06:00 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
რატი ფიფია

მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის! ბიჭი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს

photo: courtesy of Rati Pipia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
13667281

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ერთ თბილისელ 16 წლის ბიჭზეა - რატი ფიფიაზე, რომელიც, გარდა იმისა, რომ თბილისის „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლე და Head of School-ია, და რომელმაც არაერთხელ ასახელა სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, თურმე ძალიან კარგ ნოველებსაც წერს.

რატი მეთერთმეტე კლასშია. როგორც გვითხრა, ნოველების წერა ორი წლის წინ „თავისთვის“ დაიწყო და არც უფიქრია მათი განდობა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი სამწუხარო ამბავი, რომელიც მის პატარა ძამიკოს — ბექას შეემთხვა…

ნომერ პირველი ბაქსვუდელი - Head of school - რატი ფიფია
photo: courtesy of Rati Pipia
ნომერ პირველი ბაქსვუდელი - Head of school - რატი ფიფია

„ბექა 8 წლისაა. აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭია. უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს…

ბექას სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ. თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების — სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება… ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა სახელად მიელოიდური ლეიკემია“, — ასე ამცნეს პატარა ბექა ფიფიას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საზოგადოებას მისმა გულშემატკივრებმა.

პატარა ბექა უფროს ძმას პირველად მიჰყავს სკოლაში
photo: courtesy of Rati Pipia
პატარა ბექა უფროს ძმას პირველად მიჰყავს სკოლაში

გასულ თვეს ბექას კანზე სისხლჩაქცევა შენიშნეს. თითქოს უვნებელი ჩივილის დიაგნოზი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო — მწვავე მიელოიდური ლეიკემია.

მშობლებმა ბექა დაუყონებლივ გადაიყვანეს ისრაელში, შიბას კლინიკაში, სადაც ამჟამად მკურნალობის კურსი უტარდება…

მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის
photo: courtesy of Rati Pipia
მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის

ბექა მხიარული და ნიჭიერი ბიჭუნაა, თვალებიდან ყოველთვის სიხარულს და ბედნიერებას ასხივებს. ამასთან ბევრი ოცნება აქვს, რომელსაც ფრთები უნდა შეასხას…

არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თანხა, რომელიც პატარა ბექას ფეხზე დასაყენებლად არის საჭირო — 350 ათასი დოლარი…

დღეს ეს ბაქსვუდელი გოგო-ბიჭები, რომელთაც არა ერთხელ ასახელეს სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, პატარა ბექას  მტრისგან დასახსნელად იბრძვიან
photo: courtesy of Rati Pipia
დღეს ეს ბაქსვუდელი გოგო-ბიჭები, რომელთაც არა ერთხელ ასახელეს სამშობლო საერთაშორისო ასპარეზზე, პატარა ბექას მტრისგან დასახსნელად იბრძვიან

ბექას მშობლები, და-ძმები, მეგობრები, კლასელები,  ნათესავები, უბრალო ნაცნობები უმალ დაირაზმნენ ვერაგი მტრის დასამარცხებლად.

ძალიან ძნელი იყო უემოციოდ გეცქირა პატარა „ბაქსვუდელებისთვის“, რომლებიც გასულ შაბათს სკოლაში ღია კარის დღეზე მისულ მშობლებს სარეცხი ღრუბლებით „შეიარაღებულნი“ დახვდნენ და მანქანების გარეცხვის სანაცვლოდ ბექასთვის შემოწირულობის გაღებას სთავაზობდნენ…

პატარა ბაქსვუდელები ბექასთვის
photo: courtesy of Rati Pipia
პატარა ბაქსვუდელები ბექასთვის

— ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ — მე, ბექა, დემეტრე და დაიკო ირინე. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს. ჩემი ნოველების გამოცემაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემი მშობლები მარტო ვერ გადაჭრიდნენ ამ პრობლემას, გადავწყვიტე ჩემი წვლილიც შემეტანა ბექას მტრის დამარცხებაში, — გვიამბობს რატი.

სამი ძმის ერთ დაიკო
photo: courtesy of Rati Pipia
სამი ძმის ერთ დაიკო

ნოველა სახელწოდებით „მოხდენილი ნახტომი“ უკვე იბეჭდება და მზის შუქს მომავალ კვირაში იხილავს. რატის თქმით, წიგნი საქველმოქმედო საღამოებზე გაიყიდება, რომელსაც ბექასთვის შექმნილი ფონდი მომავალი კვირიდან გეგმავს.

რატი ფიფიას წიგნი
photo: courtesy of Rati Pipia
რატი ფიფიას წიგნი

— ეს არის პატარა ნოველა, რომელიც ჩემთვის დავწერე. სიუჟეტი ვითარდება ბავშვთა სახლში, საიდანაც 12 წლის ბავშვები გეგმავენ გაქცევას. არის შობის საღამო. ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ იქ ყოფნა აღარ უნდათ, შეიმუშავეს გეგმა, როგორ დააღწიონ თავი ბავშვთა სახლს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი კონკრეტულად სად გაიყიდება. სავარაუდოდ ბექასთვის დაგეგმილ აქციებზე. ასევე დავდგამთ სტენდებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. წიგნის მაღაზიებში რამდენად მოვახერხებთ შეტანას, არ ვიცი, — ამბობს რატი.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ 26 მაისს, შაბათს, 11 საათიდან „ბაქსვუდელები“ ვაკის პარკში საქველმოქმედო აქციას გეგმავენ. პატარები თავიანთ ნახატებს და ხელნაკეთ ნივთებს შესთავაზებენ საზოგადოებას და ამ აქციიდან შემოსული თანხაც ბექას ფონდში ჩაირიცხება.

რატის თქმით, ბექას ისრაელის კლინიკაში უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის ერთი კურსი და უკვე მეორე კურსისათვის ამზადებენ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით და კარგად მიდის.

— კარგი მოლოდინი მაქვს. არც მაქვს უფლება პოზიტიური იმედი არ მქონდეს. რა თქმა უნდა, დადებითად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ერთად დავამარცხებთ ბექას მტერს!

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
photo: courtesy of Rati Pipia
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

რედაქციისგან: დღეს პატარა ბექას დაბადების დღეა — 8 წლის გახდა. ამ მუდამ ღიმილიან ბიჭს დიდი სიურპრიზი მოუწყო მამამ — კლინიკაში ჩავიდა და საჩუქრები და წერილები ჩაუტანა მეგობრებისგან!

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ პატარა ბექას და წარმატებებს მის განსაკუთრებულ ძმას. გვწამს, რომ მომავალ დაბადების დღეს თბილისში, სრულიად ჯანმრთელი, თავისი და-ძმებისა და დიდი თუ პატარა მეგობრების გარემოცვაში შეხვდება.

მათ კი, ვინც ამ ოჯახის ისტორია გულთან ახლოს მიიტანა, გთხოვთ დახმარების ხელი გაუწოდოთ პატარა ბექას, დავეხმაროთ მისი ვერაგი მტრის დამარცხებაში.

ბექას დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილია ანგარიშის ნომერი:

საბანკო კოდი-TBCBGE 22

მიმღების დასახელება — ბექას ფონდი

ანგარიშსწორების ანგარიში — GE96TB7060336080100007

მსურველებს ასევე შეუძლიათ დარეკონ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ნომერზე:  0 901 901 996  ზარის ღირებულება 1 ლარი!

მთავარი თემები