ყველაზე ცნობილი მედავითნე საქართველოში – ქართველი „ჯო კოკერი“

© FB / Heavy crossგოჩა ჭაბუკაიძე
გოჩა ჭაბუკაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიჭი და მოკრძალება - ეს ორი ცნება იშვიათად არის ერთ ადამიანში, მაგრამ ის ამ მხრივაც გამონაკლისია. პოეტი და მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე - სიმღერა მისთვის განწმენდა და აღსარებაა.

ამბობს, რომ ღმერთმა მოთმინების გამო უწყალობა ყველა ის სიკეთე, რაც ბოლო დროს მოხდა მის ცხოვრებაში… მუსიკალური პროექტებიდან ქართველმა და უკრაინელმა მსმენელმა ეს ადამიანი ერთნაირად და გულწრფელად შეიყვარა. ის დღეს რესტორანში მღერის და ეკლესიაში მედავითნეა, ხალხი მას „ქართველ ჯო კოკერს“ ეძახის…

დღეს მწერალთა სახლში ჩატარდება მისი შემოქმედებითი საღამო „ვარ სამშობლოს მიწის მტვერი“. საღამოზე მისული სტუმრები მისი ლექსებითა და სიმღერებით, ასევე ამ პიროვნებასთან ურთიერთობითაც მიიღებენ სიამოვნებას. მანამდე კი ჩვენ გავესაუბრეთ.

© FB / Genadi Gabodze Orioliგოჩა ჭაბუკაიძე
გოჩა ჭაბუკაიძე - Sputnik საქართველო
გოჩა ჭაბუკაიძე

– ბატონო გოჩა, თქვენგან ისეთი სინათლე და სიმშვიდე მოდის… ამ სატელევიზიო აღიარებამდე რა იყო თქვენ ცხოვრებაში?

— დღეს სრულიად უცნობი ადამიანები ჩემ მიმართ ასეთ სითბოს რომ გამოხატავენ, ძალიან კარგია და ბედნიერი ვარ. ჩვეულებრივი ოჯახის შვილი ვარ — დავამთავრე მუსიკალური ხუთწლედი აკორდეონის განხრით, მერე თბილისში ვსწავლობდი საესტრადო-მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. ასეთი მუსიკალური გემოვნება სწორედ მათ გამომიმუშავეს. ანსამბლში „მძიმე ჯვარი“ ჩემმა მეგობარმა თემურ ბოჯგუამ მიმიყვანა. მანამდე ისეთ სერიოზულ დონეზე, რასაც დღეს ვასრულებ, არ მიმღერია. უბრალოდ მიყვარდა სიმღერები ქართული ფილმებიდან, სმენით ვაწყობდი მათ და ვცდილობდი, რომ ისინი მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო ორიგინალს. ეს სიწრფელე და სინათლეც ალბათ იქიდან წამოვიდა. ანსამბლი რომ დაიშალა, ჩვეულებრივი რესტორნის მომღერალი გავხდი და ამ შემოსავალზე ვიყავი დამოკიდებული.

© FB / Gocha Tchabukaidzeოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

– თავმდაბალი ადამიანი ხართ და როგორ გადაწყვიტეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა — მხედველობაში მაქვს მუსიკალური პროექტები საქართველოსა და უკრაინაში?

— ცოლმა მითხრა – რომ ამბობ ესა და ეს ვარო, გამოდი პროექტში და იქ დაგვიმტკიცეო. ჰოდა, რაღაცნაირად მოვიკრიბე ძალები და… გამოვედი. პოპულარული შეიძლება გავხდი, მაგრამ, გააჩნია, რა კუთხით. ყველაზე მეტად ხალხის სიყვარულმა გამაოცა და გამახარა. დიდმა და პატარამ უცებ შემიყვარა. იმ დღის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გაოცებული ვარ, როცა ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები მაჩერებენ და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვენ. დღეს ჩემი საღამო ტარდება და ჩემი მოკრძალებული შემოქმედების თანაავტორთა საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, რომ შედგენილია საჩვენებელი ვიდეოკოლაჟი, სადაც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ იმ ავტორთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომლებიც სახალხოდ ჯერ არ გაჟღერებულა. საღამოს წაიყვანს სულიანი და გულიანი, არაჩვეულებრივი მწერალი და პოეტი, ქალბატონი ბელა ალანია.

© FB / Genadi Gabodze Orioliსცენაზე
სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენაზე

– როგორც ჩანს, ამ პროექტის მერე თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო. მანამდე როგორ ცხოვრობდით?

— ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, ყოველთვის მინდოდა, რომ ყველაფერი, რასაც გავაკეთებდი, კარგი და ორიგინალური ყოფილიყო. იყო მომენტები, როცა ქართულ, უცხოურ და რუსულ სიმღერებს მხოლოდ ჩემთვის ვმღეროდი. იმიტაციის ნიჭიც მქონდა. მიუხედავად ამისა, მინდოდა სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა და ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაჯა და წაიყვანა ჩემი ცხოვრება. როცა დედა გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე და სამედიცინოზე ჩაბარება ვეღარ შევძელი. ჩავაბარე საესტრადო სასწავლებელში, სადაც წარმატებას მივაღწიე და ჩემი გზაც სხვაგვარად წარიმართა. იმ პერიოდში ასეთი ღრმადმორწმუნე ადამიანი არ ვყოფილვარ. მერე ერთმა შემთხვევამ განსაზღვრა ჩემი რწმენა…

– რა შემთხვევა იყო?

— ერთ დღეს ავდექი და ჩემი ცოდვილი გონებით გამოვცადე, მართალია თუ არა ის, რაც ბიბლიაში წერია–მეთქი. მაგალითად, ლუკას სახარებაში წერია, რასაც გასცემ, ზუსტად იგივე მოგეცემაო. ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როცა მართლაც ზუსტად იგივე თანხა, და არა დამრგვალებული, იმავე დღეს მივიღე… ერთხელ ტაძარში შევედი, სადაც გალობდნენ. მახსოვს, ცრემლები წამომივიდა, რადგან ასეთი რამ პირველად მოვისმინე. გარეთ რომ გამოვედი, იქვე მდგარი გაჭირვებული ადამიანები შემხვდნენ და მე რაც ჯიბეებში მქონდა, მართლაც ბოლომდე გავეცი. თქვენ წარმოიდგინეთ, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად მივიღე ზუსტად იგივე თანხა… ბავშვობაში საშინელ ავარიაში მოვხვდი, პროზექტურაშიც ვიყავი, ბოლო მცდელობა ის იყო, რომ გულის კუნთში გამიკეთეს ნემსი. ამის მერე, თურმე, ერთი ამოვიკვნესე და გადავრჩი. ასე რომ, ღმერთთან სულიერი კავშირი ბავშვობიდან მქონდა. თან ოჯახი მყავდა მორწმუნე და ქველმოქმედი, არ მახსოვს შემთხვევა, რომ ვინმე მოსულიყო და ჩემები არ დახმარებოდნენ.

© FB / Tornike Todriaერთ-ერთი საღამოს შემდეგ
ერთ-ერთი საღამოს შემდეგ - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი საღამოს შემდეგ

– ამას წინათ პოეტ ჯუბა ღებელის ლექსზე სიმღერა შექმენით…

— სამწუხაროდ, მის საღამოზე ეს სიმღერა ვერ შევასრულე, ინსტრუმენტი იყო აშლილი, ეს კი ისეთი მელოდიაა, რომ თითო ნოტი უნდა გალობდეს. ძალიან ლამაზი ლექსია და მაშინ როგორც ლექსი, ისე წავიკითხე. ჩემ საღამოზე კი ეს სიმღერა აუცილებლად გაჟღერდება. გარდა ამისა, აქ მოსული სტუმარი ბევრ საინტერესო სიმღერას მოისმენს.

– ადამიანში რას აფასებთ?

— ალალად გეტყვით: გინდა მტერი იყოს და გინდა მოყვარე — იყოს გულახდილი, ნუ იქნება ორპირი და უმადური, დანარჩენი არაფერი მაღიზიანებს. ვიცი, ყველას ვერ ეყვარები, მაგრამ ალალი იყოს და ზურგს უკან ორმო არ გამითხაროს…

 

ყველა ახალი ამბავი
0