ბავშვობაში ზეპირად დაწერილი ლექსი და პოეზია მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში

გამოწერა
თანამედროვე ქაოსურ სამყაროში, როცა ჩვენ გარშემო მოვლენები ელვის სისწრაფით ცვლის ერთმანეთს, აუცილებელია, რომ ზოგჯერ უბრალოდ ჩამოვსხდეთ და პოეზიაზე ვისაუბროთ. ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება საუბარი პოეტთან...

თეა თაბაგარი 13-14 წლიდან უკვე ინტენსიურად წერს ლექსებს. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული: „დუმილი ისმინე“ და „დაბრუნებამდე“. სისტემატურად იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში: „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „იმერეთის მოამბე“, „ლიტერატურული საქართველო“.

© photo: courtesy of Tea Tabagariთეა თაბაგარი
თეა თაბაგარი - Sputnik საქართველო
თეა თაბაგარი

– თეა, თქვენი სამშობლოზე დაწერილი ერთი ლექსი სოციალურ ქსლებში ძალიან პოპულარულია, იგი ასე მთავრდება:

„რა დროს ოცნებაა, როცა

ფიქრსაც შეეჩვია შიში,

წამებს მოგონება ხოცავს,

ცრემლი თვალთახედვას მიშლის.

და ხელაპყრობილი შეგთხოვ,

თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,

სული შემიბერე, ღმერთო,

გულზე… საქართველო მეწვის“…

– დიახ, ამ ლექსის დაწერიდან წლები გავიდა, თუმცა, თემატიკიდან გამომდინარე, ის მაინც არ კარგავს აქტუალობას. ჩემი შემოქმედებიდან ეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი და საყვარელი ლექსია ქართველი მკითხველისთვის და, მათ შორის, ემიგრანტებისთვის. ნამდვილად რთულია, პატრიოტული პოეზია პათეტიკურად არ ჟღერდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოცია ყველაფერს აჭარბებს და სწორედ ამით არის გამორჩეული, განსაკუთრებით კი ბოლო სტროფი, რომელზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ ლოცვასავითაა. ეს ლექსი 2009 წლის 7 აგვისტოს დაიწერა, ანუ ომის წლისთავზე. შესაბამისად, იმ ტკივილის გამოძახილია, რაც ომმა დატოვა. დასამახსოვრებელი იყო, როცა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ჩემ პოეტ მეგობრებთან ერთად სტუმრობისას ერთმა მოსწავლე გოგონამ საოცარი განცდით წაიკითხა ეს სტრიქონები. მისი საუკეთესო შეფასება, ალბათ, ისაა, როცა მეგობრები ან უცნობი ადამიანები შენს ლექსებს საჯაროდ კითხულობენ. 

© photo: courtesy of Tea Tabagariთეა თაბაგარი
თეა თაბაგარი - Sputnik საქართველო
თეა თაბაგარი

– პირველი ლექსი ოთხი წლის ასაკში, ასე ვთქვათ, ზეპირად დაგიწერიათ…

– პირველი ლექსის მოგონება ბავშვობის იმ განცდებს შორისაა, რომელიც არასდროს მავიწყდება. ცოცხალი კადრივით მახსოვს, მშობლიურ სოფელ თაბაგრებში, რთველში ყოფნისას როგორ „მოფრინდა“ ერთი სტროფი, რომელიც ვენახს და ბუნების სიყვარულს ეხებოდა. სამწუხაროდ, გონებაში რამდენჯერმე გამეორების მიუხედავად, ვერ მოვახერხე, რომ ის ფურცლამდე მიმეტანა, რათა ჩაეწერათ და დიდი ხნის მანძილზე მწყდებოდა გული მისი დავიწყების გამო.

– განწყობა, რომელიც ლექსს გაწერინებს – უფრო სევდაა თუ სიხარული?

– ჩემი ლექსების შემთხვევაში შემოქმედებითი პროცესის თანმხლები განწყობა უმეტესად სევდაა. რაც შეეხება მის მიზეზს, შესაძლოა, სულაც არ იყოს ასახული სტრიქონებში. მაქვს ლექსები, რომელთა წერის დროსაც სულ სხვა რამის გამო ვიყავი გულნატკენი და აბსოლუტურად სხვა თემატიკის ნაწარმოები გამოვიდა, თუმცა მინორული განწყობა შენარჩუნდა. რა თქმა უნდა, სიხარულის განცდითაც დამიწერია ლექსები და რაღაც დროის შემდეგ მათი წაკითხვით განწყობა ამმაღლებია.

სტუდია ქართველო და ფატიმა წოწოიძე - Sputnik საქართველო
ქალი, რომელსაც მიუძღვნეს სიმღერა „შატილის ასულო“ და ახალი კლიპი მისი მონაწილეობით

– გაიხსენეთ ლექსი, რომელიც უჩვეულო გარემოში დაწერეთ…

– თინეიჯერობის პერიოდში, როგორც წესი, ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე, მთვარის შუქზე ჩამომჯდარი ვწერდი და ეს იყო საუკეთესო გარემო. რამდენიმე წლის წინ კი მე და ჩემმა მეგობრებმა ნარიყალაზე შუაღამისას დავწერეთ ლექსები, რაც დღემდე სასიამოვნო მოგონებად მომყვება. თანდათან ისე მოხდა, რომ გარემო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და პირდაპირ კომპიუტერის მონიტორზე ვკრეფდი სტრიქონებს, შემდეგ კი მობილურ ტელეფონშიც. უჩვეულო გარემოს რაც შეეხება, ალბათ, სამარშრუტო ტაქსია, სადაც არაერთი ლექსი მაქვს დაწერილი, მაგრამ კონკრეტულად რომელი, არ მახსოვს.

– რომელია ლექსი, რომელიც თქვენც ძალიან მოგწონთ?

– როგორც წესი, ახალი დაწერილი ლექსები ყველაზე მეტად მომწონს ხოლმე, მაგრამ რადგან ბოლო დროს არც ისე ხშირად ვწერ, ამიტომ შემოგთავაზებთ ერთ პატარა ლექსს, რომელიც მკითხველმა გამოარჩია და ჩემთვისაც განსაკუთრებით საყვარელია, თან თემატურიცაა, რადგან უკვე შემოდგომამ შემოაბიჯა:

ნოემბრის ქარებს

მიჰქონდათ ქოლგა,

ცა დაღლილიყო

ღრუბელთა ფეთქვით,

სათქმელი უკვე

იმდენი მქონდა,

ვერც ერთი სიტყვა

ვერა და ვერ ვთქვი.

მიჰქონდათ ქარებს

ფოთლები ვერხვის

და სულ სხვა ხეებს

უწვენდნენ ფერხთით,

უფრთხოდა ქუჩა

სიცივეს, მე კი

ვნატრობდი, ოღონდ

გათოვდეს-მეთქი.

© photo: courtesy of Tea Tabagariთეა თაბაგარი
თეა თაბაგარი - Sputnik საქართველო
თეა თაბაგარი

– გავიგე, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი ხართ, ლექსი თუ დაგიწერიათ ამ თემაზე?

– ფეხბურთი საკმაოდ პატარა ასაკიდან არის ჩემი დიდი გატაცება, დაახლოებით იმ დროიდან, როცა ლექსების წერა ინტენსიურად დავიწყე, ანუ 13-14 წლიდან. კარგი საფეხბურთო მატჩიც ერთგვარი პოეზიაა ჩემთვის, მაგრამ მუზა ნაკლებად გამხდარა. თუმცა, მახსოვს, დაახლოებით ამავე ასაკში მივუძღვენი ერთი ლექსი ჩემ საყვარელ ფეხბურთელს პატრიკ კლუივერტს.

– ცნობილია, რომ ყველაზე მხურვალე და გულწრფელ ლექსებს სტუდენტობის დროს წერენ ხოლმე…

– პროფესიით ფილოლოგი ვარ და აქედან გამომდინარეც დაკავშირებული ვარ სიტყვის სიყვარულთან. რაც შეეხება სტუდენტობის წლებს, სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში უფრო, ასე ვთქვათ, ჩემთვის ვწერდი. მხოლოდ ოჯახის წევრებმა და რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარმა იცოდა ჩემი ლექსების შესახებ. ასე რომ, მაინც და მაინც „პოეტური“ სტუდენტობა არ მქონია, თუმცა გულწრფელობის გარეშე წერა საერთოდ ვერ წარმომიდგენია. აქტიური ეტაპი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დამიდგა, როცა ლიტერატურულ საიტებზე დავრეგისტრირდი და შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩემი პოეზია მკითხველისთვის გამეზიარებინა. ასევე სხვა თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებებსაც გავეცანი და არა მხოლოდ ნაწარმოებებს, თვითონ ავტორებიც გავიცანი, რასაც მოჰყვა არაერთი პოეზიის საღამო, გასვლითი შეხვედრები, საქველმოქმედო ღონისძიებები და ა.შ. შემოქმედებითად ძალიან ნაყოფიერი პერიოდი მქონდა, რისი წყალობითა და ჩემი უფროსი მეგობრების დახმარებით ჯერ ერთი, რამდენიმე წლის შემდეგ კი მეორე კრებულიც გამოიცა. დღესაც იბეჭდება ჩემი ლექსები ზოგიერთ პერიოდულ ლიტერატურულ გამოცემაში, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.

© photo: courtesy of Tea Tabagariთეა თაბაგარი
თეა თაბაგარი - Sputnik საქართველო
თეა თაბაგარი

– თქვენი აზრით, რას წარმოადგენს პოეზია პრაგმატულ, 21-ე საუკუნეში?

– საერთოდ ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა „პოეტი“ ყოველთვის ხმამაღალი მეჩვენება, რადგან მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დიდი ტრადიციებიდან გამომდინარეა. თანამედროვე ადამიანში რომ პოეზია ან უბრალოდ ლექსის წერის შინაგანი სურვილია, ეს უკვე მისასალმებელი მგონია. ვირტუალურმა სივრცემ წერის კულტურა გაააქტიურა და ამ მხრივ ლექსების სიმრავლე განსაკუთრებით თვალში საცემია. ჩემი სურვილია, რომ პოეზია, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი, სულის საკვებს წარმოადგენდეს და თავისთავად უპრიანია, თუ იგი ჯანსაღ ფესვებზე აღმოცენებულია და სუფთაა…

 

ყველა ახალი ამბავი
0