19:45 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები

აბრეშუმის ქსოვილზე დატანილი ნახატები და უკრაინელი გოგონას მიერ მოხატული ბენდენა

© photo: courtesy of Sofi's Art batik
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
441 0 0

აბრეშუმი საქართველოში ყველაზე გავრცელებული და ქართველი ქალბატონებისთვის სასურველი ქსოვილი იყო.

ქართული წერილობით წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეული აღმოსავლეთიდან საქართველოში აბრეშუმის კულტურის შემოსვლა V-VI საუკუნიდან ივარაუდება. ხაშურის რაიონის სოფელ  მცხეთიჯვარში აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია.

სოფი ბეიტრიშვილი - მხატვარი, დიზაინერი. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, მოგვიანებით ქსოვილზე ხატვის სურვილი გაუჩნდა. კარგად აითვისა ბატიკა- ერთ-ერთი უძველესი და საკმაოდ რთული ტექნიკა და მისი პოპულარიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს. მოსახატ ქსოვილად აბრეშუმი აირჩია. მისი შემოქმედება მოიცავს: ინტერიერის დიზაინს, ქალის აქსესუარებს, დეკორატიულ ნახატებს, შარფებს, ჩანთებს, ბალიშებს...

სოფი ბეიტრიშვილი
სოფი ბეიტრიშვილი

- სოფო, რამდენად პოპულარული დღეს ბატიკის ხელოვნება?

- საქართველოში ბატიკა ნელ-ნელა ხდება პოპულარული და მეც ვცდილობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. მიუხედავად დროის სიმცირისა, პერიოდულად ვატარებ ბატიკის ვორქშოპებს. დასწრების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან მახარებს. რამდენიმე წლის წინ კი უმრავლესობისთვის იმის ახსნა მიწევდა თუ რა იყო ბატიკა, რომ ეს ქსოვილის მოხატვაა და ა. შ. დღეს მიხარია, რომ ბევრმა გაიგო ამ უძველესი ტექნიკის შესახებ და როგორც ნივთების შეძენით ასევე მისი შესწავლით დაინტერესებული არიან. პერიოდულად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში. ვფლობ თექის ვიტრაჟისა და მინანქრის ტექნოლოგიებს, რაც იმაში მეხმარება, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ნამუშევრები.

-ქსოვილის მოხატვით როდის დაინტერესდით?

- სახლში ყოველთვის შემოქმედებითი გარემო გვქონდა, რადგან დედა პროფესიით მხატვარია. არასდროს მომწონდა სტანდარტული ნივთები. ვცდილობდი საკუთარი ხელით შემექმნა დეკორაციები და აქსესუარები. დიზაინერის პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. სწავლის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე ქსოვილზე ხატვის შესწავლა, კერძოდ ბატიკა.

შარფები რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ სოფი ბეირტიშვილს შეუკვეთა 2018 წელს გამართულ კონგრესთან დაკავშირებით ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვის
შარფები რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ სოფი ბეირტიშვილს შეუკვეთა 2018 წელს გამართულ კონგრესთან დაკავშირებით ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვის

- აბრეშუმზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- მოსახატ ქსოვილად აბრეშუმი იმიტომ ავირჩიე, რომ ის ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე, ნაზია და ძალიან ძვირფასი. ამასთან სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით არ იმუხტება. ამბობენ, რომ აბრეშუმი ადამიანის კანს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს, სინოტივის შეწოვის უნარი აქვს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. აბრეშუმი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, ამგვარად კანსაც იცავს. ამ თვისებებმა აბრეშუმისადმი ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.  ყველას  ვურჩევ, რომ როგორც სამოსში ასევე ინტერიერში მხოლოდ ბუნებრივი მასალა და ნივთები გამოიყენონ. თავიდან მუშაობა ძალიან გამიჭირდა, უამრავი ქსოვილი და საღებავი გავაფუჭე, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხვეწე ნამუშევრები. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით დიდი გამოცდილება დამიგროვდა, თუმცა სულ ახლის ძიებაში ვარ, ეს თვისება იმაში მეხმარება, რომ ჩემი საქმიანობა განვავითარო. 

სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები
სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები

- ალბათ მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება ტექნიკურად როგორ ხდება აბრეშუმის მოხატვა?

- აბრეშუმის მოხატვა თავიდან ბოლომდე ხელით ხდება. ქსოვილის მოხატვის რამდენიმე სამუშაო ეტაპს გამოვყოფ. თავდაპირველად საჭიროა აბრეშუმზე ესკიზის ფანქრით გადატანა, შემდგომ დიდი სიზუსტით უნდა დარეზერვდეს კონტურები წყალგაუმტარი რეზერვით, რათა საღებავმა არ გამოჟონოს. კარგად გაშრობის შემდეგ დაფერვას ვიწყებთ. საღებავი უნდა იყოს სპეციალურად აბრეშუმისთვის განკუთვნილი, რომელიც რეცხვის შემდეგ ფერს არ იცვლის. საბოლოო ეტაპი ფერების დაფიქსირებაა. 

სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები
სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები

   

-  შეკვეთაზე მუშაობის დროს რას ითვალისწინებთ?

-ყოველთვის ვცდილობ დამკვეთის გემოვნება გავითვალისწინო, აქსესუარის შეკვეთისას თემატიკას და ფერებს ინდივიდუალურად ვარჩევთ, გემოვნებიდან, ხასიათსა და ვიზუალიდან გამომდინარე. დამკვეთები ხშირ შემთხვევაში ბოლომდე მენდობიან. ზოგჯერ საინტერესო ნამუშევრები აბრეშუმზე ერთობლივი იდეებით იქმნება. შარფი და ჩანთა ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რითიც შეუძლიათ საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოხატონ. როცა დეკორაციას მიკვეთავენ, პირველ რიგში, ინტერიერის ფოტოებს ვაგზავნინებ. ესკიზსა და ფერებზე ფიქრსაც ამის მიხედვით ვიწყებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი და მეც შედეგით კმაყოფილი ვიყოთ. დეკორატიული ნივთები, აქსესუარები, პანოები კარგი საშუალებაა სიახლის შესატანად. ამ ტიპის დეტალების დამატება ყველაფერს ახალისებს და ცვლის. მითუმეტეს, რომ ჩემი თითოეული ნამუშევარი ექსკლუზიურია, არ მეორდება და იმის გაცნობიერება, რომ ესა თუ ის კონკრეტული ნივთი მარტო შენ გაქვს, ძალიან სასიამოვნოა.

სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები
სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები

- ბევრი ობიექტი გაქვთ მოხატული, ყველაზე სასიამოვნოდ რომელ მათგანზე მუშაობა გახსენდებათ?

- ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და სასიამოვნოდ მახსენდება სეფსისის ცენტრის პედიატრიული განყოფილების მოხატვა. აუწერელია ის ემოცია როცა იცი, რომ შენი ფერადი ნამუშევრით ერთი ბავშვი მაინც შეგიძლია გააბედნიერო. მიხარია, რომ ამ დიდ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. უახლოეს პერიოდში მინდა სტუდია-სახელოსნოს გახსნა, სადაც თავს მოვუყრი ჩემს ნამუშევრებს. ყველა მსურველს კი საშუალება ექნება, რომ დაათვალიეროს და შეიძინოს ხელნაკეთი ნივთები. სტუდიაში ჩატარდება ბატიკის ვორქშოპები, სხვადასხვა მასტერ-კლასები, მოეწყობა ხელოვანთა შეხვედრები.

სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები
სოფი ბეიტრიშვილის ნამუშევრები

- ყველაზე მეტად რომელმა თქვენმა მოსწავლემ დაგამახსოვრათ თავი?

- ჩემს ვორქშოპზე უცხოელებიც ყოფილან, ჩემი ყველაზე პატარა მოსწავლე ცხრა წლის გოგონაა, რომელიც ხშირად დადის. უკრაინიდან იყო ერთი პატარა გოგონა, თუ არ ვცდები 10 წლის, რომელიც სტუმრად ჰყავდათ ჩამოყვანილი. მახსოვს დედისთვის საჩუქარი უნდოდა და ბენდენა საკუთარი ხელით მოხატა. აბრეშუმზე ბატიკის ტექნიკით მოვახატვინე, ძალიან ნიჭიერი აღმოჩდა. თამამად დაადო ფერები და მახსოვს პირველმა დაასრულა მუშაობა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ თავისი პირველი ნამუშევარი დედას გაუკეთა. ასე ალამაზებს ხელოვნება ადამიანების ყოველდღიურობას. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს დიდიხნის სურვილს ავიხდენ და ჩემი ფერადი ნივთების პერსონალურ გამოფენას მოვაწყობ...

მთავარი თემები