ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე

© photo: courtesy of Nana Devidzeნანა დევიძე და საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი
ნანა დევიძე და საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ გლობალურად დაბნეულ ეპოქაში ლიტერატურულ თარგმანს, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ერებს შორის გადებული ერთგვარი სულიერი ხიდია.

ლიტერატორი და მთარგმნელი ნანა დევიძე ლიეტუვის მწერალთა კავშირის საპატიო წევრია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გაემგზავრა იქ და დღეს ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთ ქართველ მთარგმნელად ითვლება. მას 12 წიგნი აქვს თარგმნილი, უახლოეს მომავალში კიდევ სამი წიგნის თარგმნას აპირებს. ამჟამად საბავშვო ლიტერატურაზე მუშაობს. სამომავლოდ განზრახული აქვს დიდი ლიეტუველი პროზაიკოსის რომუალდას გრანაუსკასის მოთხრობებისა და რომანის თარგმნა.

© photo: courtesy of Nana Devidzeნანა დევიძე, რობერტ მესხი და მარიამ მანჯგალაძე
ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე - Sputnik საქართველო
ნანა დევიძე, რობერტ მესხი და მარიამ მანჯგალაძე

– ქალბატონო ნანა, ლიტერატურული თარგმანი სხვადასხვა ქვეყნების ურთიერთგაცნობაში გარკვეულ როლს ასრულებს, ანუ სადღაც ერთგვარი ხიდის ფუნქციასაც კისრულობს, თქვენ როგორ თვლით?

– ჩემი აზრით, ლიტერატურის თარგმანს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ვერ გეტყვით, რამდენად გვაახლოებს ის ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთს რომ უკეთ გვაცნობს, ეს ფაქტია. ის გვამდიდრებს, ახალ გამოცდილებას გვძენს და, რაც მთავარია, არღვევს სტერეოტიპებს. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით იმაში, რომ ადამიანური სიხარული თუ ვარამი საერთოა, ყოველგვარი ეროვნული, რელიგიური კუთვნილებისა თუ კანის ფერის გარეშე, რომ მზე ერთნაირად „მოეფინება“ ყველას და საწუთროც ერთნაირად დაუნდობელია. ოღონდ გამოხატვის ფორმები გვაქვს ზოგჯერ მკვეთრად განსხვავებული, ზოგჯერ კი იმდენად ერთნაირი, რომ სასიამოვნო გაოცებას იწვევს. ეს მაშინ ვიგრძენი, როცა ლიეტუვური ხალხური სიმღერების კრებული „მწვანე რუტა“ გამოიცა (2008 წ. „კავკასიური სახლი“). ეს რა ძალიან ჩვენნაირები ყოფილან ლიეტუველებიო! – მიზიარებდნენ შთაბეჭდილებას. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი მიუძღვის უფროსი თაობის მთარგმნელთა ჯგუფს. და თუ სხვა ქვეყნის ხალხის ლიტერატურასთან ნაცნობობა ასეთ განცდებს ბადებს ჩვენში, მაშინ, ალბათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის ერთგვარი ხიდის როლს მართლაც თამაშობს.

© photo: courtesy of Nana Devidzeნანა დევიძე ქართველ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად
ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე - Sputnik საქართველო
ნანა დევიძე ქართველ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად

– ლიეტუვაში თქვენ წლების წინ გაგგზავნეს, თუმცა ამ ქვეყნის გასაცნობად სუბიექტური მიზეზიც გაგაჩნდათ. გაიხსენეთ ის დრო და თქვენი პირველი შეხვედრა ლიეტუვასთან...

– სიმართლე გითხრათ, უბრალოდ მინდოდა მენახა ეს მხარე და გავცნობოდი ხალხს, რომლის სიყვარული და სითბოც თან გამოჰყვა მეორე მსოფლიო ომში ტყვედ აყვანილ მამაჩემს... მამას ლიეტუვური ამბები ჩემი ბავშვობის ზღაპრები იყო. გასახსენებელი კი ბევრი მაქვს, მხიარულიც და საინტერესოც. დავიწყებ იმით, რომ იქ ჩასვლის პირველსავე დღეს მოგვპარეს ჩემოდნები და შემოდგომის ვილნიუსში ფაქტობრივად უტანსაცმლოდ დავრჩით...

მერე სადღაც ქალაქგარეთ გამოგვიყვეს საერთო საცხოვრებელი. აღშფოთებული მამიდა, რომელიც თან მახლდა და რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო, შეიძლება ითქვას, „შეიჭრა“ ვილნიუსის უნივერსიტეტის რექტორთან. მაშინდელი რექტორი ცნობილი მათემატიკოსი, ლიეტუვაში მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი იონას კუბილიუსი გახლდათ. ის ძალიან შეწუხდა – ბატონმა ილია ვეკუამ სტუდენტები გამომიგზავნა და ჩვენ ასე მივიღეთო?! მოკლედ, თავისი ფონდიდან მაშინვე გამოგვიყო ახალაშენებულ საერთო საცხოვრებელში ოთახი და შემდეგ მუდმივად კითხულობდა ჩვენ ამბავს – ბატონ ილიას გამოგზავნილი გოგონები როგორ გრძნობენ თავსო. წარმოიდგინეთ, როგორი ამაყები და ბედნიერები ვიყავით... საერთო საცხოვრებელში ჩვენი მეზობლები აღმოჩნდნენ რექტორის თანაშემწე, მაშინ ახალგაზრდა პოეტი და ახლა უკვე ძალიან ცნობილი ვლადას ბრაზიუნასი, მისი მეუღლე ალმა და მათი პატარა ვაჟი დარიუსი, რომელსაც ლამის ქართულად ავადგმევინეთ ენა. ყველანი ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. ვლადასი უფროს ძმასავით გვპატრონობდა. მგონი, დღემდე ასე გრძელდება. იცით, ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი მაშინაც და ახლაც ვხვდები. ეს იმხელა თემაა, რომ ერთი ინტერვიუ მას ვერ დაიტევს.

© photo: courtesy of Nana Devidzeნანა დევიძე ლიეტუველ კოლეგებთან ერთად
ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე - Sputnik საქართველო
ნანა დევიძე ლიეტუველ კოლეგებთან ერთად

– ლიეტუვაში ექსპედიციებში დადიოდით, ექსპედიციის დროს კი გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება ხოლმე...

– ერთი ექსპედიციის ამბავს გავიხსენებ: ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედებდა ფოლკლორული ექსპედიცია, რომლის წევრებიც ყოველ წელიწადს ხალხური სიმღერებისა და ეთნოგრაფიული მასალების შესაგროვებლად ლიეტუვის რომელიმე მხარეს სტუმრობდნენ. ექსპედიცია საკმაოდ დიდი იყო, ლამის ასზე მეტი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ყოველ დილით ორ-სამკაციანი ჯგუფები გადიოდნენ სამუშაოდ. იქ ხუტორებად ცხოვრობდნენ. ერთი ხუტორიდან მეორემდე ზოგჯერ 15-20 კილომეტრი უნდა გაგევლო ფეხით.

ლიეტუვა ტბებისა და ტყეების ქვეყანაა, თუ იქაურობას არ იცნობ, დიდია ალბათობა, რომ გზა აგებნას. მე დამაწყვილეს ვლადასთან და ჩვენ ბაზასთან ახლო მდებარე ხუტორები უნდა მოგვევლო. ანგარიში გამიწიეს, ქართველია და ამ ჩვენ ტყეებში შორს ხეტიალი გაუჭირდებაო. მოკლედ, ერთ დღეს, ერთი ხუტორიდან მეორემდე 18 კილომეტრი რომ გავიარეთ, ფეხსაცმელმა მომიჭირა, დასვენება გადავწყვიტე.

ვლადასს ვუთხარი, შენ წადი, მე კი, აი, ამ სახლთან დაგიცდი-მეთქი. შევპირდი, იქ, სკამზე ჩამოვჯდები და შენ მოსვლამდე ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. დამეთანხმა. მე მარჯვნივ გავწიე, იმან გეზი მარცხნივ აიღო. ერთ მამულს მივადექი. ცხელოდა, მივიხედ-მოვიხედე, ვერვინ დავინახე, მწყუროდა. ვაშლის ხე იდგა. იქაური მწვანე ვაშლი ტკბილი და წვნიანია. მივწვდი და ერთი ცალი მოვწყვიტე... თურმე დიასახლისი ჩუმად მითვალთვალებდა ძველი ხის სახლის სარკმლიდან. ვერ აგიწერთ, რა წივილ-კივილით გამოვარდა, კაცი იფიქრებდა, ქვეყანა დაიქცაო. მოვუბოდიშე – ვერავინ რომ ვერ დავინახე, დაუკითხავად იმიტომ მოვწყვიტე, ძალიან მწყუროდა-მეთქი. უცნაურად შემომხედა, ეს სადაური აქცენტიაო. რომ გაიგო ქართველი ვიყავი, სახეზე ხელები შემოირტყა, ლამის იტირა. სახლში შემიპატიჟა, წყალიც მომიტანა, კარტოფილის ბლინები, შინაური ძეხვი, ყველი, პური ჩამიწყო კალათაში. თან ყოველ წამს მებოდიშება. ახლა მე შევწუხდი და ვუთხარი, თქვენ რა გაქვთ საბოდიშო, მე ვიქურდე-მეთქი.

ცრემლები წამოუვიდა – ქართველს ვაშლი როგორ დაგამადლე, ჩემი ოჯახი ომის მერე ციმბირში გადაასახლეს, მეზობლად ქართველი ოჯახი ჩაგვისახლეს და მე არ მახსოვს, იმათ საქართველოდან ამანათი მიეღოთ და მარტო ეჭამოთო. გახსნითაც კი უჩვენოდ არ ხსნიდნენ, დეიდა ნინო კი ჩემზე საგულდაგულოდ ზრუნავდაო. მოკლედ, მიბრძანა, სანამ ექსპედიციაში ხართ, როცა აივლით და ჩაივლით ჩემ მამულში, იმ სკამთან მოდითო. მე თუ სახლში არ ვიქნები, სკამზე კალათა იდება და წაიღეთ, ექსპედიციაში ამდენ ხალხს განა რა საჭმელი გყოფნითო. აი, ასეთი რამეებიც ხდებოდა. უცხო ჩემიანების დათესილ სიკეთეს მე ვიმკიდი...

© photo: courtesy of Nana Devidzeნანა დევიძე და გიორგი ლობჟანიძე
ლიეტუვური ლიტერატურის ერთადერთი ქართველი მთარგმნელი და უცნობი ნინა დეიდას დათესილი სიკეთე - Sputnik საქართველო
ნანა დევიძე და გიორგი ლობჟანიძე

– ლიეტუვური კულტურა და ტრადიციები რა დონეზეა შემოსული თქვენ ცხოვრებაში?

– რამდენად, ამის განსაზღვრა მიჭირს, ჩვენთან ეს ყოველდღიურობაა. მენიუშიც კი ლიეტუვური კერძები გვაქვს. ყველა ნივთი თუ საგანი ლიეტუვას უკავშირდება. ისინიც ძალიან მოყვარულები, ერთგულები და გულ- და ხელგაშლილები არიან. თანაც ჩვენსავით ჯიუტები. ოღონდ ეგაა, საოცრად მშრომელი და ცნობისმოყვარე ხალხია. გაისად  გრანაუსკასის იუბილეა, მთელი ლიეტუვა აღნიშნავს და მეც მინდა ქართველ მკითხველს მისი თვალით დანახული ლიეტუვა გავაცნო...

 

ყველა ახალი ამბავი
0