რვა წლის ასაკში დაწერილი სიმღერა და კომპოზიტორების შექება, ანუ როდისაა მუსიკოსი ბედნიერი

გამოწერა
კომპოზიტორები სიმღერებს ჯერ კიდევ მაშინ უწერდნენ, როცა პატარა გოგო იყო და მიკროფონს ძლივს წვდებოდა.

ხოლო რვა წლის ასაკში თავად გახდა სიმღერების ავტორი. ვინ იცის, იქნებ მომავალი ცხოვრების ბონუსი და სტიმული  აღმოჩნდა ბავშვობაში მისი მისამართით გამოთქმული პატრიარქის სიტყვები: „რუსუდანი ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია“. საგალობლები ბავშვობაში შეისწავლა და კვირაობით ტაძარში გალობდა.

მოგვიანებით მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს ცხოვრების გზაზე ბევრი გამორჩეული ადამიანი შეხვდა, მათ შორის ეთერ ჭელიძე, ევგენი მაჭავარიანი, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე, დორიან კიტია, ვაჟა აზარაშვილი... ბოლო სამი წელი მუსიკოსი თბილისის მერიას დაქვემდებარებულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში ღონისძიებების ორგანიზატორია. პარალელურად ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 

© photo: courtesy of Rusudan Mumladzeრუსუდან მუმლაძე
რვა წლის ასაკში დაწერილი სიმღერა და კომპოზიტორების შექება, ანუ როდისაა მუსიკოსი ბედნიერი - Sputnik საქართველო
რუსუდან მუმლაძე

– ქალბატონო რუსუდან, როგორი იყო თქვენი ბავშვობის ორეული, რაზე ოცნებობდა?

– ჩემთვის გზის დასაწყისი იქიდან ითვლება, საიდანაც შეგრძნებების გაცნობიერება დავიწყე. ბავშვობაში ვოცნებობდი სცენაზე ვმდგარიყავი ლამაზი კაბით, მემღერა და მსმენელის აპლოდისმენტები დამემსახურებინა. რაც ნელ-ნელა  რეალობად იქცა, რადგან ჩემი მუსიკალური შემოქმედების გზა სამი წლიდან დაიწყო. კიდევ წამყვანობაზეც ვოცნებობდი და ესეც ნაწილობრივ ავიხდინე, რადგან ჩემ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და კონცერტები ზოგჯერ თავად მიმყავს. იმასაც გავამხელ, რომ ტელევიზიაში გადაცემის წაყვანა ახლაც მინდა. მოვა დრო და ვიცი, რომ ესეც განხორციელდება. ბავშვობის წლების შემდეგ ოცნებები მიზნებით შეიცვალა. იმ დროის მოგონებებიდან გამოვარჩევ ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ამბავს – ეს იყო პატრიარქთან პირველი შეხვედრა, როდესაც ხუთი წლის ვიყავი. ამ შეხვედრას, მისი ლოცვა-კურთხევით, სიონის ტაძრის ამბიონზე გალობის შვიდი წელი მოჰყვა. რაც შეეხება პირველ საავტორო სიმღერას, ეს გახლდათ პოეტ ილო მოსაშვილის ლექსზე დაწერილი „თბილისს“, რომელიც საბავშვო ჟურნალ „პიონერში“ დაიბეჭდა. სამომავლოდ უდიდესი სტიმული მომცა კომპოზიტორების სულხან ნასიძის, ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის და  მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანის შეფასებამ.

© photo: courtesy of Rusudan Mumladzeრუსუდან მუმლაძე
რვა წლის ასაკში დაწერილი სიმღერა და კომპოზიტორების შექება, ანუ როდისაა მუსიკოსი ბედნიერი - Sputnik საქართველო
რუსუდან მუმლაძე

– ბავშვობის თვისება, რომელსაც ვერ „შეელევით“...

– ერთი უცნაური თვისება მაქვს – როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, დაბალ ხმაზე სულ ვღიღინებ ხოლმე, ძილშიც კი. ეს თვისება ბავშვობიდან მომყვება. ჩემ უსიტყვო ღიღინს ოჯახის წევრებიც მიჩვეულები არიან. სარკესთან დიდხანს ყოფნაც ბავშვობიდან მიყვარს.

– იმდროინდელი ამბებიდან რა დაგამახსოვრდათ?

– დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ეთერ ჭელიძის შემოქმედებით საღამოზე ვიმღერე მისი საბავშვო სიმღერა „ოქროს საქანელა“, რომლის დროსაც აკომპანირებას როიალთან თავად მიწევდა. მეხსიერებაში ჩამრჩა განათებული სცენა და ჩაბნელებული დარბაზი. როცა სცენაზე გავედი, სიმღერა სულ სხვა ინტერპრეტაციით შევასრულე. ეთერ ჭელიძე უნიჭიერესი მუსიკოსი იყო და, რა თქმა უნდა, მაშინვე ამყვა. მე სიმღერის რიტმს ტაში და ფეხიც ავაყოლე და თან თვალებს ვხუჭავდი. როცა კულისებში გამოვედი, დედამ მისაყვედურა, რომ სიმღერა ჩემეული ინტერპრეტაციით ვიმღერე. ქალბატონმა ეთერმა უთხრა, რატომ საყვედურობ ბავშვს, როგორც იგრძნო, ისე იმღერაო, ამას შინაგანი მუსიკალობა აკეთებინებსო. მაშინ დარბაზში ისხდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ელენე ყიფშიძე, ტარიელ საყვარელიძე და ირაკლი უჩანეიშვილი. კონცერტის შემდეგ ისინი კულისებში შემოვიდნენ და აღფრთოვანებულებმა შემაქეს. მათ ზუსტად ჩემი არტისტული თავისუფლება მოეწონათ, რაზეც დედამ მისაყვედურა. ეს იყო ჩემი პირველი ბედნიერი დღე სცენაზე.

– თქვენ მუშაობთ მერიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში, სადაც ღონისძიებებს უწევთ ორგანიზებას, რომელს გამოყოფდით მათგან?

– მუსიკალური შემოქმედების გარდა ვმუშაობ „მედიათეკაში“, რომელიც თბილისის მერიას დაქვემდებარებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ჩემი ინიციატივითა და ორგანიზებით „მედიათეკაში“ მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება და პროექტი განხორციელდა. მათგან გამოვყოფდი ისეთ ფართომასშტაბიან და სოციალურ პროექტებს, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელსაც თბილისის მერიამ ტექნიკურ-მატერიალური მხარდაჭერა გაუწია. ასევე გამოვყოფდი სოციალურ პროექტს „შეზღუდული არაფერია“, რომელიც 2015 წლის 3 დეკემბერს „მედიათეკაში“ შშმ პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. რაც შეეხება სხვა საავტორო პროექტებს, მინდა აღვნიშნო საქველმოქმედო სოლო-კონცერტი „ერთმანეთის გულები სიყვარულით ავავსოთ“, რომელიც თბილისის მერიის, სხვადასხვა კერძო კომპანიებისა და მასმედიის მხარდაჭერით 2017 წლის 6 ოქტომბერს „გარდენ ჰოლში“ გაიმართა. მასში ჩემთან ერთად სხვა ცნობილი მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. კონცერტი მიეძღვნა მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს, რომლებსაც შემოსული თანხიდან დახმარება აღმოვუჩინეთ.

© courtesy of Rusudan Mumladzeრუსუდან მუმლაძე
რვა წლის ასაკში დაწერილი სიმღერა და კომპოზიტორების შექება, ანუ როდისაა მუსიკოსი ბედნიერი - Sputnik საქართველო
რუსუდან მუმლაძე

– კულტურის გარდა რომელ სხვა სფეროში ხედავთ საკუთარ თავს?

– შესაძლოა გაგიკვირდეთ და ჩემ თავს იურისპრუდენციის სფეროში წარმოვიდგენ. ვფიქრობ, სამართლიანი განსჯისა და ანალიზის კარგი უნარი გამაჩნია. თანაც ჩემი პედანტური ბუნებიდან გამომდინარე დეტალებზე ორიენტირებული გახლავართ.

© photo: courtesy of Rusudan Mumladzeოთარ ტატიშვილის საღამოზე
რვა წლის ასაკში დაწერილი სიმღერა და კომპოზიტორების შექება, ანუ როდისაა მუსიკოსი ბედნიერი - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილის საღამოზე

– როდის ხართ ბედნიერი?

– ბედნიერი ვარ, როცა ვიმარჯვებ ყველაფერზე და, მათ შორის, საკუთარ თავზეც...

 

ყველა ახალი ამბავი
0