ელა ფიცჯერალდის ბათუმელი „შვილიშვილი“ „X–ფაქტორში“ და მისი საერთაშორისო მიღწევები

© photo: Courtesy of Marita Cecxladzeმარიტა ცეცხლაძე
მარიტა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველივე ნოტისთანავე აშკარა გახდა, რომ საქმე განსაკუთრებულ მოვლენასთან გვქონდა. ეს არ იყო მხოლოდ სუფთად ნამღერი, ეს იყო ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის სიმღერით გადმოცემული ამბავი. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ მსმენელზე ბათუმელმა ზრდასრულმა ჯაზმენმა, სინამდვილეში კი 12 წლის თინეიჯერმა მარიტა ცეცხლაძემ.

ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მერვე კლასის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა. მართალია, მარიტა „X-ფაქტორის“ მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მუსიკალურმა სამყარომ მისი სახით კიდევ ერთი ნიჭიერი და თვითმყოფადი მომღერალი შეიძინა.

…და, კიდევ, მარიტას არაერთ ფესტივალსა და კონკურსზე აქვს წარმატება მოპოვებული და მასალაში ამ მიღწევებსაც გაგაცნობთ. მას ბათუმში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of Marita Cecxladzeმარიტა ცეცხლაძე
მარიტა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
მარიტა ცეცხლაძე

– მარიტა, შენ ასაკში უკვე ძალიან ბევრს მიაღწიე, რა არის შენთვის სიმღერა და რამდენად გცვლის ხოლმე კონკურსზე გამოსვლა?

— სიმღერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც სცენაზე ვდგავარ, ვერავის და ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ მუსიკა მესმის, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ  ჩემი ემოცია მაყურებლამდე თავისით მიდის. ჩემთვის კონკურსი აზარტია, რაც უფრო დიდია კონკურენცია, გამარჯვების სურვილიც უფრო მაქვს. ყოველი გამარჯვების შემდეგ როგორც მომღერალი იზრდები და ყალიბდები, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბევრჯერ დადგები სცენაზე, უფრო ჩამოყალიბდები როგორც კარგი მომღერალი, ბევრი გიცნობს და ხალხს უფრო უყვარხარ. ეს კი სტიმულია და ყოველი ასეთი კონკურსის მერე უფრო ბედნიერი ხარ, ვიდრე იყავი. 

– ერთდროულად საჯარო და სამუსიკო სკოლის მოსწავლე ხარ, მუსიკის გარდა რომელი საგანი გიყვარს და როგორია ორივე სკოლაში შენ მიმართ დამოკიდებულება?

— სიმართლე გითხრათ, სკოლაში სწავლით არ გამოვირჩევი, თუმცა მაქვს საყვარელი საგნები – ქართული, ბიოლოგია და ინგლისური. მაქსიმალურად მიწყობენ ხელს, რომ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება შევძლო. იქ ყველა პატივს სცემს ჩემ ნიჭს და მეც ვალდებული ვარ, რომ უკეთესი ვიყო, ვიდრე ვარ. ფორტეპიანო და სიმღერა ერთნაირად მიყვარს. მინდა ისეთივე წარმატებული პიანისტი ვიყო, როგორიც მომღერალი. მეტსახელი არასოდეს მქონია, მხოლოდ ეს მახსოვს, რომ პროექტ “X-ფაქტორში“ მონაწილეობის დროს ჩემზე ამბობდნენ „ელა ფიცჯერალდის შვილიშვილიაო“…

– რატომ ჯაზი, ასეთი ზრდასრული და სერიოზული მუსიკა?

— ჯაზი ის მუსიკალური მიმდინარეობაა, რომელიც თავისუფლებასთან ასოცირდება, არც ერთ ჟანრში არ არის დაშვებული ამდენი იმპროვიზაცია. შეიძლება, რომ ძალიან ცნობილი ჰიტი ისე იმღერო, როგორც შენ გრძნობ და შენი ვერსია შექმნა. მე თავს ყველაზე კომფორტულად ჯაზში ვგრძნობ, ფოლკლორსაც კი ეთნო-ჯაზის სტილში ვასრულებ. განსაკუთრებით მიყვარს დავით მალაზონიას კომპოზიციები სოფო გელოვანის შესრულებით, „ლაზური მოტივები“ და „ხორუმი“…

© Photo: Courtesy of Marita Cecxladzeმარიტა ცეცხლაძე რიგის საერთაშორისო ფესტივალზე
მარიტა ცეცხლაძე რიგის საერთაშორისო ფესტივალზე - Sputnik საქართველო
მარიტა ცეცხლაძე რიგის საერთაშორისო ფესტივალზე

– ჯაზს და სერიოზულ მუსიკას ასრულებ და ამავე დროს საბავშვო სტუდია „ლიმპოპოს“ სოლისტი ხარ…

— სტუდია „ლიმპოპო“ ჩემი სახლია, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. იქ დავდექი პირველად სცენაზე, იქ არიან ჩემი მეგობრები და პედაგოგები. ოთხი წლიდან ამ სტუდიაში ვარ და არც ერთი წელი არ მახსენდება „ლიმპოპოს“ გარეშე.

მარიტა ცეცხლაძის მიღწევები მუსიკალურ ფესტივალებსა და კონკურსებზე:

2014 წელი — საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი “ბათუმის მარგალიტის“ მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი.

2015 წლის მიღწევები:

-რიგის საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი Riga Symphony-2015-ის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი ნომინაციაში „მსოფლიო ჰიტი“ და იმავე ფესტივალზე პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი ნომინაციაში „ფოლკლორული სიმღერა“; ფოთის საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი „თეთრი თოლია-2015“-ის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი; ანტალიის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი TV-START-ის გრან-პრის მფლობელი; ანტალიის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი TV-START-ის ART MINI MODELS-ის ტიტულის მფლობელი; 

2016 წელი — ბათუმის საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალის Black sea stars-Batumi 2016 გრან-პრის მფლობელი;

2017 წელი — მალტის საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი Arpeggio-International Singing Festival-ის გრან-პრის მფლობელი;

2018 წელი — საერთაშორისო ვოკალური კონკურს-ფესტივალი Muzikos talent lyga-ს პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი ნომინაციაში „ჯაზი“, ასევე პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი ნომინაციაში „ფოლკლორული სიმღერა“; ლიტვის ფესტივალის გრან-პრის ნომინანტი.

© Photo: Courtesy of Marita Cecxladzeმარიტა ცეცხლაძე მალტაში ფესტივალზე
მარიტა ცეცხლაძე მალტაში ფესტივალზე - Sputnik საქართველო
მარიტა ცეცხლაძე მალტაში ფესტივალზე

– შენ თანატოლებში ზოგადად რა მოგწონს და რა არა?

— მომწონს მათი თავისუფლების სიყვარული და მინდა, რომ ერთმანეთის კარგი თვისებები დაინახონ…

– კონკურსებსა და ფესტივალებზე მომხდარი რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდება?

— რიგის საერთაშორისო ფესტივალზე ჟიური სხვადასხვა ოთახებში იჯდა. რადგან ჰიტი და ფოლკი სხვადასხვა ოთახებში უნდა მემღერა, სასცენო ტანისამოსი ძალიან სწრაფად უნდა გამომეცვალა. ამ სიჩქარეში დამავიწყდა და ჩოხასთან ერთად ისეთი სუპერთანამედროვე ჩექმებით გავედი სცენაზე, რომ ჟიური კარგა ხანი ფეხებზე მიყურებდა, რადგან არასოდეს ენახათ ქართული ჩოხა და მაღალქუსლიანი ბეწვიანი ჩექმა ერთად… 

– მარიტა, ვის რჩევას უწევ ანგარიშს ყველაზე მეტად?

— დედის რჩევა ჩემთვის ყველაზე მთავარია. ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩემზე ყველაფერი იცის – რას ვმღერი, როდის და სად, ყოველთვის იქ არის, სადაც მჭირდება, ამიტომ მთლიანად მასზე მინდობილი ვარ. ამავე დროს ძალიან კრიტიკულიცაა, მის აზრს ჩემთვის მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ასეთ პატარა ასაკში ამდენი წარმატება გაქვს, მისი ფასიც გეცოდინება…

— წარმატებისთვის საჭიროა შრომა და იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივა. კიდევ აუცილებელია, რომ სიმღერა გიყვარდეს და სცენაზე გულახდილი იყო…

 

ყველა ახალი ამბავი
0