დიზაინერის სტილი – ნივთი, რომელიც ყველა ქალბატონს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბარგულში

© Photo: courtesy of PR OFFICE GEთინათინ მაღალაშვილი
თინათინ მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ მაღალაშვილის სამოსს ბევრი ქვეყნის მოდის კვირეულზე ჰქონია წარმატება. დიზაინის სფეროში რაღაც დოზით ალბათ ბავშვობიდანაა, მეექვსე კლასიდან ჭრის და კერავს, ამიტომ ყოველთვის საკუთარი ხელით შექმნილი-შეკერილი ტანისამოსი ეცვა.

პროფესიონალური საქმიანობა ამ სფეროში 2001 წლიდან დაიწყო და მის მიერ შექმნილი მოდელები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროფესიით არქიტექტორია, აქვს პროფესიონალი მხატვრის კვალიფიკაცია, ერთ დროს ლექციებსაც კითხულობდა.

© photo: courtesy of Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილი
თინათინ მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
თინათინ მაღალაშვილი

– ქალბატონო თინა, ვიცი, რომ თქვენ სერიულ ნაწარმს არ ქმნით…

— დიახ, ჩვენ არ ვქმნით სერიულ სამოსს, ჩვენთან ყოველთვის ექსკლუზიური მოდელებია. პროფესიული მოდის კვირეულებზე ჩვენი კოლექცია, როგორც უნიკალური და ხელით ნამუშევარი, თითო ეგზემპლარადაა წარმოდგენილი. ჩვენთვის ყოველი წელი წინა წელზე წარმატებული და გამორჩეულია. მიღებული მაქვს მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების მოდის კვირეულებსა და შოუ-რუმებში: პოლონეთში, ჩეხეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ჩინეთში… მარტო ამ წელიწადს რამდენიმე ქვეყნის მოდის კვირეულზე გამოვედით.

© photo: courtesy of Tinatin Magalashviliჩვენების შემდეგ
ჩვენების შემდეგ - Sputnik საქართველო
ჩვენების შემდეგ

– ეროვნულ დეტალებს თუ იყენებთ მოდელების შექმნის დროს?

— მე მქონდა კოლექციები, სადაც სამოსში ეროვნული დეტალები იყო გამოყენებული. 2015 წლის კოლექციაში იყო სამოსი, სადაც ქართული ფოლკლორის მიხედვით სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები პრინტით გადავიტანე სამოსზე და ძალიან საინტერესო და წარმატებული კოლექცია გამოვიდა. 2014 წელს გავაკეთე კოლექცია „ქართული სული“, რომლის თითქმის ნახევარი გაიყიდა და მისი ორჯერ შევსება მომიხდა. ჩემ მომხმარებლებში ბევრი ემიგრანტი ქალბატონი მყავს.

© FB / Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილი
თინათინ მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
თინათინ მაღალაშვილი

ისინი ყოველთვის მთხოვენ, რომ სამოსი ეროვნული დეტალებით იყოს გაფორმებული. მათგან მინდა გამოვყო თიკა სვანიძე-ვენკო, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს. ის ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია, მასთან ბოლო ერთი წელია, რაც ვთანამშრომლობ – რამდენიმე კოსტიუმი შევუკერე ქართული ელემენტების გამოყენებით. თბილისშიც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი მყავს. თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლისთვის თიკა თინიკაშვილისთვის ოთხი წელია, რაც ვქმნი სამოსს, რომელშიც ხშირად ვიყენებ ნაციონალურ ელემენტებს. ზოგადად ასეთი კოლექცია საქართველოში უყვართ და იმდენად წარმატებულია, რომ ეს კოლექცია უკვე ორჯერ შევავსე.

© photo: courtesy of Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი
თინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
თინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– ადამიანის ცხოვრების სტილი რამდენად განსაზღვრავს მისი სამოსის ხასიათს?

— ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ ადამიანი მასზეა გადაწყობილი, ამიტომ უკვე წლებია, რაც მსოფლიო მოდაში სპორტულ–კლასიკური სტილი შეინიშნება. დღეს ევროპაში გადაადგილების ყველაზე აქტიური საშუალება მოტოციკლი და ველოსიპედია და არა ავტომანქანა. ამან ის გამოიწვია, რომ ქალბატონებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა დაბალქუსლიანი და სპორტული ფეხსაცმელი, რაც სამოსის მთავარი დეტალია. როგორც კი რაიმე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამებ სამოსს, კაბა შეიძლება კლასიკური გახდეს, ხოლო თუ უხეშ „ბატილიონს“ შეუხამებ, ის უკვე ავანგარდულ სტილში ჩაჯდება. სპორტული ფეხსაცმლის შემთხვევაში ის უკვე სპორტულ სტილს მოირგებს. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი საღამოს კაბაზე პირადად ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ცალკე არსებობს საღამოს ლუქი, კოქტეილის ლუქი და ეს სხვადასხვა კატეგორიებად უნდა იყოს დაყოფილი.

© photo: courtesy of Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი
თინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
თინათინ მაღალაშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– კოკო შანელი ამბობდა, ყველა ქალს გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი შავი კაბაო…

— იცით, რა არის? ძალიან ჭკვიანი ქალი იყო კოკო შანელი და მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შავი კაბა უნიფორმასავით ჰქონდა. მან იცოდა პრაქტიკული სამოსის გემო და ფასი და მთელი რიგი სამოსი მისეული სტილით ჩაანაცვლა. შავი კაბა დღემდე აქტუალურია ყველა ქალის გარდერობში. ჩემთვისაც ასეა, იმიტომ რომ ესაა უნივერსალური, რასაც შეიძლება ყველაფერი მოარგო: სპორტული ფეხსაცმელი, ან კლასიკური აქსესუარი. ის ყოველთვის ბრენდია.

© photo: courtesy of Tinatin Magalashviliთინათინ მაღალაშვილის მაღაზია
თინათინ მაღალაშვილის მაღაზია - Sputnik საქართველო
თინათინ მაღალაშვილის მაღაზია

– რას ეტყოდით თანამედროვე ქალბატონებს, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებიან, რა უნდა ჰქონდეთ საბარგულში?

— იმ ქალბატონებს, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებიან, მანქანაში უნდა ჰქონდეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი. საქართველოში და, ზოგადად, პოსტსაბჭოურ ქვეყანებში ქუსლიანი ფეხსაცმელი დღემდე ძალიან საჭირო და აქტუალურია. დღეს რასაც ევროპა გვაწვდის, მოდის ტენდენციები რაღაც დოზით უკვე ავითვისეთ, მაგრამ მაინც ამასთან ეროვნულიც შენარჩუნებული გვაქვს, რაც ძალიან მისასალმებელია და სასიამოვნო. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან ეს ხომ საქართველოა – მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების და კულტურის ქვეყანა…

 

ყველა ახალი ამბავი
0