ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილი
ლალი შიუკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ამერიკაში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეს ლალი შიუკაშვილს გაგაცნობთ.

მის შესახებ საქართველოში პირველად ტელევიზიის საშუალებით გაიგეს, როდესაც დიდი ხნის უნახავ შვილს მოულოდნელად პირდაპირ სცენაზე შეახვედრეს. მას შემდეგ წლები გავიდა, დღეს ამერიკაში ცხოვრობს და ნოსტალგიას საოცარი ხელნაკეთი ნივთების დამზადებით იქარვებს. მისი ნამუშევრები უკვე რამდენჯერმე გამოიფინა საქართველოში... მის გარეშე.

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილი
ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი - Sputnik საქართველო
ლალი შიუკაშვილი

– ქალბატონო ლალი, ემიგრანტი დედის და მსახიობი შვილის მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრა დღესაც ახსოვთ საქართველოში...

– მახსოვს, მაშინ საქართველოში დაბრუნებისთვის და უფროსი ვაჟისთვის სიურპრიზის მოსაწყობად დიდხანს ვემზადებოდი. მეგობრების დახმარებით, განსაკუთრებით კი მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის ძალისხმევით ყველაფერი იმაზე ლამაზად გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდი. ჩვენი შეხვედრა, რომელიც სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა წინაშე შედგა, ბევრმა ადამიანმა გადაიღო და იმ საღამოსვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. უამრავი კომენტარი დაიდო, ძირითადად გვეფერებოდნენ, უხაროდათ ჩვენი სიხარული, თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, იყო აგრესიული გამოხმაურებაც – გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საშინელებები დაწერეს. ეს ამბავი იმდენად განვიცადე, რაღაც პერიოდი სოციალურ ქსელში არსებობის და ვინმესთან კონტაქტის სურვილი აღარ მქონდა.

– მას შემდეგ თქვენ ცხოვრებაში ახალი და თქვენთვისვე მოულოდნელი გატაცება გაჩნდა...

– ამ პერიოდმა, საკუთარ თავთან ჩაღრმავებამ ახალი იდეები და ახალი გატაცება მოიტანა: ჯერ აბრეშუმის ლენტები აღმოვაჩინე, მერე ის, თუ რა საოცარი სამყარო და ნამუშევრები შეიქმნა მათი დახმარებით. დღეს, როცა მეგობრების თვალთახედვიდან ვქრები, ხუმრობენ – ალბათ რაიმე ახალ სიგიჟეს ჩადის და „თვალებს ითხრისო“. მერე, როცა ნაქარგი ან რაიმე კომპოზიცია იბადება, პირველი შემფასებლები ხდებიან. კომპოზიციების, სურათების შესაქმნელად ვიყენებდი ყველა მასალას, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა – ნაჭრებს, საქსოვ თუ მულინის ძაფებს, ატლასისა და აბრეშუმის ლენტებს, მძივებს, ღილებს... დასრულებულ სურათებს საქართველოში ვგზავნიდი. ეს ნაქარგები უჩემოდ რამდენჯერმე გამოიფინა.

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილი ქალიშვილთან ერთად
ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი - Sputnik საქართველო
ლალი შიუკაშვილი ქალიშვილთან ერთად

– მათი შექმნის შთაგონების წყარო რა ხდებოდა?

– მახსოვს, თითოეული სურათის შექმნის მომენტი, ის, თუ რაზე ვფიქრობდი, ვდარდობდი ან ვოცნებობდი იმ პერიოდში, როცა ეს ნაქარგი იბადებოდა. შთაგონების წყარო ხანდახან შემოდგომის წვიმიანი დღეც გამხდარა, ან ვისიმე მონატრება, ან რაიმე ძველი ამბის გონებაში ამოტივტივება. რამდენიმე თვის წინ ქვებმა და მძივებმა დამაინტერესა. პირველად ვცადე სამკაულების შექმნა და ამბობენ, რომ ურიგოდ არ გამომდის. თუმცა ვთვლი, რომ ჯერ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესოა, იმდენად გიტაცებს, რომ რეალობას წყდები. დასრულებული სამკაული ხასიათით თითქოს გემსგავსება. ხან ძალიან ფერადია და მხიარული, ხან სევდიანი და მშვიდი ტონებით... გამოფენას გაზაფხულზე ვგეგმავ. წინ ზამთარია, იდეების გაცოცხლების დრო.

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილის ნამუშევარი
ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი - Sputnik საქართველო
ლალი შიუკაშვილის ნამუშევარი

– ამერიკული პერიოდის პირველი წლები როგორ გახსენდებათ?

– უკვე ცხრა წელია ამერიკაში ვცხოვრობ. პირველი ორი წელი შიშის, დაბნეულობის, განცდების და ახალი, დიდი შთაბეჭდილებების პერიოდი გახდა – როცა აცნობიერებ, რომ 38 წლის ასაკში ფაქტიურად თავიდან იწყებ ცხოვრებას. და ის, თუ როგორი იქნება შენი „ახალი ცხოვრება“, მთლიანად დამოკიდებულია შენ გამძლეობაზე, ნებისყოფაზე, ბრძოლის უნარზე და შრომისმოყვარეობაზე. ცხადია უნდა გაგიმართლოს კიდეც. საქართველოში დატოვებული ოჯახის, შვილების მონატრების დარდი და უძილო ღამეები საყვარელმა საქმემ გახადა გასაძლისი, ვქარგავდი ისტერიულად. განვლილმა წლებმა იმაში დამარწმუნა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და უფალი ყოველთვის გაძლევს იმას, რაც ნამდვილად გსურს, რისთვისაც იხარჯები და შრომობ.

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილის ნამუშევარი
ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი - Sputnik საქართველო
ლალი შიუკაშვილის ნამუშევარი

– როგორც წესი, რაიმე უჩვეულო და საინტერესო ამბავი გამახსოვრებინებს ხოლმე ამა თუ იმ დღეს და დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევს...

– ერთმა უჩვეულო დღემ დამამახსოვრა თავი: ამერიკაში ახალჩამოსული, ირლანდიელების ოჯახში მოვხვდი, უკარგეს, პოზიტიურ ადამიანებთან, რომელთაც ამ ოჯახის ლამის სიმბოლოდ ჰქონდათ ღიმილი. აი, ისეთი, ჩვენ რომ ვიყენებთ ხოლმე კომენტარებში, ყვითელ წრეში ჩახატულ ღიმილიან სახეს. შესასვლელ კარზე, ეზოში უზარმაზარ ხეზე, ჩაის ჭიქებზე – ყველგან ეს სიმბოლო იყო. ეს ტრადიცია ოჯახის უფროსს დაუწესებია და შვილები აგრძელებდნენ. ერთ დღეს მომაკვდავ დედას ყვავილები და ფერადი ბუშტები მოუტანეს. ერთ-ერთი ბუშტი ღიმილიანი სახე იყო და ის საწოლის წინ დაამაგრეს იმ იმედით, რომ როცა გონზე მოვიდოდა, გაღვიძებულ ჰელენს დაენახა და გახარებოდა. შუაღამით ჰელენის ოთახიდან ხმა მომესმა. გაოცებული შევვარდი ოთახში და დავინახე გონზე მოსული ჰელენი, რომელიც სივრცეში იყურებოდა და სახეზე ბედნიერი ღიმილით ვიღაცას ესაუბრებოდა: „გრეგ, გაჩერდი, აღარ შემიძლია ამდენი სიცილი, სუსტად ვარ!“ მე, ცოტა არ იყოს, შეშინებულმა ვკითხე: „ვის ესაუბრებით მის ჰელენ? აქ არავინ არის“. მან მიპასუხა: „როგორ არა, ვერ ხედავ? გრეგი მოვიდა, ჩემი მხიარული ქმარი და მეუბნება, რომ დროა წავიდე და თან მაცინებს“. სიკვდილზეც კი ასე შეუძლია ხუმრობა, ნამდვილი გადარეულიაო – ღიმილით მითხრა ჰელენმა და კიდევ ერთხელ დატუქსა უჩინარი გრეგი. მე ჯიუტად დავიწყე გამეორება, რომ ოთახში არავინ არის. უცებ ჩაკეტილ, ფანჯრებდახურულ ოთახში რაღაც ძალამ სადგამზე საგულდაგულოდ ჩამაგრებული ფერადი ბუშტებიდან ერთ-ერთი, ზუსტად ის, ყვითელი, ღიმილიანი სახე მოგლიჯა და ჭერში მთელი ძალით აახეთქა! გაგიბრაზდაო – გაეცინა ჰელენს. მე კი შიშისგან გულგახეთქილი კიბეზე დავეშვი ჰელენის შვილის გასაღვიძებლად. ოთახში დაბრუნებულებს ჰელენი მიძინებულივით დაგვხვდა, ტუჩის კიდეზე შერჩენილი ღიმილით, უცნაურად მშვიდი და თითქოს ბედნიერი სახით. ამ ამბის შემდეგ მჯერა, რომ მართლა არსებობს იქითა, ჩვენ თვალსაწიერს მიღმა არსებული სამყარო და რომ სიკვდილით არაფერი მთავრდება...

© photo: courtesy of Lali Shiukashviliლალი შიუკაშვილის ნამუშევარი
ჭრელი ლენტებით გაფერადებული უცხოობა, ღიმილაკიანი ბუშტი და საიქიოდან მობრუნებული გრეგი - Sputnik საქართველო
ლალი შიუკაშვილის ნამუშევარი

– რაში დაგარწმუნათ განვლილმა წლებმა და როგორია სათქმელი, რომელსაც ყველას ეტყოდით?

– ემიგრაციაში წასვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიხარია, რომ ჩემი შვილები საქართველოში მყარად დგანან ფეხზე, აქვთ საყვარელი საქმე, შრომობენ და საკუთარ ქვეყანაში ცდილობენ კვალის დატოვებას. მინდა მოვეფერო და ვანუგეშო, ჩემი წილი სიყვარული ვუწილადო ჩემსავით უცხო მიწაზე გადახვეწილებს თუ საქართველოში დარჩენილებსაც. ისეთი ცხოვრება დადგა, წასვლაც და დარჩენაც – ორივე რომ გმირობის ტოლფასია. გამძლეობას და მშვიდობას გისურვებთ ყველას, მალე სამშობლოში ბედნიერად ცხოვრების დრო დამდგარიყოს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0