თბილისელი მეყვავილე, რომელზეც ამბობენ, გაუჩენელს გაგიჩენსო

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვისაც ყვავილების სფეროსთან მეტ-ნაკლები შეხება ჰქონია, ყველა იცნობს მეყვავილე ზალინას. ალბათ თბილისში და მის შემოგარენში ძნელად მოიპოვება ყვავილების მოყვარული, დასახმარებლად მისთვის რომ არ მიუმართავს.

ყვავილების ყიდვა-გაყიდვის სფეროში პატიოსნება და გულწრფელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აბა, წარმოიდგინეთ, დიდი ხნის ნანატრი მცენარის სასურველ ფერს და ჯიშს რომ შეიძენ მეყვავილისგან, სათუთად მიიტან სახლში, მთელი წელი უვლი და ელოდები მის აყვავებას და უცებ სულ სხვა რამ რომ მიიღოთ, რა დღეში ჩავარდებით!

ჰოდა, ზალინაზე სწორედ იმას ამბობენ, არა მარტო გაუჩენელს გაგიჩენს, არ არსებობს მოგატყუოს და პირი გიშალოსო…

ამბობენ, რომ სწორედ შრომისმოყვარეობით, პატიოსნებითა და გულწრფელობით შეძლო ზალინა გაბარაშვილმა ამ რეპუტაციის მოპოვება.

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილი
ზალინა გაბარაშვილი - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილი

— 2001 წელი იყო. ძალიან ჭირდა ცხოვრება. მეზობელმა მთხოვა, ვარდები გავყიდოთო. დავთქვით დღე, მაგრამ ამ ქალის ბავშვს სიცხე მისცა და მარტოს მომიწია ბაზარში წასვლა. მოვხვდი სრულიად უცხო ხალხში. ადგილები დაკავებული იყო და უფრო ძლიერი მეყვავილეები სხვადასხვა ადგილზე „მაბურთავებდნენ“ — თუ ცარიელ ადგილზე დავდგებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ის ადგილი დაკავებული იყო და სხვაგან წავსულიყავი. ვიდექი ცალკე გულდაწყვეტილი… ამ ჩემ წვალებას ერთი გორელი, ასაკოვანი ქალი უყურებდა. უცბად დამიძახა, მოდი, გოგო, შენი ადგილი, არ იცი, სად არისო? და დამაყენა თავის გვერდით. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები…

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები

მახსოვს პირველი დიდი მოგებაც — ვარდებს 50 თეთრად ვყიდდი. ერთი ქალი მოვიდა, ვარდები უნდოდა, რუსეთში მივდივარო. ფასი რომ მკითხა რუსულად, რაღაც ამერია, ვერ გავიგე ერთი ძირის ფასს მეკითხებოდა თუ რამდენიმეს. ხუთი ლარი–მეთქი ვუთხარი. ერთ ძირში გადამიხადა ხუთი ლარი, სულ სამოცი ლარი მომცა. თან ძალიან კმაყოფილი იყო, ნომერი დამიტოვა, რომ ჩამოვალ, ისევ გნახავო… კი არ მოვდიოდი, მოვფრინავდი სახლში!

ვარდებს ისე იაფად ვყიდდი, რომ ჩემი მომხმარებელი მალევე გამომიჩნდა. ოღონდ არავინ მასწავლიდა ყვავილები საიდან უნდა მომეტანა, სახელებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

– ასეთ ფონზე როგორ გაიკვალეთ გზა?

— არავინ რომ არაფერს მასწავლიდა, ამან უფრო გამაძლიერა, დამაინტერესა და შემიყვანა აზარტში. ერთი მეყვავილე იყო, ჟორა. მასთან მივდიოდი და მეუბნებოდა, რას რა ერქვა. არასოდეს ეზარებოდა გამეორება. ზოგიერთი ყვავილის სახელს ვერ ვიმახსოვრებდი და ათჯერ მიმეორებდა. დღეს მეც ასე ვარ — ათასჯერ რომ მოვიდეს ადამიანი, არ დავზარდები, ყოველ ჯერზე გავცემ პასუხს.

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები

– დღეს თბილისში, ალბათ, რთულად მოიპოვება ეზო, სადაც თქვენი ყვავილი არ არის ჩარგული. როგორ მოიპოვეთ ადამიანების ნდობა, სიყვარული?

— მართალია, ცოტა მომხმარებელი მყავდა, მაგრამ არასოდეს მომიტყუებია. ამ საქმეში ძალიან დამეხმარა „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე. მაშინ არ ვიცნობდი ამ ქალბატონს. ყვავილების შესაძენად მოვიდა. რაც გავატანე, ის ფერი, ის სახეობა გამოდგა და ყველამ გაიხარა. შემდეგ, ხომ იცით, მეყვავილეები პატარა წრეა, ქალბატონმა ნატამ სხვებთან გამიწია რეკომენდაცია, იმათ კიდევ სხვებთან და ასე წავიდა…

იყო შემთხვევები, როცა სხვა მეყვავილეებს ჩემი სახელით გაუყიდიათ ყვავილები და კლიენტები მოუტყუებიათ, თუმცა, ხომ იცით, არაფერი იმალება…

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები

– ამდენი ყვავილი სად გაქვთ გაშენებული?

— თბილისში ქირით ვცხოვრობ, მაგრამ ეზო სავსე მაქვს ყვავილებით. ასი სახეობა ყვავილი მაინც მექნება. ძალიან გამიჭირდება მათი ჩამოთვლა. არ არსებობს მე ადამიანმა ყვავილი მთხოვოს, რომ არ ვუშოვო და გულდაწყვეტილი გავუშვა. ბევრს ვჩუქნი კიდეც.

– ბაღის მოვლა დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. როგორ ახერხებთ ამდენი ყვავილის მოვლას?

— ჩემი შვილები მეხმარებიან. ნამდვილად არ არის მსუბუქი შრომა. ფაქტიურად მთელ დღეს მათთან ვატარებ. დიდი ყურადღება სჭირდებათ, რომ სასურველი შედეგი მიიღო.

© FB / Tamuna Alpenidzeთამუნა ალფენიძე
თამუნა ალფენიძე - Sputnik საქართველო
თამუნა ალფენიძე

– ცოტა რამ თბილისის ყვავილების ბაზარზეც მითხარით, რამდენად მოწესრიგებულია ეს სფერო?

— არანაირად არ არის მოწესრიგებული. არც დაცულები ვართ და არც რაიმე პირობა გვაქვს შექმნილი. მეყვავილეებს გვჭირდება ფართი, ადგილი, სინათლე, წყალი. ჯერ კიბის გვერდზე გამოგვიყვეს ადგილი, მერე ბაზარში შეგვიყვანეს და ისეთ ადგილზე დაგვაყენეს, ქარი რომ ამოვარდებოდა, ყველაფერი მიჰქონდა. ახლა სადაც ვართ, კარგი ადგილია, მაგრამ ყველა ვერ ეტევა და ამიტომ არის დიდი აურზაური. ყვავილები ქალაქის სილამაზეა. ამიტომ ჩვენც გვინდა ხელის შეწყობა, პირობების შექმნა.

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები

– რაც შეეხება თავად ყვავილების გამყიდველებს. რამდენად გულწრფელები არიან ისინი მომხმარებლებთან?

— რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ზოგი ისე იტყუება, გადაირევით. მე მათ გვერდზე ვმუშაობ და მე მატყუებენ. ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ ატყუებენ კლიენტს, ეს სხვასაც უფუჭებს სახელს. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ვისაც ჩემთან უყიდია ყვავილი, ვერავინ იტყვის, რომ ან სხვა ფერი, ან სხვა სახეობა გამოადგათ, ან გაუფუჭდათ. ერთი შემთხვევა მქონდა, გოგონებმა იყიდეს ჯუჯა გეორგინები, რომელიც საგურამოში წაიღეს და იქ ჩარგეს. თვენახევრის შემდეგ მოდის ეს გოგონა ჩხუბით და მიყვირის, ეს რა გამატანეო. დაწყნარდით, ჯერ ამიხსენით რა მოხდა, იქნებ არ ვიმსახურებ ასეთ საუბარს–მეთქი. ჩავრგე ყვავილი და რომ ავედი, გამხმარი დამხვდაო. ამ ხნის განმავლობაში ახედეთ, ან წყალს ვინმე უსხამდა–მეთქი და არაო. თქვენ უწყლოდ ერთი თვე გაძლებთ–მეთქი, ვკითხე და გაჩუმდა, მომიბოდიშა და წავიდა. ზოგიერთს მოსწონს ყვავილი, უნდა რომ ჰქონდეს, მაგრამ წყლის დასხმაც არ იცის. ჩემთან რომ ყიდულობენ ყვავილს, დეტალურად ვუხსნი როგორი მოვლა სჭირდება, რა სიხშირით უნდა მოირწყას, სად უნდა ჩარგოს და ა.შ. მე ცუდს მიწასაც კი არ გავყიდი.

© FB / Zalina Gabarashviliზალინა გაბარაშვილის ყვავილები
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები - Sputnik საქართველო
ზალინა გაბარაშვილის ყვავილები

– თქვენი ფავორიტი ყვავილი თუ გყავთ?

— უზომოდ მიყვარს იასამანი. საოცარი სურნელი აქვს.

– რომელია ყველაზე რთულად გასახარებელი ყვავილი?

— ჩემთვის – კაქტუსი. ეს არის მცენარე, რომელსაც ვერ გაუგებ ვერაფერს. ასევე ზემიოკულკასი… მაგრამ ვთვლი, რომ სირთულეების მიუხედავად, თუ ეს საქმე გიყვარს, თუ ყვავილი გიყვარს, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი.

ყველა ახალი ამბავი
0