ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძე
ლალი თავართქილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასალაში ურეკში მცხოვრები პროვიზორის მოზაიკურ ნამუშევრებს და მის ცხოვრებისეულ მოზაიკას გაეცნობით.

ლალი თავართქილაძე საქართველოში იმ მცირეთაგანია, ვინც თავის დროზე ვანგას შეხვდა. ცნობილი წინასწარმეტყველის მიერ იმ წუთებში გამოთქმული მისი ცხოვრების უცნაური პროგნოზი ქვეცნობიერად მის მეხსიერებაში დაილექა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, დღეს ქალბატონი ლალის მიერ მოზაიკით გაწყობილი საოცარი პანოები და ნამუშევრები ბევრ სახლს და ეკლესია-მონასტერს ამშვენებს. ამ საქმისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება, არსად არასოდეს უსწავლია და, რაც მთავარია, ნიჭიერი ქალბატონი ამ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებს. მას ურეკში დავუკავშირდით, სადაც დაიწყო ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს...

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძე
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძე

– ქალბატონო ლალი, პროფესიით პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ნამუშევრები საქართველოში სხვადასხვა ადგილებს ალამაზებს, თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი ისტორია...

– ხელოვანის ოჯახში დავიბადე და ხელოვნებიდან შორს არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი დაიწყო 2012 წელს, როდესაც მეუღლე გარდამეცვალა. სტრესისა და დეპრესიის ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ურეკში კედელზე ნიჟარებით კომპოზიცია შევქმენი. მერე ჩემი ხელოვნება თანდათან დავხვეწე და მოზაიკის ნატეხებს სადაც ვნახავდი, დიდი რაოდენობით მომქონდა სახლში. როცა მეუბნებიან, რომ საქართველოში დღეს მოზაიკით არავინაა დაკავებული და შენ იმიტომ აკეთებ, რომ მასალა სახლში გაქვსო, მართლაც ასეა. სახლში ყველა მასალა მაქვს იმისთვის, რომ ვიმუშაო. მამა, გარდა იმისა, რომ ექიმი იყო, კომუნისტების დროს მსგავსი საქმიანობით იყო დაკავებული. მეამაყება, რომ მისი დატოვებული კერამიკული საამქრო დღემდე შევინარჩუნე. მოზაიკაში პირველად გავაკეთე ჩემი სახლი და მეზობლის კაფე, რომლის კედლებზე თითქმის ნახევარი „პაემანი ვერაზეა“ გამოსახული. ეს ბატონ გიზო ნიშნიანიძეს მივუძღვენი, რომელიც იმ პერიოდში ცოცხალი იყო. მას ურეკში სახლი ჰქონდა და ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძე
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძე

– მოზაიკით ურეკსა და ოზურგეთში ბევრი სახლი და ეკლესია-მონასტერი გაქვთ გაფორმებული...

– დიახ, ურეკში ბევრი სახლი და ჭა მაქვს გაფორმებული. სასტუმრო „კოლხიდაში“ 200 მეტრი კედელი მაქვს მოხატული. მერე ხელი რომ გამეწაფა, ეკლესიებშიც გავბედე. ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია, დედა ნინო ჩემი მეგობარია და ძალიან ხშირად ვკონტაქტობდით. ერთ დღეს მან დამირეკა, მომენატრე და ჩამოდიო. მე ზედმეტად მშრომელი ადამიანი ვარ და ვუთხარი, რომ ჩამოვიდე მანდ უსაქმოდ ვერ გავჩერდები, გინდა რაიმეს მოზაიკით მოგიხატავ–მეთქი. როცა ეკლესიის ჭა გავაკეთე, მერე ვნახე, რომ სატრაპეზო ნესტისგან ჩამოშლილი იყო. შევთავაზე, მოდი, ამასაც გაგიკეთებთ–მეთქი და ისიც დამთანხმდა. ეს ზუსტად ის ადგილია მცხეთაში, სადაც საქართველოში შემოსული წმინდა ნინო ისვენებდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს კედელი მოზაიკით მომეხატა. მუშაობის დროს საოცრება მოხდა – როდესაც ძველ კედელს ვასუფთავებდი, მასზე ადამიანებისა და ცხოველების საოცარი ფიგურები გამოისახა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა...

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძის ნამუშევარი
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძის ნამუშევარი

– როგორ დაიწყეთ ხატწერა ყოველგვარი სწავლის გარეშე, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატვა არ იცით?

– დიახ, ხატვა მართლა არ ვიცი. ერთხელ სამწევრისის მონასტრის იღუმენიამ, დედა პელაგიამ, რომელთანაც ვმეგობრობდი, მთხოვა, იქნებ ჩემთანაც გაგეკეთებინა რამეო. იქ არის პატარა მონასტერი, ანუ მონასტრის მონასტერ-სასანთლეს ეძახიან, გუმბათოვანი ნაგებობაა. როდესაც გუმბათზე ვმუშაობდი, მაშინაც იგივე დამემართა და ხატწერის მსგავსი რამ წამოვიწყე. როდესაც დედა პელაგია შემოვიდა, ჩემ მიერ გამოსახულ სახეს შეხედა და გაოცებულმა თქვა, ეს ხომ ჩვენი მეუფე იობიაო. ამის მერე კედელზე დედა პელაგიაც რომ გამოისახა, ცუდად გავხდი... წარმოიდგინეთ, რა დაგემართებათ, როცა ხატვა არ იცი და რომელიმე კონკრეტული ადამიანის სახე გამოისახება, ამის გაცნობიერება ფიზიკურად ცუდად გხდის. ჩემი მდგომარეობა ალბათ იმ ემოციებისგან იყო გამოწვეული, რასაც კედელი ასხივებს. რა გრძნობაც მებადება ხოლმე იმ წუთში, მეც იმას ვაკეთებ და მართლა გამოდის. ისე, სხვებზე ნაკლებად არც მე ვარ გაოცებული.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძის ნამუშევარი
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძის ნამუშევარი

– გარდა ეკლესია-მონატრებისა სახელმწიფო უწყებების ტერიტორიაც გაქვთ მოხატული?

– ჩემი ბიჭი სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსად მუშაობს და ამ უწყების შიდა პერიმეტრი, რომელიც დაახლოებით 2000 მეტრია, მოზაიკითა და შერეული ტექნიკით მაქვს გაკეთებული. იქ ნახატებიცაა. არ მრცხვენია იმის თქმა, რომ მართლა კარგი გამოვიდა. ამის მერე სხვა შემოთავაზებებიც მქონდა. ჩემი გიორგის მეგობრებმა, ასევ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მთხოვეს, იქნებ ჩვენ ორგანიზაციაშიც გააკეთოთ კედელი მოზაიკისგანო.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძე
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძე

– აქვე მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებთ...

– როცა მეკითხებიან, ამას ყველაფერს უფასოდ რომ აკეთებ, ფული არ გინდაო, ისე მიკვირს ხოლმე – ამაზე მეტი რაღა უნდა მივიღო?! ღმერთმა უფლება მომცა, რომ სიკვდილის მერე დედამიწაზე ქვაში ამეტყველებული ჩემი კვალი დავტოვო. ის სიკეთე ხომ მერე შენ მონაგარს მოუბრუნდება.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძის ნამუშევარი
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძის ნამუშევარი

– თქვენ ზურაბ წერეთლის ძველ ნამუშევრებთან შეხებაც მოგიწიათ და მათგან ახალი კომპოზიციები შექმენით...

– რამდენიმე წლის წინ საირმეში ვისვენებდი. იქ ადრე იყო ზურაბ წერეთლის ნამუშევარი „ციური ვარსკვლავები“, რომელიც ნახევრადძვირფასი სმალტის ქვებითაა შექმნილი. სმალტი მამასაც ჰქონდა სახლში და ჩემთვის ეს ნაცნობი თემა იყო. როდესაც ეს ქვები ხევში გადაყრილი დავინახე, ავინთე. ის ათი დღე, რომელიც საირმეში უნდა დამესვენა, რეალურად სხვა რამისთვის დავხარჯე. ჯერ იყო და ხევში ჩავედი და სმალტის ქვებს ცემენტი მოვაშორე, მერე ისინი ზემოთ ამოვზიდე. როცა იქიდან ჩამოვედი, ხელ-ფეხი სულ დაფხაჭნილი მქონდა და საშინელი სანახავი ვიყავი. ასეთი უნიკალური ადამიანის ნამუშევრის ხევში გადაყრა საშინელებაა. მერე ის ქვები საირმიდან სამწევრისის დედათა მონასტერში გადმოვიტანე. მალე კი ისინი უკვე ყინწვისის მამათა მონასტერში აღმოჩნდება. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანის ხელშენახები ქვები, რამდენადაც შევძელი, გადავარჩინე. ზურაბ წერეთლის დროისგან განადგურებული ნამუშევარი ასევე ვნახე ანასეულში, სადაც ადრე ჩაის ინსტიტუტი იყო. იქაც მიმიწვიეს და ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ მომიხდა ამ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის შექმნილთან მუშაობა. იქ საცურაო აუზია და მე მისი აღდგენა დამავალეს.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძის ნამუშევარი
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძის ნამუშევარი

– თქვენ მემკვიდრეობით მიღებული უნიკალური რეცეპტები ეკლესიას გადაეცით...

– დედა ძალიან ცნობილი და გამოცდილი ფარმაცევტი იყო. მე მის მიერ შექმნილი წამლების სამართალმემკვიდრე ვარ. პატრიარქის ლოცვა- კურთხევით 60 რეცეპტი ურბნისის დედათა მონასტერს გადავეცი. ახლა მათზე დაყრდნობით სახის მკვებავებსა და მალამოებს ამზადებენ და ამით ეკლესიას შემოსავალი აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ცოდნა ჰაერში არ გავფანტე.

© photo: courtesy of Lali Tavartkiladzeლალი თავართქილაძის ნამუშევარი
ქართველი პროვიზორის მოზაიკისგან შექმნილი ხელოვნება და ვანგას ახდენილი წინასწარმეტყველება - Sputnik საქართველო
ლალი თავართქილაძის ნამუშევარი

– ვანგას როდის შეხვდით და რა გითხრათ?

– როგორც გითხარით, კომუნისტების პერიოდში მამა ძალიან შეძლებული იყო, ჩვენ ოჯახს არაფერი უჭირდა. მას სურვილი ჰქონდა, რომ მთელი მსოფლიო მოევლო. ჩვეულებრივი ადამიანისთვის მაშინ კაპიტალისტურ ქვეყანაში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რადგან ის ექიმი იყო და თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უცხოეთში დელეგაციებს მიჰყვებოდა ხოლმე როგორც ექიმი. როცა კუბა სად იყო, არ ვიცოდით, მამა იქაც კი იყო ნამყოფი. მგონი მთელი მსოფლიო მოიარა. ერთ-ერთი გასვლის დროს მამას ბულგარეთში მეც ვახლდი. აი, სწორედ მაშინ მოხდა მცირე ხნით ჩემი შეხვედრა ვანგასთან. მაშინ 17 წლის ვიყავი და, მახსოვს, მან ასე მითხრა: შენ აღმოჩნდები უნიკალურ ადგილზე, რომელიც შენ სახლთან ახლოს იქნება და იქ მთელი მსოფლიო გაგიცნობსო. მაშინ პატარა ვიყავი და გამეცინა – როგორ შეიძლებოდა, რომ ოზურგეთიდან მსოფლიოს გავეცანი? ახლა რომ ვუკვირდები, ამის ახსნას ვპოულობ. ურეკში, ამ მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურ კურორტზე უცხოეთიდან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის. ჩემ სახლში და აფთიაქში არსებული შთაბეჭდილებების რვეული სავსეა უცხოელების ჩანაწერებით, თბილი კომენტარებით. როცა ადამიანი აფთიაქში შემოდის, მე მათ წამლის გარდა ყველაფერზე ველაპარაკები. რვეულში 5 000 წერილი მაინც მექნება, ამ ხელნაწერებით მინდა წიგნი ავკინძო. ყველას ძალიან მხიარული ადამიანი ვგონივარ, მაგრამ შინაგანად ძალიან სევდიანი ვარ. როცა ღმერთი ასე დაგაჯილდოებს და იმის უფლება გეძლევა, რომ შენი კვალი დატოვო, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს...

 

ყველა ახალი ამბავი
0