხარი უნდა დაუჭირო. იგივე ბიზნესმენებმა საკმაო ფული დადეს, რათა „თბილისობა“ აღმდგარიყო. აბანოთუბანი რომ აღვადგინე, მათ ამაშიც მიიღეს მონაწილეობა. როცა ჰოლანდიაში გახლდით, იქ ასი ათასი ცალი ყვავილი მაჩუქეს. ისინი ქალაქში დავრგეთ. ამის მერე ჩავედით საარბრიუკენში, სადაც 50 ნაგვის მანქანა გვაჩუქეს. მოსკოვის მერიამ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, პირველი საშუალო სკოლა აღადგინა და ასე ნელ-ნელა დაიწყო ქალაქის აღდგენის პროცესი. ჯიხურები ჯერ ცენტრიდან გავიტანეთ, მერე კიდევ გადავაადგილეთ.

Гражданская война в Тбилиси разрушенное здание 1-й школы
© photo: Sputnik /
თბილისის პირველი სკოლა სამოქალაქო ომის დროს

– ყველაზე მთავარი პრობლემა უპურობა იყო...

– რადგან გაზიც არ იყო, პურის ქარხანა მაზუთსა და სალიარკაზე უნდა გადაგვეყვანა, ამიტომ მე ბაქოში ჩავედი ალიევთან და პირდაპირ ვუთხარი, ფული არ მაქვს, მაგრამ კაცურ სიტყვას გაძლევთ, რომ 6 თვეში გადავიხდი-მეთქი. მან დაუძახა ქარხნის დირექტორს და უთხრა, რამდენიც გაქვთ, დაუტვირთეთ და გაუგზავნეთო. დაახლოებით 60 ვაგონი საწვავი გამოვგზავნეთ. და, იცით, რა მოხდა? ხომ ვამბობთ, რომ ქართველები მაგარი პატრიოტები ვართო, შემოვიდა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ვაგონები, მას შეიარაღებული ხალხი დახვდა, ნახევარი გადატვირთეს და წაიღეს. როცა პირველად შემოვიარე ქალაქი, მთაწმინდაზე ავედი და ვნახე ქართვლის დედა, რომელიც გაძარცული იყო, კინაღამ გული გამისკდა. ძეგლი შიგნიდან ხის იყო და გარედან საფარი მთლიანად ჰქონდა შემოცლილი! რამდენიმე ძეგლი საერთოდ მოპარული იყო. სალაპარაკოდ ადვილია – რატომ იყო ასეო. ფაქტებით ლაპარაკია საჭირო...

Уличные бои в центре Тбилиси в дни вооруженного конфликта в Грузии
© photo: Sputnik / Игорь Михалев
ბრძოლები თბილისის ქუჩებში

– რის ხარჯზე გადარჩა მაშინ თბილისი?

– მე მგონი, ისევ კარგი, წესიერი თბილისელების ხარჯზე გადავრჩით... ამ ბრძოლაში რაღაცნაირად დადგა ქალაქი ფეხზე. 1995 წელს უკვე ნორმალური ვითარება იყო, „თბილისობაც“ აღვადგინეთ, ფესტივალები შევქმენით. იმის ფინანსებს ვშოულობდით, რომ ფილარმონიაში კონცერტები ჩაგვეტარებინა. ზოგი იმასაც ამბობდა, რა დროს კონცერტია და რა დროს ყვავილებიაო. მე ვფიქრობ, რომ მაგის დრო ყოველთვისაა...

ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984-86), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-2004), სპორტის საპატიო ოსტატი. ნიკო(ნიკოლოზ) ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი, სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი
ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984-86), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-2004), სპორტის საპატიო ოსტატი. ნიკო(ნიკოლოზ) ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი, სახელმწიფო მინისტრი, ყოფილი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი

– მე ვიცი, რომ საკამათო არქიტექტურულ ნაგებობებთან დაკავშირებით თქვენ ბევრისგან განსხვავებული მოსაზრება გაქვთ...

– ძალიან მომწონს იუსტიციის სახლი, რადგან სერიოზული არქიტექტურული ნაგებობაა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ამ ადგილზე იყო 100-150 წლის ხეები, რომლებიც მოჭრეს და ამით მწვანე საფარი მთლიანად დაიღუპა. თანაც ისეთ ადგილზეა, რომ ამ სახლის გამო ქაოსური სიტუაცია შეიქმნა. არადა ქალაქში არის ბევრი ადგილი, სადაც ეს შენობა ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა. შუშის ხიდიც მომწონს. ადრე მანდ ვირის ხიდი იყო, ისევ ძველს ხომ არ აღადგენდნენ? ახალი კი კარგად ჩაჯდა. არქიტექტურულად „დოქებიც“ კარგი მიგნებაა, მაგრამ რა უნდა მაგ ადგილზე?  ქალაქში ბევრია ადგილი, სადაც ის უკეთ ჩაჯდებოდა. ერთადერთი, რითიც შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია, ისაა, რომ შენობა შესაძლებელია გამწვანებით გადაიფაროს. იქ, სადაც დღეს კაზინო „შანგრილაა“, მაგის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან მის ადგილზე ადრე იყო შენობა, რომელიც ძველი თბილისის არეალში კარგად იჯდა. მისი ავტორებიც გარდაცვლილი იყვნენ. ამათ კი, ადგნენ და დაანგრიეს. მერე ხალხმა ამის გამო პროტესტი გამოთქვა. ძველი აღმაშენებლის გამზირი ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული, ხეებზე აღარაფერს ვამბობ, რომ მოჭრეს. ამას გარდა უბნის ეზოებში არ შევიდნენ. ჩემი აზრით, ამ უბანს ისევ უნდა მიუბრუნდნენ. ახალი აღმაშენებელი კი კარგად გაკეთდა (იგულისხმება „ახალი ტფილისის" მონაკვეთი - რედ.).

– დღეს ხელმძღვანელი პოსტი არ გიკავიათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ ქალაქში გამორჩეული სამეგობრო გყავთ...

– ჩემ სამეგობროში ბევრი აღარ არის ცოცხალი. როცა ვიკრიბებით სუფრასთან, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისინი გავიხსენოთ... მუსიკასთან კავშირი დღესაც არ გამიწყვეტია, ყველა კონცერტს და ქალაქისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას შეძლებისდაგვარად ვესწრები. გია ყანჩელი ჩემი უფროსი მეგობარია და უცხოეთში მის კონცერტებზე სულ დავდიოდი. ქალაქის კულტურულ, მუსიკალურ ცხოვრებას არ ვაკლდები, თუ საშუალებაა, ყველგან დავდივარ. თბილისს რაც შეეხება, რა გითხრათ? ეს საცხოვრებელი შტამპი არ არის პასპორტში, თბილისი ჩემი სახლია და მოგონებების ქალაქი...

 

 

მთავარი თემები