08:03 19 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0995
  • 100 RUB4.3046
  • USD2.7664
გიგა ახვლედიანის ნამუშევარი

ნარჩენებისგან შექმნილი ლამაზი ნივთები და საახალწლო განწყობა ინტერიერისთვის

© photo: courtesy of Giga Akhvlediani
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
20720

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი ადამიანებით, აქ ხატვის, ლექსის წერის და სიმღერის უნარი, ალბათ ყოველ მეხეთე ადამიანს აქვს. თუმცა, ბევრი ვერ ახერხებს, რომ ამ ნიჭმა პრაქტიკული გამოყენება ჰპოვოს.

ქუთაისელმა გიგა ახვლედიანმა, საშუალო სკოლის პარალელურად 10 წლის ასაკში დაიწყო სწავლა მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. აკადემიაში ჩაბარება არ უცდია- ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე მოხვდა. პარალელურად ხისა და ავეჯის საამქროებში მუშაობდა, კარგად ერკვევა ავეჯის დიზაინისა და ინტერიერის საქმეში.

ამჟამად წყალტუბოში, საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმროს ინტერიერისა და ავეჯის შექმნისთვის სპეციალურად მიიწვიეს.

გიგა ახვლედიანი შვილებთან ერთად
გიგა ახვლედიანი შვილებთან ერთად

- გიგა, შემოქმედებითი ნიჭი ბავშვობიდან გაქვს, რაც დღეს მუშაობის დროს ძალიან გეხმარებათ...

- ყოველთვის მქონდა და დღესაც მაქვს იმის სურვილი, რომ ჩემი ფანტაზიებისთვის ფრთები შემესხა, მაგრამ ამის საშუალება არასოდეს მქონდა. არც ადგილი მქონია, სადაც რაიმეს შევქმნიდი. ვფიქრობ რაღაც განსხვავებულის შექმნა მართლა შემიძლია... ბავშვობიდან მიყვარდა აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების გაკეთება. რაც შეეხება ხეს და ავეჯს ჩემთვის რთული აქაც არაფერია, რადგან ყველაფერს ბავშვობიდან ვაკეთებ. სადღაც შვიდი, რვა წლიდან პლასტელინისგან ქანდაკებებს ვძერწავდი. მახსოვს ერთხელ პლასტელინით 50 სანტიმეტრიანი გაჭენებული ცხენი გავაკეთე და ყველა გავაოცე. ხის კვეთაზეც ვმუშაობდი და ჩუქურთმასაც ვამზადებდი. ვხატავდი ზეთში, აკვარელსა და გრაფიკაში.

გიგა ახვლედიანის ნამუშევარი
გიგა ახვლედიანის ნამუშევარი

-აკადემიაში რატომ არ ჩააბარეთ?

-ადრე ვფიქრობდი, რომ მხატვრები გიჟები არიან მეთქი...

გიგა ახვლედიანის ნამუშევარი
გიგა ახვლედიანის ნამუშევარი

- კარგი გაგებით ეგ სიმართლეცაა, რადგან ჩვეულებრივი თუ ხარ, მაგარ რამეს ვერც შექმნი...

-დიახ, ახლა ეს უკვე ვიცი, რომ ასეა. როცა რაღაცას დამავალებენ, იდეა უცებ მომდის თავში და მალევე ვასრულებ. მაშინ ჩემზეც ამბობენ, რომ ეს გადარეულია, ასე უცებ როგორ მოიფიქრაო. დღესაც ბავშვებთან რომ ვთამაშობ, უცებ ისეთ კარგ ნივთს გავუკეთებ ხოლმე, მერე თვითონ მომწონს. არასოდეს ვიცი ბოლო რა შედეგს მივიღებ. როცა რაიმეს კეთებას ვიწყებ მეც ინტერესით ველოდები რა გამომივა...

გიგა ახვლედიანის ნამუშევარი
გიგა ახვლედიანის ნამუშევარი

- სამშენებლო და ხის ნარჩენებსაც იყენებთ ნივთების დასამზადებლად?

-როდესაც სამუშაოს მერე მასალების ნარჩენები რჩება ისინი გადასაყრელად მენანება და მათგან ლამაზ ნივთებს ვაკეთებ. ისე, ხშირ შემთხვევაში ნივთების დაძველებას ითხოვენ, რადგან ბოლოს დროს სიძველეს ძალიან აფასებენ. რადგან ხატვა ვიცი დიზაინერის ფუნქციასაც ვითავსებ. ვმუშაობ სხვადასხვა მასალაზე და ვაკეთებ ყველაფერს, ავეჯიდან დაწყებული ინტერიერის დეტალებით დამთავრებული.

გიგა ახვლედიანის ნამუშევარი
გიგა ახვლედიანის ნამუშევარი

- რომელი სასტუმროს ინტერიერზე მუშაობთ?

- ყველამ იცის, რომ წყალტუბო ადრე საკავშირო მნიშვნელობის კურორტი იყო. აქ ადრე 23 სანატორიუმი გახლდათ განთავსებული და მე ვმუშაობ ერთ-ერთ მათგანში, რომელიც სასტუმროდ გადაკეთდა. მას ყველაზე დიდი ტერიტორია, 17 ჰა უკავია. ამ ეტაპზე აქ წყალტუბოში საერთაშორისო მნიშვნელობის სასტუმრო შენდება და მას ვემსახურები. საახალწლოდ სასტუმრომ შემიკვეთა: ორიგინალური დეტალები, ლამპიონები და თეთრი ირმები, რაც უკვე დავამზადე.

გიგა ახვლედიანი ოჯახთან ერთად
გიგა ახვლედიანი ოჯახთან ერთად

- ამბობენ, მთავარი დეტალებში იმალებაო...

-საერთოდ დეტალებს კი ვეძახით, მაგრამ მათ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ნივთების გარემოცვაში ცხოვრობ, რადგან ისინი პოზიტიურ აურას გადმოსცემენ და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდებიან. დარწმუნებული ვარ, საახალწლოდ დამზადებული ჩემი მხიარული გოჭები და ირმები ყველას განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნიან, რაც წინასწარ მახარებს...

 

 

მთავარი თემები