„კრემაციის თეატრი“ ნეპალში და ქართველი მოგზაურის უჩვეულო ვოიაჟი აზიაში

გამოწერა
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ლიკა ჩაკვეტაძეა. უყვარს მოგზაურობა, ძირითადად ეგზოტიკური ქვეყნები იზიდავს. ევროპაში ჯერ ნამყოფი არ არის, თუმცა მთელი არსებით შეიგრძნო და შეისისხლხორცა თურქეთი, მაროკო და ნეპალი.

მისი მოგონებების სკივრი უამრავი ლამაზი და საინტერესო მოგონებით არის სავსე. ლიკამ მოგზაურობის დროს განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

© photo: courtesy of Lika Chakvetadzeლიკა ჩაკვეტაძე და მისი მეუღლე
ლიკა ჩაკვეტაძე და მისი მეუღლე - Sputnik საქართველო
ლიკა ჩაკვეტაძე და მისი მეუღლე

— პროფესიით იურისტი ვარ. ექვსწლიანი მუშაობის მერე მივხვდი, რომ იურისტობა არ იყო ჩემი საქმე. მიტაცებდა ფოტოგრაფია, ამიტომ გადავწყვიტე ჰობი შემოსავლის წყაროდ მექცია. პროფესიონალურად შევისწავლე ფოტოგრაფია. მაქვს პატარა საბავშვო სტუდია და უკვე ოთხი წელია ბავშვებს ვუღებ ფოტოებს. ამისთვის დიდი მადლობა ჩემ მეუღლეს. ამასთან ვარ გურმანი, ძალიან მიყვარს ახალი კერძების დაგემოვნება და, შესაბამისად, მომზადებაც. როგორც ამბობენ, „კარგი ხელი" მაქვს. რამე უცხო კერძს თუ გავსინჯავ და მომეწონება, აუცილებლად ვაკეთებ სახლშიც.

– პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

— პირველად 2010 წელს წავედი თურქეთის ზღვისპირეთში, ქემერში. აჭარის მერე, პირველი აღფრთოვანება გამოიწვია ამინდმა, ასევე მომსახურე პერსონალმა. თავი პრინცესა მეგონა, ისე გვემსახურებოდნენ, მართლა საუცხოო სერვისი აქვთ.

© photo: courtesy of Lika Chakvetadzeნეპალელი გოგონა
ნეპალელი გოგონა - Sputnik საქართველო
ნეპალელი გოგონა

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს, სადაც უნდა იმოგზაუროთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ხედები, კულტურა, მუზეუმები თუ სხვა?

— ეგზოტიკური ქვეყნები მიზიდავს ძალიან — განსხვავებული კულტურა. მუზეუმებით ნაკლებად ვინტერესდები. ქვეყანა რომ შეიგრძნო, ხალხთან ურთიერთობაა საჭირო, ადგილობრივ მცხოვრებლებთან. შენობები, „ფეშენ" მაღაზიები არ მიზიდავს. აუცილებლად ვსინჯავ ქვეყნის ტრადიციულ კერძებს. ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს იმ ქვეყნის დამახასიათებელი სუნელი. აუცილებლად უნდა მოვინახულო ქალაქის ბაზარი, იქ იმდენ საინტერესო ადამიანს შეხვდები… თან, რა თქმა უნდა, ფოტოების გადაღებით ვინახავ იმ შეგრძნებებს, რასაც განვიცდი.

© photo: courtesy of Lika Chakvetadzeქალაქი ჩეფშაუენი
ქალაქი ჩეფშაუენი - Sputnik საქართველო
ქალაქი ჩეფშაუენი

– ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

— ჩემი ოცნების ქვეყანა იყო მაროკო, ერთ-ერთი ქალაქი ჩეფშაუენი. მას ცისფერ ქალაქსაც უწოდებენ. ჩასვლამდე იმდენი ფოტო და ვიდეო მქონდა ნანახი, რომ მეგონა უკვე ვიყავი ნამყოფი. ძალიან მინდოდა ამ ქალაქში ფოტოსესია გამეკეთებინა. პატარა ქალაქია, დაახლოებით სტეფანწმინდის სიდიდის, მთაზე შეფენილი პატარა სახლებით, ლამაზი ფანჯრებით, კიბეებით, სავალი ბილიკებით. ყველაფერი სხვადასხვა ტონალობის ცისფერით არის შეღებილი. ულამაზესი სანახავია…

© photo: courtesy of Lika Chakvetadzeუძველესი ტყავის დამამუშავებელი და სამღებრო ქარხანა მაროკოში
უძველესი ტყავის დამამუშავებელი და სამღებრო ქარხანა მაროკოში - Sputnik საქართველო
უძველესი ტყავის დამამუშავებელი და სამღებრო ქარხანა მაროკოში

ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქ ფესის „ტანერიამ“. ეს არის უძველესი ტყავის დამამუშავებელი სამღებრო „ქარხანა“, სადაც ხელით ხდება დღემდე ტყავის დამუშავება და შეღებვა. შესასვლელთან პიტნას გაძლევენ, რადგან იქ ისეთი სუნი დგას, პიტნის არომატით უნდა გაანეიტრალო. ალბათ არასოდეს დამავიწყდება ის სუნი და იქ მომუშავე თინეიჯერები.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ნეპალში „კრემაციის თეატრი“. ადგილი, სადაც 24 საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს კრემაცია. მდინარის ერთ მხარეს ჭირისუფლები გლოვობენ, მეორე მხარეს ტურისტები ფოტოებს იღებენ. „კრემაციის თეატრი" — შესაბამისი სახელია. საშინელი სიჩუმეა, თეთრი კვამლი, ნახევრად დამწვარი ძვლების მდინარეში ჩაყრის ხმა… შემზარავი სანახავია.

© photo: courtesy of Lika Chakvetadzeკრემაციის თეატრი
მაროკო - Sputnik საქართველო
კრემაციის თეატრი

– არის ქვეყანა, რომელმაც ცუდად დაგამახსოვრათ თავი?

— ყოველთვის ყველაფერში პოზიტივს ვეძებ და არ მგონია ოდესმე მოვხვდე ქვეყანაში, რომელიც ნეგატიურად დამამახსოვრდება.

– ევროპა თუ აზია?

— ჯერჯერობით არ ვყოფილვარ ევროპაში, ჩემთვის პრიორიტეტი აზია, არაბული ქვეყნები და აფრიკაა. თუმცა აუცილებლად ვიმოგზაურებ ევროპაშიც. დიდი სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთის ან იტალიის რომელიმე სოფელში.

– თქვენ მოგზაურობას ხშირად ახლავს კურიოზული შემთხვევები?

— რამდენად კურიოზული იყო იმ მომენტში, ვერ გეტყვით, მაგრამ უცებ რაც გამახსენდა, იმას მოგიყვებით. სტამბულში ვრჩებოდი ერთი ღამით, მეორე დღეს, საღამოს იყო ფრენა, ამიტომ სასტუმრო აეროპორტთან ახლოს დავჯავშნეთ. ჩავედით გოგჩენის აეროპორტში და დარწმუნებული ვართ, რომ იმავე აეროპორტიდან მივფრინავთ. სრულიად შემთხვევით აეროპორტის პერსონალი გვეუბნება, რომ „ათათურქის“ აეროპორტიდან გვაქვს ხვალ ფრენა. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ არ დავაკვირდი ბილეთს და ამერია აეროპორტები. მეორე დღეს მთელი ორი საათი მივდიოდით ქალაქის მეორე ბოლოში. ჩვენდა საბედნიეროდ, პერსონალმა შეხედა, თორემ დავაგვიანებდით ცუდ შემთხვევაში, ან საერთოდ ვერ მივუსწრებდით რეისს.

– რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენ ცხოვრებაში?

— მოგზაურობის დროს, პირველ რიგში, ვიმუხტები დადებითი ემოციით, პოზიტივით, რაც იქაური ქვეყნების მცხოვრებლებიდან მოდის. რაც არ უნდა გაჭირვებული ქვეყანა იყოს, მაინც გაღიმებულია ხალხი და ბედნიერი. უბრალოდ გიღიმიან, არადა, შეიძლება საჭმელიც არ ჰქონდეს იმ დღეს, ბავშვი იქნება, ახალგაზრდა თუ მოხუცი. ვისურვებდი, რომ ისეთივე პოზიტივი იყოს ჩვენთანაც. მოგზაურობის დროს იღებ დიდ გამოცდილებას, ეცნობი სხვა ადამიანების ცხოვრებას, ხდები თავისუფალი და მეტად ერკვევი შენ თავში.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— კვიპროსიდან იორდანიაში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე, მერე თურქეთში ვაპირებთ გემით ჩასვლას და ვბრუნდებით საქართველოში. ცოტა ცხელ პერიოდს ემთხვევა ჩვენი ტური, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0