„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმა ჭკვიანმა ფრანგმა თქვა „არქიტექტურა ერის ფიზიონომიააო“ და, ვფიქრობ, ეს ზუსტი განსაზღვრაა.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ვიმსჯელოთ, როგორია დღეს ჩვენი „ფიზიონომია“, რა არის მასში არაქართული, რა არ მოუხდა მას და რისი შენარჩუნებაა საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა ქალაქებმა თავისი ტრადიციული იერი შეინარჩუნონ, როგორია ქალაქგეგმარების სფეროში მიმდინარე პროცესები. ჩამოთვლილი საკითხები იმდენად აქტუალურია, რომ მომავალშიც ვაპირებთ მასზე სხვადასხვა საინტერესო პიროვნებების მოსაზრებები გაგაცნოთ.

ამჯერად აზრის გამოთქმა ვთხოვეთ არქიტექტორს, არქიტექტურის თემაზე გამოცემული ჟურნალ „სტილის“ რედაქტორს, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თანადამფუძნებელს, ქალბატონ ნინო ლაღიძეს. მას ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, როგორიცაა „აღმოსავლეთ საქართველოს მთის სოფლების ურბანულ-სოციალური და არქიტექტურულ-გეგმარებითი განვითარების პრინციპები“.

© photo: courtesy of Nino Laghidzeნინო ლაღიძე
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ნინო ლაღიძე

– ქალბატონო ნინო, რამდენად შეიძლება, რომ არქიტექტურის მიერ შექმნილმა გარემომ ჩვენი ცნობიერება შეცვალოს?

– არქიტექტურა ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით ყველაზე თვალნათლივ ასახავს დროს, ეპოქას, გაბატონებულ წყობას, იდეოლოგიას, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვითარებას, კულტურულ-ინტელექტუალურ მდგომარეობას, იგი სოციალურ სივრცეს ქმნის და ადამიანის აზროვნების სტილს განსაზღვრავს. არქიტექტურა არ ნიშნავს მხოლოდ შენობების აშენებას, არამედ გულისხმობს ჩვენ ირგვლივ სივრცის, სოციალური გარემოს, სამყაროს შექმნასაც, რადგანაც არქიტექტურა სწორედ ხედვისა და რეალობის ზღვარზე მუშაობს.

– არქიტექტურა ცხოვრების წესსა და ურთიერთობებსაც განსაზღვრავს და ეს, ალბათ, ყველაზე უკეთ თბილისური ეზოების მაგალითზე ჩანდა...

– თბილისის ლანდშაფტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არქიტექტურას. ძველი უბნების შუასაუკუნეობრივი წყობა სხვა ტიპის ქალაქმშენებლობას თითქოს შეუძლებელს ხდის. თუმცა ყველა ის არქიტექტურული ისტორიული ფენა, რომელიც თბილისშია, თავად ქალაქის გეოგრაფიას ითვალისწინებს და ერწყმის კიდეც მას. თბილისური საცხოვრისის უნიკალური არქიტექტურა და მასთან შერწყმული ქალაქური ყოფა მართლაც განსაზღვრავდა ძველ თბილისურ ეზოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების განუმეორებელ წესსა და ურთიერთობებს.

© Sputnik / STRINGERძველი თბილისი
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი

– როგორ უნდა შევქმნათ ახალი ტიპის არქიტექტურული ადგილები ქალაქში ისე, რომ მათი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება არ დაიკარგოს?

– თვითმყოფადი არქიტექტურის მქონე ქალაქების რეკონსტრუქციის პროცესი ჩვენთან 2005 წლიდან განახლდა და სახელმწიფო აფინანსებდა ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენისთვის დაწყებულ ახალ მშენებლობებს. ამ პროცესებს ერთდროულად ვერც მხოლოდ დადებითად და ვერც მხოლოდ ნეგატიურად ვერ შევაფასებთ. ცვლილებებს გააზრება სჭირდება და, რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობა, რადგან დღემდე, ძირითადად, მხოლოდ სახელმწიფო აქტიურობს, ის გეგმავს და აკეთებს. ინფორმაციის საჯაროობა, პროექტების განხილვა, ექსპერტებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა კი ჯერჯერობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ ხდება აქტუალური, როცა გვსურს ახალი ურბანული პროექტებით გავაუმჯობესოთ გარემო, ან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით სტუმარს მოვაწონოთ თავი. ამ პროცესში მთავარია მოვინდომოთ და ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე – როგორ უნდა შევქმნათ არქიტექტურულად ახალი სანახაობრივი ადგილები ქალაქში ისე, რომ მისი ისტორიული არქიტექტურული ღირებულება არ დავჩრდილოთ? თანამედროვე ქალაქის მაღალტექნოლოგიური სტანდარტი აუცილებლად გულისხმობს დროის გამოწვევას. დღეს მას არსებულ ფუნქციურ დატვირთვასა და ესთეტიკურ მოთხოვნას მორგებული უახლესი ტექნოლოგიურ-არქიტექტურული ქსოვილით შეკრული გარემო სჭირდება.

© photo: courtesy of Nino Laghidzeნინო ლაღიძე
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ნინო ლაღიძე

– ბოლო დროს შემუშავდა ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც ათი წლის პერიოდზეა გათვლილი, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

– ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა ყველაზე გავრცელებული დისკურსის იდეოლოგიური პროდუქტია. მას უამრავი მეთოდოლოგიური და ტექნიკური ხარვეზი აქვს, ის ცდილობს აიღოს განვითარებულ ეკონომიკებში დამკვიდრებული იდეები და არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეალობის გაუთვალისწინებლად თბილისის განვითარებას მოარგოს. ამის მკაფიო ილუსტრაციაა მისი პრიორიტეტები და საკვანძო მიმართულებები – მტკვრის სანაპიროების მოწესრიგება და ველობილიკების მოწყობა, მაგრამ არაფერია მოცემული ქალაქში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და სივრცით უთანასწორობაზე. ის გვისახავს ინდუსტრიული ზონების განაშენიანების გეგმას, მაგრამ არ გვეუბნება სად განვათავსოთ რეალური სექტორის ეკონომიკური აქტივობები, რაც სტაბილური დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების ერთადერთი მყარი საფუძველია. გვირჩევს ქალაქის ექსტენსიურ ზრდას, მაგრამ არ გვეუბნება რა გზებით არის შესაძლებელი არსებული საბინაო კრიზისის დაძლევა და ა.შ. მთლიანობაში გენგეგმის იდეოლოგია არის ადგილობრივი მმართველი კლასის კოლონიალური აზროვნების ნიმუში, სადაც სააზროვნო ჩარჩო განსაზღვრულია ცენტრიდან წამოსული კლიშეებითა და მითოლოგიებით და განვითარების მიმართ შემოქმედებით მიდგომას აფერხებს.

© photo: Sputnikსაკონცერტო დარბაზი რიყის პარკში
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში

– ბოლო დროს აშენებული რომელი შენობა და არქიტექტურული ნაგებობა არ ჯდება თბილისის ერთიან პორტრეტში?

– მიმბაძველობას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგი. თუ ვისაუბრებთ ცალკეული არქიტექტორების სახელებზე, რომელთა ნაგებობები აშენდა საქართველოში, მაგალითისთვის შეიძლება მასიმილიანო ფუქსასი აღვნიშნოთ, რომელიც რიყის თეატრისა და იუსტიციის სახლის პროექტების ავტორია. რიყის თეატრის მშენებლობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ზედმეტად პოლიტიზებულია. ახლა ამ ქაოსს თავი დავაღწიოთ და რეალურად აღვწეროთ, თუ რა ხდება, რა კეთდება. გვაქვს შენიშვნებიც, მაგრამ ვცდილობთ რბილად მივუთითოთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად ჩათვლის ვინმე. უდავოა ის, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში წარმოქმნილი თანამედროვე არქიტექტურა უნდა ითვალისწინებდეს არსებულ გარემოს, მის ტრადიციებს, და უცხოელი არქიტექტორები, რომელთა ნაგებობებიც საქართველოში შენდება, აუცილებლად უნდა იცნობდნენ და ანგარიშს უწევდნენ ისტორიულად ჩამოყალიბებულ არქიტექტურულ განაშენიანებას.

© photo: Sputnikპრეზიდენტის სასახლე
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის სასახლე

– დავას იწვევს პრეზიდენტის სასახლეც...

– კონკრეტულად პრეზიდენტის სასახლეზე რომ ვისაუბროთ, იგი თავისი მასშტაბით შეუსაბამოა იმ გარემოსთან, სადაც მდებარეობს. როცა საუბარია თბილისის ძველ უბნებზე – ავლაბარზე და რიყეზე, უნდა აღინიშნოს, რომ სასახლე თავისი ახალი არქიტექტონიკით ამოვარდნილია. ეს უბანი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შენარჩუნებას საჭიროებს სულ პატარა ნიუანსების ჩათვლით, ვინაიდან ეს არის ის, რაც განასხვავებს თბილისს სხვა ქალაქებისგან. რაც შეეხება ახლის შეტანას, ამას თავისი აპრობირებული ხერხები გააჩნია და ამ საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

© Sputnik / STRINGERხიდი რიყეზე
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ხიდი რიყეზე

– ძველისა და ახლის სინთეზი – ამ თემაზე დღეს ბევრს ბჭობენ, ამ თვალსაზრისით რიყეზე დამონტაჟებული ხიდი რამდენად მისაღებია?

– მსოფლიოში ბევრი მაგალითია იმისა, როცა ძველი და ახალი შეჭრილია ერთმანეთში და არა თუ ხელს არ უშლიან ერთმანეთს, პირიქით, სინქრონშიც მოდიან. ბევრი ნაგებობა თბილისში (და არა მარტო თბილისში) იტალიელი მიკელე დე ლუკის მიერაა აგებული. მისი პროექტით აგებული ხიდი რიყეზე ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებებს იწვევს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგებობა უცხოელი ტურისტებისთვის პრაქტიკულად ატრაქციონად იქცა. ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი იმისა, თუ როგორ შეერწყას ან არ შეერწყას ახალი არქიტექტურა ძველს. არა მგონია, თბილისის მოსახლეობას, ანდა ტურისტებს მოსწონდეთ ის კიჩური ელემენტები, რომლებიც ზოგიერთი აღდგენილი თუ ახლად დაპროექტებული შენობის შემთხვევაში გვხვდება. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის კუთხეში მდგარ შენობას საერთოდ არ სჭირდებოდა ხელოვნურად გალამაზება და თავზე მოოქროვილი გუმბათის დადგმა. ნაჩქარევი მეჩვენება ნარიყალას უბნის რეაბილიტაციაც, რადგან ეს სახლები ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს.

© Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორია
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ნარიყალას ციხის მიმდებარე ტერიტორია

სხვა კონკრეტული მაგალითებიც რომ მოვიყვანოთ, კიდევ რა საჭიროებს ყურადღებას? 

– ჩამოთვლილის გარდა არის კიდევ უფრო მწვავე მაგალითებიც, რომლებიც თბილისს, როგორც ტურისტული დანიშნულების წერტილს, ძალიან აკლდება. მაგალითად, „იმელის“ შენობის (ახლანდელი სასტუმრო “ბილთმორის“ შემადგენელი) გაურკვეველი ბედი, პირველი სკოლის უკან აშენებული უზარმაზარი საცხოვრებელი სახლი და ა.შ. ძველი თბილისის ერთ მონაკვეთში ისეთი მასშტაბის ნაგებობების აგება, როგორიცაა „მშვიდობის ხიდი“, რიყის თეატრი, პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, ბიძინა ივანიშვილის სახლი და ა.შ. მოყვანილი ნიმუშები ნამდვილად არ ერწყმის გარემოს და ლანდშაფტს. ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე ვამბობ, რომ არქიტექტურულად ისეთ ფაქიზ ქალაქში, რომელშიც ლანდშაფტი კარნახობს არქიტექტურას, დაუშვებლად მიმაჩნია ამგვარი სხვადასხვა დანიშნულებისა და მასშტაბის შენობების ჩადგმა. ამ ნაგებობებმა „შეჭამეს“ ძველი ქალაქის ხიბლი.

© photo: Sputnikბათუმი
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ბათუმი

– სხვა ქალაქებზე რომ გადავიდეთ, მაგალითად, ბათუმს ახალი არქიტექტურის გამო სულაც „მეორე დუბაი“ შეარქვეს...

– დიახ, იგივე სტრატეგიაა საჭირო ბათუმში – ინტენსიური მშენებლობისა და ძველი შენობების რეკონსტრუქციის შედეგად, ფაქტია, რომ იქ ბევრი რამ გამოვიდა ზედმეტად მანერისტული, ეკლექტური, მაშინ, როცა ბათუმი ასეთი არასდროს ყოფილა. ამ ქალაქს ძალით გალამაზება არ სჭირდებოდა, მას ისედაც ფანტასტიკური არქიტექტურა გააჩნდა. ახლა კი იქმნება ვითომ ახალი წარსული, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ აწმყოა. ტურისტი არ ტყუვდება ამ ეკლექტიკითა და ახლად შექმნილი სიძველეებით. მას ორიგინალური, ავთენტური სიძველეების დათვალიერება სურს და არა შენობების, რომლებიც გენეტიკურად იმ კონკრეტულ გარემოს არ ეკუთვნის. სიძველის ხიბლი დაკარგა სიღნაღმაც – ქალაქმა, სადაც ახალი ძალების მოსინჯვა პირველად დაიწყეს. ზოგადად, ცხადია, კარგია ეს კომპლექსური რეკონსტრუქცია რომ განხორციელდა, მაგრამ მთელ გარემოს ახლად გაკეთებულის იერი დაეტყო. იგივე მოხდა მცხეთაშიც, გაჩნდა რეაბილიტირებული სახლები, მაგრამ ისინი ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს, რომ საერთოდ დაიკარგა სიძველის შეგრძნება და ყველაზე თვალშისაცემი ტურისტისთვის ამ ისტორიული დასახლებების ერთფეროვნება გახდა. საქართველოში ისტორიული ქალაქების არქიტექტურა სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ზოლს მოიცავს, ამიტომ მთლიანობაში დადებით ტენდენციას – ძველის აღდგენასა და ახლის შენებას – კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

© photo: courtesy of Nino Laghidzeნინო ლაღიძე და მისი ქალიშვილი ანა ლაღიძე
„ატრაქციონი“ ტურისტებისთვის: არქიტექტურული კიჩები და ძველი თბილისის „შეჭმული“ ხიბლი - Sputnik საქართველო
ნინო ლაღიძე და მისი ქალიშვილი ანა ლაღიძე

– რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად?

– პირველ რიგში, დღევანდელი არქიტექტურით, მშენებლობით თვალნათლივ გამოხატულ ჩვენი დროის სურათს წავშლიდი... მთავარია, ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ საკითხებს პროფესიონალები წყვეტდნენ. დღეს ამ სფეროში შექმნილ პრობლემებზე არსებობს მხოლოდ პროტესტი და არა მაღალი თვითორგანიზაციის უნარი. ამ მდგომარეობას ხელისუფლება ყოველთვის გამოიყენებს და თავის წესრიგს შემოგვთავაზებს. წესრიგი კი მაშინ გახდება ჩვენი, როცა მის შექმნაში ჩვენ, პროფესიონალები ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0