07:41 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ანდრია ვაჭრიძე

თეატრი ფრენაა – საუკეთესოდ დასახელებული მსახიობი სცენის მემანქანე, მუშა და დეკორატორია

© photo: courtesy of Andria Vachridze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
36620

ცნობილია, რომ მსახიობი ნიკოლას ქეიჯი ოდესღაც პოპკორნს ჰყიდდა ლოს-ანჯელესის თეატრში, ხოლო ჟან რენო სცენის მუშა ყოფილა და პირველად სწორედ იქ შეამჩნიეს. ეს ორი ფაქტი თეატრისა და კინოს ისტორიაში გამონაკლისი არ არის...

ჩვენი რესპონდენტი „ილიაუნის“ თეატრში სცენის მემანქანე, დეკორაციის შემქმნელი და სცენის მუშაა, რაც მთავარია, მესხეთის თეატრის მსახიობია და ის საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციამ 2016-2017 წლის თეატრალურ სეზონზე საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად დაასახელა. წელსაც თეატრალურ პრემიაზე „დურუჯი” საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზეა წარდგენილი. ჩვენ „ავანსცენაზე“ ნიჭიერი მსახიობი ანდრია ვაჭრიძეა. 

ანდრია ვაჭრიძე
ანდრია ვაჭრიძე

– ანდრია, თუ გავითვალისწინებთ იმ გზას, რაც იმ პოპულარულმა მსახიობებმა და თქვენ გაიარეთ, მთავარი წარმატება ჯერ წინ გაქვთ...

– გეთანხმებით, რომ მსოფლიო სამსახიობო ისტორიაში უამრავი ფაქტია, როდესაც მსახიობები ისე იწყებენ, როგორც აღნიშნეთ. მეც მათ რიგში ვარ. ისე, რამხელა პატივია ზემოთ ხსენებულ მსახიობებს შორის ჩემი სახელი და გვარიც რომ მოვაქციე?!. მე ახლაც სცენის მუშა (მემანქანე) ვარ და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ასევე ვგიჟდები, როდესაც სახელოსნოში "ვფუსფუსებ" და სპექტაკლის დეკორაციას ვქმნი – საოცარი პროცესია. თეატრი ჩემთვის ყველაფერია, პირველ რიგში, ეს არის სივრცე, სადაც თავისუფლება აღმოვაჩინე: აქ ვარ ის, ვინც ვერასოდეს გავხდებოდი სხვა პროფესიაში. აქ ყველაზე ლაღი და შეშლილი ვარ. თეატრი ჩემთვის აღტაცებაა და ფრენა, ფრენა მარადისობისაკენ...

სცენა სპექტაკლიდან შეშლილის წერილები
სცენა სპექტაკლიდან "შეშლილის წერილები"

– პირველი მსახიობი ხართ ოჯახში თუ ოჯახური ტრადიციაა? 

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს არაა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. ჩემ ოჯახში მხოლოდ მე ვარ მსახიობი, მაგრამ ახლა უკვე მარტო აღარ ვარ, რადგან ჩემი მეუღლე, თამთა გაბუნიაც მსახიობია. ასე რომ, მარადისობისაკენ მიმავალ გზაზე მეგზური უკვე ვიპოვე. ამ გზის საწყისი ჩემთვის არც თუ ისეთი მარტივი იყო, სწორედ იმიტომ, რომ მე არა მსახიობთა ოჯახის შვილმა თეატრალურში ჩაბარება მოვინდომე. სამჯერ ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში და არ მიმიღეს. ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დრამის რეჟისურა დავამთავრე. თუმცა მერე მაინც მსახიობობა ვარჩიე, ჯერჯერობით, რადგან არაფერს გამოვრიცხავ.

ანდრია ვაჭრიძე
ანდრია ვაჭრიძე

– თქვენ 29 წლის ხართ და 30-ზე მეტი როლი გაქვთ ნათამაშები. ეს ცუდი შედეგი არ არის...

– გეთანხმებით, ეს მართლაც არ არის ცუდი შედეგი. ეს არის ჩემი მონდომების, პასუხისმგებლობის, გაგიჟების და გაფრენის შედეგი. 30-ზე მეტი როლი - ეს 30-ჯერ მეტი სიხარული, აღელვება და გულის აჩქარებაა, 30-ზე მეტი აფიშაა, სადაც შენი სახელი და გვარია და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე. ვგიჟდები ჩემ მაყურებელზე. მალე კიდევ ერთი პერსონაჟი დაემატება ჩემ სამსახიობო ბიოგრაფიას – ბატონმა ვახტანგ ბერიძემ, რომელიც მესხეთის თეატრში დგამს პიესას „გადაგდებული პორტრეტი", საინტერესო როლი შემომთავაზა.

სცენა სპექტაკლიდან ანტიგონე
სცენა სპექტაკლიდან "ანტიგონე"

– გაიხსენეთ მოულოდნელი იმპროვიზებული პასაჟი, რომლის შესრულებაც სცენაზე მოგიწიათ?

– ჰოო, იყო ასეთი შემთხვევა: სპექტაკლი-ვოდევილი „ჭკუისა მჭირს" „ილიაუნის“ თეატრში ჩემმა პედაგოგმა, რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. სპექტაკლში არის ასეთი პერსონაჟი დათიკო, რომელსაც ერთი ჩვენი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობდა. ის ბიჭი პარალელურად სამხედრო სავალდებულო სამსახურშიც იყო. ამ სპექტაკლში მე არ ვთამაშობდი, უბრალოდ ბენდში, რომელიც სპექტაკლში ცოცხლად უკრავდა, დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი დათიკო ჯარიდან ვერ თავისუფლდება და ეს ამბავი სპექტაკლის დაწყებამდე ათი წუთით ადრე გავიგეთ. ხალხი ფოიეშია, სრული ანშლაგია, თეატრში – სრული პანიკაა... სპექტაკლის მოხსნა არ გამოვა. რა უნდა ვქნათ?! ამ დროს ავდივარ საგრიმიოროში და ვამბობ, ამ როლს მე ვითამაშებ და მერე ისევ გავაგრძელებ დაკვრას–მეთქი. დათიკოს მხოლოდ ერთი სცენა ჰქონდა და მისი ტექსტიც ვიცოდი, რადგან ბევრჯერ მქონდა სპექტაკლი ნანახი. მოკლედ, ამ როლზე შევედი. შევედი და, როგორც მითხრეს, კარგად გავართვი თავი. ამის მერე კულისებში გავედი და მერე ისევ სცენაზე შემოვძვერი, ხალხს მივესალმე და დაკვრა გავაგრძელე. მაყურებელი გაოცებული მიყურებდა და ეს მონაკვეთი რეჟისორს ალბათ განსაკუთრებულ მიზანსცენად ჩაუთვალეს...

სცენა ილიაუნის სპექტაკლიდან ოპერა მაფიოზო
სცენა "ილიაუნის" სპექტაკლიდან "ოპერა მაფიოზო"

– თეატრის გარდა ტელევიზიაშიც ხართ ნამუშევარი - იყავით ტელეკომპანია „მაესტროს“ ხმა, როგორ მოხვდით იქ?

– ჯერ იმას გეტყვით, რომ ბავშვობის ოცნება იყო, რომ ჩემი ხმა ტელევიზორიდან მომესმინა. პატარა ასაკში მეგონა, რომ ეკრანში მინიატურული ადამიანები ისხდნენ და ისე ლაპარაკობდნენ. ალბათ ჩემ გარდა ასე ბევრს ეგონა. ერთხელ ჩაქუჩი ავიღე და ეკრანი დავამსხვრიე იმ იმედით, რომ იქ მყოფებს დავიჭერდი. რაც შეეხება „მაესტროს“, ამ ტელეკომპანიის ხმა 2011-დან 2017-მდე ვიყავი. ჩემ ცხოვრებაში ეს წლები ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პერიოდი იყო. „მაესტროში“ რეკომენდაცია ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ვასიკო ოდიშვილმა გამიწია. მოკლედ, ამისრულდა ოცნება და გახმოვანების ჯიხურში მოვხვდი. ეს იყო საოცარი და მისტიკური შეგრძნება. მახსოვს, გული როგორ მიცემდა, ამ საქმეს მალევე ავუღე ალღო. 

ანდრია ვაჭრიძე
ანდრია ვაჭრიძე

– საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციამ თქვენ 2016-2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად დაგასახელათ...

– მაგ წლების თეატრალური სეზონი ჩემთვის საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. ორი სპექტაკლით დავსახელდი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად. ამისთვის საქართველოს საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის თეატრმცოდნეებს მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ. ეს იყო სპექტაკლები „ჩარლის დეიდა", რომლის რეჟისორიც კახა გოგიძე იყო, და „ჩეხოვი. რეპეტიცია" – რეჟისორი გაბრიელ გოშაძე. უღრმესი მადლობა მათაც. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო, თითქმის ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდა რეპეტიციები. სპექტაკლში „ჩარლის დეიდა" დეიდას ვთამაშობ. საკმაოდ რთულია მოირგო და გაითავისო ქალის როლი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავი გავართვი და სპექტაკლს დღემდე ბევრი მაყურებელი ჰყავს. მეორე სპექტაკლმა – „ჩეხოვი. რეპეტიცია", რომელმაც საფრანგეთში იმოგზაურა სტუდენტურ ფესტივალზე, სადაც მისი პრემიერა შედგა, ასევე დიდი წარმატება მოგვიტანა. აქ ხუთ პერსონაჟს ვთამაშობ და ეს იყო საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო, რადგან მქონდა საშუალება ჩემი სამსახიობო უნარები კარგად წარმომეჩინა.

ანდრია ვაჭრიძე
ანდრია ვაჭრიძე

– წელსაც თეატრალურ პრემიაზე „დურუჯი” საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი...

– დიახ, წარდგენილი ვარ რუსთავის თეატრის სპექტაკლში "შეშლილის წერილები" შესრულებული როლისთვის. ასე რომ, ეს წელიც წარმატებული აღმოჩნდა, არ ვიცი, რა შედეგით დასრულდება დაჯილდოება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, რადგან რუსთავის თეატრის დასის წევრების მხრიდან, ტექნიკური ჯგუფიდან, ასევე თეატრის მაყურებლიდან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. მაძლიერებს მათი გულწრფელი შეფასებები და აღფრთოვანება სპექტაკლის შემდეგ – ეს უდიდესი გამარჯვება და ჯილდოა. ამ სიამოვნების მონიჭებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამხატვრო ხელმძღვანელს და სპექტაკლის რეჟისორს, ბატონ სოსო ნემსაძეს.

ანდრია ვაჭრიძე
ანდრია ვაჭრიძე

– ხომ არ გახსენდებათ თქვენი რომელიმე გმირის ფრაზა, რომელსაც ცხოვრებაშიც ხშირად იმეორებთ?

– ეს არის ფრაზა ჟან ანუის პიესიდან "ანტიგონე", რომელსაც დღემდე ვთამაშობთ „ილიაუნის“ თეატრში. ამ სპექტაკლში მთხრობელს, ქოროს ვთამაშობ. ფრაზა, რომელსაც მეფე კრეონი ამბობს, ასეთია:

„ცხოვრება გადაშლილი წიგნია, შენს ფეხებთან მოთამაშე ბავშვია, ხელში ჩაბღუჯული იარაღია, შენ სახლთან, ბაღში ჩადგმული სკამია, რომელზედაც საღამოობით უნდა დაისვენო ხოლმე"...

 

მთავარი თემები