ამეთვისტო, კვარცი, აქატი, პირიტი – მაგიური ქვებით შექმნილი საუცხოო სამკაული

გამოწერა
„მოვა“ ბუნებრივი ქვებით დამზადებული სამკაულის ბრენდია, რომელიც ორმა მეგობარმა სალომე ჯაოშვილმა და თეონა წიტაიშვილმა შექმნეს.

მართალია, არც თეონაა პროფესიით დიზაინერი და არც სალომე, მაგრამ მათი ნამუშევრები განსაკუთრებული, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. თეონას დამთავრებული აქვს ბიზნეს–ადმინისტრირების ფაკულტეტი საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს ერთ-ერთ სალიზინგო კომპანიაში კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. სალომე პროფესიით მარკეტოლოგია, დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტი. იყო ერთ-ერთი საერთაშორისო სარეკლამო კომპანიის პროექტების მენეჯერი. სულ ახლახან შეეძინა პატარა. ამ ეტაპზე თეონა დროის უმეტეს ნაწილს ბავშვის აღზრდას და „მოვას“ უთმობს.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryსალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი
სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი

–  სამკაულის შექმნით როდის დაინტერესდით?

— პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სამკაულები ხელნაკეთი არ არის. იმ დიზაინის ხელით შექმნა, რასაც ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ, შეუძლებელია. „მოვას“ ჰყავს ორი დამფუძნებელი – მე, სალომე ჯაოშვილი და ჩემი საუკეთესო მეგობარი თეონა წიტაიშვილი. პროფესიით დიზაინერები არ ვართ.

ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორები და „მოვას“ დამფუძნებლები ვართ, არამედ საუკეთესო მეგობრებიც. ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაშიც პირველ მერხზე ერთად ვისხედით და დღემდე განუყრელები ვართ. საკუთარი საქმის წამოწყების იდეაც ერთად მოგვივიდა. კარგად გვახსოვს, თბილისის ერთ-ერთ კაფეში ვისხედით და ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და დრო რაიმე ღირებულის შესაქმნელად. ორივე გატაცებული ვართ სამკაულებით. ბავშვობაში ხშირად დავდიოდით მძივებისა და ბისერების მაღაზიაში. მარტივ, მაგრამ ორიგინალურ სამკაულებს ვაკეთებდით და შემდეგ სკოლაში ვიწონებდით თავს. რაღა დაგიმალოთ და ასტროლოგიისა და ნატურალური ქვების სამკურნალო თუ მაგიური თვისებებისაც გვჯერა და გვიტაცებს. გასაკვირი არ არის, რომ პირველი, რაც თავში მოგვივიდა, სამკაულის შექმნა იყო. თავდაპირველად მინიმალისტური სტილის სამკაულების შექმნა გადავწყვიტეთ. შევქმენით ერთ-ერთი მოდელის დიზაინი, მაგრამ თითქოს არ იყო საკმარისი და გადავწყვიტეთ ერთი პატარა დეტალით გაგველამაზებინა და გაგვეხადა განსაკუთრებული. ეს იყო ამეთვისტო. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ მარტივი დიზაინი სხვადასხვა სახის კრისტალებით თვალისმომჭრელი, მდიდრული და ეფექტური შეიძლება გახადო.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryსაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

– რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— ჩვენი აზრით, ლამაზია სამკაული, როცა უბრალო „ლუქსაც“ განსაკუთრებულს, მოდურს და თვალისმომჭრელს ხდის. აი, სახლიდან რომ გახვალ და გაკეთება დაგავიწყდება, რადაც არ უნდა დაგიჯდეს უკან რომ მიბრუნდები, გაიკეთებ და თავდაჯერებული გააგრძელებ გზას.

– თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— ჩვენ არ ვართ პროფესიით დიზაინერები. „მოვას“ მოდელები ძირითადად მორგებულია ქვებზე. ვინაიდან საქმე გვაქვს ბუნებრივ, დაუმუშავებელ ქვებთან, დიზაინს ვარგებთ ქვებს. დიზაინი კეთდება ქვებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ „მოვას“ ხიბლი უფრო ბუნებრივი ქვების სილამაზეშია, ვიდრე დიზაინში.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryბეჭედი
ბეჭედი  - Sputnik საქართველო
ბეჭედი

– როგორც მეგობრები, პარტნიორები, რამდენად კომფორტულია თქვენთვის ერთად მუშაობა?

— როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ორნი ბავშვობიდან განუყრელები ვართ. საქმეში იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე სანდო პარტნიორი. ერთმანეთს თვალდახუჭული ვენდობით როგორც პიროვნული თვალსაზრისით, ასევე ცოდნის, გემოვნების და გამოცდილების მხრივ. ერთმანეთს ვავსებთ ასი პროცენტით. თუ ერთს ცოდნა არ აქვს რაიმე საკითხში, მეორეს აქვს, თუ რამე არ ვიცით, ერთად ვსწავლობთ. შესაბამისად, საქმეს მხოლოდ ორნი ვუძღვებით. უდიდესი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა დგას თითოეული სამკაულის მიღმა. უამრავი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით, დღეს უკვე სირთულეები ჩვენთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, პირიქით, სირთულეები გვაძლიერებს და ვიცით, რომ ამის გარეშე წინ ვერ წავალთ. ეს არის წარმატების თანმდევი პროცესი. თუ მოვიდა ისეთი დრო, რომ სირთულეები გამოგველია, აი, მაშინ იქნება საქმე ცუდად. ესე იგი წინ ვეღარ მივდივართ.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryბეჭედი
ბეჭედი  - Sputnik საქართველო
ბეჭედი

– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

— რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები ყველაზე მეტად გვიდგანან გვერდში და ამავდროულად ყველაზე მეტად გვაკრიტიკებენ.

– ქართველმა მომხმარებლებმა როგორ მიიღეს თქვენი სამკაულები?

— ძალიან გვეშინოდა საზოგადოების შეფასების. გვაინტერესებდა, მათაც მოეწონებოდათ თუ არა ჩვენი შემოქმედება ისე, როგორც ჩვენ მოგვწონდა. საბედნიეროდ, თავის დამკვიდრება არ გაგვჭირვებია. ჩვენ წამოწყებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხისგან საოცრად დადებითი შეფასებები მივიღეთ, რაც საოცარი სტიმული იყო ჩვენთვის. თითოეული მოწონება, გაზიარება, მომხმარებლის თითოეული კომენტარი უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილებას გვანიჭებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშველოვანია – არც ერთი მომხმარებელი არ დარჩეს რაიმეთი უკმაყოფილო ან გულდაწყვეტილი. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და პირადად ვეკონტაქტებით მომხმარებელს, რომ არაფერი გამოგვრჩეს. ვცდილობთ მაქსიმალური კონფორტი შევუქმნათ და ნელ-ნელა ვიხვეწებით ისევ მომხმარებლის სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ თითოეულ მათგანს.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryსაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

– როგორ ქმნით ფერთა გამას და რის მიხედვით არჩევთ ფერებს?

— „მოვას“ სამკაულში ფერები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ საოცარ ფერებს ქმნის ბუნება და ამიტომ აქვთ მათ ასეთი ეფექტი და ხიბლი.

– რა მასალით იქმნება სამკაული?

— „მოვას“ სამკაულებში გამოყენებულია ბუნებრივი, ნახევრადძვირფასი, დაუმუშავებელი ქვები, როგორებიცაა ამეთვისტო, კვარცი, აქატი, პირიტი და ასე შემდეგ…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრისტალები სიუცხოვეს და ხიბლს მატებს მარტივ, უბრალო დიზაინს, განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს ხდის მათ. ასევე ნატურალურ ქვებს აქვს სამკურნალო და მაგიური თვისებები. ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია თანამედროვე, თვალისმომჭრელი დიზაინის სამკაულთან ერთად თავისი ნიშნის შესაბამისი ქვა ატაროს და დაიმუხტოს მისი დადებითი თვისებებით.

თავიდან, როცა სამკაულებში ქვების გამოყენების იდეა მოგვივიდა, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ბუნებრივი, ნახევრადძვირფასი ქვები, რომლებსაც ძირითადად ძველი თაობები ატარებდნენ ხოლმე, და შეგვეთავსებინა მათთვის თანამედროვე დიზაინი. ასე უფრო საინტერესო და უცხო პროდუქტი გამოვიდა.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryსაყურე
საყურე - Sputnik საქართველო
საყურე

– სად იყიდება თქვენი სამკაული?

—  მისი შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზიის საშუალებით არის შესაძლებელი. მეტი კომფორტის შესაქმნელად, მომხმარებელს რომ უფრო გაუმარტივდეს გადაწყვეტილების მიღება, ადგილზე ნახოს სამკაული და მოიზომოს, ჩვენთან შესაძლებელია შეარჩიონ რამენიმე ნივთი, კურიერს მიაქვს მითითებულ მისამართზე და მომხმარებელი ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეარჩევს სასურველ ნივთს, შეუძლია გააუქმოს შეკვეთა და იხდის მხოლოდ კურიერის მომსახურების საფასურს, 5 ლარს.

საზღვარგარეთაც იყიდება ჩვენი პროდუქტი, თუმცა უფრო მეტად საქართველოში ჩამოსული უცხოელები ყიდულობენ, რადგან ჩვენი ქვეყნიდან გაგზავნა ჯერჯერობით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

– რამდენად გემოვნებიანები არიან ქართველი ქალები, რა ფერებს და სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— ჩვენი აზრით, ქართველი ქალი ძალიან გემოვნებიანია და ეს დღეს უკვე ნათლად გამოჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ მათ უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ უამრავი გემოვნებიანი და წარმატებული დიზაინერის წყალობით. ქართველი ქალი ყოველთვის გამოირჩეოდა სტილის შეგრძნებით, მაგრამ ადრე უფრო მუქი ფერები ჭარბობდა მათ გარდერობში. დღეს ქართველი ქალი უკვე ფერადი, მომხიბვლელი, თავდაჯერებული და თავისუფალია.

© photo: Courtesy of MOVA Jewelryბეჭედი
ბეჭედი  - Sputnik საქართველო
ბეჭედი

– ქალის გარეგნობაში რამდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია სამკაული?

— ვფიქრობთ, სამკაული არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელი ატრიბუტია ქალის გარეგნობაში. სამკაული ეს ის პატარა დეტალია, რაც მეტ თავდაჯერებულობას და განსაკუთრებულობას მატებს ქალს.

– როგორი სამკაულია დღეს მოდაში?

— საკმაოდ მოდური და აქტუალურია დღეს მინიმალისტური ვერცხლის სამკაულები. რაც ძალიან მომრავლდა ქართულ ბაზარზეც. კონკურენცია და  არჩევანიც საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს სიახლეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უკონკურენტოები ვართ ქართულ ბაზარზე.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— სამომავლოდ ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს. უახლოეს მომავალში გვექნება ბევრი ახალი დიზაინის სამკაული, ვგეგმავთ სტენდის განთავსებას სავაჭრო ცენტრში და პროდუქტის კიდევ უფრო მეტად დახვეწას. მზად ვართ ჩვენი საბოლოო მიზნების მიღწევას კიდევ უფრო დიდი შემართებით შევეჭიდოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0