ერთი ბოლქვით დაწყებული საქმე და ვარდისფერი კალები ქართულ „ედემში“

გამოწერა
საოჯახო სანერგე მეურნეობა „ედემი" კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მდებარეობს. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ ხუგაევების ოჯახის მეურნეობა, რომელიც ბიზნესად რებეკას ჩართვის შემდეგ იქცა.

რებეკა ამ ოჯახის ყველაზე პატარა და ყველაზე მოტივირებული წევრია, სწორედ მის დროს მოიპოვა საოჯახო მეურნეობამ სტატუსიც და პოპულარობაც.

სანერგე მეურნეობა „ედემის“ დამაარსებელს რებეკა ხუგაევას აფენში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Rebecca Khugaevaრებეკა ხუგაევა
რებეკა ხუგაევა  - Sputnik საქართველო
რებეკა ხუგაევა

– რებეკა, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ საოჯახო მეურნეობა ბიზნეს-საქმიანობად გექციათ?

— ეს ყველაფერი მშობლებისგან მერგო. მამამ ეს საქმე დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო, ახლა 65 წლისაა. სამწუხაროდ, ამ სფეროში არც სკოლის პერიოდში და არც შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩართული არ ვიყავი. ჩემმა მშობლებმა მეურნეობა ნელ-ნელა გაზარდეს და გააფართოვეს, მაგრამ მხოლოდ ლაგოდეხის რაიონის მასშტაბით, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. მახსოვს, ადგილობრივ ბაზრობაზე დავდიოდით და იქ ვყიდდით ყველაფერს. სამი წლის წინ დედა გარდაიცვალა. იძულებული გავხდი, რომ უკან დავბრუნებულიყავი და მამას მივშველებოდი. თანდათან დავინტერესდი, ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი და ეს მეურნეობა გავაფართოვე. 2016 წელს ოფიციალურად დავარეგისტრირე და „ედემიც“ მაშინ დავარქვი. შემოდგომით ჩვეულებრივ ვაკეთებდი საქმეს და ვიფიქრე, რატომაც არა?— გავხსნი ინტერნეტში ოფიციალურ გვერდს და ყველაფერს გამოვფენ–მეთქი. მანამდე ჩვენ შესახებ ერთი ინფორმაციაც არსად იყო. ამის მერე წამოვიდა ხალხის დაინტერესება, ყველა გვეკითხებოდა, სად შეიძლება გნახოთ და მცენარეები და ნერგები როგორ შევიძინოთო.

© photo: courtesy of Rebecca Khugaevaრებეკა ხუგაევა
რებეკა ხუგაევა  - Sputnik საქართველო
რებეკა ხუგაევა

– რომელი უცხო ჯიშის იშვიათი მცენარეები გაქვთ და ქართულ მიწას როგორ ეგუებიან?

— ჩვენი მეურნეობა კერძო სახლში, 2500 კვადრატულ ტერიტორიაზეა განთავსებული. ადრე ჩემ მშობლებს უმეტესად ხეხილი მოჰყავდათ. შემდეგ, ხალხის დაინტერესება რომ გაჩნდა, დედა ყვავილებზე გადავიდა. ჩემი ჩართვის შემდეგაც ძირითადად ყვავილებზე გადავედით. უცხო ყვავილების ჯიშები, მათი თესლები და ბოლქვები ჩამოგვაქვს გერმანიიდან, სადაც ჩემი და ცხოვრობს. მე ვირჩევ ხოლმე მათ კატალოგიდან, შემდეგ ის მიგზავნის და ვამრავლებთ. ეს ყველაფერი უფრო ეფექტურია, როცა ქართულ მიწაზე ხარობს — თან ისეთი დალოცვილი მიწა გვაქვს… ძალიან მინდა ქართული ნაწარმი შევქმნა.

© photo: courtesy of Rebecca Khugaevaრებეკა ხუგაევა
რებეკა ხუგაევა  - Sputnik საქართველო
რებეკა ხუგაევა

– რომელი იშვიათი დეკორატიული მცენარეები გაქვთ თქვენ მეურნეობაში?

— ხეხილის იშვიათი ჯიშები გვაქვს, მაგალითად, ჯუჯა ატამი, ჯუჯა ვაშლი, ჯუჯა მსხალი, ჯუჯა ქლიავი, ჯუჯა ალუბალი… წელს ჯუჯა ალუბლის გაყიდვა დავიწყეთ, თუმცა შემდეგი წლებიდან, როცა უკვე ყველაფერი ნელ-ნელა გამრავლდება, ყველა სახის ხეხილის გაყიდვასაც დავიწყებთ. ასევე გვაქვს იშვიათი ფერის ვარდისფერი კალები, რაც საქართველოში საერთოდ არ არის. ისინი ერთი ბოლქვიდანაა გამრავლებული.

– ვიცი, რომ მომავალში თქვენი „ედემის“ კატალოგზე მუშაობთ…

— ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მყიდველებმა მოითხოვეს, რომ სია ჩამომეწერა ყველაფრის, რაც მეურნეობაში გვაქვს. მინდა, რომ კატალოგი გავაკეთო, რათა მყიდველისთვის უფრო მარტივი იყოს სასურველი მცენარე შეარჩიოს. ჩვენ სეზონურად ყველაფერი გვაქვს, შეიძლება ამ ეტაპზე ხუთი სახეობა მქონდეს, მაგრამ მეორე თვეში მას სამი სახეობა დაემატოს. ყველაფერი სეზონურადაა დაყოფილი.

© photo: courtesy of Rebecca Khugaevaჯუჯა ბალი
 რებეკა ხუგაევა - Sputnik საქართველო
ჯუჯა ბალი

– კონკურსებსაც ატარებთ თურმე…

— დიახ, „ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის წამახალისებელ კონკურსებს ვატარებთ და მიხარია, როცა ვხედავ, რომ ძალიან აქტიურობენ. უმეტესობა ადგილზე ჩამოდის, რომ ჩვენი „ედემი“ იხილოს, ამის გათვალისწინებით ფასები განსხვავდება. მაგალითად, ადგილზე ჩამოსულებისთვის სამფერა ია 50 თეთრია. როცა ვუგზავნით, მაშინ — 80 ან 70 თეთრი ღირს, თანაც, გააჩნია რაოდენობას. ადგილობრივებმა იციან, რომ ჩვენ ყველაზე დაბალი ფასებით გამოვირჩევით. ხელსაყრელი ფასი ჩვენი პრიორიტეტია. თან სხვები ტორფში გამოყვანილ ყვავილებს ყიდიან, რომლებსაც შემდგომში უჭირს ზრდა-განვითარება, ჩემი ყვავილები კი მიწაშია გახარებული და ადვილად ეგუება გარემოს. „ედემში“ უცხოელებიც ხშირად გვყავს. ტურისტები ჩვენით ჯერ არ დაინტერესებულან, რადგან ჩვენ შესახებ ჯერ არაფერი იციან. მომავალში კი ვგეგმავთ მომხმარებელს რაიმე ექსკლუზიური შევთავაზოთ, რითიც დაინტერესდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0