ცნობილ არტ-ფორუმზე Frieze ქართველი მხატვარი მსოფლიოს 11 საუკეთესოთა შორის დასახელდა

© photo: courtesy of Mamuka Bliadzeგალერეა "Kornfeld“-ის წარდგინებით ნათელა იანქოშვილი ნიუ-იორკში საუკეთესოდ დაასახელეს
გალერეა Kornfeld“-ის  წარდგინებით ნათელა იანქოშვილი ნიუ-იორკში საუკეთესოდ დაასახელეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგება დრო და ფიროსმანის შემდეგ ჩემ ნამუშევრებს დაასახელებენო, ასე განაცხადა სიცოცხლეში გამორჩეული ხელწერის მქონე ნიჭიერმა მხატვარმა ნათელა იანქოშვილმა. ეს სულაც არ იყო მხოლოდ წინასწარმეტყველური სიტყვები, ის საკუთარ თავში დარწმუნებულ ხელოვანს ეკუთვნის.

ნათელა იანქოშვილს მსოფლიო რანგის კრიტიკოსები გოგენის, დალის, მატისის, პიკასოს გვერდით აყენებენ. ხელოვნებათმცოდნეები მას ფიროსმანის შემდეგ „მომავლის მხატვრად" და ნიკალას მემკვიდრედ ასახელებენ.

6 ივნისს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავზე მისი გამოფენა გაიმართება. ხელოვანის შემოქმედებითი ცხოვრება დღესაც გრძელდება, მის სახელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ-ახალი წარმატება და აღიარება ემატება.

ამჟამად საქართველოში ჩამოსულია ლონდონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მამუკა ბლიაძე, რომელიც ცნობილი გერმანული გალერეა Kornfeld-ის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის უკვე ათი წელია, რაც ნათელა იანქოშვილის შემოქმედებაზე მუშაობს. მისი მეშვეობით ქართველი მხატვრის შემოქმედება უცხოეთის ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.

© photo: courtesy of Mamuka Bliadzeგალერეა "Kornfeld“-ის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე
გალერეა Kornfeld“-ის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე - Sputnik საქართველო
გალერეა "Kornfeld“-ის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე

– ბატონო მამუკა, თქვენ წლებია, რაც უცხოეთში ნათელა იანქოშვილის ხელოვნებას უწევთ პოპულარიზაციას…

— დიახ, ბოლო ათი წელია იანქოშვილის „პრომოუშენზე“ ვმუშაობ და მას ყველგან ძალიან დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ძალიან წარმატებული პროექტია. ეს ფაქტი არ გამიკვირდებოდა, იანქოშვილი ინგლისელი ან ამერიკელი მხატვარი რომ ყოფილიყო, მაგრამ როცა ქართველ მხატვარს ასე აღიარებენ, ეს მართლაც საამაყოა. ნათელა იანქოშვილი, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, ძალიან თვითმყოფადი მხატვარი, ერთ გერმანულ გალერეას წარვუდგინე და ძალიან მოეწონათ. მისი შემოქმედების შესაფასებლად ცნობილი ექსპერტები გერმანიიდან, იტალიიდან და ინგლისიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის ისეთი აღიარებული ექსპერტები, როგორებიც არიან ფრანჩესკა პინი (Francesca Pini) – ცნობილი იტალიური გაზეთის Corriere de la Sera-ს არტ-კრიტიკოსი; მარლენ შტოსელი (Marleen Stoessel) – გერმანელი მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი; გაია სიმიონატი (Gaia Simionati) – მილანელი არტ-კრიტიკოსი, ჟურნალისტი და კურატორი; ტობი გამპსი (Toby Camps) – ამერიკელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და Frieze Masters-ის მთავარი კურატორი. ყველა ეს სახელი და გვარი არტ-სამყაროში ძალიან ცნობილია.

– კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იხილეს ნათელა იანქოშვილის შემოქმედება ბოლო წლებში?

— სულ ახლახან ნიუ-იორკში Frieze-ზე იყო საუკეთესო ჩვენების სექციაში, სადაც საუკეთესო მხატვრად დაასახელეს. აქ წარმოდგენილი იყო 190 გალერეა და 1000-ზე მეტი მხატვარი. ძალიან საამაყოა, რომ ნათელა იანქოშვილი 11 საუკეთესოთა შორის დაასახელეს, ეს დიდი მიღწევა იყო. გალერეებიდან და მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციონერებიდანაც ძალიან ორიგინალური და საინტერესო კონტაქტები წამოვიდა. მისი შემოქმედება გასული წლის აპრილში ბრიუსელში გამოიფინა და იქაც საუკეთესოდ ჩათვალეს. ერთმა ცნობილმა გერმანულმა გაზეთმა ქართველ მხატვარს მიუძღვნა სპეციალური წერილი, სადაც მას „აღმოსავლეთის მოდერნის პიონერი“ უწოდეს. აქ აღმოსავლეთი ევროპა იგულისხმებოდა. ბრიუსელში გასულ წელს დაიწერა, რომ ის „საუკეთესო ინვესტიციის თანამედროვე მხატვარია“. ინვესტიციის იმიტომ, რომ მათთვის იანქოშვილი აღმოჩენა იყო.

– ასეთი საერთაშორისო აღიარების ფონზე დასანანია, რომ სამშობლოში მას კარგად არ იცნობენ…

— გამიკვირდა, რომ ასეთი რანგის მხატვარს ჩვენში ბევრი არ იცნობს. იმედია, მას საქართველოში ყველა გაიცნობს და სათანადოდ დააფასებს. თბილისის საერთაშორისო „არტ-ფეაზე“, რომელიც მაისში „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა, ჩვენმა გალერეამ ნათელა იანქოშვილის ოთხი ნამუშევარი წარმოადგინა. ამას წარმატება მოჰყვა და ხალხს ძალიან მოეწონა. მე კომერციულ წარმატებას არ ვგულისხმობ, შემოქმედებითი, არტისტული წარმატება მაქვს მხედველობაში.

– ბატონო მამუკა, ქალბატონ ნათელას შთამომავლები არ ჰყავდა, არა?

— ქალბატონ ნათელას შვილი არ ჰყოლია. სპეციალურად არ იყოლია. ის ამბობდა, შვილი რომ გავაჩინო, მერე ვეღარ დავხატავო. ცხოვრებაში თავისი გზა – მხატვრობა აირჩია. ამის შესახებ მეგობრები და ახლობლებიც სულ ეკითხებოდნენ. როცა ასაკში შევიდა, ჰკითხეს, ხომ არ ნანობო. მან უპასუხა – არ ვნანობ, იმიტომ რომ მე რომ შვილი მყოლოდა, ის ჩემ ნახატებზე მეტად ნამდვილად არ მეყვარებოდაო. 6 ივნისს ნათელა იანქოშვილის უნიკალური შემოქმედება თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება. იმედია, ბევრი დამთვალიერებელი მოვა და ხელოვანს სათანადო ყურადღება ქართველი შემფასებლისგანაც არ მოაკლდება…

ბოლოს, ჩვენ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ ქართველი მხატვრის შესახებ:

ნათელა იანქოშვილი ქართული ფერწერის უნიკალური მოვლენაა. მისი პორტრეტები და პეიზაჟები, გრაფიკა და წიგნის ილუსტრაცია – ქართული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების საგანძურია. მხატვარი გურჯაანში დაიბადა და სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ის ვერანაირ ჩარჩოს ვერ შეეგუა, ამიტომ იყო, რომ საბჭოურ პერიოდში იდეოლოგიისგან თავსმოხვეული თემებით იძულებით შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი მან საკუთარი ხელით გაანადგურა…

ყველა ახალი ამბავი
0