ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ქართველ კულინარს, რომელიც ინგლისის საუკეთესო რესტორანში მუშაობდა.

ადრე, როგორც ქართველი მოზარდი გოგონების უმრავლესობა, კულინარიით არც ის იყო აღფრთოვანებული, რის გამოც ოჯახში ხშირად საყვედურობდნენ. მართალია, 13 წლის ასაკში პირველად გაკეთებული წვნიანის გემო მას დღემდე ახსოვს, მაგრამ სამზარეულოსა და კულინარიასთან მისი ურთიერთობა მაშინ ამით დასრულდა. ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და გოგო, რომელსაც სამზარეულოში ტრიალი არ უყვარდა, სწორედ კულინარიის სფეროში დაიპყრობდა მწვერვალებს. თუმცა, მოდი, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ...

მერი ჭიჭიაშვილი საქართველოდან გერმანიაში სასწავლო პროგრამით 2000 წელს გაემგზავრა. შემდეგ აღმოჩნდა ესპანეთში, სადაც მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი და სიყვარული იპოვა. უცხო ენების სპეციალისტისთვის ხელოვნება ყოველთვის პრიორიტეტული იყო. თავიდანვე კარგად ხატავდა, მოგვიანებით ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინს ქმნიდა, ქარგავდა და ძერწავდა. კულინარიის გარდა გატაცებულია ფოტოგრაფიით. ესპანეთში მისი სამი ფოტო 2007 წელს საუკეთესოდ აღიარეს. თვლის, რომ ნიჭი გამოჰყვა მამისგან, რომელიც მოქანდაკე იყო. 15 წელი ესპანეთში ცხოვრობდა მეუღლესა და ვაჟთან დანიელთან ერთად. ბოლოს ინგლისში ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს Holiday Inn-ის მთავარი კონდიტერი გახდა. დღეს ლონდონიდან 40 კილომეტრში, რედინგში ცხოვრობს.

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილი
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილი

– მერი, რა გახდა კულინარიით თქვენი გატაცების იმპულსი?

– ეს სევდიანი ამბავია. როცა დედა გარდამეცვალა, ყველაფრის ხალისი დავკარგე. თითქოს გზას ვეღარ ვპოულობდი, მაგრამ ახლობლებისა და მეგობრების მხარში დგომით დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი. როგორც კონდიტერმა მაშინ დავიწყე შაქრისა და ცომისგან სახლებისა და მინიატურული ფიგურების კეთება. სულ მინდოდა, რომ დედასთან ერთად ერთხელ მაინც დამეცხო პურები თონეში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დამცალდა. ყველაფერი, რაც გავაკეთე, დედის მონატრებით შეიქმნა, რადგან ვიცი, რომ მას ეს ყველაფერი ძალიან მოეწონებოდა...

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილი
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილი

– ამ სფეროთი სერიოზულად ესპანეთში დაინტერესდით?

– როცა დავქორწინდი და ესპანეთში მეუღლესთან ერთად დავიწყე ცხოვრება, ადგილობრივი კულინარიით მაშინ დავინტერესდი. ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტითა და კულინარიული წიგნებით ვეცნობოდი კერძების რეცეპტებს. ბევრი უშედეგო ცდის მერე სასურველ შედეგს მაინც ვიღებდი. სულ მალე ისე გავიწაფე, რომ რეგიონში გამოცხადებულ კულინარიულ კონკურსზე პირველი ადგილი დავიკავე. აი, ამის მერე დავიწყე ამ პროფესიაზე სერიოზულად ფიქრი.

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილი
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილი

– რესტორნის სამზარეულოში როდის გადაინაცვლეთ?

– ჩემს მეუღლეს ესპანეთში ჰქონდა სასტუმრო პატარა რესტორნით. როდესაც იქაური მზარეულის კერძები დავაგემოვნე, უკმაყოფილო დავრჩი, გემო ვერაფერს ჩავატანე. ამის მერე მეუღლეს ვთხოვე, რომ ფუნთუშებს მე გამოვაცხობდი, რის მერეც თავად მზარეულმა შემომთავაზა, რომ საუზმისთვის ტკბილეული ყოველთვის მე გამეკეთებინა. სამი თვის შემდეგ მეუღლე დამთანხმდა, რომ მისი რესტორნის თანამშრომელი ოფიციალურად გავმხდარიყავი. ბევრს ეგონა, რომ ქართველი ესპანურ კერძებს ვერ მოამზადებდა, მაგრამ შეცდნენ. ჩემი ნახელავით ყველა კმაყოფილი დარჩა და მადლობასაც ხშირად ვიღებდი. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი მონდომება ასე ფასდებოდა. ამის მერე ესპანურ კულინარიულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემთვის მოულოდნელად პირველი ადგილი დავიკავე.

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილის მიერ მომზადებული კერძი
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილის მიერ მომზადებული კერძი

– მონდომების გარდა, ალბათ, განსაკუთრებული ნიჭია საჭირო იმისთვის, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია, საუკეთესო რესტორნის მთავარი კონდიტერი გახდე?

– თანაც, იმ რესტორანს მიშლენის ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. ეს მართლაც უდიდეს შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. რესტორანში ყოველდღიურად 16 საათს ვატარებდით და ეს წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ინგლისში უკვე მეოთხე წელია ვცხოვრობთ. ჩვენ რესტორანს მიშლენის გარდა კიდევ ბევრი სხვა ჯილდო აქვს მინიჭებული. როცა აქ ჩამოვედი, დესერტების სექციაში დავიწყე მუშაობა. მანჩესტერის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში ექვსი თვის მუშაობის შემდეგ მთავარი კონდიტერი გავხდი. იმ დროს ის რესტორანი ჩვენ, პირველმა გუნდმა გავხსენით. ყოველდღიური 16-საათიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ სამ თვეში ინგლისის „ტოპ-20“-ის რესტორნად აღიარეს. მაშინ დავრწმუნდი, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილის მიერ მომზადებული შოკოლადის ჩიზქეიქი
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილის მიერ მომზადებული შოკოლადის ჩიზქეიქი

– როგორია იყო პრესტიჟული სასტუმროს მთავარი კონდიტერი უცხო ქვეყანაში? 

– წელიწადზე მეტი ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს Holiday Inn-ის მთავარი კონდიტერი ვიყავი. შეფობა არ იყო ადვილი, რადგან პასუხისმგებლობა გაკისრია, საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა, საქმის სწორად ორგანიზება, ამასთან სულ ახლის ძიებაში უნდა იყო. თითოეულ ინგრედიენტს უნდა მოეფერო. ყველაზე მცირედითაც უნდა შეძლო უგემრიელესი კერძის მომზადდება. ბედნიერებაა, როცა ვხედავ, სტუმარი ჩემ მიერ მომზადებული კერძით სიამოვნებას როგორ იღებს.

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილის მიერ დამზადებული თოჯინა

– პოპულარულ პიროვნებებს თუ აქვთ თქვენი ნახელავი გასინჯული?

– მანჩესტერში მუშაობის დროს ჩვენთან ხშირად შემოდიოდნენ „მანჩესტერ სიტის“ და „მანჩესტერ იუნაიტიდის“ ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო. ჩვენი სტუმრები იყვნენ ადგილობრივი ცნობილი ტელეწამყვანებიც. ჩემი დესერტით ყველა კმაყოფილი იყო და მათგან მადლობებსაც ხშირად ვიღებდი.

– ერთ მშვენიერ დღეს რატომ გადაწყვიტეთ, რომ შაქრის ფხვნილი თიხით ჩაგენაცვლებინათ?

– როცა რაღაცას ვამზადებდი, ვცდილობდი, რომ ის მხატვრული ყოფილიყო. ჩემმა ნამუშევრებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე შაქარი თიხით შემეცვალა. ბოლო დროს თოჯინებსაც ვაკეთებ. ვიყენებ სხვა მასალებსაც: პლასტმასს, სასმელის ქილებს, ქაღალდს... მინიატურულ ფიგურებს ისე ვაკეთებ, რომ ისინი რეალურს ჰგავდნენ. მუშაობა ძალიან მამშვიდებს. ყოველთვის ვეძებ რაიმე ახალს, „ვტესტავ". რასაც ჩავიფიქრებდი ხოლმე, ბევრჯერ არ გამომსვლია, მაგრამ მაინც გამიკეთებია, სანამ სასურველი შედეგი არ მიმიღია. ჩემთვის ასე ვამბობ ხოლმე, ამან როგორ უნდა მაჯობოს–მეთქი, და მაინც გავაკეთებ! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა ფიგურების გაკეთება სიამოვნებას მომანიჭებდა. ეს ჩემი რელაქსია და დეპრესიის წამალი…

© photo: courtesy of Meri Chichiashviliმერი ჭიჭიაშვილის რეცეპტით მომზადებული ნუტელას ქაფქეიქები
ლონდონის პრესტიჟული სასტუმროს ქართველი მთავარი კონდიტერი და დეპრესიის მისეული წამალი - Sputnik საქართველო
მერი ჭიჭიაშვილის რეცეპტით მომზადებული ნუტელას ქაფქეიქები

ნუტელას ქაფქეიქების დამზადება მერი ჭიჭიაშვილის რეცეპტით:

მის მოსამზადებლად საჭიროა:

2 კვერცხი

115 მლ ნაღები

1 ს.კ. ლიმნის წვენი

100 მლ ზეთი

100 გ ნუტელა

80 გ ყავისფერი შაქარი

40 გ თეთრი შაქარი

120 გ ფქვილი

35 გ კაკაო

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1/2 ჩ.კ. სოდა

ნაღებს დავუმატოთ ლიმნის წვენი და გავაჩეროთ 5 წუთით.

ნუტელა, კვერცხი და ზეთი კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ნაღების მასა და შემდეგ ორივე სახის შაქარი. ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი ერთად გავცრათ და შევურიოთ ამ სველ მასას.

თუ ქაფქეიქი გვინდა გამოვაცხოთ, ფორმები გავავსოთ 2/3-ზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. თუმცა ღუმელს გააჩნია. მე 160-ზეც გამიკეთებია.

თუ ბისკვიტი გინდათ, მთლიან ფორმაში ჩაასხით და გამოაცხვეთ, მხოლოდ გამოსაცხობი დრო გაიზრდება. მზად მაშინ იქნება, როცა მშრალი ჩხირი ამოვა. ამისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო. ბისკვიტს მეტი დრო უნდა.

კრემი:

50 მლ წყალი

175 გ შაქარი

150 გ ნუტელა

270 გ რბილი კარაქი

4 კვერცხის გული.

კვერცხის გულები მიქსერით კარგად გავთქვიფოთ. ამასობაში გავაკეთოთ სიროფი წყლისა და შაქრისგან. 118 გრადუსამდე რომ მიაღწევს სიროფის ტემპერატურა, ნელა და წვრილი ზოლით ვამატებთ ათქვეფილ გულებს. თქვეფა არ უნდა შევწყვიტოთ. მიქსერით მუშაობას მანამ ვაგრძელებთ, სანამ მასა არ გაგრილდება. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და თქვეფა 5 წუთი გავაგრძელოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ბოლოს ვამატებთ ნუტელას. შევურევთ მას და უგემრიელესი კრემიც მზად არის. მოვრთოთ სურვილისა და გემოვნების მიხედვით.

გაამოთ!..

ყველა ახალი ამბავი
0