23:51 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
თედო რეხვიაშვილი

ვინ დააფინანსებს ქართველ მხატვარს, რომელიც ამერიკის პრესტიჟულ აკადემიაში მოხვდა

© photo: courtesy of Tedo Rekhviashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
958110

ამბობენ, ბავშვობაში სანამ კოვზს დაიჭერდა ხელში უკვე ფანქარი ეჭირა და ხატავდა. ამ ბოლო დროს მასზე ბევრი წერს, მის ამბავს ტელევიზიები აშუქებენ. მისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენც გვინდა, რომ პატარა წვლილი შევიტანოთ.

შეგახსენებთ, რომ ნიჭიერმა მხატვარმა, თედო რეხვიაშვილმა, საქართველოში ჯერ სამხატვრო სკოლა და მერე სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ახლახან კი ერთ-ერთ პრესტიჟულ, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებაზე მოხვდა. ის რჩეულთა შორის აღმოჩნდა და 15 000$-ის ღირებულების გრანტი მიიღო. სწავლის ღირებულებას, რომელიც 38 000 $ —ს შეადგენს, გარკვეული თანხა აკლდება, ანუ 23 000 $ დასაფარი რჩება. თედოს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. ამ ეტაპზე 10 000 ლარი კეთილმა ადამიანებმა უკვე გადაურიცხეს მხატვარს პირად ანგარიშზე. (აქვე გაწვდით რეკვიზიტებს: მიმღები ბანკი  „თიბისი“ GE98TB4919645062100001; მიმღების დასახელება: თედორე რეხვიაშვილი)

მისი პიროვნების უკეთ გასაცნობად კი ამ საუბარს გთავაზობთ:

თედო რეხვიაშვილი
თედო რეხვიაშვილი

-თედო, ძალიან დიდი ამბავია ატეხილი თქვენს გარშემო და ჩვენც ვერ დავრჩით გვერდზე…

— ჩემი ამბავი იმდენმა მედია საშუალებამ გააშუქა, რომ იმედია, რაღაც ძვრა მოხდება. ახლა თქვენც მეხმიანებით და მადლობელი ვარ. ამერიკულ აკადემიაში ასე მოვხვდი: ელექტრონულად შევავსე აპლიკაცია, გავაგზავნე პორტფოლიო, საინტერესოდ დაწერილი სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები, სამხატვრო აკადემიაში სწავლის ნიშნების ფურცელი და ენის სერთიფიკატი. პასუხი დადებითი მივიღე და ამან დიდი სტიმული მომცა… პიროვნულად გახსნილი ადამიანი ვარ და სიახლეებს ვისრუტავ, არ მიყვარს ერთ ეტაპზე გაჩერება, თუნდაც მხატვრობაში. თუმცა რაც მე მაინტერესებს მარტო მხატვრობა გარდა ძალიან ბევრი რამ არის.

თედო რეხვიაშვილის შემოქმედება
თედო რეხვიაშვილის შემოქმედება

- ცნობილია, სტილის ხშირი ცვლა აუცილებელია შემოქმედებისთვის…

— ჩემთვის ყველაზე მთავარი პროგრესი, მოძრაობა და საინტერესო ყოფაა. მინდა რომ ყოველი დღეს საინტერესო იყოს. ოღონდ, როგორც კი კომფორტის ზონაში ვექცევი, თუნდაც ინფორმაციის ან შემოქმედებით დონეზე, თუკი არ მივატოვე ჩემი სივრცე თუ  სუბსტანცია, ისე არ შემიძლია… აუცილებლად უნდა დავტოვო ის და ახალ ეტაპზე გადავიდე. ეს კი ზოგჯერ ნახატში სტილის ცვლას განაპირობებს, წინა პერიოდი შეიძლება სულაც არ ჰგავდეს მომდევნოს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ შენი სტილი არ ჩანსო. მე ვერ წარმომიდგენია, რას ნიშნავს სტილი? ეს არ მეჩვენება სწორად…

თედო რეხვიაშვილის შემოქმედება
თედო რეხვიაშვილის შემოქმედება

- ანუ ხელოვნების ჟანრობრივად დაყოფაზე რა აზრის ხართ?

— არტისტმა საჭიროა, რომ გამოსცადოს სივრცე, სადაც კატეგორიები არ არსებობს, სადაც ხელოვნება ჟანრობრივად არ იყოფა. უცხოეთში დიდი ხანია დაუშვეს უკვე, რომ ხელოვნებას საზღვრები და ჩარჩოები არ აქვს და არ კლასიფიცირდება მიმდინარეობებად და ჟანრებად, სრულიად თავისუფალია და ნებისმიერი ფორმა შეიძლება, რომ ხელოვნების პროდუქტად იქცეს. ოღონდ ამ ყველაფერს საფუძველი და სხვანაირად დამუშავება სჭირდება. აი, ზუსტად  მაგის სწავლა მჭირდება და არ მინდა, რომ ჩემი აქტივობა წარმოსახვით დონეზე მოხდეს. მინდა ის სივრცე, შემოქმედებითი ბაზარი და მასწავლებლები, რომლებიც ჩემს განვითარებაში დამეხმარებიან.

თედო რეხვიაშვილის შემოქმედება
თედო რეხვიაშვილის შემოქმედება

- ჩვენთან შემოქმედებითი ინსპირაციისთვის საჭირო სივრცე თუ არსებობს?

— საქართველოში თემატურად ასათვისებელი ძალიან დიდი სივრცე და საშუალებები არსებობს, რამაც შეიძლება, რომ ინსპირაცია მოგცეს. სულ ახლახან, მაგალითად ჭიათურაში მომიწია გავლა და იქ ჩაშავებული და ჩაკვამლული ქარხნები და მიტოვებული შენობები დავინახე. მხატვარს შეუძლია, რომ ამ სივრცეებზე იმუშაოს. ბევრი საინტერესო რამაა, ეს უზარმაზარი ფორმები, ძველი დროის გადმონაშთები, რომლებიც შეიძლება, რომ სიმბოლისტურად დაიტვირთოს და განახლებულად დამუშავდეს. უბრალოდ მე ამერიკაში წასვლა აუცილებლად მჭირდება განვითარებისთვის, რომ შემეძლოს ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღო.

 

საერთოდ ჩვენ ხომ სამყაროს ნაწილი ვართ და ხელოვანი ნებისმიერ ადგილას შეიძლება რომ იყოს და ყველაფერი საინტერესო გამოიყენოს. იმისთვის, რომ სრულყოფილად გავაგრძელო ჩემი შემოქმედებითი ძიება, რაღაცეები უნდა გადავაფასო. სულ იმას ვამბობ, რომ ეს თაობა და ამის შემდეგი თაობა თუ შეცვლის საქართველოში რაღაცეებს, რაც ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს…

თედო რეხვიაშვილის შემოქმედება
თედო რეხვიაშვილის შემოქმედება

იმედია, სათაურში ამოტანილი კითხვა რიტორიკულად არ დარჩება და საქართველოში გამოჩნდებიან მეცენატები, რომლებიც გულგრილი არ დარჩებიან ამ ნიჭიერი მხატვრის ბედისადმი… შეგახსენებთ, საამისოდ დრო 5 სექტემბრამდეა…

მთავარი თემები