ის თბილისი არასდროს დამიხატავს, მხოლოდ მეხსიერებაშია

© photo: courtesy of Aleksandre Bazieri Artალექსანდრე ბუზარიაშვილი
ალექსანდრე ბუზარიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვფიქრობ, არ არსებობს ქართველი მხატვარი, ვის შემოქმედებაშიც მისი ახალგაზრდობისდროინდელი თბილისი ფრაგმენტულად მაინც არ იყოს ასახული. დღევანდელ რესპონდენტს, რომელსაც ბევრ საინტერესო და საამაყო ქალაქელთან უშუალოდ ჰქონდა ურთიერთობა, ის რატომღაც არ დაუხატავს...

როგორც გვითხრა, ის თბილისი მხოლოდ მის მეხსიერებაშია შემორჩენილი. მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე მხატვარ ალექსანდრე ბუზარიაშვილს გავესაუბრეთ.

© photo: courtesy of Aleksandre Bazieri Artალექსანდრე ბუზარიაშვილი
ალექსანდრე ბუზარიაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ბუზარიაშვილი

- ბატონო ალექსანდრე, სოციალური ქსელებში თქვენს მიერ დახატული ბევრი პორტრეტია…

— საერთოდ ყველანაირ თემაზე ვმუშაობ, მაგრამ ძირითადად პორტრეტებს მიკვეთავენ. ჩემს ნახატებს უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები ყიდულობენ. ისინი უმეტესად შუა ხნის ადამიანები არიან და ისინი მათი საყვარელი, ცნობილი ადამიანების პორტრეტების დახატვას მთხოვენ ხოლმე. საქართველოდან გამგზავრების მერე ერთმა შემიკვეთა ჩემი ბავშვობის საყვარელი მომღერალი ფრედი მერკური და დამიხატეთო. ზოგს ალ პაჩინო მოსწონს და ვუხატავ, ასე ქართველი და უცხოელი მსახიობების პორტრეტების მთელი გალერეა დამიგროვდა. ხალხი, მათ ფოტოებს ნახატებს ამჯობინებენ. გამოფენის გაკეთება მინდა, მაგრამ ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, ძვირი სიამოვნებაა და ვერ შეძლებ…

-მხატვრების შემოქმედებით გარემოში გაიზარდეთ და მაინც საინჟინროზე ჩაბარება არჩიეთ, რატომ?

— პროფესიით მშენებელი ინჟინერი ვარ, მაგრამ მთლად თვითნასწავლი მხატვარი არ ვარ, რადგან თავის დროზე ნიკოლაძეში და თოიძეში ვსწავლობდი. „გპი“-ში, როგორც მაშინ ხდებოდა, მშობლების დაჟინებული თხოვნით, უფრო სწორად, მოთხოვნით ჩავაბარე. შემოქმედებით გარემოს რაც შეეხება, დედის მხრიდან ბიძა მყავდა ცნობილი ხელოვანი, ბიძინა ავალიშვილი, რომლის სახელოსნოში ვაკეში, კავსაძეზე, ფაქტობრივად გავიზარდე. ძალიან უხაროდა, რომ ვხატავდი. გამოდის, რომ გენებიც ხელს მიწყობს, მამა მხატვარი არ იყო, მეტყევე-ინჟინერი გახლდათ, მაგრამ კარგად ხატავდა. „ზარაფხანაში“ ოქრომჭედლობაც შევისწავლე. ჩვეულებრივი ქსოვილებიდან არტები მაქვს გაკეთებული — ხალიჩის მსგავსად მაქვს აწყობილი კომპოზიციები. პასტელითაც ვხატავ და ფანქრითაც, ჩემი სტილი მაქვს. პატარა საიდუმლოც მაქვს და ისე ვაკეთებ, რომ ჩემი ნახატი ხშირად საღებავით დახატული ჰგონიათ, არადა, პასტელი და სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული.

© photo: courtesy of Aleksandre Bazieri Artალექსანდრე ბუზარიაშვილი
ალექსანდრე ბუზარიაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ბუზარიაშვილი

- ცნობილი მსახიობების გარდა საკუთარი პორტრეტების ხატვასაც თუ გთხოვენ შემკვეთები?

— არა, პორტრეტებს აღარ ვხატავ, იმიტომ, რომ ძალიან პრეტენზიულები არიან, განსაკუთრებით, ქალები: ზოგს თვალი არ მოსწონს, ზოგს გამოხედვა და ამიტომ ვერიდები. ერთხელ ახლობელი ქალბატონი ჩემი ინიციატივით დავხატე, ბავშვობის მეგობარია და ძალიან ლამაზია, ვუთხარი, რომ  ჭავჭავაძის ასულს გავხარ მეთქი და მართლა ჰგავს. როცა პორტრეტი ჩავაბარე, შენიშვნა მომცა, ცალი თვალი რაღაც გვერდზე გამირბისო.

- მერე გეთქვათ, რომ ყველა ლამაზი თვალი ოდნავ ელამია — ეს ხომ ცნობილი ფაქტია…

— კი, მგონი, მასეა, მაგრამ არაფერი მითქვამს. აღარ მივეცი ის პორტრეტი. როცა ვინმეს ვხატავ მასში უნდა დავიჭირო რაღაც სახასიათო, თუნდაც გამოხედვა. ზოგჯერ მხოლოდ კოპირებას ითხოვენ და მე ვუხსნი, თუკი ზუსტი ასლი გინდათ, მაშინ ფოტო უნდა გადაიღოთ მეთქი. ამის მერე ვცდილობ ისეთი ვინმე დავხატო, ვინც უკვე აღარ არის ცოცხალი ან შორს ცხოვრობს. საკუთარი ავტოპორტრეტი ერთადერთხელ დავხატე, ოღონდ, რატომღაც ულვაშებით. აი, მეუღლის პორტრეტს ვერ ვხატავ, რამდენჯერ ვცადე მაინც არ გამომივიდა. ალბათ ასე მაშინ ხდება როცა ძალიან ცდილობ, რომ კარგი გამოგივიდეს. მხატვარი რომ მუშაობას დაიწყებს, აღარ უნდა გაჩერდეს, თორემ მერე ხელი გიდუნდება და ვეღარ ხატავ…

- თუ შეიძლება გაიხსენეთ, ბატონ ბიძინა ავალიშვილის სახელოსნოს ამბები…

— კავსაძის ქუჩაზე თითქმის ყველა ცნობილ მხატვარს ჰქონდა სახელოსნო, სადაც ხშირად მოდიოდნენ ცნობილი ქართველი ხელოვანები. კავსაძეზე, შესასვლელში დიდი თაღია და იქ ხშირად ვხვდებოდი აპოლონ ქუთათელაძეს, რომლის ბიჭთანაც ვმეგობრობდი, ახლა სად არის, არ ვიცი. მის გვერდით სახელოსნო ჰქონდა გივი ყანდარელს, რომელსაც ჩინელი მეუღლე ჰყავს. მის შვილებსაც კარგად ვიცნობდი, ბავშვობაში ერთად ვხატავდით. გოგო ძალიან ლამაზი ჰყავს, ჩინურად წვრილი თვალები ძალიან უხდებოდა. ბიძინას სახელოსნოში ძალიან ხშირად შიშველ ნატურას ხატავდნენ, მაგრამ მას არ უყვარდა იქ ნატურის მოყვანა. მისი ძმაკაცის შვილს მოჰყავდა, რომელიც აკადემიაში აბარებდა. მაშინ ნიკოლაძეში ვაპირებდი და თაბაშირზე ვმუშაობდი. იმ დროს 13 წლის ვიყავი…

- ნატურა რა თქმა უნდა შიშველი იყო?

— როცა პირველად დავინახე შიშველი ნატურა, რომ იტყვიან, კინაღამ დავიბრიდე და ის ქალი, როგორც ნატურა ისე ვერ აღვიქვი. საერთოდ ვერ ვუყურებდი და მისგან ზურგით ვიჯექი… ახლა ალბათ გაუკვირდათ ჩემი მაშინდელი სიმორცხვე…

- იმ დროის თბილისში საინტერესო პერსონაჟები იყო და მათი ხატვა არ გიცდიათ?

— სხვათა შორის, კარგი იდეა ჩამაწოდეთ, ვიფიქრებ ამაზე. მე ბევრთან მქონია ურთიერთობა და პორტრეტის დასახატავად სულ ვეძებ სახეებს და ახლა იმ სახეებს ჩემი წარსულიდან გავიხსენებ. მსახიობ ზურაბ ქაფიანიძესთან მქონია ხშირი ურთიერთობა და დახატულიც მყავს. დიღომში ცხოვრობდა, მასთან სუფრაზე ხშირად ვყოფილვარ, როცა თამადა იყო. მის სახლში ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი და კარგ ამბებსაც ვიგებდი. ის თბილისი არასოდეს დამიხატავს, მხოლოდ ჩემს მეხსიერებაშია. რატომღაც ძველი ქალაქის ხატვა არ მიზიდავს, მაგრამ იმ საოცარ ხალხზე, რომელიც იქ სახლობდა, ხშირად ვფიქრობ. მათი სახეები აუცილებლად უნდა გავაცოცხლო ჩემს ნახატებში…

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0