ქართველი ქალი გერმანიის მმართველ პარტიაში და ღვინის კომპანია, რომელსაც ბებიის სახელი უწოდა

© Photo: courtesy of Rusa Makowskiრუსა მაკოვსკი
რუსა მაკოვსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ ბოლნისელ რუსა სამნიაძის პოლიტიკურ და ბიზნეს-საქმიანობაზე გიამბობთ.

მასალას ახალი ამბით დავიწყებთ: სულ ახლახან გერმანიაში ჩატარებულ კონკურსზე, რომელიც საუკეთესო კომპანიას ავლენს, 41 ფინალისტს შორის მოხვდა ქართველი ბიზნესმენის რუსა სამნიაძე-მაკოვსკის კომპანია. ეს დიდი აღიარებაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასში 5000 უცხოური კომპანია იღებდა მონაწილეობას.

რუსა სამნიაძე-მაკოვსკი თბილისში დაიბადა, ბოლნისი მისი დედულეთია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და გერმანიის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით უცხოეთში მისი ცხოვრება ყოველმხრივ წარმატებული აღმოჩნდა. საკუთარი კომპანიის Makowski Rusa unternehmesberatung დამაარსებელი ქართველი ბიზნესმენი გერმანიაში ანგელა მერკელის, ანუ მმართველი პარტიის წევრი გახდა და უკვე მეორე წელია, რაც მის სამეთვალყურეო საბჭოშია არჩეული.

ქართული ხელოვნება, ღვინო და ტურიზმი — ეს იმ საქმიანობის ჩამონათვალია, რასაც მისი კომპანია ბერლინში ეწევა. ქალბატონ რუსუდანს აქვს საკუთარი ღვინის მარანი LiLi Wine და გალერეა, სადაც ქართველი მხატვრების გამოფენებს აწყობს. ბერლინში მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და იქ მეუღლის გვარით — მაკოვსკით იცნობენ.

© Photo: courtesy of Rusa Makowskiრუსა მაკოვსკი
რუსა მაკოვსკი - Sputnik საქართველო
რუსა მაკოვსკი

„როცა დავბერდები, ბოლნისში დავბრუნდები“ — დედულეთში გატარებული ბავშვობა

რუსა სამნიაძე-მაკოვსკი: თბილისში დავიბადე, დედა ბოლნისელი მყავდა, ამიტომ მთელი ჩემი ბავშვობა ამ ადგილთანაა დაკავშირებული. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემ აღზრდაში დიდი წვლილი ბებიას — ლილი ბერძენაძეს მიუძღვის, ამიტომ მისი ხსოვნის ნიშნად ღვინის მარანს გერმანიაში Lili Wine ვუწოდე. მინდოდა ბებოს სახელი სხვებისთვისაც გამეცნო. ბოლნისთანაა დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ბედნიერი პერიოდი, რადგან ის ბავშვობას უკავშირდება. ის უდარდელი დრო მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იმასაც ვფიქრობ, როცა დავბერდები, ბოლნისში დავბრუნდები და მეუღლესთან ერთად იქ ვიცხოვრებ.

© Photo: courtesy of Rusa Makowskiრუსა მაკოვსკი
რუსა მაკოვსკი - Sputnik საქართველო
რუსა მაკოვსკი

– ქალბატონო რუსუდან, გერმანელები ცოტა ფრთხილი ხალხია და როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურა ქართველმა ქალმა ისეთი ნდობა, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის წევრად მიიღეს?

— როცა საქართველოში დამაჯილდოვეს როგორც წარმატებული ბიზნესმენი ქალი, დაჯილდოებაზე თან მახლდა ქალბატონი, რომელიც გერმანიაში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, მაგრამ ამ ეტაპზე პოლიტიკურად აქტიური აღარ არის. ადრე ის ჩვენი ოლქის კანდიდატი იყო და ქალთა პარტიას ხელმძღვანელობდა. დღეს სხვა სფეროში გადაინაცვლა. ერთ დღეს ის ჩემ გალერეაში მოვიდა, ჩემი საქმიანობის შესახებ უკვე ინფორმირებული იყო. გამეცნო და საღამოს ჩატარება შემომთავაზა, რის მერეც ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ჩემ კანდიდატურას წარუდგენდა. ამიხსნა, რომ შესაძლებლობა მომეცემოდა ჩემი საქმიანობა უკეთ წარმომეჩინა და საქართველოსა და საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია მომეხდინა. ძალიან კარგი საღამო გამომივიდა. ბევრი ხალხი მოვიდა. საღამოსთვის პატარა სლაიდები დავამზადე. მოსული სტუმრები აღფრთოვანდნენ და სწორედ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი პარტიაში მიღების შესახებ. ძალიან მალევე მოხდა ჩემი დაწინაურება – 2016 წლიდან მოყოლებული სამეთვალყურეო საბჭოში ვარ არჩეული.

© Photo: courtesy of Rusa Makowskiრუსა მაკოვსკი
რუსა მაკოვსკი - Sputnik საქართველო
რუსა მაკოვსკი

– შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გერმანიაში პირველი ქართველი ხართ, რომელიც მმართველი პარტიის წევრი გახდა?

— დიახ, ამას გარდა მე სამეთვალყურეო საბჭოშიც ვარ. მათ ძალიან მოკლედ დროში გამომიცხადეს ნდობა, ალბათ ჩემში დაინახეს იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, რომ უცხოელი ჩამოვიდეს გერმანიაში და კეთილსინდისიერი საქმიანობით წარმატებას მიაღწიოს. მეთორმეტე წელია, რაც აქ ვარ და ეს, ჩემი აზრით, საკმარისი დრო აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე. დღეს ძირითადად ბიზნესში ვარ. გერმანელები მონდომებული არიან, რომ შენი პროფესიონალიზმით და ცოდნით მათ ქვეყანას გამოადგე — ყველანაირ კეთილ მცდელობას დაგინახავენ და დაგიფასებენ.

© Photo: courtesy of Rusa Makowskiრუსა მაკოვსკი
რუსა მაკოვსკი - Sputnik საქართველო
რუსა მაკოვსკი

გერმანიიდან გაკეთებული ქართული საქმეები

ამ ეტაპზე რუსა მაკოვსკის ბევრი ფუნქცია აქვს: იგი არის ხელმძღვანელი საკუთარი კომპანიისა, რომელიც მარკეტინგულ კონსულტაციებს ეწევა; ასევე გახლავთ მფლობელი კომპანიის, რომელშიც შედის: „გალერიმაკოვსკი“, ღვინის მარანი, ახლად დაარსებული ტურისტული სააგენტო, რომელსაც მის ძმასთან ერთად წარმოადგენს. მის გალერეაში გამოფენილი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარება. კომპანიაში Lili Wine პირველ ეტაპზე ბოლნისური რქაწითელი ჩამოისხმება. ქართველი ქალბატონის მარანმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა ბერლინში გამართულ „მწვანე კვირეულში“, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია აქტიურად ხდება.

ქართველის მიერ დაარსებული კომპანია, რომელიც გერმანიაში წლის საუკეთესო კომპანიის ნომინაციაზე წარდგენილებს შორის ფინალში მოხვდა

– რა ეტაპები გაიარეთ კონკურსზე და როდის მოხდება ფინალისტის გამოვლენა?

— გერმანიაში წლის საუკეთესო კომპანიის გამოვლენა 8 სექტემბერს მოხდება. ეს კონკურსი ყოველ წელს იმართება და მასზე სხვადასხვა სფეროს კომპანიები მთელი გერმანიის მასშტაბით არიან ნომინირებული. წელს 5000 კომპანია იბრძვის ამ კონკურსში და მათ შორის ძალიან ცნობილი კომპანიებიცაა. ამიტომ აქ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, როცა პირველი ეტაპი გავიარე და ამის სერტიფიკატიც მომცეს. ახლა კი შევიტყვე, რომ 41 ფინალისტს შორის ჩემი კომპანიაც მოხვდა. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. გერმანელები ყველა საქმეში პროფესიონალები არიან და მიუხედავად იმისა, წარმატების რა მწვერვალზე იმყოფებიან, პიროვნული უბრალოებით გამოირჩევიან. შრომას გიფასებენ, მხარში გიდგანან ყველანაირად და შენი წარმატებები გულწრფელად უხარიათ. ყველანაირად ვეცდები, რომ გერმანიაში ჩემი ქვეყანა ვასახელო…

ყველა ახალი ამბავი
0