გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა?

გამოწერა
გერმანელები საქართველოში – ეს თემა ჩვენთვის უცხო არ არის, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საქართველოში არსებობდა დასახლებები, სადაც მათ ევროპული კულტურა და ტრადიციები შემოიტანეს.

ჩვენი რესპონდენტი ამ თემის საოცარი გაგრძელებაა, მასზე რომანიც კი შეიძლება დაიწეროს. მეცნიერი და მკურნალი ვოლფ მაიერი საქართველოში 90-იან წლებში ჩამოვიდა და საკუთარი ალტერნატიული მეთოდით აქ ბევრი განკურნა. მის შესახებ ხმამ ჩვენ პატრიარქამდეც მიაღწია. არაორდინალური პიროვნებაა და როგორც თავად ამბობს, ჩვენ ქვეყანაში ქართველი ქალის თავის ქალამ მოუხმო და „პეპლის მეორე ფრთის“ საძებნელად ჩამოვიდა...

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერი და ლალი გელაშვილი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერი და ლალი გელაშვილი

საქართველოში ქართველი ლალი გელაშვილი შეირთო ცოლად და სამუდამოდ დასახლდა. უფრო მეტიც, გერმანელი მეცნიერი ჩვენთან მართლმადიდებლურად მოინათლა, ნიკოლოზი დაირქვა და ყველგან ამბობს, რომ ქართველია. თბილისში გიორგიწმინდას დასახლებაში საკუთარი ხელით აგებულ სახლში ცხოვრობს. მისი სახლის სახურავზე დამონტაჟებულია სამკუთხა პირამიდა, სახლის ცენტრში კი ჯაჭვზე ჩამოკიდებული, მის მიერ მაკრამეს ტექნიკით მოქსოვილი სავარძელი, სადაც მედიტირებს ხოლმე. სულ ცოტა ხნის წინ ორ სეანსში მან ხერხემალი გაუსწორა 22 წლის გოგოს, რომელიც 16 წლიდან ფაქტობრივად, ვერ იმართებოდა. ვფიქრობთ, ამ უჩვეულო ადამიანზე მომზადებული მასალა დაგაინტერესებთ.

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერის ნახელავი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერის ნახელავი

– ბატონო ვოლფ, თქვენ საქართველოში 90-იან წლებში ჩამოხვედით, მანამდე ჩვენ ქვეყანაზე, თურმე, მხოლოდ ფრიდრიხ ბლუმენბახის თეორიიდან გამომდინარე გქონდათ ინფორმაცია...

– გერმანელებს ისტორიულად საქართველოსა და ქართველების მიმართ დიდი სიმპათია ჰქონდათ. არსებობდა ასეთი ანთროპოლოგ-ანატომი, გერმანელი მეცნიერი ბლუმენბახი, რომლის თეორიით, არიული რასის აკვანი კავკასიაა, ხოლო ქართველი ქალის თავის ქალა არიული რასის უნიკალური ეგზემპლარია ყველაზე იდეალური ფორმებით. როცა საქართველოში მოვხვდი, მხოლოდ ამ ინფორმაციას ვფლობდი. ასე ვთქვათ, აქ ქართველი ქალის თავის ქალამ „დამიძახა“...

მაშინ შევარდნაძის დრო იყო და ხალხს ელემენტარული საარსებო პირობები არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი დამუხტული იყო უნიკალური ენერგიით, აურით, რაც დღემდე სხვაგან ვერსად აღმოვაჩინე. სულ რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი, როცა რკინიგზის სადგურთან, ბაზრობაზე წყალი ვიყიდე. მოხუცმა გამყიდველმა როცა გაიგო გერმანელი ვიყავი, დამელოდეო, მითხრა და გაქრა. მერე შამპანურით ხელში დაბრუნდა, რამაც ძალიან გამაკვირვა – ის ხომ კაპიკებზე მუშაობდა. პირველად რომ ხარ საქართველოში, ეს ვადღეგრძელოთო. სადღეგრძელო რა იყო, ესეც მაშინ გავიგე პირველად...

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერი

– რაში მდგომარეობს მკურნალობის თქვენეული მეთოდი?

– დავიბადე და ვცხოვრობდი გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში. ორივე მშობელი ექიმი მყავდა და მათ გვერდით კლინიკაში ვიზრდებოდი. ფაქტიურად ბავშვობიდან დაიწყო ჩემი პრაქტიკული სამედიცინო განათლება და პაციენტებთან ურთიერთობა. რომ იტყვიან, დაბადებიდან მკურნალი ვარ. მამაჩემმა ცხოვრების ნაწილი ტიბეტში გაატარა. იქ შეისწავლა მკურნალობის მეთოდი, რომელსაც აკუპრესურა უწოდა. გაგიგიათ, ალბათ, აკუპუნქტურა, ეს მეთოდი მისი მსგავსია, ოღონდ ნემსების ნაცვლად მკურნალობა ადამიანის მერიდიანებზე თითების დაჭერით ხდება. საუკეთესო ვარიანტია, როცა მკურნალს ხელში ბიოდენებიც აქვს. მამაჩემმა და დოქტორმა ბუჰონმა გამოუშვეს პირველი წიგნი აკუპრესურაზე. შემდგომ უამრავი რამ დაიწერა და ევროპაში მკურნალობის ეს მეთოდი ძალიან პოპულარული გახდა. სამედიცინო უნივერსიტეტი გერმანიაში დავამთავრე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ავადმყოფი ადამიანის განკურნება უფრო ალტერნატიული მედიცინის დახმარებით შეიძლება. შემდგომ დოქტორ ბუჰონის სკოლაში შევისწავლე ჰომეოპათია, აკუპრესურა, აკუპუნქტურა, კლასიკური მასაჟი და მუშაობაც იქვე გავაგრძელე. ილია მეორის კურთხევით ბევრი ღვთისმსახური მაკითხავს და იკურნება. ამას წინათ მივიღე ერთი ჩავარდნილი მამაო, რომელმაც პირველივე სეანსის მერე ღვთისმშობლის დაბადების დღეს ტაძარში იქადაგა და დღეს უკვე თავისუფლად გადაადგილდება. ამჟამად ძირითადად ვმკურნალობ ხერხემალს, სახსრებსა და ორთოპედიულ დაავადებებს, თიაქარს და მენისკს ოპერაციის გარეშე ვკურნავ.

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერისა და ლალი გელაშვილის ჯვრისწერა
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერისა და ლალი გელაშვილის ჯვრისწერა

– ვიცი, რომ ადამიანის აურას ხედავთ, საინტერესოა, მის მიხედვით ადამიანის მარტო ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ მისი ბუნებაც დაინახოთ?

– როცა ვმკუნალობ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მამა გვერდით მიდგას. მისგან უამრავი რამ ისეთი ვისწავლე, რასაც ვერსად წავიკითხავდი. სულ პატარა ვიყავი, როცა უღრან ტყეში მივყავდი და სამყაროს ხედვასა და მოსმენას მასწავლიდა უკუნ სიბნელეში. იქ დავინახე ჯერ ხეების, მერე დანარჩენი ცოცხალი არსებების და მერე ადამიანების აურა, რომელიც ყველას და ყველაფერს აქვს. ისინი სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმისაა, ცვალებადია და ინფორმაციული. თუმცა ამ ბოლო დროს შევხვედრივარ ადამიანებს აურის გარეშე, ისინი დიდ ნაცრისფერ სიცარიელეში იმყოფებიან. ყველაზე ლაჟვარდოვანი აურა, რაც მინახავს, ილია მეორეს ჰქონდა, მთელი სართული, სადაც მას ვმკურნალობდი, საოცარი ნათელით იყო სავსე. შორიდან გაბრწყინებული იყო იქაურობა... იგი ჩემ ხელებში იძინებდა და ენით აუწერელი გრძნობა მეუფლებოდა – მადლიერების, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის...

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერი და ლალი გელაშვილი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერი და ლალი გელაშვილი

– აცხადებთ, რომ ქართველი ხართ, როდის იგრძენით ამ ქვეყანასთან ასეთი ძალის სულიერი კავშირი?

– აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ეს მიწა და ხალხი ანდამატივით მიზიდავდა. დავხეტიალობდი ძველი თბილისის ქუჩებში, სადაც ხშირად მპატიჟებდნენ. ერთხელ ისეთმა გაჭირვებულმა გამიშალა სუფრა, რომელსაც სახლში მხოლოდ ერთი ფეხმოტეხილი სკამი ედგა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ეს სტუმარი კაცი უკვე აქ ჩაგისახლდით და ახლა რომ მეკითხებიან საიდან ხარო, ამაყად ვპასუხობ, ქართველი ვარ–მეთქი! ქართული სალაპარაკო ენა დამოუკიდებლად შევისწავლე, წერა-კითხვა ცოტა მიჭირს. საქართველოში მართლმადიდებელი გავხდი და ნიკოლოზად მოვინათლე. აქ ძალიან ბევრს ვმუშაობ და ასე მგონია, რომ მთელ საქართველოს ხერხემალი სტკივა. პაციენტთან რომ მივდივარ, მეუბნება, შენ თუ მომარჩენ, ძეგლს დაგიდგამო. გამოდის, რომ ყველა ქუჩის ბოლოს ჩემი ძეგლი დგას.

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერის ნახატი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერის ნახატი

– მკურნალობის სეანსებისგან თავისუფალ დროს ხელნაკეთ ნივთებსაც ამზადებთ...

– თავისუფალ დროს ხეზე ვმუშაობ, ვჭრი, ვკვეთავ და ავეჯს ვქმნი. ჩემი სახლიც და ინტერიერიც ჩემი ხელით მაქვს აწყობილი. ხანდახან კერვაც მიწევს და ხატვაც. 2300-კვანძიანი მაკრამეს სავარძელიც ჩემი ხელითაა გაკეთებული. თუ გარშემო ყველაფერი შენი გაკეთებულია, შენც იზრდები და ფართოვდები. უფრო დიდი ფილტვები გაქვს, თვალები, გული. ისინი შენი ენერგიის და ვიბრაციების მატარებლები ხდებიან და  მეგობრებივით გვერდით გიდგანან, გიცავენ და უყვარხარ. რატომაა, რომ შენი ხელით მოყვანილ ხილსაც და ბოსტნეულსაც სხვა გემო აქვს და წამლად გერგება? იმიტომ, რომ ზრდის პროცესში შენს ინფორმაციულ ველს ინაწილებს და შენი ნაწილი ხდება. ამიტომ პატარა ბოსტანიც მაქვს, ვენახიც და ეს შეგრძნება გამოცდილი მაქვს. ზოგ მცენარეს, სანთელს და დინდგელს „მწვანე აფთიაქში“ ვყიდულობ. ზოგი მალამოს დასამზადებლად კი მცენარისთვის ღამე მივდივარ თიანეთის ტყეში, რადგან ისინი მხოლოდ ღამე ჩანს განსაკუთრებული ნათების გამო.

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერი და მისი მეუღლე ლალი გელაშვილი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერი და მისი მეუღლე ლალი გელაშვილი

– საყვარელ ადამიანს „პეპლის მეორე ფრთას“ ეძახით, იცით, როგორ იპოვოს ადამიანმა მეორე ფრთა ისე, რომ ფრენა შეძლოს?

– პეპლის მოვლენა ამ ქვეყნად ადამიანის სულის განსხეულების მსგავსია. მატლი სახლს იქსოვს, იკეტება და იქ პეპლად გადაიქცევა. ჩემი აზრით, ეს არის ერთი სულის ორად გაყოფის პირველი ხილული პროექცია. პეპელას ხომ ორი ერთნაირი, იდენტური ფრთა აქვს - ნახატი სარკისებური ეფექტით, ეს არის ერთი სულის ორი მხარე. ყველა ადამიანს ჰყავს მეორე ნახევარი, რომელიც მხოლოდ მისი ნახევარია, მისი ნაწილი, როგორც მეორე ფრთა. მხოლოდ მისი აღმოჩენის და ერთად ყოფნის შემთხვევაში აფრინდება თქვენი პეპელა. სხვა შემთხვევაში იცოცხლებთ, მაგრამ მხოლოდ ჭუპრივით – ვერ იფრენთ. როგორ ამოვიცნოთ? პირველ რიგში, უნდა იგრძნოთ, რომ ის ის არის, ვის გარეშეც ვერ შეძლებთ სიცოცხლეს. უნდა იგრძნოთ, რომ მას მანამდეც იცნობდით, ვიდრე შეხვდებოდით. გიყვარდათ მისი თვალები, ხელები, სუნი, გემო. ორივეს თითქმის ყველაფერი ერთნაირად მოგწონთ ან არ მოგწონთ: საჭმელი, მუსიკა, დასვენება, ადამიანები. მას ვერ ეჩხუბებით, რადგან ამით ძალიან აზიანებთ საკუთარ თავს. თქვენი სულები ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ. შეუძლებელია ამ პროცესის შეჩერება და როცა ერთად ხართ, თავდაპირველად ფიზიკურ დონეზე ხდება პოზიტიური ტრანსფორმაციები, შემდეგ სული სიმშვიდესა და ნირვანას პოულობს და ფერიცვალება იწყება. იმის გაკეთებას იწყებთ, რაც თქვენში იყო, მაგრამ თვლემდა. თავისუფლდებით და  ბედნიერი ხართ...

© photo: courtesy of Lali Wolfiვოლფ მაიერი და მისი მეუღლე ლალი გელაშვილი
გერმანელი მკურნალი, რომელსაც ქართველი ქალის თავის ქალამ უხმო, ანუ როდის აფრინდება პეპელა? - Sputnik საქართველო
ვოლფ მაიერი და მისი მეუღლე ლალი გელაშვილი

– თქვენ „მეორე ფრთა“ საქართველოში იპოვეთ?

– დიახ, ჩემი პეპლის მეორე ფრთა – ლალი გელაშვილი საქართველოში ვიპოვე. მას ნახევარი საუკუნე ვეძებდი და როცა იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ გამოჩნდა. მას დედა ჰყავდა ავად და თავად დამირეკა. როცა კარები გააღო, უცებ ვიცანი – მისი თვალები, ხელები, აურა... ეს შოკი იყო ჩემთვის, თქვენთან კი ამას ერთი ნახვით შეყვარებას ეძახიან. მერე და მერე უამრავი საოცრება აღმოვაჩინეთ, თურმე, გაცნობამდე ვხატავდით ერთმანეთს. კიდევ უამრავი რამ, რასაც ვერ ვიტყვი და ჩემთვის შევინახავ. ვიტყვი, რომ ჩემ მეუღლეს თავის ქალაც არიული რასის, იდეალური ფორმის აქვს და მისგან სინათლე მოდის. აი, თურმე, რატომ მეძახდა საქართველო... იმიტომ, რომ მხოლოდ აქ ვიპოვიდი ქალს, რომელიც დაბადებამდე მიყვარდა და თანაც ბევრჯერ... სიყვარული ადამიანში მიღვიძებულ ნიჭს აღვიძებს – შეყვარებული რომ ვიყავი, საქართველოში ლექსების წერა დავიწყე. გერმანიაში ორი ზრდასრული შვილი მყავს – ფრანცი და ლუკასი. ლალი სამი შვილის დედა იყო. ახლა ორივეს ხუთი შვილი გვყავს და ბედნიერები ვართ. მინდა ამისთვის საქართველოს მადლობა გადავუხადო, ქართველებს კი ვუთხრა: მხოლოდ თქვენ გაქვთ ცხრა ცა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა და მხოლოდ თქვენ დაგნათით ცხრათვალა მზე! გაუფრთხილდით ამ ყველაფერს და არ გჭირდებათ ვარსკვლავებისკენ ცქერა, ეს ყველა-ფერი თქვენშია, მადლობა საქართველო!..

 

ყველა ახალი ამბავი
0