შვილისთვის მოპარული დრო - როცა შემთხვევა ცხოვრებას ცვლის

© photo: courtesy of Handmade By Janeჯეინ გომურაშვილი
ჯეინ გომურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეინ გომურაშვილმა ჩხირებით ქსოვა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. არ იცოდა, როგორ ხდებოდა საწყისი თვლების გამოღება, ამიტომ გამუდმებით დედას სთხოვდა დამხმარებას.

ერთ დღესაც, შემთხვევით სახლში  დიდი „განძი“ აღმოაჩინა — „გამრჯე ხელები“, სადაც დახატული იყო, თუ როგორ უნდა გამოეღო საწყისი თვლები. მას შემდეგ ჯეინმაც დაისვენა და დედამაც…

ჯეინი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. არაჩვეულებრივად კერავს, ქსოვს, ქარგავს. მის მიერ მოქარგული წმინდა გიორგის ბაირაღი,  პატრიარქის კურთხევით  სამების საკათედრო ტაძარის საკურთხეველშია განთავსებული.

© FB / Handmade By Janeწმ. გიორგის ბაირაღი, რომელიც პატრიარქის კურთხევით დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში
წმ. გიორგის ბაირაღი, რომელიც პატრიარქის კურთხევით დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში - Sputnik საქართველო
წმ. გიორგის ბაირაღი, რომელიც პატრიარქის კურთხევით დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში

— დავიბადე კახეთში, თელავის რაიონში. 17 წლის ასაკში თბილისში გადავედი საცხოვრებლად, რადგან ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრი და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე MBA-ს მაგისტრატურის კურსზე, თუმცა ამ ეტაპზე აღებული მაქვს აკადემიური გარკვეული მიზეზების გამო. პირველი კურსიდანვე ვამზადებდი ბავშვებს მათემატიკაში, 19 წლიდან კი დავიწყე მუშაობა კერძო კომპანიაში. ამ ეტაპზე ვმუშაობ ბანკში. მყავს მეუღლე და ორი შვილი, ორი წლის მიქაელი და ერთი თვის დანიელი.

© FB / Handmade By Janeნაქარგი
ნაქარგი - Sputnik საქართველო
ნაქარგი

- თოჯინების ქსოვა როდის დაიწყეთ?

— მიუხედავად იმისა, რომ მიქაელი ძალიან რთულად გასაზრდელი ბავშვი იყო, სულ ხელში ჭერას ითხოვდა, რაღაცნაირად ქსოვისთვის მაინც ვნახულობდი მცირეოდენ დროს. მინდოდა, რაღაც ისეთი შემექმნა, რაც აუცილებლად ბავშვებთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ამ დროს მე ჩემს შვილს ვპარავდი და აუცილებლად ისევ ბავშვებისთვის უნდა გამენაწილებინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებოდი ჩემს თავთან მართალი. მერვე კლასში ვიყავი, როცა დავიწყე გადასაფარებლების დეტალების ქსოვა ყაისნაღით, შემდეგ ამ დეტალებს ვყიდდი და საკუთარ შემოსავალსაც გამოვიმუშავებდი. მაშინ გაჭირვების ძალიან მძიმე წლები იყო და ჩემს ოჯახს ბევრჯერ ფქვილი და ზეთი ჩემი ხელფასით უყიდიათ. საწყისი ეტაპი  გამიჭირდა. არ ვიცოდი სქემების წაკითხვა, მითუმეტეს ეს სქემები ინგლისურ ან რუსულ ენებზე იყო. თუმცა დროთა განმავლობაში კარგად შევისწავლე და ახლა არა მხოლოდ ამ ორ, არამედ თურქულ და იტალიურ ენებზეც კი გამირჩევია. რა თქმა უნდა, ეს ბოლო ორი ენა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ჩემი დაგროვილი ცოდნა და ინტუიცია ძალიან მეხმარება.

იდეებს ძირითადად მომხმარებლები მაწვდიან, მეც ვცდილობ შეძლებისდაგვარად  არ ჩამოვრჩე მათ სურვილებს. თითო თოჯინა დეტალებად იქმნება, ამიტომ დიდი ნებისყოფა და შრომაა ჩადებული. არასოდეს არ გამიტანია გასაყიდად რაიმე, თუ მე არ მომწონს.  ყველაზე დიდი კრიტიკოსი სახლში მყავს მეუღლის სახით და როცა მეუღლე ამბობს, აი ეს კი მართლა კარგი გამოვიდა, ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელია დამკვეთი არ აღფრთოვანდეს შედეგით.

© FB / Handmade By Janeნაქარგი
ნაქარგი - Sputnik საქართველო
ნაქარგი

- ბავშვობაში თუ გქონდათ თქვენი მოქსოვილი ან შეკერილი თოჯინა?

— ჩემი ბავშვობა გაჭირვების წლებს დაემთხვა, ამიტომ მშობლები დიდად ვერ გვანებივრებდნენ ახალ-ახალი სათამაშოებით, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მე და ჩემი დისთვის, თვითონ გაგვეფერადებინა საკუთარი ბავშვობა. ჩვენ თვითონვე ვხატავდით ქაღალდის თოჯინებს, ვუხატავდით მათ ნაირ-ნაირ სამოსს და ვაცმევდით, ასევე ვქსოვდით და ვკერავდით ტანისამოსს თოჯინებისთვის. 

© FB / Handmade By Janeნაქარგი
ნაქარგი - Sputnik საქართველო
ნაქარგი

- როგორები არიან თქვენს მიერ შექმნილი პერსონაჟები?

— ჩემი თოჯინები, ვფიქრობ, მართლაც ძალიან გამორჩეულები არიან, რადგან თითოეული პერსონალურად ამა თუ იმ ბავშვისთვის უდიდესი სიყვარულით იქმნება. ყოველთვის ძალიან მიყვარდა საბავშვო წიგნების კითხვა და მიხარია, როცა ითხოვენ რომელიმე წიგნის პერსონაჟის შექმნას. უდიდესი სიამოვნება მივიღე, როცა გავაკეთე პიპი გრძელწინდა. მაქსიმალურად ვითვალისწინებ ბავშვის სურვილს, როგორი უნდა რომ იყოს მისთვის სასურველი თოჯინა. ზოგი წერილობით ბარათს მიგზავნის, ერთხელ ვიდეო-მიმართვაც კი მივიღე. ძალიან სასიამოვნოა მათი წაკითხვა, მოსმენა. მიღებულ ინფორმაციას გონებაში ვამუშავებ და შემდეგ საკუთარი ფანტაზიით ვავრცობ. თუმცა ყველაზე სასიამოვნო მშობლების მოწერილი დადებითი ემოციებია, რასაც ისინი განიცდიან საკუთარი შვილების აღფრთოვანებული თვალების დანახვისას. მე ეს ემოციები მავსებს და არ მაძლევს უფლებას, მივატოვო ჩემი წამოწყებული საქმიანობა. მითუმეტეს ზუსტად ვიცი, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და თავიც საჭიროზე მეტი იდეითაა გავსებული.

© FB / Handmade By Janeხელნაკეთი სათამაშოები
ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სათამაშოები

- თქვენს შვილებს თუ მოსწონთ თქვენი თოჯინები?

— ყველას ჰგონიათ, რომ ჩემს შვილებს უამრავი ჩემი ხელნაკეთი სათამაშო აქვთ, თუმცა ეს ასე არ არის. ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან. უფროს ბიჭს, რომელიც სულ ახლახან გახდა ორი წლის, ტრაქტორები და მატარებლები მთელ ქვეყანას ურჩევნია და დიდად არ ინტერესდება სათამაშო ცხოველებით. თუმცა, სულ ორი თვეა, რაც დავიწყე დათუნიების ახალი ხაზის გამოშვება. როდესაც პირველი ასეთი სათამაშო გავაკეთე, დათუნიაო რომ დაიყვირა, ვეღარ გამოვართვი ხელიდან. დათუნიას ამ მოდელის იდეა ძალიან ცნობილ მეთოჯინეს, ოლგა იანინას ეკუთვნის. დათუნიები ძალიან ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი სხვადასხვა ხელოვანის მიერ და ბავშვებში და არა მარტო ბავშვებში უდიდესი სიყვარულით სარგებლობენ. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ქართველი მომხმარებლისთვის პირველს მე გამეცნო ეს დათუჩები და შემექმნა სერია „დათუჩა მიდის სკოლაში“. დათუნიების ფასი ევროპაში საშუალოდ 280 ლარიდან 320 ლარამდე მერყეობს, თუმცა ქართველ მომხმარებლებს მათი შეძენა 120 ლარად შეუძლიათ. დათუნია არის დაახლოებით 40 სმ სიმაღლის, უმოძრავებს ხელები და ფეხები და მოჰყვება ჩასაცმელის, ასევე აქსესუარების მთელი კომპლექტი. ზოგადად ჩემი სათამაშოების ფასები 30 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს, ზომები კი 15-50 სმ-ია.

© FB / Handmade By Janeხელნაკეთი სათამაშო
ხელნაკეთი სათამაშო - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სათამაშო

- როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს სათამაშო ბავშვის განვითარებაში?

— ვფიქრობ, რომ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ის გარემო, რომელშიც ის ყალიბდება და სათამაშო მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. სათამაშო ბავშვში უნდა იწვევდეს მხოლოდ და მხოლოდ დადებით შინაგან ემოციას და არა შიშს.

- პატარა მომხმარებელი გაიხსენეთ, რომელმაც თავი განსაკუთრებით დაგამახსოვრათ?

— ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და რაღაცით გამახსოვრებს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენიმე ათეული თოჯინა შევქმენი, ყველა ბავშვი მახსოვს, ვინ რომელ სათამაშოს დაუმეგობრდა. თუმცა ყველაზე მეტად ორი გოგონა მინდა გამოვყო: პატარა მარიამი, რომელიც საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად და დეიდამ გადაწყვიტა, მისი მსგავსი თოჯინა ეჩუქებინა სამახსოვროდ. ასევე ექვსი წლის ნინი, რომელიც თვლიდა, რომ უკვე დიდი გოგო იყო და სათამაშოები აღარ სჭირდებოდა. თუმცა ნინის გაუმართლა, რომ ჰყავს არაჩვეულებრივი დედიკო, რომელსაც არ სურდა, მისი შვილის ბავშვობა ადრეულ ასაკში დამთავრებულიყო და აჩუქა ისეთი თოჯინა, რომელთან მეგობრობაზეც ნინიმ უარი ვერ თქვა.

© FB / Handmade By Janeხელნაკეთი სათამაშოები
ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სათამაშოები

- თოჯინების გარდა რა ნივთებს ამზადებთ? როგორც ვიცი ქარგავთ კიდეც.

— ქარგვის საოცარ სამყაროში პირველი ნაბიჯები 12 წლის ასაკში გადავდგი. ჩვეულებრივ ნაჭერზე ჩვეულებრივი კალმით დავხატე მინდორი და სრულიად ჩვეულებრივი ნემსით და ფერადი საკერავი ძაფებით „ამოვქარგე“. დედამ ქსოვა იცოდა, ბებომ — კერვა, აი ქარგვა კი —არავინ. მაგრამ აბა მითხარით, ეს რა ხელისშემშლელი მიზეზი იქნებოდა 12 წლის ძალიან ჯიუტი და მონდომებული გოგოსთვის. ხოდა მეც დავიწყე… პრაქტიკული განათლება ხელოვნების სფეროში არასოდეს მიმიღია, თუმცა მქონდა ამის საშუალება და დღემდე ძალიან ვნანობ, ამ ამბის პრეისტორია კი ასეთია: 17 წლის ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი „ქარგვა“ სრულიადაც არ იყო „ქარგვა“ და უფრო სერიოზულად მივყავი ხელი.

პირველი დიდი ნაბიჯი 2004 წელს გადავდგი, როდესაც დავიწყე წმინდა გიორგის ბაირაღის ქარგვა, რომლის შექმნასაც წელიწადი და სამი თვე დასჭირდა. მანამდე მოვქარგე წმინდა გიორგის პატარა ხატი. ჩემი მამაოს მეუღლემ, ნინო ბზვანელმა, რომელიც 12 შვილის დედაა, ერთ დღეს გამომიყო თავისი „არარსებული“ დრო და ქარგვის ძირითადი პრინციპები ამიხსნა და შემდეგ მაძლევდა დავალებებს, რადგან ხედავდა, რომ ძალიან მონდომებული ვიყავი — ასე შეიქმნა წმინდა გიორგის პატარა ხატი. ჩემთვის გულში ვატარებდი ერთ ოცნებას, რომ გამეკეთებინა წმინდა გიორგის დიდი ხატი, თუმცა ხმამაღლა არასოდეს გამომითქვამს, რადგან ძალიან დიდ დროსთან, ბიუჯეტთან და ცოდნასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისი უნარები და სახსრები სტუდენტ გოგოს არ გამაჩნდა.

არ ვიცი რა მანქანებით ამოიკითხა ჩემს თვალებში ეს ჩემი დიდი სურვილი ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა და შემომთავაზა, რომ თუ მე გავბედავდი და ასეთ პროექტს შევეჭიდებოდი, სპონსორობას გამიწევდა: პირველად მაშინ გაიხსნა ჩემთვის ზეცა…

© FB / Handmade By Janeხელნაკეთი სათამაშოები
ხელნაკეთი სათამაშოები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სათამაშოები

ჩემი და ამ პიროვნების გარდა არავის არ სჯეროდა, რომ მე ამას შევძლებდი და ბოლომდე მივიყვანდი,  და ჩვენ ეს შევძელით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ნოდა გოლეთიანს იმ ნდობისა და თანადგომისთვის, რომელსაც  მთელი ამ პერიოდის მანძილზე მიწევდა. დღემდე მახსოვს, ბოლოს რომ ვერ ვასწრებდი 23 ნოემბრამდე ნაქარგის დასრულებას, როგორ გაათენა ჩემთან ერთად სამი ღამე, რომ არ ჩამძინებოდა საქარგზე… ასე შეიქმნა წმინდა გიორგის ბაირაღი, რომელიც პატრიარქის კურთხევით განთავსდა სამების საკათედრო ტაძარის საკურთხეველში.

ჩემი ნამუშევარი ნახა ქალაბტონმა ეთერ უროტაძემ და შემომთავაზა, რომ სრულიად უფასოდ მასწავლიდა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა დროის უქონლობის გამო სამწუხაროდ ვერ შევძელი და დღემდე ვნანობ. მერე იყო დიდი შემოქმედებითი პაუზა, მიზეზი — ისევ დროის უქონლობა გახლდათ, რადგან ამ დროს  ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი.  ერთ დღეს კი, შვებულებაში ყოფნის დროს აღმოვჩნდი ინგლისში, ჯეინ  ოსტინის სახლ-მუზეუმში, სადაც შევიძინე საქარგი კომპლექტი და ჩავუჯექი. ნაქარგზე გამოსახულია თვითონ ჯეინი და ამ ნაქარგის ესკიზი შექმნილია მისი დის, კასანდრას ნახატის მიხედვით. აი მაშინ მივხვდი, რა მაკლდა ასე ძალიან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს ალბომსაც Becoming Jane (ჯეინად გადაქცევისას), რადგან ასეთ შემოქმედებით პროცესში ყოველთვის საკუთარ თავს ვუბრუნდები, რომ მე ნამდვილი მე ვარ…

© FB / Handmade By Janeხელნაკეთი სათამაშო
ხელნაკეთი სათამაშო - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი სათამაშო

- რაზე ოცნებობთ ცხოვრებაში?

— ვოცნებობ რომ მქონდეს ყვავილებით სავსე დიდი ეზო, ამ ეზოში საკუთარი სახელოსნო, თუნდაც სულ პატარა, სადაც შევძლებ, რომ განვმარტოვდე და არ მომიწევს მასალების ყოველ ჯერზე ამობარგება-ჩაბარგება. ასევე ვოცნებობ ბევრ შვილებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0