04:16 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
კესარია აბრამიძე კონკურსზე

რა ტიტული მიიღო კესარია აბრამიძემ ბარსელონაში და რა მოხდა რეალურად კონკურსზე

© FB / MISS TRANS STAR International Pageant
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
1112810

ქართველი ტრანსგენდერის გულახდილი ინტერვიუ.

28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ბარსელონაში ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსი Miss trans star international გაიმართა, სადაც საქართველო მოდელმა კესარია აბრამიძემ წარადგინა. მართალია, ქართველი კონკურსანტი პირველ ადგილზე ვერ გავიდა, თუმცა მიიღო ტიტული „წლის ვარსკვლავი 2018“ და ხუთეულშიც მოხვდა.

კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე

როგორ მიმდინარეობდა კონკურსი, რა რეჟიმში უწევდათ ცხოვრება კონკურსანტებს და რა სირთულეების დაძლევა მოუხდა კესარიას, ამის შესახებ ის თავად მოგიყვებათ.

– ხუთეულში მოვხვდი და ამის მოლოდინი მქონდა კიდეც. ასეთ მაშტაბურ კონკურსებზე ძალიან რთულია მოხვდე პირველ და მეორე ადგილზე, მით უმეტეს, როცა დანარჩენ კონკურსანტებს დიდი გამოცდილება აქვთ ამ მხრივ. მე პირველად გავედი მსგავს კონკურსზე. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ფაქტი, რომ მსოფლიო დონის კონკურსზე ხუთეულში ქართველი მონაწილე მოხვდა.

– რა რეჟიმში გიწევდათ მუშაობა და რამდენად რთული იყო ეს თქვენთვის?

– როგორც გითხარით, ეს კონკურსი იყო ჩემთვის პირველი და ვფიქრობდი, რომ ძალიან მარტივი იქნებოდა მონაწილეობის მიღება. საქართველოდან ისე წავედი, არც სპონსორი მყავდა, არც გვერდით მდგომი ადამიანები. მახლდა მხოლოდ ჩემი ერთი მეგობარი. სხვა კონკურსანტებს დაახლოებით 10-12 ადამიანი ახლდა თან. ესენი იყვნენ ვიზაჟისტები, მეიქ-აპ არტისტები, სტილისტები, დიზაინერები და ა.შ. მე ჩავედი საქართველოდან აბსოლუტურად მარტო. რაც მთავარია, მსგავსი კონკურის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მიუხედავად ამისა, მოვხვდი ხუთეულში.

რაც შეეხება რეჟიმს, ძალიან რთული რეჟიმი გვქონდა. დილის ოთხ საათზე უნდა ამდგარიყავი. თუ შვიდ საათზე ადგებოდი, მაშინ ორზე ვიძინებდით. გამოძინებასაც ვერ ვასწრებდი. ხუთ საათზე სასაუზმოდ რომ ჩავდიოდი, სხვებს უკვე საღამოს ვარცხნილობები, მაკიაჟი ჰქონდათ. მათ გვერდით ჰყავდათ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში ეხმარებოდნენ. მე ყველაფერის გაკეთება თავად მიწევდა და დროში ვერ ვეტეოდი. მე რომ ოთახის ჩუსტებით ჩავდიოდი, ისინი სასწაულ ფორმაში მხვდებოდნენ. ამ დროს მე ჩემი ბუნებრივი სილამაზე მშველოდა.

გარდა ამისა ვერ გავთვალე ამინდები. მითხრეს, რომ თბილი ჟაკეტი უნდა წამეღო. თბილი ჟაკეტი კი არა, ისე ციოდა, ხან კისერი მიშეშდებოდა, ხან წელი მიშეშდებოდა. დილით ტირილით ვდგებოდი, ცხელი წყლით ვიხსნიდი ტკივილებს და მართლა ძალიან გავწამდი. ეს ერთი კვირა ჩემთვის ტანჯვა იყო. თუმცა ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. გარდა ამისა, იქ ისეთი რაღაცეები ვნახე, რაც გაგონილიც კი არ მქონდა. სხვა კონკურსანტები, ფოტოებზე რომ მყავდა ნანახი, ვერც კი ვიცანი ვინ რომელი იყო. იქ მთავარია გამოიყურებოდე ლამაზად. და ამისთვის, იცით, რას აკეთებდნენ? ჰქონდათ სპეციალური ლეიკოები, რომელიც ტაილანდურ და ჩინურ თვალს ადიდებს. ქართველებს ულამაზესი თვალის ჭრილი რომ გვაქვს, იგივეს იკეთებენ ისინიც. ლეიკოებს იწებებენ თვალებზე, ყურებს ამით იმაგრებენ, ყბებს ათხელებენ, სახის ნაკვთებს იცვლიან. სპეციალურად ჰყავდათ ჩამოყვანილი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა. საბედნიეროდ, მაკიაჟის ძალიან კარგი სპეციალისტი ვარ და მე თავად ვიკეთებდი მაკიაჟს. ჩემთვის ის გარემო ცოტა უცხო იყო და მიჭირდა მორგება.

– თვითონ მონაწილეებს რაც შეეხება, თუ იცოდნენ საქართველოს შესახებ?

– ამერიკის წარმომადგენელმა იცოდა საქართველოს შესახებ და ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა. ყველაფრის მიუხედავად იმდენად აქტიური ვიყავი, რომ ყველა მხრიდან ჯორჯია ისმოდა და ყველამ გაიგო საქართველოს შესახებ.

აქვე მინდა მადლობა ვუთხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში იღებდა კონკურსის მიმდინარეობას და გვერდით მედგა.

– ფავორიტი კონკურსანტი თუ გყავდათ?

– კი, ჩემი ფავორიტი იყო ფერადკანიანი გოგო ანგოლიდან, რომელიც მოხვდა ხუთეულში – ჩვეულებრივი ნაომი კემპბელი იყო.

ჩვენ ძალიან გვქომაგობდნენ თავად ესპანელები და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა. როგორც გითხარით, მე გულშემატკივრები არ მახლდნენ თან, მაგრამ დარბაზიდან სულ ისმოდა ყვირილი „ჯორჯია, ჯორჯია“. ეს სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, უცხო ქვეყნებიდან, რომლებსაც უბრალოდ მოვეწონე.

– არ შემიძლია არ გკითხოთ იმ ვიდეოს შესახებ, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე მოიცვა და კრიტიკის საგანი გახდა. რა მოხდა რეალურად?

– იქ ყველა კონკურსანტს ჰყავდა თავისი თარჯიმანი. მე, როგორც გითხარით, არ მქონდა დაფინანსება, შესაბამისად, ჩემი ხარჯებით ვერ შევძელი თარჯიმნის წაყვანა. მე რომ წამეყვანა სტილისტი, ვიზაჟისტი, თარჯიმანი, ეს კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. ისედაც საკმაოდ დიდი თანხა დამიჯდა იქ წასვლა... ამდენი პრობლემის და სირთულის შემდეგ ხალხი გაკრიტიკებს, რატომ უკეთესი კაბა არ ჩაიცვიო. მე რისი საშუალებაც მქონდა ის ჩავიცვი. სხვათა შორის, საკმაოდ ძვირადღირებული კაბა იყო. მისი შეკერვა 3 000 დოლარზე მეტი დამიჯდა. რომელ ქვეყანასაც ჰქონდა პირველობის ინტერესი და დააფინანსა თავისი კონკურსანტი, პირველი ადგილიც აიღო.

კესარია აბრამიძე
photo: courtesy of Kesaria Abramidze
კესარია აბრამიძე

დავუბრუნდეთ თარჯიმნის ამბავს. თარჯიმანი იყო ჩემთვის სრულიად უცნობი ქართველი ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და დამეხმარა. 25 წელია რაც ეს ადამიანი ცხოვრობს ესპანეთში და უკვე ძალიან უჭირს ქართულად მეტყველება. ეს გოგო დამხვდა აეროპორტში და მიმიყვანა დანიშნულების ადგილზე, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ მისი. სამწუხაროდ, მან არასწორად გადამითარგმნა კითხვა. რაღაც არაადეკვატურად ჟღერდა ეს კითხვა და შესაბამისად მეც არაადეკვატური პასუხი გამომივიდა. ცოტა დავიბენი, ცოტა გავბრაზდი კიდეც. ბევრი წერდა, რომ ორი სიტყვა ინგლისური მესწავლა, რომ უინტელექტო ვარ. ძალიან კარგად მესმის ინგლისური, უბრალოდ მიჭირს მეტყველება და არ მინდოდა ჩვენი ზოგიერთი პარლამენტარით დავმდგარიყავი სცენაზე და აქცენტით და დამტვრეული ინგლისურით მესაუბრა. რატომაც არა, უნდა გაჟღერებულიყო მსოფლიო სცენაზე ქართული ენა. იქ ყველა თავის ენაზე მეტყველებდა და ჰყავდათ თარჯიმნები.

 

მთავარი თემები