14:06 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
ჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე

როგორ გააჩუქა წმინდა ნინოს ჯვარი მკვდრეთით აღმდგარმა გიორგი ბაგრატიონ გრუზინსკიმ

CC0 / Pixabay
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
321981

ამბავი ქართველი უფლისწულის - „ვოლგელი მეფისა", რომლის ისტორიაც საფუძვლად დაედო ცნობილი რუსი კლასიკოსის რომანს.

ქართლის დიდი მეფის ვახტანგ VI-ს ბედ-იღბალი საყოველთაოდ ცნობილია, 1724-25 წლებში იგი გაერიდა ირანელების მოძალებას და იძულებული გახდა  რუსეთში ეთხოვა თავშესაფარი. მეფეს ახლდა დიდი ამალა - 1200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა შემდეგ რუსეთში დარჩა, მათ შორის იყო ვახტანგის უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე  ბაქარიც. დღევანდელი ამბის მთავარი გმირი, სწორედ ამ უფლისწულის შვილიშვილი გახლავთ - გიორგი ბაგრატიონი, ან როგორც მას რუსეთში უწოდებდნენ გიორგი გრუზინსკი. გიორგი დაიბადა მოსკოვში 1762 წელს. იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, იცოდა რამდენიმე ენა – ფრანგული, იტალიური, გერმანული, დაინტერესებული იყო გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, ფიზიკით, ფორტიფიკაციით, არტილერიით და სამხედრო კარიერაში წინსვლასაც მოახერხებდა, მაგრამ 1786 წელს მაიორის ჩინით დაანება თავი სამხედრო სამსახურს და მდინარე ვოლგისპირა საგვარეულო მამულ ლისკოვოში დასახლდა. ეს მხარე არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში კარგად იყო ცნობილი დიდებული ტაძრებით. სწორედ აქ, 1749 წლიდან 1808 წლამდე, ინახებოდა უდიდესი ქართული სიწმინდე – წმინდა ნინოს ჯვარი.

ჯვარი ვაზისა თბილისის სიონის ტაძარში
"ჯვარი ვაზისა" თბილისის სიონის ტაძარში

გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის თანამედროვენი  ხშირად „ვოლგელ მეფეს” უწოდებდნენ, მისი წარმომავლობისა და პიროვნული თვისებების გამო. გადმოცემით, საოცრად წინააღმდეგობრივი ადამიანი ყოფილა. ძნელი წარმოსადგენია ერთი ადამიანი ერთდროულად იყოს ზღვარგადასულად თავაშვებული და ენით აუწერელი ქველმოქმედი, შეეძლო წვრილმანის გამო აურზაური აეტეხა და ყოფილიყო საოცრად გულითადი და დამნდობი.  ეკლესია-მონასტრებს უხვად სწირავდა ფულს და გუბერნიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. შვიდჯერ იყო არჩეული ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლად. 1812 წელს, ნაპოლეონთან ომის დროს,  ნიჟეგოროდელთაგან სახალხო ლაშქარი შექმნა,  თვითონვე ჩაუდგა სათავეში და მთელ ბატალიონს საკუთარი ხარჯით ინახავდა. ამავე დროს, ათასგვარ მაქინაციებს მიმართავდა და დევნილ ყმა-გლეხებს იფარებდა. თავად ტირანი მმართველი გახლდათ; ერთხელაც, გლეხებისადმი უმკაცრესი და უკანონო მოპყრობის გამო, გრუზინსკი სასამართლოს გადასცეს. საქმე გახმაურდა და იმპერატორ პავლე პირველის ყურამდე მივიდა, რომელმაც მისი დასჯა ბრძანა. გრუზინსკიმ ამ საქმიდან ძალიან მოხერხებულად დაიძვრინა თავი – საჭირო ხალხი მოისყიდა, თავი მოიმკვდარუნა  და საკუთარი, ძალიან მდიდრული დაკრძალვა მოაწყო. სამი წლის განმავლობაში – 1798-დან 1801 წლამდე, გარდაცვლილად ირიცხებოდა,  სანამ პავლე პირველი სიცოცხლეს არ გამოასალმეს. „მკვდრეთით აღდგა” მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტახტზე ალექსანდრე პირველი ავიდა, რომლისგანაც შეწყალება მიიღო. რაღაც მანქანებით, პირადად შეხვდა იმპერატორ ალექსანდრე I–ს და ქართული ეკლესიის რელიქვია, წმინდა ნინოს ჯვარი გადასცა საჩუქრად. დიდი მწერალი  ნიკოლაი გოგოლი, გიორგი გრუზინსკის  ასულ ანას ახლო მეგობარი გახლდათ. ეს ანა გათხოვილი იყო სინოდის ობერ-პროკურორ გრაფ ტოლსტოიზე, რომლის ოჯახსაც გოგოლი ხშირად სტუმრობდა.  არსებობს ვერსია, რომ ქართველი უფლისწულის  საქციელებმა (თუ უსაქციელობამ) უკარნახა გოგოლს „მკვდარი სულების” შექმნის იდეა.

გიორგი გრუზინსკის ერთი უცნაურობაც ახასიათებდა. თავად საკმაოზე მეტი უკანონო შვილი ჰყავდა, მათი რაოდენობა ზუსტად  არც იცოდა.  მისი სახლის წინ  ყოველდღე იდგმებოდა სპეციალური კალათა, სადაც ყველა ქალს შეეძლო ჩაეწვინა დიდი თავადისგან შობილი ჩვილი. არ აქცევდა ყურადღებას, რომ კალათში შეიძლება, სხვისი შვილიც ჩაეწვინათ.  არც არკვევდა ბავშვის წარმომავლობას და კალათში აღმოჩენილ ყველა ბავშვს, რომელთა რიცხვიც ასს აღემატებოდა, სათანადო მოვლა-პატრონობას არ აკლებდა და განათლებასაც აძლევდა.

გრუზინსკი ერთ–ერთი უმდიდესი მემამულე გახდა რუსეთში; მან დააფინანსა ნიჟნი–ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოების პროექტი; დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი; ლისკოვოში გახსნა აფთიაქი; 1848 წელს ქალაქის სასწავლებელს თავისი ერთი სახლი აჩუქა, სწავლის ხარჯებსაც თავად ფარავდა. ასევე ცნობილია, რომ მეგობრობდა და აქტიურად ეხმარებოდა დეკაბრისტებს. დაბა ლისკოვოში ხომ მისი ნებართვის გარეშე ცაში ფრინველიც არ დაფრინავდა.  ბაზრობის სეზონის გახსნა საზეიმო ვითარებაში ხდებოდა, გიორგი გრუზინსკი მოოქროვილი კარეტით მიბრძანდებოდა, რომელშიც თორმეტი ცხენი იყო შებმული. მის მოსვლამდე არ იწყებოდა საეკლესიო მსახურება წმიდა მაკარის მონასტერში, არქიმანდრიტი და გუბერნატორი მოთმინებით  ელოდნენ მარჩენალის მობრძანებას. „ვოლგელ მეფეს“ კარ-მიდამოც მეფურად ჰქონდა მოწყობილი. სახლს გარს მშვენიერი პარკი აკრავდა ორანჟერეებითა და წყალსატევებით. იქვე, შორიახლოს, მისივე  აგებული ამაღლების ტაძარი იყო,  რომლის არქიტექტორიც თავად  გახლდათ. უცნაურმა პიროვნებამ სიცოცხლეც უცნაურად დაასრულა:- ოთხმოცდაათ წელს მიღწეული დიდი თავადი ისვენებდა, როდესაც კარებში ვიღაც  „მუჟიკი“ შემოვიდა, ბატონის დანახვაზე ქუდი არ მოიხადა და  ლისკოვოელ თავადში ქართველ ბაგრატიონთა სისხლმა გაიღვიძა,  აღშფოთებისგან რისხვით აენთო, გულის შეტევა დაემართა და იქვე განუტევა სული.

1852 წლის 15 მაისს,  სოფელ ლისკოვოში, თავისივე აგებულ ამაღლების ტაძარში დაკრძალეს დიდი ქართველი მეფის ვახტანგ მეექვსეს თავისებურად საინტერესო და წინააღმდეგობებით აღსავსე შთამომავალი გიორგი ბაგრატიონ -გრუზინსკი.

 

მთავარი თემები